ვინ არის „კანონიერი ქურდი“ სერგო ღლონტი, მეტსახელად გუგა და როგორ აპირებენ ნაციონალები საარჩევნოდ „ავტორიტეტების“ გამოყენებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კანონიერი ქურდის“, დავით გერლიანის დაკავების შემდეგ უკრაინაში წერილი აფრინა. ქართული მხარე განაწყენებულია, რადგან უკრაინიდან ე.წ. კანონიერი ქურდის დეპორტი ისე განხორციელდა, რომ ჩვენმა უწყებამ არაფერი იცოდა. შესაბამისად, რა ამბავი მოჰყვა გერლიანის ჩამოსვლას, კარგად მოგეხსენებათ; საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, უკრაინიდან წინასაარჩევნოდ არაერთ ქართველ კრიმინალს გამოისტუმრებენ და რაც მთავარია, ქართული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული ნაკლებად იქნება. ქართველ ,,კანონიერ ქურდებზე'' უკრაინაში ნადირობის სეზონი გამოცხადდა და ამას უკრაინული მხარე არ მალავს.
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კიევში ცნობილი ქართველი ,,კანონიერი ქურდი'', სერგო ღლონტი, მეტსახელად გუგა დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას უნგრეთი ეძებს, რადგან თურმე თავის დროზე ღლონტს უნგრული პასპორტი კანონის გვერდისავლით აუღია და წესით, მისი ექსტრადირება უნგრეთში უნდა მოხდეს, თუმცა...
,,უნგრელებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ღლონტს პასპორტი თავის დროზე კანონის სრული დაცვით მისცეს. ეს თემა ახლა ზურაბ ადეიშვილის უნგრელმა მეგობრებმა წამოწიეს და ღლონტი ამ მიზეზით დააკავეს, თუმცა, როცა ყველაფერი გაირკვევა, უკრაინული მხარე გუგას არა უნგრეთში, არამედ საქართველოში გამოამგზავრებს, რადგან მას უკრაინაში ყოფნის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ეს ექსტრადიცია კი არა, დეპორტი იქნება და ღლონტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისევ შემთხვევით გადაიღებს ,,რუსთავი-2''-ის კამერა და ატყდება ამბავი'', - ეს მოსაზრებაა ღლონტის უახლოეს გარემოცვაში.
ცნობისთვის, სერგო ღლონტი, გიორგი (ქუცუ) ლობჟანიძე და ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინაში შესაბამისად თბილისის, რუსთავისა და სოხუმის ინტერესებს იცავენ და უკრაინის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამ სამ ,,კანონიერ ქურდზეა'' გადანაწილებული. ისინი მართავენ კრიმინალს, ისინი ავსებენ ე.წ. ქურდულ ობშჩიაკს და სწორედ მათი გადაწყვეტილებით, ორიოდე თვის წინ, ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი რამდენიმე პირს შეუჩერდა. ღლონტის დაკავებამ კი აწყობილი ჯაჭვი გაწყვიტა და როგორც უკრაინულმა წყარომ გვითხრა, სამართალდამცავებმა ჯაჭვლიანის დაკავების სპეცოპერაციაც ჩაატარეს, მაგრამ ლაშა წინასწარ გააფრთხილა ვიღაცამ და სამართალდამცავებს იგი კონსპირაციულ ბინაში არ დახვდათ.
