„აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ შეირყეს ნდობა ევროკავშირის მიმართ. განსაზღვრული იყო სრულიად მკაფიო პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში საქართველოს უნდა მიეღო სავიზო ლიბერალიზაცია. ეს პირობები შესრულებულ იქნა და ახლა, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი პირობა თუნდაც ჩვენივე სანდოობის დასადასტურებლად“, - აღნიშნა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
როგორც ცნობილია, 20 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა. მისი თქმით, ახლა ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
„ყველა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველომ კარგი სამუშაო შეასრულა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს“, - აცხადებს ფედერიკა მოგერინი.
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი, რეკომენდაციას აძლევს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
მომხსენებელი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ევროკომისიის დასკვნის შემდეგაც, შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და გააგრძელა დაწყებული რეფორმები იმ სფეროებში, სადაც უკვე მიღწეული იყო საკმარისი პროგრესი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ხაზგასმულია, რომ ასოცირების შეთანხმების დადებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გამყარების გზით, ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორის როლი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კონტაქტებს და გააძლიერებს ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღნიშნულია, რომ პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგომარეობით, საქართველოს სტაბილურ დემოკრატიად განვითარების პროცესს ხელი შეუწყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებამ.
მარია გაბრიელი ყურადღებას ამახვილებს, რომ საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, არჩევნების სამართლიანობა და ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მეტი ჩართულობა. გარდა ამისა, განხილული უნდა იყოს პოტენციური გამოწვევები მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებში იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან მიგრანტებისთვის ევროკავშირი კვლავ მიმზიდველ ადგილად რჩება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ განახორციელა ღრმა და რთული რეფორმები, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები. ვიზალიბერალიზაცია კი ხელს შეუწყობს ღია, დაბალანსებულ და კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა მიმდინარე რეფორმების კუთხით დამატებითი ნაბიჯების და ძალისხმევის განსახორციელებლად.
„საქართველოს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კორუფციის, წინააღმდეგ ბრძოლაში. ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით, ევროპარლამენტი დაადასტურებს იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომ თითოეულ ქვეყანას ყველა შესაბამისი კრიტერიუმის წარმატებით შესრულების შემდეგ შეუძლია ისარგებლოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით“, - აცხადებს მარია გაბრიელი და რეკომენდაციას აძლევს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ანგარიშს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება უნდა იქნეს მალე.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ განხილვების პროცესში გადაიდგა. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, ყოველგვარი თარიღის დასახელება იქნება არასწორი, რადგან მოსახლეობაში ჩნდება არასწორი აღქმები და შესაბაისად, შესაძლოა იმედგაცრუებაც გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ყველაზე გვიან შემოდგომის დასაწყისში დასრულდება. როგორც ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის საბჭოში არავინ ეწინააღმდეგება.
„საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ მზად ვართ გადაწყვეტილება ახლავე მივიღოთ, თუმცა ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური მოლაპრაკებები. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ კრიტერიუმები, პირობები. ზოგადი განწყობა იყო ძალიან პოზიტიური. ჩვენ მიზანმიმართულად პროცესს არ გავაჭიანურებთ.
ვერ ვიტყვი, რომ პროცესი მალე დასრულდება, თუმცა მჯერა, რომ როგორც კი შეჩერების მექანიზმზე შევთანხმდებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ასევე დამოკიდებულია ევროპარლამენტზე. მჯერა, რომ ყველაზე გვიან, შემოდგომის დასაწყისში პროცესი დასრულდება“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროპარლამენტი ე.წ. შეჩერების მექანიზმს დაამტკიცებს. დიდიე რეინდერსის თქმით, ყველა თანხმდება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს.
„ველი, რომ გერმანიაში დებატების შემდეგ ჩვენ მომდევნო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ. პარალელურად მიმდინარეობს ორი დისკუსია - საქართველო აკმაყოფილებს პირობებს და ჩვენ უნდა წავიწიოთ წინ ვიზალიბერალიზაციისკენ, ასევე ევროპარლამენტმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართება, ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევა“, - განაცხადა დიდიე რეინდერსმა.
მაშ ასე, ევროკავშირის წვერი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების უმეტესობა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარს უჭერენ. საქართველოს ტექნიკური დეტალები შესრულებული აქვს, შესაბამისად, შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს. ცნობილია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს გერმანიისგან უპირობო მხარდაჭერა ექნება. გერმანიის კანცლერის განცხადებით, საქართველომ ყველა კრიტერიუმი შესარულა, შესაბამისად, იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.