პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა ეთიკის ნორმების ფარგლებში მოუწევთ. ეთიკის წესები დეპუტატმა, ვიქტორ დოლიძემ განსაზღვრა, რომელსაც „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კონსერვატორები“, „ქართული ოცნება“, „მრეწველები“ და „ეროვნული ფორუმი“ უერთდებიან, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, დოკუმენტს „თვალებში ნაცრის შეყრად“ აფასებს და განცხადებაზე ხელის მოწერას არ აპირებს.
საარჩევნო პერიოდში ეთიკის თუ რა წესები იმოქმედებს, ეს ვიქტორ დოლიძის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი, რომელსაც პარლამენტი 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მიიღებს კიდეც.
მართალია, დოკუმენტით, ეთიკის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესებული არ არის, თუმცა, განცხადების პროექტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან - სიძულვილის ენაზე, ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას, ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს.
წინასაარჩევნოდ პოლიტიკური თამაშის წესების განსაზღვრას ვიქტორ დოლიძე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები პროგრამების შეთავაზებებით, სწორი პოლიტიკური ჭრილში უნდა წარიმართოს და არა ცემა-ტყეპით, სიძულვილის ენის გამოყენებით.
კითხვაზე - „ვინაიდან, განცხადება სანქციებს არ შეიცავს, მას რა ქმედითი ბერკეტი ექნება?“, დოლიძე პასუხობს, რომ განცხადების ხელმომწერ პარტიებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
„როცა პარტიები დოკუმენტს ხელს აწერენ, მათ მის შესრულებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. აქედან გადახვევა მიუღებელი იქნება. დარღვევების შემთხვევაში, დოკუმენტი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მათთან ერთად არ ვითანამშრომლოთ. მათ შორის, საგარეო ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ“, - დასძენს დოლიძე.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, დოკუმენტი არაფერს დააშავებს, თუკი საქმეს არ წაადგება და კარგია, რომ საარჩევნო პროცესის საწყისს ეტაპზე, პარლამენტშიც წარმოდგენილი წამყვანი პოლიტიკური სუბიექტები ქცევის წესებზე თანხმდებიან.
„დოკუმენტს ფრაქციების ხელმძღვანელები გავეცანით, რომელიც ნორმალურ ტექსტია“, - დასძინა ბერძენიშვილმა.
დოკუმენტის მნიშვნელობაზე აპელირებს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც პოლიტიკური საზოგადოება იკრიბება, რაღაც წესებზე თანხმდება და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის მორალური განცდა არსებობს.
„ეს განცდა მხოლოდ არჩევნების დამახასიათებელი არ არის და სხვა თემებზეცაა დამოკიდებული, რომ ქვეყანა პოზიტიურად იყოს წარმოჩენილი“, - აცხადებს ვოლსკი.
ზემოთ აღნიშნული პარტიებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას აკრიტიკებს და კორცხელის ინციდენტის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
for.ge-სთან საუბარში ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამომრჩევლისთვის თვალებში ნაცრის შეყრა ხდება, ვინაიდან
სანამ, კორცხელის ინციდენტის რეალური დამნაშავეები დასჯილი არ იქნებიან, მანამდე წესებზე საუბარი ზედმეტია.
„ეს ყველაფერი თვალებში ნაცრის შეყრას უკავშირდება და მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ის პირი დაისაჯოს, ვინც კორცხელის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო. წესების განსაზღვრაზე შემდეგ უნდა ვისაუბროთ. მთავრობა გვაჩვენებს, რომ უკან დახევას არ აპირებს. მათი არაფორმალური მმართველი გამომდგარია და არჩევნების წაგების შიში რომ არა, ივანიშვილი აქამდე სად იყო?“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
კანონმდებელი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია, საგარეო ვალი გაზრდილია და ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული.
„მას ჟურნალისტები და ბიზნესგარემო, აქამდე რატომ არ ახსოვდა? რა ბიზნესგარემოზე ვლაპარაკობთ, როცა ეკონომიკა შემცირებულია? ქართული ეკონომიკა 2 მლრდ ლარით ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს იყო. ივანიშვილმა თქვა, მედია რომ არა, ხალხი კარგად ცხოვრობსო. ამის ვისაც სჯერა, ხმა „ოცნებას“ მისცეს, ხოლო ვინც საპირისპიროს ხედავს, მან ხმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციას მისცეს“, - დასძინა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ვიქტორ დოლიძის მიერ მომზადებულ ეთიკის წესებს, დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იქნეს დადგენილი თამაშის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთ უმთავრესს კომპონენტს.
განცხადების თანახმად, სახელმწიფომ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თავისი ექსკლუზიური ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველყოს.
„მოცემული განცხადების დებულებების შესრულება და განხორციელება პოლიტიკური პარტიების ლიდერების, წევრებისა და აქტივისტების ვალდებულებაა, რათა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და მის შემდეგომ პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი და დემოკრატიული გარემო“, - აღნიშნულია დოკუმენტში.