გია მურღულია თეა თუთბერიძეზე ხალისობს

გია მურღულია თეა თუთბერიძეზე ხალისობს

[ნინო მიქიაშვილი]
კვლავ აქტუალური გახდა თბილისის 24–ე საჯარო სკოლის გაყიდვის საკითხი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე, პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილასაა. ჩვენს მიერ მოპოვებული ამ ინფორმაციის შესახებ სკოლის დირექტორს, გია მურღულიას არაფერი სმენია; ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია მსგავსი რამ ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს, მაგრამ თუ მოუვა, ეს არ გაუკვირდება.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში “ნაცმოძრაობა“ მოვიდა, 24–ე სკოლის შესაძლო გასხვისების შესახებ, ხელისუფლების კულუარებიდან გამოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრესაში დროდადრო არაერთხელ დაიწერა.

24–ე სკოლის მშობლები კიდევ ერთმა ახალმა ინფორმაციამ შეაშფოთა – “ჯერ იყო და მურღულიამ ჩვენი შვილების “სექსუალურ აღზრდაზე“ იზრუნა და ამ სკოლაში გაზეთი გააკეთებინა. ახლა უარესი შეიძლება მოხდეს – მურღულიას ნაცვლად, სკოლის დირექტორად თუთბერიძეს ნიშნავენო“. ამ ინფორმაციით შეშფოთებული მშობლები ეძებენ სკოლებს, სადაც სექტემბრიდან მათი შვილები სწავლას გააგრძელებენ.

გია მურღულია, რომელსაც პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა, 24–ე სკოლის დატოვებას არ გამორიცხავს; მის ნაცვლად თუთბერიძის დანიშვნა კი სახალისოდ მიაჩნია, მაგრამ, სკოლის გაყიდვისა არ იყოს, ამასაც დასაშვებად მიიჩნევს.

“მეტი საქმე არა მაქვს, 24–ე სკოლის დირექტორობის გარდა“, – ამბობს პრესა.გე–სთვის მოცემულ სატელეფონო კომენტარში, თეა თუთბერიძე და იქვე დასძენს – “ეგ არ მოხდება“.

ამასთან, საყურადღებოა ის, რომ 24–ე სკოლის დირექტორმა, დაადასატურა პრესა.გე–ს ხელთ არსებული ინფორმაცია, პედაგოგების შემცირების შესახებ. იდეაში, შემცირებული კონტიგენტის და სხვა სკოლებში გადაყვანილი ბავშვების გამო დაცარიელებული სკოლის შენობის გაყიდვა შედარებით იოლი იქნება, ვიდრე ბავშვებით და მასწავლებლებით გადაჭედილის; თან, აღმაშენებლის გამზირზე, იქ, სადაც ყოველ ხუთ მეტრში თურქული ინვესტიციაა ჩადებული.

ბატონო გია, რამდენად ახლოსაა სიმართლესთან, ინფორმაცია, რომ თქვენ ამ თანამდებობას ტოვებთ და ახალი სკოლის დირექტორად გადადიხართ?
გია მურღულია: მართალი ისაა, რომ მეგობრებთან ერთად ახალი სკოლა – “ლოგოსი“ დავაფუძნე, რომელის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვარ. “ლოგოსში“ არანაირი ადმინისტრაციული თანამდებობა არა მაქვს. ჯერჯერობით ამ სკოლაში ვრჩები, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რადგან რამდენიმე წელია აქ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მინდა რომ გავაკეთო. ეს ხან გამოდის და ხან არა, მიზეზთა გამო, რადგან “ლოგოსში“ მე თვითონ ვქმნი რეალობას და აქ ეს რეალობა დამხვდა, როგორც მოცემულობა და ხშირ შემთხვევაში, ამ მოცემულობის შეცვლა ჭირს.

ჯერჯერობით 24–ე სკოლაში რჩებით, მაგრამ წასვლას არ გამორიცხავთ, ხომ?
– სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, რადგან ადამიანი თუ რამე საქმეს აკეთებს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამას ასივე პროცენტით გააკეთებს. არ მინდა ამ სკოლას რამე დავაკლო. თუ დავინახავ, რომ ამ თვალსაზრისით რაღაც პრობლემები იქმნება, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დამჭირდება.

24–ე სკოლის დირექტორად თეა თუთბერიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გსმენიათ? რატომ იცინით?
– ძალიან სასაცილო ინფორმაციაა და იმიტომ. ძველი, პატარა ისტორია გამახსენდა, მოლა ნასრედინის შესახებ – “შენი ცოლი დადის, მეზობლებში; ხან ერთთან, ხან მეორესთან, სულ გარეთ არისო. ამაზე მოლამ მიუგო – ეგ რომ მართალი იყოს, ჩემთანაც შემოივლიდაო“. ძალიან მაინტერესებს, საიდან მოდის ასეთი ამბები.

