საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მოქმედებით, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. თუმცა, ცნობილია, რომ პრეზიდენტის მიერ მერაბიშვილის შეწყალება არ იგეგმება.
ამდენად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმე და სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდეს.
ვინაიდან, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, ქვეყნის პირველი პირის შეფასებას წინ მარგველაშვილისა და გიგა ბოკერიას დახურული შეხვედრა უსწრებდა, უმრავლესობაში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტის განცხადების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები იკვეთება.
ქვეყნის პირველი პირი თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, მისგან ამის დაკონკრეტებას უმრავლესობა ითხოვს. როგორც for.ge-ს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ განუცხადა, სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებების შეფასება დღითიდღე რთულდება, რომ არაფერი ითქვას, ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
„ეს არჩევნების წინ, პირველმა პოლიტიკოსმა თქვა, რაც არ მგონია, ადეკვატური იყოს. ვანო მერაბიშვილის საკითხზე გაკეთებულ კომენტარის დაკონკრეტებას ვისურვებდი, ვინაიდან პრეზიდენტმა საკუთარი განცხადებით სახელმწიფო მოხელე დამნაშავედ ცნო, რისი უფლებაც მას არ აქვს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას. სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული განცხადება გაკეთდა, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებს.
არ მგონია, ქვეყნის ევროპული კურსი ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნა-არყოფნაზე გადიოდეს. ალბათ, ნაციონალები ახალ ინტერპრეტაციებს შემოგვთავაზებენ. პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ ვინც უნდა, ის შეიწყალოს, მაგრამ მას პასუხისმგებლობა დაეკისრება. გამოდის, რომ თურმე, უჩვეულო არაფერი არ არის, მაგრამ პრეზიდენტი ბოკერიას მერამდენედ ხვდება, არ ვიცით. პრეზიდენტი ბუკიას არასოდეს შეხვედრია, როცა ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით. არ ვამბობ, რომ ამის განსაკუთრებული სურვილი მაქვს, მაგრამ სამუშაო რეჟიმში პოზიციის გაცნობის მცდელობა არ ყოფილა. როგორც ჩანს, პრეზიდენტს სამუშაო ვითარება ბოკერიასთან უფრო კომფორტულად აქვს აწყობილი, ვიდრე სხვასთან“, - აცხადებს ბუკია.
ბუკიას მსგავსად, პრეზიდენტის განცხადებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანიც ეხმაურება და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ის გიგა ბოკერიას შეხვდა.
„ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის მხრიდან უფრო მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო იმ ნაწილში, თუ რას გულისხმობს იმაში, რომ სასამართლო სისტემაში მოხდა დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება და მოსამართლის პასუხისმგებლობის დაყენება უნდა მოხდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსამართლე დამოუკიდებელია და ის მხოლოდ კანონს ემორჩილება. თუკი მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი არსებობს და ასევე გარკვეული გადაცდომების შემთხვევაში, მოსამართლის მიმართ შესაძლებელია დისციპლური სამართალწარმოება. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სასამართლოს მიმართ ასეთი განცხადება ცოტა გადაჭარბებულია და სასამართლოსთან მიმართებაში მეტი სიფრთხილეა საჭირო“, - აცხადებს კანონმდებელი.
კახიანი ვარაუდობს, რომ ალბათ, პრეზიდენტი განცხადებაში იმასაც გულისხმობდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომ კონკრეტული საკითხის მოკვლევა უნდა მოხდეს.
„მერაბიშვილმა თქვა, რომ თითქოსდა, საკნიდან მისი გაყვანა მოხდა. ამ საკითხზე გამოძიება არ ჩატარებულა და ამ ნაწილში იმის თქმა მიჭირის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. როგორც ჩანს, მოკვლევის შედეგად ისეთი გარემოება არ გამომჟღავნდა, რაც გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა. შესაბამისი მტკიცებულებები არ იყო და მერაბიშვილის განცხადება მიჩნეული იქნა, როგორც სპეკულაცია. შესაბამისმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ გამოძიების დაწყება აუცილებელი არ იყო, თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება ჩატარებულიყო. უმჯობესი იქნებოდა, თუკი გამოძიება ჩატარდებოდა. გაჟღერდა, რომ გამოძიება ჩატარდება და ვნახოთ, რა ფაქტები დაიდება“, - დასძენს კახიანი.
