აქციებზე მონოპოლია ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა

აქციებზე მონოპოლია ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა

ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან

ბატონო სოსო, საზოგადოება 21 მაისის მოლოდინშია. ყველას აინტერესებს, რა იქნება ხვალ. თქვენ, როგორც ექსპერტს, რა შეფასებებისა და პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ?

- მე ზოგადად მირჩევნია ვისაუბრო ფაქტზე და არა მოლოდინებზე. უპრიანი იქნებოდა, ეს ინტერვიუ ჩაგეწერათ 22 მაისს, მაგრამ, ვაცნობიერებ რა ინტერესს დამდგომი კვირის მიმართ 21 მაისის გადასახედიდან, ცხადია, დადგა თარიღი, რომელიც ძალიან დიდი დაბეჯითებით იყო შეთავაზებული თუ თავს მოხვეული ჩვენი საზოგადოებისთვის და ხელისუფლების ცვლილებისთვის რაღაც საკრალურ რისხვად წარმოჩენილი.

ის, რომ სახალხო კრება დღიდან მისი შექნისა საუბრობს ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე, არავისთვის გახლავთ ახალი. იმისთვის, რომ, პრაქტიკულად, ერთპარტიული მხარდაჭერის საგანი გახდა ეს მიმზიდველი იდეა, ესეც ფაქტია და ვთვლი, რომ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ აქტიურობა კრებისა ამით, ვფიქრობ, არ შემცირებულა, რადგან პარტიამ საკუთარი თავი გააიგივა სახალხო კრებასთან, საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო კრების ჩამოყალიბების, მისი ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის და, ამდენად, მოლოდინები იმისა, რომ სახალხო პროტესტი იქნება მასობრივი, არსებობს არა მხოლოდ კრების მხარდამჭერთა, არამედ მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილთა შორისაც. ამასთანავე, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება იმაზე, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, გვაგონებს ისტორიულ მაგალითებს, სადაც ვერ ჰპოვებთ ანალოგს წინასწარ ანონსირებული თარიღებისა ამა თუ იმ რევოლუციური პროცესის წარმართვის წინ.

ჩვენ უკანასკნელ პერიოდში თვალყურს ვადევნებთ და ვისმენთ მხოლოდ მუქარებს ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებას ამ დროს გააჩნია სრული მზაობა იმისთვის, რომ ნებისმიერი მუქარა მოიგერიოს და მისი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ სწორედ იმიტომ გახდა ნაკლებად საინტერესო ხელისუფლებისთვის, რომ რაიმე ტიპის ძალადობრივი ქმედება და რევოლუციის იმიტირება მისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი თემაა, ვიდრე თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები.

სწორედ ამიტომ შეუქმნა რვიანს პრობლემები და ჩაშალა მოლაპარაკებები, რომ პროცესები ქუჩაში გადასულიყო?

_ რასაკვირველია. ნაციონალურ მოძრაობას არა აქვს არანაირი გამოცდილება დემოკრატიულ, გამჭირვალე არჩევნებში მონაწილეობისა, ხოლო ის ცოდნა, რომელიც მან დააგროვა მოქალაქეთა კავშირის წიაღში არსებობისას, სხვას არაფერს აძლევს მას, თუ არა უკიდეგანო საშუალებებს არჩევნების გაყალბებით ხელისუფლების შენარჩუნებისა. რაც შეეხება რაიმე ტიპის ძალადობრივ აქციებს, მათ უმალ დიდი სიამოვნებით მოუწევთ დაფიქსირება საკუთარი ძალის შეუვალობისა, ნახევარი საქართველო გამოცხადდება რუსეთის აგენტად, მეორე ნახევარი _ მათ მიერ მოსყიდულებად და, რაც არ უნდა ძალა იყოს გამოყენებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ეს იქნება წარმოჩენილი, როგორც შემდგარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და დემოკრატიის ზეიმი. ასეთი დემაგოგიის გაკვეთილები ჩვენ 2007 წელს გავიარეთ და, თუკი რაიმე ცვლილებების აღწერაა აუცილებელი 2007-სა და 2011 წლებს შორის, ერთ-ერთ ძირითად მომენტად გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ფერისცვალებას ამ მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ბარაქ ობამამ, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, გამოაცხადა, რომ მისი პარტინიორი არის ქვეყნის მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება და არა მისი თუნდაც ერთგული ხელისუფლება. არა მხოლოდ გამოაცხადა, არამედ დაამტკიცა კიდეც ეს არაბული ქვეყნების მაგალითზე. შესაბამისად, დღეს ხელისუფლებას მოუწევს სხვა ნიშის ძიება საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად და ვეჭვობ, რომ ეს ნიშა შეიძლება იყოს სადმე დასავლეთში. უმალ აღმოსავლეთისკენ და სამხრეთისკენ გაექცევა თვალი ხელისუფლებას, რათა მიიღოს მშვიდი დასტური იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მას ჩაფიქრებული აქვს, ამ შემთხვევაში, როგორც თავდაცვის აუცილებლობა, რადგან მუქარები, რომლებიც ისმის ხელისუფლების მიმართ, ჩემი აზრით, ზღვარგადასულია და დუმილი ხელისუფლებისა სულაც არ ნიშნავს მის სისუსტეს და არც მოუმზადებლობას რაიმე ტიპის არაადეკვატური, არადემოკრატიული ქმედებისა.