მშობლები დამფრთხალები არიან და თავს იმტვრევენ, სექტემბრიდან ბავშვები რომელ სკოლაში გადაიყვანონ, თუ აქ თუთბერიძე მოვა.
– ჭორს სწრაფი გავრცელების დიდი უნარი აქვს.

გამორიცხავთ, თუთბერიძის დირექტორად დანიშვნას?
– 55 წლის ვარ და არაფერს გამოვრიცხავ. ჩემს თავს სიტყვა მივეცი, არაფერი გამიკვირდეს და ამ პრინციპს მტკიცედ ვიცავ. არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი ვიცი. პირველად თქვენგან გავიგე და ძალიან ვიხალისე.

24–ე სკოლაში პედაგოგებს ამცირებთ? “განათლების სამინისტროდან წამოსული სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ყველა სკოლაში პედაგოგების 10–10%–ით შემცირებაა დაგეგმილი, რომელთა შორის უპირველესად იმათ გაუშვებენ, ვისაც კვირაში 18 საათზე მეტი არა აქვსო“. ეს ინფორმაცია თქვენი კოლეგებისგან გვაქვს.
– არასწორი ინფორმაციაა.

თქვენმა პედაგოგებმა გვითხრეს, რომ უკვე გამოუცხადეს, “შემცირებულები ხართო“.
– მე არ მჭირდება პედაგოგი, რომელიც არის სტუმარი; არც თქვენ გჭირდებათ, საზოგადოებას არ სჭირდება ასეთი მასწავლებელი. მასწავლებელს 2 ფუნქცია აქვს – სწავლის და აღზრდის. თუ მეორე ფუნქციას საერთოდ არ ასრულებს, რად მინდა ასეთი მასწავლებელი?! მოვა, ერთ გაკვეთილს ჩაატარებს და წავა. მასთან ერთად ვერ ვგეგმავ, ვერც ღონისძიებას, ვერც შეხვედრებს, ვერც პროექტებს, ვერც პროგრამებს. ის ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც ამ სკოლისთვის მხოლოდ ნაწილობრივ არსებობს.

ბევრი გყავთ ასეთი?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი არა გვყავს. მაგალითად, ინგლისურის მასწავლებელი 22 მყავს და ამ საქმისთვის რეალურად, 15–ია საჭირო. მე აქ ეს მოცემულობა დამხვდა. არის რაღაც, რისი გარკვევისთვისაც გარკვეული დროა საჭირო; ვინ ვინ არის და სკოლისთვის რომელი ადამიანია ყველაზე მეტად საინტერესოც და საჭიროც, რომ იყოს სწავლების მაღალი დონე, კაცმა ბევრი კრიტერიუმით უნდა განსაზღვრო. მე და თქვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ ბავშვების ხარჯზე “კეთილშობილები“ ვიყოთ; ჩემთვის ეს უფლება არავის მოუცია. ამიტომ, ძალიან ღიად ვამბობ – ეს ჩემთვის არავის დაუვალებია, თვითონ მსურს ასე გავაკეთო.

სანამ ამ სკოლის დირექტორი ვარ, საზოგადოებას ძალიან ღიად, გულწრფელად ვეუბნები – ბატონებო და ქალბატონებო, ამ პირობებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფა მიჭირს, სანამ დაბალანსებული არ არის პედაგოგიური კორპუსი. ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს; სერიოზული ასაკობრივი დისბალანსია, ახალგაზრდები არ გვყავს. აქ საშუალო ასაკი, რომ დათვალოთ, შემაშფოთებლად მაღალი შეიძლება იყოს.

მაგრამ უფროსებს ხომ მეტი გამოცდილება აქვთ?!
– ასაკთან არანაირი პრობლემა არ მაქვს; ვიცი მასწავლებელი, რომელიც ორჯერ უფროსია, ვიდრე მეორე და აშკარად სჯობია იმას, ვისზეც უფროსია. ამაზე კი არ არის ლაპარაკი?! ლაპარაკია სხვა რაღაცეებზე – მოძვლებულ აზროვნებაზე, რაც ხანდახან მოდის ხოლმე ამ ასაკთან.

რას ეძახით “მოძველებულ აზროვნებას“?
– მაგალითად, ასეთ ამბავს – როგორც ატარებდა გაკვეთილს დაახლოებით 25 წლის წინ, იმის იქით არ წასულა, არ მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე, ჰგონია, რომ არის ყოვლისმცოდნე და მისი კვალიფიკაცია არის მარადიული და უკვდავი. ასეთი რამე არ არსებობს. თუ ყოველ დღე არ იქენი საინტერესო, მუშაობა ჩაგივარდება.