და მაინც, რა ინტერესი აქვს უკრაინულ მხარეს, წინასაარჩევნოდ საქართველოში ,,კანონიერი ქურდები'' დაბრუნდნენ? როგორც ჩვენი უკრაინული წყარო ამბობს, ეს იდეა პირადად ზურაბ ადეიშვილს მოუვიდა თავში და გეგმაც დასახა. ქართველი ,,კანონიერი ქურდების'' დაკავება და საქართველოში ექსტრადიცია მათთვის უეჭველ სასჯელს ნიშნავს, რაც აუცილებლად გამოიწვევს კრიმინალურ წრეებში უკმაყოფილებას. ოდესის მხარის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ორ კურდღელს იჭერს - უკრაინაში კრიმინალს ებრძვის და საქართველოში ვითარებას ძაბავს. მას შეუძლია ქართველებზე ნადირობის სეზონი ხელის ერთი აქნევით დაასრულოს, მაგრამ სანაცვლოდ არჩევნებზე სწორედ ,,კანონიერი ქურდების'' დახმარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინიდან სპეცრეისები არ დასრულდება, აქეთ უკვე ნაციონალი პოლიტიკოსები ატეხენ ერთ ამბავს, ხელისუფლება ქურდებს არ იჭერსო და როგორც უნდა უნდოდეს ხელისუფლებას ამ საქმეების მიჩქმალვა, ვერ მოახერხებს, რადგან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ბრიფინგების გამართვა და თქმა, რომ მთავრობა კრიმინალს მფარველობს, არ მობეზრდება.
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - ვერ გეტყვით, რამდენად აქცევს ხელისუფლება ამას ყურადღებას, მაგრამ ბოლო დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათი მეგობრების ვოიაჟები უკრაინაში ძალიან გახშირდა. შესაბამისად, გახშირდა ისეთი თანხების მოძრაობა, რომლებსაც დეკლარირება არ სჭირდება და საზღვარზე თავისუფლად შემოდის. ამასთან ერთად, უკრაინაში ვოიაჟს მოუხშირეს ისეთმა კრიმინალებმა, ადრე რომ სახელი ჰქონდათ, შემდეგ კი ჩრდილში დგომა და ნაციონალთა მფარველობა არჩიეს. ისინი უკრაინაში ,,ურჩ ქურდებთან'' მოსალაპარაკებლად მიდიან და უმთავრესი - ნაციონალური მოძრაობა ქურდებს ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მათ მიერვე შემოღებული 223-ე მუხლის გაუქმებას ჰპირდება, რაც ნიშნავს, რომ ქურდული სტატუსის გამო არავის დაიჭერენ. ცნობისთვის, ხელისუფლების კულუარებშიც იყო ამ მუხლის გაუქმების თაობაზე მსჯელობა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, რადგან ოპოზიცია მთავრობას კრიმინალის მფარველობაში დაადანაშაულებს და მართალიც იქნება. აი, თუ ნაციონალები გააუქმებენ ამ მუხლს, იქვე დაურთავენ, რომ ,,კანონიერ ქურდებს'' უბრალოდ ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებათ და მორჩა.
,,ეს თემა სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა თავად ქურდებს შორის. ისინი საქართველოში ჩამოსვლას ოჯახის წევრების ქორწილებსა თუ გასვენებებში ვერ ახერხებენ და ამის უფლების ქონა მათთვის სერიოზული სატყუარაა. მეორე მხრივ, ნაციონალებმა ქურდები არაერთხელ გადააგდეს და ისინი ამაზეც ფიქრობენ. სიტუაცია ძალიან არეულია და ამ პირობებში ხელისუფლების პოზიცია ცოტა გასაკვირია - ხელისუფლებას თითქოს სძინავს და ისე აქვს მიშვებული ქურდებისა და ნაციონალების მოლაპარაკება თუ დაპირისპირება, თითქოს ეს მათ არ ეხება'', - გვეუბნება უკრაინული წყარო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, სერგო ღლონტის ადვოკატებმა პრაქტიკულად დაალაგეს ურთიერთობა უნგრელებთან, მაგრამ იგივეს გაკეთება უკრაინელებთან უჭირთ. უკრაინულ მხარეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქვეყნიდან ღლონტის გაძევება და ეს სავარაუდოდ, სწორედ საქართველოში მოხდება, რაც მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში მყოფ თბილისურ კლანს ახალი მეთაური სჭირდება, თავად ღლონტი კი გარეთ დარჩენილ ქურდებს მის გაყვანას სთხოვს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გვითხრეს, ღლონტის თავისუფლება უკრაინის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და პოლიტიკური ნების სანაცვლოდ რაც არის საჭირო, უკვე მოგახსენეთ.
P.S. ცნობისთვის, ქურდების ხელში, გავლენის გარდა ძალიან, ძალიან დიდი ფულიც ტრიალებს
პატიმარი #0578