ლარსი 2 კვირა ვერ გაიხსნება, სომხები ე.წ. „სამხრეთ ოსურ“ მარშრუტს ითხოვენ

ლარსი 2 კვირა ვერ გაიხსნება, სომხები ე.წ. „სამხრეთ ოსურ“ მარშრუტს ითხოვენ

ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ყველაზე დიდი პრობლემა სომხეთს შეუქმნა. ქართველი გადამზიდავები აზერბაიჯანის შორეული მარშრუტით სარგებლობენ, სომხებისთვის კი ეს მიმართულებაც დახშულია. ამიტომ თუკი მეზობელი ქვეყნის ჩნოვნიკებს ვენდობით, სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას.

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის, გაგიკ ბეგლარიანის ინფორმაციით, ცხინვალის გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შორის პოლიტიკური უთანხმოება არსებობს. ეს ჩვენს სამუშაოს ართულებს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ რუსულმა და ქართულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიონ“, - განაცხადა გაგიკ ბეგლარიანმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური, რადგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში, საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება.

„დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს გზის გახსნის შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით. გზა კარგ მდგომარეობაშია“, - განაცხადა სომეხმა მინისტრმა.

ქართველ ექსპორტიორებთან ერთად, საბაჟო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ პრობლემა სომეხ მეწარმეებსაც შეუქმნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ დახმარებას სომხეთის სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სამინისტროები უწევენ. ორივე უწყებამ ექსპორტიორებისთვის 3 ბორანი დაიქირავა და ტვირთი ბათუმისა და ფოთის პორტიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით გაუშვა.

„ერთ დღეში ბათუმის პორტიდან ბორნით ნოვოროსიისკის პორტისკენ 100-მდე სატვირთო მანქანა გაემგზავრა, საიდანაც 50 სომხურნომრიანი იყო. დღეს კი პორტიდან სომხური პროდუქტით დატვირთული კიდევ 50 მანქანა გაემგზავრება“, - იუწყებიან მეზობელი ქვეყნის მედია საშუალებები.

როგორც ჩანს, დარიალის ხეობაში გზა სწრაფად არ გაიხსნება. მართალია მუშაობა შეუჩერებლად მიმდინარეობს, მაგრამ მოძრაობის სრულად აღდგენას 2 კვირა მაინც დაჭირდება. სწორედ ამ ვადას ასახელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ამჟამად მიმდინარეობს თერგის ძველ კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები.

„თუ ამინდი არ შეგვიშლის ხელს ორ კვირაში გზას განვლადს გავხდით, მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ იქ ჩვენ სხვა სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და უკვე ვმუშაობთ. დაფინანსების წყაროც უნდა მოვძებნოთ, თუმცა ეს არ იქნება იაფი პროექტი. ეს იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წყალდიდობის დროს პრობლემას არ შეგვიქმნის“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული. ალბათ, ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ვფიქრობთ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„ამ რეჟიმში გვინდოდა გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და სხვებისთვისაც. რუსეთის ფედერაციიდან იყო არაადექვატური პასუხი, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან, ამიტომ უარი ვთქვით ამ გზით ტვირთის გატარებაზე. ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის გახსნა. ამიტომ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის ეს ტვირთი რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, რომელიც 2012 წლამდე იქნა მიღებული. ის განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ არხის გამოყენებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მივიღეთ ტვირთის გატარების მექანიზმი, დღესდღეობით ტვირთები სარკინიგზო ბორანით გადის, როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ისე პირიქით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც საქართველო არ გადავკვეთს.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით მოძრაობის აღდგენაზე სერიოზული მსჯელობა, სადღეისოდ არამართებულია. აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით ლაპარაკიც არ არის, რადგან შესაბამისი წინაპირობები არ შექმნილა. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის საშუალებას არც ჩვენს თავს მივცემთ და ამას არც სხვას დავანებებთ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.