ყოველ დღე რომ საინტერესო იყო, ყოველ დღე შენს თავზე უნდა იმუშაო, ბავშვებთან ურთიერთობის კულტურა დახვეწო, იმიტომ რომ სხვა თაობა მოდის, სხვანაირი ინტერესებით, სხვანაირი მენტალობით; ამათთან პირდაპირ ნაჯახის ენაზე საუბარი, არც პედაგოგიურია, არც ადამიანური და არც კონცეპტუალურია (საგანმანათლებლო თვალსაზრისით).

ასეთი პრობლემები როცა არის, ეს იცით რაში აისახება?! გაკვეთილზე რომ შეხვალ, არის ხმაური – მასწავლებელი თუ უინტერესოა, ბავშვები აღარ უსმენენ; ბავშვები რომ აღარ უსმენენ, მასწავლებელი ღიზიანდება და მათ უბრაზდება. ეს რომ უბრაზდება, ესენიც აგრესიით პასუხობენ და მერე საქმე კონფლიქტამდე მიდის ხოლმე. მართვის კულტურა ის არის, რომ ასეთი სიტუაციები დაარეგულიროს.

რამდენიმე დღის წინ იძულებული გავხდი 2 მასწავლებელი გამეთავისუფლებინა, რომლებთანაც პიროვნულად არანაირი საწინააღმდეგო არა მაქვს. ერთი ქართულის პედაგოგია, მეორე – ფიზიკის, თავის დროზე შესანიშნავი მასწავლებელი იყო და ახლა რაღაც გარკვეული პრობლემები გაუჩნდა. ამ ორ ადამიანს ჯერ გაფრთხილება აქვთ მიღებული, შემდეგ საყვედური. ერთმა სასტიკი საყვედურიც მიიღო. ამ ვითარებაში, როდესაც ეს ამბავი დაიხუნძლა, ერთ–ერთმა ჩვენმა პედაგოგმა მოსწავლეს (ყმაწვილს), სახეში სილა გააწნა, რაც ძალიან დიდი პროფესიული, უპატიებელი შეცდომაა.

ეს ის შემთხვევაა, ბავშვმა მანდატურთან ახსნა–განმარტება, რომ დაწერა?
– დიახ, ბავშვმა ახსნა–განმარტება დაგვიანებით დაწერა. ჩვენი საზოგადოების სახეს რა წარმოაჩენს იცით?! აი, იმ ყმაწვილის მშობელმა საჯაროდ გამომიცხადა – “მასწავლებელს მე მივეცი უფლება, ჩემი შვილი ცემოსო“.

რამდენადაც ვიცი, შემდეგ მთელი კლასის მშობლები მოითხოვდნენ იმ მასწავლებლის დატოვებას.
– ზოგი ითხოვდა, ზოგი არა, მაგრამ მეტი წილი ითხოვდა. ასეთი მასწავლებლის სკოლაში დარჩენა ისეთი პრეცედენტის შექმნას ნიშნავს, რომ მსგავსი მომავალშიც შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება მეორე პედაგოგს, იმას სასტიკი საყვედური აქვს მიღებული. ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ, დააგვიანა. შემდეგ გაკვეთილზე არ შევიდა, იქ რაღაცა ხმაური იყო, დისციპლინა ვერ დაიცვა. ხმაური მესმოდა, გავაღე კარი და შევედი. ვნახე, რომ 4 ყმაწვილი უკან ზის და კარტს თამაშობს. ახლა, როგორ ფიქრობთ, რანაირი დირექტორი ვიქნები, რომ ეს დავუშვა?!

რამდენი პედაგოგია 24–ე სკოლაში?
– დაახლოებით 100.

რამდენს მათგან აქვს “მოძველებული აზროვნება“, რამდენი არ ეპყრობა ბავშვებს ისე, როგორც უნდა მოეპყრას – ანუ, რამდენი პედაგოგის გათავისუფლებას გეგმავთ?
– არ მინდა პროცენტები დავასახელო, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

ესე იგი ძალიან ბევრს გაუშვებთ?!
– პირდაპირ გეტყვით – ამ წუთას, ამ პრობლემის სხვა მეთოდებით მოგვარებას შევეცდები, მაგრამ ესეც თუ არ გაჭრის, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც ყოყმანი არ უყვარს.

როგორია მანდატურების როლი, ბავშვების აღზრდის საქმეში, კონკრეტულად თქვენს სკოლაში?
– კითხვა სწორადაა დასმული. ყველა, ვინც სკოლაშია, ბავშვების აღზრდას ხელს უნდა უწყობდეს. მანდატურების მთავარი ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინის დაცვაა.

