საქართველო ვიზალიბერალიზაციის დაწესების მოლოდინშია, ევროპელები კი, ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას არ ჩქარობენ. ქართულმა მხარემ დაკისებული ვალდებულებები შეასრულა, ევროპული ქვეყნები კი, ე.წ. შეჩერებითი მექანიზმის გადახედვაზე მსჯელობენ.
თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ევროპისგან, ამის თაობაზე for.ge ფრაქცია - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის ესაუბრა:
20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე იმსჯელებენ. შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად, ახლა რა მოლოდინი გაქვთ?
- პირველ რიგში, ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, ამ პროცესის გაჭიანურება დაკავშირებულია თუ არა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებთან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ - არა. ამის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაშ, პრობლემა რაში მდგომარეობს? - უპირველესად, ოპონენტების - ნაციონალების ბრალდებებს ვუპასუხებ. ბრალდებაა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა არასაკმარისად იმუშავა, რაც რეალობასთან შეუსაბამოა.
ერთი მხრივ, ოპონენტები ამბობენ, რომ ელჩებმა შესაბამის ქვეყნებში პოზიტივები ვერ მიიტანეს, რაც ქვეყანაში არსებობს, მეორე მხრივ კი იმას ამბობენ, რომ ქვეყანაში არანაირი პოზიტივი არ არსებობს. ეს ბრალდებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. რეალურად, ელჩებმა ინფორმაციები შესაბამის ადგილებზე მიიტანეს და ეს მათაც რომ არ გაეკეთებინათ, ევროკავშირის ქვეყნებში, პოლიტიკურ ხელმძღვანელებში ცნობილია, რომ საქართველომ ყველა ის მოთხოვნა შეასრულა, რომელიც ქვეყანას საკუთარ თავზე აღებული ჰქონდა. მათ შორის, მიღებულია 60 კანონი, 80 კანონქვემდებარე აქტი, ცხრა კონვენციას მივუერთდით და რვა სტრატეგიული გეგმა იქნა ჩამოყალიბებული, რომელსაც ხანგძლივი და წარმატებული შრომა დასჭირდა.
ოპონენტების მიერ მეორე ბრალდება გაჟღერდა, რომ თურმე, ქართულმა მხარემ ამ საკითხებზე მუშაობა გვიან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ვიზადიალოგი 2008 წელს დაიწყო, რაც იმის ნიშანია, რომ გარემოებათა გამო, 2008 წელს დაწყებული საკითხი ჯერ კიდევ წინ იმდენად წაწეული არ არის, რომ ეს საკითხი ჩვენზე ადრე გადაეწყვიტათ. მოლდოვამ ეს პროცესი 2010 წელს დაიწყო, ხოლო საქართველომ 2012 წელს. ამ საკითხზე შესაბამის სტრუქტურებთან საუბარი 2013 წლის თებერვალში დაიწყო, რადგან ამ პერიოდში, მიგრაციის თემა სტაბილიზაციას მოითხოვდა. საჭირო იყო ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ქვეყანაში შრომის კანონმდებლობა არანაირ სტანდარტს არ პასუხობდა, სადაც პოზიტივისკენ მნიშვნელოვანი რევერსი იყო საჭირო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, კორუფციასთან ბრძოლის მეთოდოლოგია გადაჭარბებულ ძალაზე იყო დამყარებული. მაშინ, კრიმინალთან ბრძოლის მეთოდოლოგია ევროპული სტანდარტისგან შორს იყო.
ყველაზე მთავარია ის, რომ საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვის სფერო ევროპული სტანდარტისგან საერთოდ მოწყვეტილი იყო. ამ სფეროში შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, 81 ადამიანი გასამართლებულია და ბევრი მათგანი მიმალვაში იმყოფება, მათ შორის - ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. ახალ ხელისუფლებას დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია, რომ მდგომარეობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა და შემდეგ, წინ ინტენსიურად წასულიყო.
ვიზალიბერალიზაციის პროცესს ინტენსივობა არ აკლდა და ამას ყველა აღიარებს. რაც შეეხება იმას, დრო თუ რატომ ჭიანურდება, იცით, რომ უმართავი მიგრაციული პროცესი დაიწყო და ამ პრობლემის წყაროდ ევროკავშირის ქვეყნები ჩამოყალიბდნენ. მათ შორის, ბალკანეთის ქვეყნები. მასშტაბური პრობლემები შეიქმნა, რაც იმის აუცილებლობას ქმნის, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვა მოხდეს.
