პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში მიღებისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ კოდექსს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე უნდა შედგეს საზოგადოების ფართო კონსენსუსი - რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა.
„მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ არავის უნდა გაუჩნდეს კითხვის ნიშნები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი სიძლიერე და უპირატესობა სწორედ მის დამოკიდებულებაშია ოპონენტების და განსხვავებული აზრის მიმართ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მიდგომა და არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება - რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა. განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
როგორც პრემიერი აცხადებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია. მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა. კვირიკაშვილის განცხადებით, მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს თანაბარ, მშვიდ და კონსტრუქციულ წინასაარჩევნო გარემოს.
ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ პოლიტიკური მოთამაშეების ეთიკური ქცევა იქნება მნიშვნელოვანი მომავალი არჩევნებისთვის. თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ეთიკა და ქცევის კოდექსის დაცვა მოეთხოვება, როგორც დამკვირვებლებს, ასევე მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის ხაზს უსვამდა და დღესაც აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საარჩევნო ქცევა, საარჩევნო ეთიკა და ქცევის კოდექსი, ეს ეხება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე დამკვირვებლებს, მედიასა და პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური მოთამაშეების ეთიკური ქცევა იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - აცხადებს თამარ ჟვანია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად ეხმიანება უმრავლესობის პოზიციას.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა და უკვე მომავალი კვირიდან, აუცილებლად განვიხილავთ ქცევის კოდექსს. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში, უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ პროცესის ხარისხზე“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი რეალური გეგმა, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს მშვიდობიანი.
„მთავარი გამოწვევა მშვიდობიანი გარემოსი, არის სწორედ ხელისუფლების ქმედება, რომელიც ებრძვის თავისუფალ მედიას, რომელიც აქეზებს ძალადობას უკვე წლების განმავლობაში, რომლის აგრესიული გამოვლინება იყო კორცხელის ინციდენტი, რომელიც არა თუ არ გამოიძიეს, არამედ ეცადნენ მის გამართლებას და ახსნას.
ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ პირი, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული კორცხელის ინციდენტის ორგანიზებასთან, დაინიშნა საარჩევნო შტაბის უფროსად, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არანაირი რეალური განცდა და რეალური გეგმა ხელისუფლებას იმისა, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, არ გააჩნია“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
პრემიერის ინიციატივას დროულად მიიჩნევენ პოლიტოლოგები და თვლიან, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დაპირისპირების რისკი დიდია.
„ეთიკის კოდექსზე ლაპარაკი არ არის ახალი, იყო ამაზე საუბრები. ამ შემთხვევაში მთავარია სიტყვა „მაგრამ“. ეს „მაგრამ“ თუ გადაილახა, სხვა მხრივ პრობლემა არ არის. ყიფშიძის ქუჩაძე დააწესეს ცალმხრივი მოძრაობა, მაგრამ მინიმუმ, ერთი მესამედი არ იცავს წესებს, ანუ მოძრაობენ საწინააღმდეგო მიმართულებით. ყველაფერი კულტურაზეა დამოკიდებული.
თუკი აღმოჩნდება, რომ ჩვენ კვლავ არ გვაქვს შეთანხმებასთან ანგარიშგაწევის კულტურა, მაშინ აზრი არ აქვს, დავდოთ შეთანხმებები და ვიყოთ. ქართველებს გვიყვარს კანონის არდაცვა და ამ თვისებას დიდი ხნის ისტორია აქვს ჩვენს ხასიათში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თვისების შეცვლის გარეშე არაფერი არ გამოგვივა და სხვათა შორის - არც ბიზნესში. ამ თვისების შეცვლა აუცილებელია, რადგან თუ ვაპირებთ ევროპული წესით ცხოვრებას, ესაა ევროპა. ვეთახმები პრემიერის ინიციატივას და მიმაჩნია, რომ აუცილებელია პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება და მისი შესრულებაც“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით მხოლოდ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს მეტ-ნაკლები თავშესაფარი სამართლიანი არჩევნებისთვის.
„შეგვიძლია მხოლოდ კმაყოფილება გამოვთქვათ ასეთი ინიციატივის მიმართ, მაგრამ რაიმე შედეგი ჩვენს კმაყოფილებას შეიძლება დაუდგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მართლა სასახელო პრემიერ-მინისტრს ხელს არ შეუშლის ვინმე, თუნდაც რიგითი მოქალაქე, რომ თავად განსაზღვროს ვინ როგორ მოეკიდება ამ განცხადებას. პრემიერ-მინისტი არ მონაწილეობდა იმ უმსგავსობებში, რასაც ვუყურებდით კორცხელში. სამწუხაროდ, მას არ მისცეს საშუალება, რომ თავად გაეკონტროლებინა პროცესი.
როდესაც პრემიერ-მინისტრს სიკეთის კეთების სურვილი აქვს და მას ამის ფუნქციას არ უტოვებს უცნობი რიგითი მოქალაქე, მაშინ ჩვენ სხვა ადგილს უნდა მივმართოთ. გამჭვირვალობა და მხოლოდ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს მეტ-ნაკლები თავშესაფარი სამართლიანი არჩევნებისთვის და მასზე მყისიერი რეაგირება ჩვენი საზოგადოებისა. სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელიც აღარ თაკილობს ბევრი ისეთი კომპონენტი მოიშველიოს არჩევნების პროცესში, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო 2012 წელს“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.