„ივანიშვილის მთავარი პრობლემა უსუფაშვილია“

„ივანიშვილის მთავარი პრობლემა უსუფაშვილია“

„რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნო მარათონში ჩართვას 2 კვირაში აპირებს, თუმცა, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობაზე მანამდე იქნებიან, სანამ პარტია, ან პრემიერი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რესპუბლიკელი მინისტრები წასვლას არ ჩქარობენ, მაგრამ მათი შემცვლელები შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრს.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ნატოს ვარშავის სამიტამდე თავდაცვის მინისტრის შეცვლა პოლიტიკურად დამაზიანებელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რაც ასევე არასწორად იქნება აღქმული დასავლეთში. მისივე თქმით, ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზეც პასუხისმგებელი უნდა იყოს თინა ხიდაშელი, რომელიც ამ მიმართულებით მოლოდინებსა და იმედებს ქმნიდა.

გასაგებია, რომ სამიტამდე პოლიტიკურად არასწორი იქნება თავდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს სამიტის შემდეგ? ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თანამდებობაზე მანამდე იქნებიან, სანამ პარტია, ან პრემიერი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს...

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, რომ სამიტის შემდეგ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ეს ცვლილება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ისევ შეეცადოს უკანა კარიდან შესვლას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ ჰყავთ ელექტორატი და საერთოდ გაუგებარია ვინ უნდა მისცეს ხმა „რესპუბლიკურ პარტიას“ და რატომ უნდა მისცეს. კონკურენცია ძალიან მაღალია, შესაბამისად „რესპუბლიკურ პარტიას“ გაუჭირდება. სხვა ფლანგზე ისინი ალბათ, არ გადაინაცვლებენ. შესაბამისად, რაც უფრო დრო გადის, მათი ისედაც რთული ვითარება, კიდევ უფრო მძიმდება. მათ აქვთ გარკვეული ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაცნაირად მოაქცევს საკუთარი ფრთის ქვეშ.

არსებობს შესაძლებლობა, რომ რესპუბლიკელები მოექცნენ ივანიშვილის ფრთის ქვეშ?

- გამომდინარე იქიდან, რომ ელექტორატთან მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ, ისევ ცდილობენ პოლიტიკაში უკანა კარიდან შემოსვლას, რასაც ამ ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ახორციელებდნენ. ბიძინა ივანიშვილს ამოფარებულებმა საერთოდ დაკარგეს ხალხთან კომუნიკაცია და სახელისუფლებო ტორტის ნაწილიდან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდნენ. ბოლო გამწვავება რას მოჰყვა? - რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მათ კიდევ უფრო მეტი მოინდომეს, ვიდრე ჰქონდათ. მათ ამბიციებს საზღვარი აღარ უჩანდა, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა მათ ლეგიტიმაციას. უკანა კარიდან კარგად ისწავლეს შესვლა.

ამ შემთხვევაში შეძლებენ უკანა კარიდან შესვლას? ბერძენიშვილის ეს განცხადება, რომ პრემიერის გადაწყვეტილებას დაელოდებიან, უკანა კარიდან შესვლის მცდელობაა?

- ეს ერთგვარი ეშმაკობაა. ლევან ბერძენიშვილი მუდმივად იმას ლაპარაკობს, რომ ძალიან წესიერი და გულწრფელი ადამიანია, მაგრამ მშვენივრად იცის, რომ კვირიკაშვილი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი არის თამაშები, მან ეს იცის, მაგრამ ეს ადამიანები მიეჩვივნენ ამ ენაზე ლაპარაკს და ამიტომ დიდი პატიოსნებაზე დებენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტალური ღირებულებითი თვალსაზრისით „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაცხადებული ღირებულებები ჩემთვის მისაღებია, ჩემს გაღიზიანებას იწვევს ის, რომ სხვებზე უკეთესები უნდა ყოფილიყვნენ და ამ დროს ერთ დიდი ფარსად აქციეს მთელი თავისი მოღვაწეობა.

ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა იმ ღირებულებებზე თქვეს უარი, რასაც ათეული წლების განმავლობაში ქადაგებდნენ. ყველა გარიგებაზე და კომპრომისზე წავიდნენ, იმ ფუნდამენტური პრინციპების საზინაოდ, რითაც ისინი ცდილობდნენ ეტივტივათ პოლიტიკაში. შესაბამისად, ახლა არის სიტუაცია, როდესაც ისინი აღარც ცისები არიან და აღარც მიწისები. მიწაზე ფეხს ვერ დგამენ, იმიტომ, რომ არავისთვის ისინი მისაღები არ არიან - საკუთარი ელექტორატი არ ჰყავთ და რაც მთავარია, არც ერთი პარტია მათთან საქმეს არ დაიჭერს.