ის, რომ საქართველომ ვიზალიბარალიზაციით გათვალისწინებული სამუშაო დავალება შეასრულა, ამაზე ევროკომისია და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც საუბრობენ, თუმცა, სკეპტიკოსი ქვეყნები უვიზო მიმოსვლის პროცესის შეჩერების მიზეზად ქართველ კრიმინალებს ასახელებენ. გერმანია-საფრანგეთი-იტალია მიზეზებს ხომ არ ეძებენ იმისათვის, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა არ მისცენ? ამ პროცესის შეფერხების რეალური მიზეზი ქართველი კრიმინალები არიან?
- გერმანიაში ასეთი პოლიტიკური შეხედულება არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გერმანიაში იმყოფებოდა, ჩამოვიდა და მან მოასწრო, რომ პრობლემები განეხილა. თუკი კრიმინალი არსებობს და ეს გერმანიაში მყოფ ქართველებს ეხება, ალბანელებს თუ სხვა ერებს, ეს თავად გერმანიის პოლიციის თემაა და ისინი ამას თავს საკმაოდ კარგად ართმევენ. მათ საქართველოს საზოგადოებისადმი არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ქართველი კრიმინალები არიან, მაგრამ ევროპაში უცხოელების მიერ ჩადენილი კრიმინალის მონაცემებიდან ქართველების მიერ ჩადენილი - 0, 8 პროცენტია. ეს მათ პოზიციას არ განსაზღვრავს. ევროპაში არსებული ვითარება ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვას მოითხოვს. ერთ პაკეტში არიან - საქართველო, უკრაინა, თურქეთი და კოსოვო. „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოვისმინე, რომ როდესაც სანქციებზეა საუბარი, უკრაინას უნდა „მივებათ“, მაგრამ როცა საუბარია, ვიზალიბერალიზაციაზე უკრაინას პრობლემებს უნდა გავცდეთ და უნდა მოვითხოვოთ, რომ საქართველოს თემა ცალკე იყოს განხილული. ჩვენი გადმოსახედიდან ეს პოზიტიურია და მათ ამაში ვეთანხმები, მაგრამ რეალურად, ეს იმ ქვეყნებისთვის არ არის არგუმენტი, რომლებიც უკრაინა-ევროპის დაახლოებაზე პასუხისმგებლობას იღებენ. უკრაინაში რეალურად პრობლემები არსებობს, ისევე როგორც თურქეთთან მიმართებაში. იცით, რომ გერმანიამ სომხების გენოციდი აღიარა. რაც შეეხება კოსოვოს, ევროპულ ქვეყნებს მისი აღიარების პოლიტიკური სტატუსის თვალსაზრისით კითხვები გააჩნიათ.
პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გაფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში თუკი, საქართველო უვიზო მიმოსვლას მიიღებს, ხოლო უკრაინა არა, მას ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა შეექმნება. ხომ არ ხდება ისე, რომ საქართველო უკრაინის გამო იჩაგრება?
- რასაკვირველია, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენ გავღიზიანდეთ და უკრაინაზე გავბრაზდეთ. ეს რეალობა და მოცემულობაა, რომელიც დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და ამ თემას მხოლოდ საკუთარი სამრეკლოდან ვერ გადაწყვიტავ მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა შესრულებულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე შიდა ვითარებას არანაირი გავლენა არ აქვს. აქვე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის განცხადებას მოვიშველიებ, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი „რუსთავი 2“ არ უნდა იყოს და ეს თემა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ის, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს, ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. ვიცით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანებისთვის ქონების წართმევა და „ახევა“ ჩვეულებრივი ამბავი იყო და არავის უკვირს, „რუსთავი 2“-თან მიმართებაში რაც ხდება. თუ ხალვაში მართალი იქნება, ამას დასაბუთება სჭირდება ისევე, როგორც ძმები ყარამანაშვილების სიმართლეს. სასამართლო ამაზე მსჯელობს და არა იმაზე, ნიკა გვარამია რას ამბობს, ან „ქართული ოცნება“. ჩვენ შეიძლება, ბევრ თემასთან დაკავშირებით ერთმანეთს ბრალდებები წავუყენოთ, მაგრამ ეს სასამართლოსთვის სახელმძღვანელო არ არის.
თქვენი პროგნოზი როგორია, დაპირებისამებრ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ამ ზაფხულზე მოხდება, თუ არჩევნების შემდეგ?
- საერთო ვითარებიდან გამომდინარე, ევროპა ცდილობს, რომ პრობლემები თავად არ შეექმნას და ეს საქართველოს თუ არ ეხება, იმას არ ნიშნავს, რომ მიგრაციის პრობლემა არ არსებობს. საერთო პაკეტიდან საქართველოს გამოყოფა იმ აუცილებლობას არ ცვლის, რომ ევროპამ ე.წ. შეჩერებითი მექანიზმი კიდევ უფრო დახვეწოს. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში ევროსკეპტიკოსთა სეგმენტი ძლიერდება და ეს იმ პარტიების წარმატებას განაპირობებს, რომელიც რადიკალურ, ნაციონალურ პოზიციებზე დგანან. გამორიცხული არ არის, რომ ევროპულმა წამყვანმა ქვეყნებმა ნაციონალური პარტიების პრესინგის გაძლიერებაზე იფიქრონ, სანამ საზოგადოებაში მიგრანტების რაოდენობის ზრდაზე კითხვები რჩება.