თანაგუნდელების მსგავსად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ცოტა გადაჭარბებული შეფასებები გაკეთდა. for.ge-სთან საუბარში ბესელია ამბობს, რომ სამწუხაროდ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს. კანონმდებელის მტკიცებით, როგორც წესი, გამოძიების გარეშე არავის დასჯა არ ხდება და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს.
„თუკი რაიმე სახის საპროცედურო დარღვევა მოხდა, ჯერ ამ საკითხზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება და დადგინდეს. ვინმეს პოლიტიკური დავალება რომ მივცეთ, ესა თუ ის პირი სამაგალითოდ დასაჯეთ-თქო, ბუნებრივია, ეს ევროსასამართლოს სტანდარტი არ არის. ჩვეულებრივი პროცესია, როცა მხარე ითხოვდა, რომ სასამართლოს პოლიტიკური მოტივი დაედასტურებინა და მათი მთელი სარჩელი ამაზე იყო აგებული. სასამართლომ თქვა, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არის და პატიმრობა სწორად გამოყენებული იყო. წინასაწარი პატიმრობა დასრულებულია, მას მისჯილი აქვს და ის უკვე პატიმრობაშია“, - აღნიშნავს ბესელია.
დეპუტატი აცხადებს, რომ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლომ კომპენსაცია და დამატებით გამოძიება დაადგინა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეებს უნდა ვუთხრათ, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას უფრო მაღალი დასაბუთება ჰქონდეს. კანონი შევცვალეთ და ორ თვეში პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს. სხვა პროცედურულ საკითხებზე საჭიროა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ყურადღებით იმუშაონ, რათა რაიმე პროცედურული დარღვევები არ დაუშვან“, - დასძენს ბესელია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას იზიარებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურების არაკვალიფიციურობას უკავშირებს.
„ის რომ ქვეყანას კიდევ რამდენიმე ათასი ევროს გადახდა მოუწია ვანო მერაბიშვილის ე.წ პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით არის სწორედ იმის ბრალი, რომ შესაბამისი სტრუქტურების მიერ არაკვალიფიციურად იქნა საქმიანობა წარმართული. ამიტომ პრეზიდენტის განცხადებას ნაწილობრივ შესაძლებელია დავეთანხმოთ კიდეც“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
პრეზიდენტის მსგავსად, იმ პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს „ეროვნული ფორუმის“ წარმომდგენელი ანი მიროტაძე, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს, რომ ვანო მერაბიშვილის კანონიერი უფლებები ყოფილიყო დაცული.
„ვეთანხმები გიორგი მარგველაშვილს. უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი ვინც დანაშაული ჩაიდინა, ეს პოლიტიკური პირია, სასამართლო სისტემის წარმომადგენელია თუ პროკურატურის“, - აცხადებს ანი მიროტაძე.
განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია. უმრავლესობა პატივს სცემეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი წევრები აცხადებენ, რომ განაჩენი აღსრულდება ისე, როგორც ეს არის მითითებული და არა ისე როგორც ამას კითხულობს „ნაციონალური მოძრაობა“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის კომენტარი ნაწილობრივ, გიგა ბოკერიასთან შეხვედრით იყო განპირობებული.