ალბათ, აუცილებლად დაუპირისპირებს ძალას და, შესაძლოა, პროვოკაციაზეც წავიდესო.

_ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. ვიმედოვნებ, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები კარგად აცნობიერებენ არა მარტო საკუთარ პასუხისმგებლობას, არამედ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასაც.

ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები მაინც 26 მაისთან არის დაკავშირებული, რადგან ხელისუფლებამ აღლუმის გამართვა გადაწყვიტა...

_ არა მგონია, ფიზიკურად რაიმე ტიპის სერიოზული წინაღობა დახვდეს ხელისუფლებას, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში 26 მაისს პარლამენტის წინ ჩაატარონ აღლუმი. პირიქით, ეს იქნება გასაგები მიზეზი საპროტესტო მუხტის აღკვეთისა, რომ ისინი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაულს ემუქრებოდნენ ჩაშლით, მაგრამ, არსებობს კიდევ უფრო გონიერი გამოსავალი და, თუ ხელისუფლება ნაკლებად ჯიუტი და, შესაბამისად, მეტად მიმზიდველი იქნება დასავლეთისთვის, ის სრულიად უმტკივნეულოდ შეძლებს, შეცვალოს აღლუმის ადგილი ისე, რომ არაფერი დააკლოს სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემას.

აქვე მინდა, ქართული პარტიის პოზიციების შესახებ გკითხოთ. სულ საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართული პარტიისა და სახალხო კრების ერთ პოზიციაზე დადგომა მომხდარიყო, თუმცა, ამაოდ ისინი დაპირისპირებულნი იყვნენ ერთმანეთთან, თუმცა, მოულოდნელად ქართულმა პარტიამ კონსულტაციების დაწყება შესთავაზა სახალხო კრებას, მაგრამ, უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ ამის დრო აღარ არის...

_ მოტივაცია, როგორც კონსულტაციების შეთავაზება, ასევე მათი უარყოფა, ნაკლებად გასაგებია მოსახლეობისთვის, მათ შორის, ჩემთვისაც. ის ფაქტი, რომ ძალა ერთობაშია, არავისში არ იწვევს ეჭვს, მაგრამ ამ ერთობას ჩამოსაყალიბებლად ბევრად უფრო დინჯი წინმსწრები ნაბიჯები უნდა უძღოდეს და არა ის გალეშებული ლანძღვა ერთმანეთისა, რომლის მოწმენიც ვართ უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ასეა თუ ისე, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უპირველესი მიზანი ხელისუფლების შეცვლა აქვს, არა მგონია, დიდი არჩევნის საშუალება ჰქონდეს და, ჩემი აზრით, ზოგადად პროცესის წარმატებისთვის ხელისშემშლელია ამ შემთხვევაში დაქსაქსულობა და ძველი წყენის იმედად დარჩენა. ვნახოთ, ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. ჩემთვის უცნობია როგორც ოქრუაშვილის, ასევე ბურჯანაძის არგუმენტები, გეგმები, პერსპექტივები და მაცოცხლებელი ძალის რესურსი. ამიტომ ვიქნებით მოწმენი იმისა, რისი შემსწრენიც ვართ დღეისათვის.

ასევე რვიანის შესახებ მინდა გკითხოთ. ფაქტია, მოლაპარაკებები ჩაიშალა და რვიანში აცხადებენ, რომ 30 მაისამდე მისცეს ვადა ხელისუფლებას. რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ, ისინიც ქუჩის აქციებს ხომ არ მიმართავენ, თუ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ახალი სტრატეგია?

_ რვიანი, ვფიქრობ, მივა იმ დასკვნამდე, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი მაისის საპროტესტო აქციებისას არ არის ამომრჩეველი, რომელიც ერთი კონკრეტული პოლიტიკური პიროვნების აღზევებით არის დაკავებული. თუ ისინი 30 მაისის მოლოდინში აღმოჩნდებიან თამაშგარე მდგომარეობაში 30-მდე მიმდინარე სახალხო პროტესტის მიმართ, ვფიქრობ, გაუჭირდებათ შემდგომ თუნდაც მენტორის როლში შედეგების შეფასება, როცა თავად არ ხარ ამ შემთხვევაში ხალხის გვერდით ამა თუ იმ ფორმით. ფაქტია, პროცესების მართვაზე მონოპოლია გამოაცხადა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერს აქვს პრეტენზია ან სურვილი, შეეცილოს მას ამ მონოპოლიაში, მაგრამ, იმედი მაქვს, რვიანის პოლიტიკური არსენალი მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან პოლიტიკურ პერსონებსა და ხალხის განწყობას. თუ ხალხის განწყობის მიმართ რვიანი დარჩა ნაკლებად ყურადღებიანი, მას ამ ყურადღების მოპოვება ბევრად უფრო მძიმე შრომითა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუწევს. ვნახოთ, რა იქნება. ერთადერთი სურვილია, მშვიდობიანი დამდეგი შაბათ-კვირა ყოფილიყოს და გონიერებას ეჩვენებინოს საკუთარი უპირატესობა ღონივრების მიმართ.