„სირიაში მებრძოლი საქართველოს არც ერთი მოქალაქე ქვეყნის წინააღმდეგ არ წავა!“

„სირიაში მებრძოლი საქართველოს არც ერთი მოქალაქე ქვეყნის წინააღმდეგ არ წავა!“

არსებობს თუ არა საქართველოში ტერორიზმის საფრთხე და რას ემსახურება რუსეთის განცხადებები პანკისში ბოევიკების წვრთნასთან დაკავშირებით

ბოლო დროს ევროპაში განხორციელებულმა სისხლიანმა ტერორისტულმა აქტებმა მსოფლიოს ქვეყნების შეშფოთება არაერთხელ გამოიწვია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო ჩაერთო. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყანა კვლავ რჩება ტერორიზმის საფრთხის წინაშე და ეს ტერორისტული ორგანიზაციების განცხადებებიდანაც ნათლად ჩანს. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის პარალელურად. თან იმ ფონზე, რომ რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, თითქოს საქართველო პანკისის ხეობაში ტერორისტულ ბანდფორმირებებსა და ბოევიკებს წვრთნის, რომელთაც შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად გზავნის. კრემლიდან გამოჟონილ მსგავს განცხადებებს ქართველი პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სრულ სისულელესა და ალოგიკურს უწოდებენ. ფაქტობრივად, იგივეს ამტკიცებს ამერიკის დეპარტამენტის ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მუშაობა ეფექტურად შეაფასა.

საქართველოში ტერორიზმის საფრთხეს გამორიცხავს პანკისის ხეობის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილიც, რომელიც პანკისის ხეობიდან სირიაში წასული მებრძოლების დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ მოხვდა, სადაც ტერორისტები ტერაქტების მოწყობას აპირებენ. ხანგოშვილი ასევე გვიდასტურებს, რომ ხეობაში სიმშვიდეა და იქ არანაირი ბოევიკების წვრთნა არ მიმდინარეობს: „მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ხეობა არის ძალიან მშვიდი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებითაა დასახლებული. სახელმწიფოს წინააღმდეგ აქ არასოდეს განხორციელდება არანაირი ქმედება, აღარაფერს ვამბობ ისეთ სულელურ განცხადებებზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აკეთებს. რაც შეეხება პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადინების საკითხს, ჩვენი ბიჭები სირიაში რომ არ აღმოჩენილიყვნენ, თავის დროზევე უნდა გატარებულიყო მიზანმიმართული, სტრატეგიული პოლიტიკა და მსგავსი პრობლემის წინაშე არ დავდგებოდით. ისიც სრული აბსურდია, თითქოს პანკისის ხეობაში მუსლიმების არსებობის გამო, შესაძლოა ქვეყანას ტერორიზმის საფრთხე შეექმნას. ხშირად რუსეთი სპეკულირებს იმით, თითქოს ჩვენ, ქართული მხარე, პანკისის ხეობაში ბოევიკებს ვწვრთნით... ესეც გამოგონილი აბსურდია, რომელსაც რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ევროპის თვალში სურს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო ტერორიზმის თვალსაზრისით, შაშიში ქვეყანაა. რუსეთს ამ თემით სპეკულირების საბაბი რომ არ მივცეთ, საჭიროა, ხშირად ვისაუბროთ ამ საკითხებზე და არ დავუტოვოთ პროვოკაციის შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა რაიმე ტიპის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ქვეყანაში. თუმცა, კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, რომ შესაძლებელია, რუსეთის ხელისუფლებისა და თუნდაც პუტინის მხრიდან, კვლავაც გაჟღერდეს მსგავსი პროვოკაციული განცხადებები, რასაც დასაბუთებული არგუმენტები უნდა დავუპირისპიროთ _ დასავლეთს იმის ერთი პროცენტი ეჭვიც არ უნდა გაუჩნდეს, თითქოს ქვეყანაში შესაძლოა არსებობდნენ ტერორიზმის საფრთხის მატარებელი ძალები. ვინც პანკისში ყოფილა, ყველამ იცის, რომ ხეობა ძალიან პატარაა, აქ დაახლოებით 10-12 ათასი ადამიანი ცხოვრობს. თუ ამ რიცხვს გავითვალისწინებთ, ცალსახად დასტურდება, რომ სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილია წასული“. 