„სასურველია, პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან ასეთი ძუნწი კომენტარები კი არ მოვისმინოთ, მტკივნეულ საკითხებზე ცოტა უფრო ფართო განმარტებები გაკეთდეს, თუ ასეთი განმარტებების სურვილი საერთოდ არსებობს. ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საზოგადოების ფართო სპექტრის მიერ სერიოზული განმარტებები გაკეთდა და პრაქტიკულად, კითხვას აღარავინ აღარ სვამს, მართლა მსჯელობდა თუ არა სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მერაბიშვილის სტატუსზე. ეს საკითხი მოხსნილია და თუ ვინმე ამ საკითხის პედალირებას ხელმეორედ შეეცდება, ვფიქრობ, სერიოზულად არავინ მოუსმენს“, - ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ შინაარსობრივად თეა წულუკიანისა და გიორგი მარგველაშვილის განცხადება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ინტონაციაა სხვა და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის განცხადებაში უფრო მენტორული ტონი იგრძნობა, რადგან პრეზიდენტმა დასჯაზე გააკეთა აქცენტი, რამაც გამოიწვია ეს რეაქცია.
„ალბათ, საერთოდ სასურველია, რომ პრეზიდენტის მხრიდან შეირჩეს ინტონაცია. გასაგებია, რომ ცდილობს თანაბარ დისტანციას ყველა პოლიტიკური ძალისგან, მაგრამ სასურველია, რომ ინტონაციაშიც მოახერხოს დისტანცირება. პრეზიდენტი, რომ უფრო მეტი ძალა-უფლების მქონე იყოს, ალბათ, მეტი სირთულე გაჩნდებოდა მისი სიტყვისა თუ ინტონაციის შედეგად, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტის ძალუფლება ფაქტიურად ვეტოს უფლებას გულისხმობს და ვეტოც, როგორც წესი, მმართველი გუნდის ინიციატივებს ეხება, ამდენად, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ოპოზიაციაში უდგას მმართველ გუნდს. ნეიტრალობის მომხრე პრეზიდენტმა ვერც კი შეამჩნია როგორ გადაადგილდა უკვე არანეიტარლურ მხარეს“, - აცხადებს რამაზ საყვრელიძე.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ისეთივე დამოკიდებულება აქვს ხელისუფლების მიმართ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც კმაყოფილი არიან თუკი ხელისუფლებას გააკრიტიკებენ.
„სამწუხაროდ, იგივე დამოკიდებულებაა, ცოტა ინფანტილური ისეთი პირისთვის, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალაზე მაღლა უნდა იდგეს. ამიტომაა, რომ უმრავლეს ქვეყნებში ამ ტიპის თანამდებობაზე ირჩევენ ასაკობრივ ადამიანს, რომელსაც ყველა პოლიტიკური ქარტეხილები აქვს გამოვლილი და არ აქვს იმის აზარტი, რომ ვინმეს აჯაბოს.
ასეთი ემოციები, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის რანგი ჰქვია, ხელის შემშელია. მაგრველაშვილი უფრო ემოციურია პოლიტიკური საკითხების მიმართაც, ვიდრე ამ რანგს შეეფერება. ვეთანხმები ივანიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციის როლში არის“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან მერაბიშვილის შესაძლო შეწყალებას, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მარგველაშვილი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან ნაციონალების ცოდვების ისეთი სიმბოლოს შეწყალება, როგორიც მერაბიშვილია, საკუთარ ბიოგრაფიაზე და პიროვნებაზე უარის თქმა იქნება.
„გამომდინარე იქიდან, რომ მარგველაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაშინ, როდესაც ეს საკმაოდ სახიფათო იყო, პროტესტი გამოაცხადა ნაციონალების ძალადობრივ საქციელეზე, შემდეგ მას ჯიპას ლექტორობის დათმობაც მოუწია. ნაციონალების გადამკიდემ სამკამოდ ჩახლართულ გზაზე გაიარა და უკან არ დაიხია. არ შეეგუა ნაციონალების ზეწოლას და თავისი პირადი პოზიციები არ დათმო. არა მგონია ასეთმა მარგველაშვილმა ნაციონალების ცოდვების ისეთი სიმბოლო, როგორიც მერაბიშვილია შეიწყალოს, ეს ხომ მისთვის საკუთარ ბიოგრაფიაზე და პიროვნებაზე უარის თქმა იქნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.