დიდი ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ დედაქალაქში გადმოინაცვლა

დიდი ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ დედაქალაქში გადმოინაცვლა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას „ნენსკრაჰესის“, „ხუდონჰესისა“ და სხვა დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველოში აიკრძალებოდა დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა.

„ბოლო შანსი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, დაგვარწმუნოს, რომ არ გვატყუებს. არჩევნებამდე დარჩენილია 2-3 თვე. მოვუწოდებთ მათ, ხელი აიღონ საკუთარი დაპირების შეუსრულებლობაზე, ხელი აიღონ საქართველოს დატბორვაზე“, -განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 3 ივლისს სვანეთში ჩატარდება აქცია „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. მოსახლეობის მტკიცებით, დიდი ჰესების მშენებლობა საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის.

ჭუბერელი დოდო ჩხვიმიანი მესტიის რაიონში დიდი ჰესების მშენებლობის ნეგატიურ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, დიდი ენერგეტიკული პროექტები სვანეთსა და მის სოფლებს საფრთხეს უქმნის:

„ამ ჰესებით მთელ სვანეთს ანადგურებენ - ჩვენს მთას თუნდ აღმოსავლეთ საქართველოში, თუნდ დასავლეთ საქართველოში. ნენსკრა, ნაკრა - ეს ისეთი სოფლებია... ამ კუთხეებს, ჩვენი წინაპრების საფლავებს, ჩვენს ეკლესია-მონასტრებს გვინადგურებენ. მე ვთხოვ ჩვენ ხალხს, რომ მთელი საქართველო დადგეს ფეხზე“, - ამბობს დოდო ჩხვიმიანი.

სოფელ ნაკრადან ჩამოვიდა გიორგი ცინდელიანი. იგი ამბობს, რომ 34 ჰესის მშენებლობა იგეგმება მესტიის რაიონში და ამ მშენებლობების გასაპროტესტებლად დედაქალაქში გამოემგზავრა. ჰესების მშენებლობა სვანეთის მოსახლეობას იძულებულს გახდის მიატოვონ სოფლები, მამაპაპისეული სახლები და თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. გიორგისთვის განსაკუთრებული სადარდებელია ნენსკრაჰესის, რომელსაც მდინარე ენგურის შენაკადზე საპარტნიორო ფონდი აშენებს:

„ნენსკრაჰესის საპროექტო ტერიტორია ჭარბი დატენიანების ზონაშია. ამას გარდა, ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობის სიცოცხლისთვის სახიფათოა. ავიღოთ, მაგალითად, ნაკრა, სადაც მილიონობით ტონა ღვარცოფული ნაკადი ჩამოაქვს მდინარე ლექვერას. არის, ასევე, რამდენიმე სხვა მდინარე და ჭარბი ტენიანობის ზრდა დააჩქარებს მეწყერულ პროცესებს. მეორე მიმართულება არის ის, რომ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოსავლიანობის შემცირება“, - აღნიშნავს გიორგი ცინდელიანი.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცოტ გამსახურდია მიიჩნევს, რომ სვანეთის მოსახლეობის პროტესტს მთელი საზოგადოება უნდა შეუერთდეს, რადგანაც გამოიკვეთა ხელისუფლების წევრთა ძალიან საშიში, უპასუხისმგებლო და, ფაქტობრივად, მტრული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ სრულიად გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზნებით.

„ხელისუფლება და მისი „პიარშჩიკები“ ავრცელებენ მითებს, თითქოს სვანები მეტი ფულისა და კომპენსაციისათვის ვაჭრობენ და მხოლოდ ესაა ამ საქმის თავი და ბოლო. რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ისედაც ინერტულ საზოგადოებას არ გაუჩნდეს ვიღაცის ბინძურ თამაშებში ჩაბმის სურვილი! კიდევ და კიდევ, ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვნახე კაცები, ამ ქვეყნის შვილები, რომლებიც საკუთარ სინდისს, საკუთარ ცას და მიწას არ ყიდიან“, - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი კი სვანების პროტესტს პროვოკაციად მიიჩნევს:

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იმისთვის არსებობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ იბრძოლონ. მათი მოთხოვნები აბსურდულია, მაგრამ მოსახლეობას მათი რატომღაც სჯერა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა შევაჩეროთ 1 მლრდ-ის ოდენობის კერძო ინვესტიცია? მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან მას არანაირი პირდაპირი შეხება არ აქვს სოფელ ჭუბერთან, რომელიც 20 კმ-ში მდებარეობს. პროექტში ჩართულია მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და როგორ შეიძლება, იფიქრო, რომ ჩვენ არ გავითვალისწინეთ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები? მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ აჰყვეს ამ პროვოკატორების მოქმედებებს“, - ამბობს ელოშვილი.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის მშენებლობას საბანკო სესხის ნაწილში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის „ექსიმბანკი“ ახორციელებენ.