ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სსკ-ს 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ყოფილი მთავარი პროკურორი. ოთარ ფარცხალაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და საცხოვრებელი სახლის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
გამოძიების დაწყებას არაადეკვატურს და დაგვიანებულს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, გამოძიება 2 წლის წინ უნდა დაწყებულიყო.
„ეს არის ყოვლად არაადეკვატური და დაგვიანებული პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ასეთი გამოძიების დაწყება ნორმალური და ადეკვატური ორი წლის წინ იქნებოდა. დღევანდელ დღეს ადეკვატური პასუხი ხელისუფლების და მთავრობის მხრიდან იქნება და იქნებოდა, ვანო მერაბიშვილის უპირობო გათავისუფლება, ისევე როგორც სხვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ის რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი მოხვდა სახლხო დამცველის ანგარიშში, შესაბამისად, საქმეში მონაწილე ყველა პირის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი.
„ჩვენ პირველივე დღიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო შესული ეს საკითხი და მეორდებოდა, თითქმის ორი წლის განმავლობაში. მისასალმებელია, თუ როგორც იქნა, საბოლოო ჯამში ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი დაიწყო. ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ქონდა,“ - განმარტა უჩა ნანუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ არ არის სწორი იმ პატიმრების წახალისება, რომლებიც დაუმორჩილებელი სტანდარტებით მოქმედებენ. მისივე თქმით, რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, გამოძიების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს.
„უბრალოდ, სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, შიდა დონეზე ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის გარკვეული წახალისება იმ მსჯავრდებული ადამიანების, რომელთაც შეუძლიათ ახალ-ახალი ვერსიები შესთავაზონ საზოგადოებას ან საგამოძიებო ორგანოებს იმის თაობაზე, თუ რა ცუდ პირობებში არიან. არ მგონია, რომ სწორი იყოს იმ პატიმრების წახალისება, რომლებიც ასეთი დაუმორჩილებელი სტანდარტებით მოქმედებენ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მაშ ასე, გამოძიება დაწყებულია, თუმცა „ევროპის სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტი ჯოზეფ დოული საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს.
„ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის პროლონგაცია უკანონო იყო. დემოკრატიაში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - წერს ჯოზეფ დოული.
„ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში“, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტის მოწოდებას.
„ვანო მერაბიშვილი გარეთ რომ იყო, მაშინ იყო ყველას უფლებები დარღვეული. მის გვერდით უნდა იჯდეს არაერთი მისი ძმა და მეგობარი. როგორც მინისტრი ისე არ გეტყვით, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფ დოული და „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის უდანაშაულოზე საუბრობენ, საქართველოს სინამდვილეში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის პირველი სამართალდამცველის სამართალდარღვავაზე საუბრობენ და უშუალოდ მისი მხვერპლი იყვნენ.
დეპუტატი ვალერი გელაშვილი ერთ-ერთია რომელიც ვანო მერაბიშვილის უკანონო დავალების მსხვერპლი გახდა. ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. სასამართლოს ჩვენება მისცა საქმის მთავარმა მოწმემ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. სასამართლოში ოქრუაშვილმა დეტალურად გაიხსენა 2005 წელს შავნაბადას რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა და სწორედ, შავნაბადაზე დაიგეგმა ვალერი გელაშვილზე თავდასხმა, რომლის მიზეზიც გელაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ოქრუაშვილის ჩვენებით, მან გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაზე უარი თქვა, რაც საბოლოოდ ყოფილმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა იმ დროინდელ მინისტრს დაავალა.
დეპუტატი ვალერი გელაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი არის კრიმინალი, შესაბამისად ის ვერ იქნება პოლიტპატიმარი.
„საქართველოში ყველამ იცის, რომ მერაბიშვილი კრიმინალია და ციხეში ზის. ჩემზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე მიმდინარე პროცესი თითქმის სრულდება და საშუალოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატება. რას ფიქრობს ბატონი დოული, არ ვიცი, მერაბიშვილი კრიმინალია და იცის ეს მთელმა საქართველომ“, - ამბობს ვალერი გელაშვილი.
„ევროპის სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე, რომლის განცხადებით, ჯოზეფ დოული „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ახმოვანებს.
„და დოულმა გადაწყვიტა, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია? ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მიკერძოებულია ბატონი დოული. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და მით უფრო მერაბიშვილი. ვთვლი, რომ ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის გაგრძელებაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავას, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მსგავსი განცხადებები, ანტიდასავლურ განწყობას აღვივებს ქვეყანაში და ეს განცხადება მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ დღევანდელი ევროპის წინააღმდეგ მიმართული განცხადებაა. იმ ევროპისა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისკენ დგამს ნაბიჯებს. მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველოს ურთიერთობას დასავლეთთან.
„რამ აიძულა ევროპულ პოლიტიკასაც დაუპირისპირდეს ეს კონკრეტული ფიგურა, ეს არის საინტერესო და გამოსაკვლევი. რა თქმა უნდა, თავის თავის პატივისმცემელი პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ხარვეზები და დასავლეთს არა. არ მგონია, რომ ასეთი გულუბრყვილო დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ გამოგვადგეს. ამ ტიპის დამოკიდებულების გამომუშავება, რომ დასავლეთში ყველაფერი კარგია, ნაციონალების პოლიტიკური ხაზი იყო, რასაც სწორედ იმისთვის იყენებდნენ, რომ დაასვლეთის პირით გაემართლებინა თავიანთი უკანონო ქმედება, არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული, ადამიანთა მსხვერპლით დამთავრებული.
პრობლემა იმაში არ არის, რომ დასავლეთის ესა თუ ის წარმომადგენელი ასე იქცევა, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენმა საგამოძიებო ორგანოებმა ვერ მოახერხეს, რომ დაედგინათ ასეთი მიკერძოების რეალური საფუძვლები. არის ეჭვი, რომ უსაფუძვლო და არამოტივირებული არ არის ეს მიკერძოება. თუმცა, ეს მხოლოდ ეჭვია და უფრო სანდო ინფორმაცია ამ თემაზე არ გაგვაჩნია, რაც ვიმეორებ, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოების ერთ-ერთი ხარვეზია“, - აღნიშნა for.ge-სთან სასუბრისას რამაზ საყვარელიძემ.