მანდატურებს უშუალოდ ბავშვებთან აქვთ შეხება, ესაუბრებიან?
– რასაკვირველია. მაგალითად, მიდის გაკვეთილი და ამ დროს, დაინახეს, რომ ბავშვი დერეფანში დგას; გამოარკვევენ რატომ დგას გარეთ. შეიძლება ბავშვი ცუდადაა და ექიმთან გამოვიდა. ამ შემთხვევაში, შეიძლება იმ ექიმთან მიაცილოს. შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლე გამოაძევა. არ უნდა გამოაძევოს, მაგრამ ასეთი შემთხვევები ხდება. არ უნდა გამოაძევოს იმას კი არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა აიტანოს გაკვეთილის ჩაშლის მცდელობები?! ასეთ შემთხვევებში სხვა მექანიზმია – უნდა მიმართოს სასწავლო ნაწილის გამგეს, ან ადმინისტრაციას და ასეთ რამეს ჩვენ დავარეგულირებთ.

ანუ, მანდატურები მასწავლებლებსაც აკონტროლებენ?
– თუ მასწავლებელმა ბავშვი უკონტროლოდ გამოუშვა, ცხადია ეს სწორი ქმედება არ არის და ამასაც მიუთითებენ.

მიუთითებენ თუ თქვენ გეუბნებიან?
– ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან შეთანხმებულად ვმოქმედებთ. ოქმები როცა იწერება, რამდენმა ბავშვმა დააგვიანა (ეს ეშაფოტზე გასაგზავნი ოქმი კი არ არის?! ფაქტი ფიქსირდება)...

ამას მანდატურები აღრიცხავენ?
– აღრიცხავენ.

რამდენად მისაღებია, როცა კლასში შესვლისას, მასწავლებლები მანდატურების წინაშე შეშინებულები ძრწიან – დამეთანხმებით იმასში, რომ ამის შემხედვარე ბავშვს მასწავლებლისადმი პატივისცემა ეკარგება?
– დაგეთანხმებით, თუ ასეთი სიტუაცია არის.

ამის შესახებ არაერთმა მშობელმა გვითხრა.
– როცა მანდატური კლასში შედის და მასწავლებელს მისი შიშით აკანკალებს, ეს არ ვარგა; ამაში გეთანხმებით, ასეთი რამ პრინციპულად გამორიცხული უნდა იყოს. უნდა იყოს ერთია და რა არის, ეს შეიძლება მეორე იყოს, მაგრამ მანდატურის ფუნქციებში შედის სიტუაციის კორექტული ასახვა, რაზეც შემდეგ ადმინისტრაცია რეაგირებს და თუ არ რეაგირებს, ოქმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიდის.

მშობლები წუხან, “მანდატურები ბავშვებს მოენეებად ზრდიან, ერთმანეთზე და პედაგოგებზე ახსნა–განმარტებებს აწერინებენო“ და როგორ იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე ასეთი მიდგომა?
– თქვენ ახლა მოენე ახსენეთ და სხვანაირადაც არქმევენ ხოლმე: “ჩაშვება“, “ნასედკა“ და რაღაც ასეთ სიტყვებსაც ხმარობენ ხოლმე. სიმართლე გითხრათ, მანდატურების ოფიციალურ ფუნქციებში, ან მათ ქმედებაში, ამ ჩვენს სკოლაში ეს არ დამინახავს. რომ დავინახო, მათ აუცილებლად ვეტყვი, რომ ეს არ არის აღზრდის ფორმა.

მანდატურების შემოსვლის შემდეგ 24–ე სკოლაში კიდევ არის კონფლიქტები?
– კონფლიქტები ნაკლებად არის, რადგან ჩვენ 4 მანდატური გვყავს. ისინი მორიგეობენ, დერეფნებში დადიან, პერიმეტრს აკონტროლებენ, ეზოშიც ჩადიან. იმდენი მასწავლებელი არ მყავს, რომ ეს ვიღაცას დავავალო. მანდატურების შემოსვლამდე მე მიწევდა ამის გაკეთება – დავდიოდი ამ კორიდორებში. ერთი კაცი რომ დადის ამ ოთხსართულიან შენობაში, ზოგჯერ ვიღაცა გამოეპარებოდა კიდეც.

ამ ოთხსართულიანი შენობის გაყიდვა ისევ აქტუალური გახდა?
– რა გითხრათ აბა?! ამის თაობაზე არაფერი მსმენია და ვერც წარმომიდგენია, ქალაქის ცენტრში, 24–ე სკოლის გაყიდვა ვინმეს აზრად მოუვიდეს.

და თუ მოუვა აზრად, როგორ მოიქცევით?
– ორნაირი პასუხი არსებობს. ქართულ–დასავლური – მაგი მე ვიცი რასაც ვიზამ და მეორე პასუხი – არა მგონია ვინმემ ასეთი სისულელე დაიცვას. მიმაჩნია რომ ეს იქნება სისულელე და იმდენად დიდი სისულელე, რომ ამ ამბავზე მეღიმება.