ქართულ საბანკო სივრცეში დიდი შერწყმა იგეგმება. ბანკ „რესპუბლიკისა“ და „ბაზისბანკის“ გაერთიანების საფუძველზე ჩინური „ჰუალინგი“ საქართველოში სიდიდით მესამე მსხვილ ბანკს შექმნის.
ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ ჯგუფ შპს „ხინჯიანგ ჰუალინგთან“ („ჰუალინგ ჯგუფი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოში ბანკ „რესპუბლიკაში“ აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.
„ჰუალინგ ჯგუფი“ მსხვილი კერძო კონგლომერატია, რომელიც ჩინეთის ხინჯიანგის რეგიონში მდებარეობს. ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია და მოღვაწეობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, სავაჭრო ცენტრების მართვა და გაქირავება, საბითუმო ბაზრები, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სასაქონლო მეურნეობა, ხორცის დამუშავება და ა.შ. იგი ასევე ფლობს „ბაზისბანკს“ საქართველოში და ფინანსურ აქტივებს ჩინეთში.
აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს „ჰუალინგ ჯგუფის“ საბანკო ფრთის გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე ჯგუფის ბიზნეს-პორტფელში. რასაკვირველია, ტრანზაქციის პირობების თანახმად, „ჰუალინგ ჯგუფი“ მოახდენს ბანკ „რესპუბლიკის“ შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ „ბაზისბანკთან“ და შექმნის უნივერსალურ ბანკს, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს მესამე ადგილს ბაზარზე, დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250 000 კლიენტით, 61 ფილიალით და დაახლოებით 1300 თანამშრომლით.
შერწყმის შემდეგ, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალს“ ახალგაერთიანებულ საბანკო ინსტიტუტში, დაახლოებით, 8% წილი ექნება და დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ ოპერაციას ჯგუფის კოეფიციენტებზე სულ მცირეოდენი ზეგავლენა ექნება. ევრობანკის წილი, დაახლოებით, 3.9% იქნება, ისიც დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და კვლავ იქნება საქართველოს საბანკო ბაზრის ერთგული ფინანსური პარტნიორი.
აღნიშნული ტრანზაქცია გაივლის ბანკ „რესპუბლიკის“ და „ბაზისბანკის“ ფინანსურ შემოწმებას, საბოლოო კონტრაქტზე მოლაპარაკებას და შესაბამისად, საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, ასევე რეგისტრაციას ჩინეთში.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია საბანკო სფეროში დიდ შეთანხმებას მიესალმება. მისი თქმის, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ ბანკ „რესპუბლიკაში“ „სოსიეტე ჟენერალის“ აქციების საკონტროლო წილის შესყიდვასთან დაკავშირებით შედგა წინასწარი შეთანხმება და არა გარიგება, რადგან როდესაც ამ ტიპის გარიგება იდება და ხდება ორი მსხვილი საბანკო ინსტიტუტის გაერთიანება, იგი როგორც წესი, მოითხოვს რამდენიმე ეტაპის გავლას.
„კერძოდ, გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკში“, ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს საბანკო სექტორში კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის ფორმირებას, რაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს საბანკო კონკურენციის ზრდას, რადაგნ გაერთიანებული აქტივების მიხედვით ბანკი დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის გაერთიანებებს მე მხოლოდ მივესალმები და იგი დადებითად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ასევე ეკონომიკის დაფინანსებაზე მთლიანად. მით უმეტეს, უახლოეს ისტორიაში ჩვენ გვაქვს ბანკების გაერთიანების და შერწყმის წარმატებული მაგალითები“, - აცხადებს ზურაბ გვასალია.
ბანკი „რესპუბლიკას“ გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, „ბაზისბანკთან“ წინასახელშეკრულებო მდგომარეობის მიუხედავად, მხარეები გეგმების გასაჯაროებისთვის საკმარისად მომზადებულნი არიან. რამაზ კუკულაძე აღნიშნავს, რომ გარიგება ჯერ დასრულებული არ არის, ე.წ „დიუ დილიჯენსი“ ჯერ არ დაწყებულა.
„გარიგება მომგებიანი იქნება კლიენტებისთვის, რადგან ახალი ჯგუფი იქნება ძალიან სოლიდური, ძლიერი კაპიტალის ბაზით. იქნება უფრო დიდი ბაზრის ყველა სეგმენტში და შეეძლება ჯანსაღი კონკურენციის ხელის შეწყობა. იქნება უფრო დიდი, ანუ შეეძლება უფრო დიდი საქმეების გაძღოლა დიდ კორპორაციულ კლიენტებთან. შეინარჩუნებს ხარისხს და განაგრძობს მის გაუმჯობესებას, რადგან ოპერაციული ეფექტიანობის და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესების ყველა პროექტი გაგრძელდება და თანამშრომლები შენარჩუნდება. ისარგებლებს „სოსიეტე ჟენერალის“ და EBRD-ის პარტნიორობით, მათ შორის, კორპორაციული მმართველობის თვალსაზრისით. ბანკს ეყოლება ახალი საკონტროლო პაკეტის მფლობელი, რომლის გრძელვადიანი მიზანი ქვეყანაში აშკარაა; შექმნის ზრდის ახალ შესაძლებლობებს, რითაც საბოლოოდ, ბანკის ყველა კლიენტი ისარგებლებს“, - ამბობს კუკულაძე.
„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და 5 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. საინვესტიციო კაპიტალმა 2014 წლის ბოლოსთვის 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.