ხანგოშვილის თქმით, საქართველოზე განაწყენებულ, რადიკალური ისლამური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს, თარხან ბათირაშვილს (ალ-შიშანი), დღემდე ქვეყანაზე ცუდი არაფერი დასცდენია. პირიქით, მისი თქმით ის და მისი თანამებრძოლები საქართველოს ტერორიზმის საფრთხისგან იცავენ: „ტერორიზმის საფრთხე რომ არ არსებობს ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სია, სადაც ისინი ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ. მსოფლიოს 68 ქვეყანაში, საქართველო არც კი მოიაზრება, რაც სირიაში მებრძოლი ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა. ამდენი წელია პანკისის ხეობიდან ქისტები და ჩეჩნები იბრძვიან სირიაში და ერთხელ მაინც თუ სმენია ვინმეს, იქ მყოფი რომელიმე მებრძოლი საქართველოს ან ჩვენ რომელიმე მოქალაქეს დამუქრებოდა... მიუხედავად იმისა, რომ თარხან ბათირაშვილი საქართველოდან განაწყენებული წავიდა (წინა ხელისუფლებამ ის ჯერ გამოიყენა და შემდეგ ნაგავზე მოისროლა), ერთხელ თუ ვინმეს გაუგია მისგან საქართველოზე ან მის მთავრობაზე რაიმე წყენის გამომჟღავნება, ან რაიმე ტიპის მუქარა? რა თქმა უნდა, არა _ სირიაში მებრძოლი პანკისელების მხრიდან საქართველოს მიმართ უარყოფითი განწყობა დღემდე არ გამჟღავნებულა და ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რაშიც ისედაც დარწმუნებული ვარ _ სირიაში საბრძოლველად წასული საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი, ეთნიკური ვაინახი არასოდეს საქართველოს წინააღმდეგ არ წავა, თუ, რა თქმა უნდა, ზესახელმწიფოები რაიმე პროვოკაციას ხელოვნურად არ მოაწყობენ''. 

მექა ხანგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახლობლების ინფორმაციით თარხან ბათირაშვილი ცოცხალია და იგი რეაბილიტაციის კურსს გადის: „ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება. თავდასხმის დროს 17 ადამიანიდან 16 გარდაიცვალა, ბათირაშვილი კი, მძიმედ დაიჭრა. იგი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და მალე უკეთ იქნება“. 

პანკისის ხეობის დიასპორის წარმომადგენელმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც ისაუბრა. ხანგოშვილის თქმით, ქისტები და ჩეჩნები ამ პროცესს მიესალმებიან: „ჩვენი ხეობა ვიზალიბერალიზაციას მომზადებული შეხვდება. ზოგადად, ევროპისკენ სწრაფვაში ჩვენ, როგორც ქვეყნის ეთნიკური უმცირესობის ნაწილმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა სწორი განვითარებისკენ არ წავა. პანკისის ხეობის ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ისინი მიესალმებიან ევროპაში ინტეგრაციას. დადასტურებით გეტყვით, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა და სწორედ ამის გამო, რომც არ ეთანხმებოდნენ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას, ამის წინააღმდეგ არ წავლენ“. 

საქართველოში ტერორიზმის საფრთხეს გამორიცხავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც და მიიჩნევს, რომ მიუხედავად რუსეთის ალოგიკური, პროვოკაციული განცხადებებისა თუ ქმედებებისა, საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდება: „მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს და რა პროვოკაციულ განცხადებებს გააკეთებს რუსეთის ხელისუფლება, მგონია, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცესს ჩვენს სასარგებლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვეტს. არჩევნებამდე იმიტომ, რომ ქვეყანაში არ მოხდეს რუსული ძალების გააქტიურება და ამან არ გადაწონოს ქვეყნის პოლიტიკური, პროევროპული მიმართულება, რაც ევროპასა და, მით უმეტეს, აშშ-ს არ აწყობს. როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგატები გვეუბნებიან, ვიზალიბერალიზაციის პროცესი ევროპაში მიგრაციის დონის მატებამ შეაფერხა, რაც ბოლო დროს უმართავი გახდა“. 

რუსეთის განცხადებებს კი იმის შესახებ, თითქოს პანკისის ხეობაში ტერორისტების წვრთვნიან, რამაზ საყვარელიძე ალოგიკურს უწოდებს: ,,ეს განცხადება საღ აზრსმოკლებული და საერთოდ, ალოგიკურია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ღრმა, სტრატეგიული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან, აშშ-სთან, რასაც რუსები ამდენი წელია ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან. როგორ ჰგონია რუსეთს, აშშ-ს ხელისუფლება იმდენად ბრიყვია, რომ ქვეყანასთან, რომელიც ტერორისტებს წვრთნის, ასეთი კავშირები ექნება?! რა თქმა უნდა, არა! არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთის ხელისუფლება ხშირად შეეცდება საქართველოს დაკნინებას არამარტო თავისი დამაზიანებელი ქმედებებით, არამედ მსგავსი ტიპის ალოგიკური განცხადებებით. რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, ჩემი აზრით, სირიაში საბრძოლველად წასული საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არავითარი საფრთხე არ მომდინარეობს, მით უმეტეს, ამ ეტაპზე. არ მგონია მოქალაქეებმა, რომელთაც საქართველო თავის სამშობლოდ მიაჩნიათ, რაიმე საფრთხე შეუქმნან ქვეყანას''.