იმ შემთხვევაში თუკი, საქართველო უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს, ხელისუფლება ამას ამომრჩეველს როგორ აუხსნის? თქვენი ოპონენტები, მათ შორის, შალვა ნათელაშვილიც აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციას პრობლემა თქვენს გამო ექმნება. რამდენად შეძლებთ იმის დასაბუთებას, რომ ამ პროცესის გაჭიანურება არა ხელისუფლების, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ბრალია?
- ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები და სიმწვავე უფრო მაღალია, ვიდრე ამ თემის განცდა თავად საზოგადოებაში. ხალხს სხვა ბევრი მოთხოვნა აქვს, რაც ითვალისწინებს თუნდაც იმას, რომ მათი ცხოვრების დონე იქამდე ამაღლდეს, რომ ევროპაში მოგზაურობას და ვიზალიბერალიზაციას აზრი მიეცეს. ეს მთავარი ამოცანაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხი ის მაშტაბური პროექტებია, რომელიც ხორციელდება.
თუმცა, საზოგადოებაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დიდი მოლოდინია...
- დიახ, მოლოდინი დიდია, მაგრამ ამ თემაზე სპეკულაციების გაჟღერება გაცილებით დიდია. რაც შეეხება მოლოდინს, ეს იმაში გამოიხატება, საქართველო თავისი სტანდარტებით ევროპასთან რამდენად ახლოს არის. ეს ასოცირების და ვაჭრობის ხელშეკრულებაში უკვე გამოიხატა. იმ ქვეყნების რაოდენობა იზრდება, სადაც ჩვენი ღვინო და მინერალური წყლები გადის. ამ თვალსაზრისით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, უშველებელ შედეგებს მივაღწიეთ. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რადგან ვიზალიბერალიზაცია უნდა შეეხოს არა მხოლოდ იმ ფენას, რომელიც ფინანსურად ძლიერია, არამედ იმ საზოგადოებას, რომელიც ფიზიკურ არსებობაზე ზრუნავს. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი სერვისების რაოდენობა დიდია, მაგრამ რადიკალურად შესაცვლელია ვითარება, რასაც საომარმა მოქმედებებმა დარტყმა მიაყენა. ჩვენ ამ ზიანისგან გამოსვლის პროცესზე ვფიქრობთ. ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რადგან ამ თემას შალვა ნათელაშვილი თუ სხვა ავანტიურისტები სათავისოდ იყენებენ.
გახსოვთ, სააკაშვილი სინგაპურიზაციაზე რომ საუბრობდა? პირველი კითხვები სწორედ ევროპას გაუჩნდა - საით მივდიოდით?! ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი უვიზო მომისვლაზე ზრუნვას იმიტომ არ ჩქარობდა, რომ წესრიგის დამყარება ძალისმიერი მეთოდებით სურდა, როგორც ეს სინგაპურშია. ეს აზრები უტოპიური გამოდგა, რადგან სინგაპურიდან ევროპამდე საკმაოდ შორი გზაა და ამის თქმით შეურაცხყოფას სინგაპურს არ ვაყენებ, რომელსაც საკუთარი ცხოვრების წესი აქვს. თუკი შალვა ნათელაშვილი მემარცხენეობას იჩემებს, ის შრომის დაცვაზე უნდა ზრუნავდეს, თუმცა, მისგან საქმიანი წინადადებები არ მახსოვს. მემარცხენე გუდნმა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა სწორ რელსებზე დააყენა.
რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, გერმანიას-საფრანგეთი-იტალია მოსკოვთან ურთიერთობებს მეტ-ნაკლებად წარმართავენ. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის პროცესში იკვეთება თუ არა კრემლის კვალი?
- ევროპული ქვეყნები ყოველთვის ევროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობენ და ევროპასა და რუსეთს შორის იმაზე დიდი ნეგატივი არ არსებობს, რაც ეკონომიკურ სანქციებს გადააჭარბებდა, რომელიც მოსკოვის მიმართ არის დაწესებული. დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს, მაგრამ იმ სეგმენტში და ფორმატში, რომელიც ევროპას თავად აწყობს. ამ შემთხვევაში, ევროპა რუსეთს დღის წესრიგს თავად კარნახობს. არის თუ არა რუსეთის პოზიციები გათვალისწინებული? - ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება, რომ რუსეთის ფაქტორი არ განვიხილოთ და ზედმეტი ინტრიგა არ შემოვიტანოთ.