თუმცა, ჩანს, რომ დასაყრდენს ეძებენ პრეზიდენტის ჯგუფთან, ასევე საუბარიათავისუფალ დემოკრატებთან“. გამორიცხავთ წინასაარჩევნო ალიანსს?

- აბსოლუტურად გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ისინი არავის არ სჭირდება.

რატომ? „თავიუსფალ დემოკრატებს“, ისევე როგორც რესპუბლიკელებს საერთო ღირებულებები აქვთ, რასაც ჰქვია პროდასავლურობა და სწორედ საგარეო ორიენტაცია იქნება ამ არჩევნებში განმსაზღვრელი ფაქტორი...

- გასაგებია, მაგრამ რა მოტივით უნდა იყვნენ დაინტერესებული ამ ალიანსით „თავისუფალი დემოკრატები“? ისინი დღემდე ხელისუფლებაში არიან და არ პოზიცირდებიან როგორც ოპოზიციური პარტია, რაც ერთ-ერთი დამაზიანებელი იქნება, მეორე - „რესპუბლიკურ პარტიას“ არ ჰყავს თავისი ელექტორატი, რომ ამ მხრივ იყოს საინტერესო. პირიქით, მათთან გაერთიანებით შეიძლება ელექტორატი დაკარგოს „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ასე რომ, ეს ალიანსი შედეგს არ იძლევა.

როგორ ხსნით რესპუბლიკელების დაბალ რეიტინგს, რატომ ვერ შეძლეს მათ ელექტორატის მოზიდვა, თუნდაც იგივე პროდასავლური ჯგუფის?

- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ამომრჩეველი ძალიან კარგად გრძნობს ხელოვნურ და ყალბ გზავნილებს. როგორც ბოლო 4-მა წელმა აჩვენა, მოსმენების თემა, მოწმის დაკითხვა, საარჩევნო ცვლილება და ა.შ. ამ ყველაფერზე თქვეს უარი. პოლიტიკაში არსებობის ორი გზა - ერთი, ეს არის ელექტორატზე გასვლა და ხმების მოპოვება, ან არის მეორე გზა - ფასეულობებისადმი ერთგულება. ამ კომპრომისებით მათ ფასეულობებზეც უარი თქვეს. შესაბამისად, თუ არც ფასეულობები გაქვს მყარი, არც ელექტორალური მხარადჭერა, მაშინ სად არის შენი ადგილი პოლიტიკაში? აბსოლუტურად გაუგებარია სად არის მათი ამომრჩეველი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღესაც იმედი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაცაზე შეუთანხმდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელები დღესაც რაღაცას ანგარიშობენ.

ჩემი ინფორმაციით რესპუბლიკელებს ჰქონდათ ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა, მაგრამ ეს კომუნიკაცია ვერ შედგა...

- ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი პრობლემა აქვს „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებით და ამ პრობლემას ქვია დავით უსუფაშვილი. ანუ, ერთადერთი ადამიანი ვისი თამაშგარეთ დარჩენა, თუნდაც დროებით, მაგრამ დასანანია. უსუფაშვილი სახელმწიფოებრივი აზროვნებით, ინტელექტუალური მონაცემებით და წესიერებით გამორჩეულია ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. ამ ერთი პიროვნების დაკარგვა ძალიან ცუდი იქნება პოლიტიკისთვის. დანარჩენს ღირებულს ვერაფერს ვერ ვხედავ ამ პარტიაში.

თუმცა, ინტელექტუალები არიან...

- მათ ინტელექტუალობაშიც ფსევდო ინტელექტუალიზმია. იმიტომ, რომ ინტელექტი, რომელიც მყარი და პრინციპებით არ არის გამყარებული, ასეთ ინტელექტს ფასი არ აქვს. ინტელექტი, რომელიც არითმეტიკულ ანგარიშში და დაუმსახურებლად რაღაცის მიღების გადაულახავ წყურვილში გადადის, ფასი ეკარგება. ასე რომ, ივანიშვილის პრობლემა არის დავით უსუფაშვილი და ფიქრობს, რომ სერიოზული დანაკარგი იქნება ხელისუფლებისთვის, იგივე საპარლამენტო ინსტიტუტისთვის.

დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას? ბოლო მონაცემებით დიდუბის ოფისის 50-მდე წევრმა დატოვა პარტია...

- პრაქტიკულად გამოვრიცხავ. რა მიზეზით უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა „რესპუბლიკურ პარტიას“? - ფასეულობის გამო, რომელსაც უღალატეს? - არა, ხალხთან კომუნიკაციის გამო? - არა, პროდასავლურობის გამო? - არა. ვერ ვხედავ ამომრჩევლის იმ სეგმენტს, რომელმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ რაღაცით ჯობია სხვა პარტიას.