პოლიციელებს კენჭიყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ექნებათ

პოლიციელებს კენჭიყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ექნებათ

მთავრობის ინიციატივით მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, საარჩევო კომისიის თავმჯდომარის თანხმობისა და მოთხოვნის გარეშე, პოლიციელებს კენჭიყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ექნებათ. პროექტის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, მიზანია არჩევნების დღეს ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. როგორც ეკა ბესელია აცხადებს, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილება ხელს შეუწყოს ადგილზე წესრიგის დაცვას, რომ არ განმეორდეს კორცხელში მომხდარი ინციდენტი.

„ჩანაწერი ერთადერთ მიზანს ემსახურება - საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნეს წესრიგი და სამართალდამცავები იყვნენ ადგილზე. კანონის გამკაცრება ერთ-ერთი და არა ერთადერთი პრევენციაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო და ბუნებრივია, რომ კეთილშობილური მიზანი აქვს, რომ ყოველგვარი ძალადობრივი გარემოსგან დავაზღვიოთ საარჩევნო პროცესი“, - აცხადებს ეკა ბესელია.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა პოლიციელებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორაზე უზრუნველყონ წესრიგის დაცვა.

„დღეს არსებულ კანონმდებლობაში არის ის მექანიზმები, რომელიც საშუალებას აძლევს პატრულს იმოქმედოს შესაბამისად, მაგრამ კორცხელის ინციდენტის დროს ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია იყო უსუსური მხოლოდ იმიტომ, რომ ზემდგომ ორგანოებს არ ჰქონადთ პოლიტიკური ნება“, - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

საარჩევნო კოდექსის რეგულაციებს მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები“, რადგან თვლიან, რომ კორცხელში მომხდარი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. როგორც პარტიის წვერები აცხადებენ, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული, საჭიროა მეტი პრევენცია.

„როცა კორცხელში ეს ინციდენტი მოხდა, მათ შორის დაზარალებული „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, რომ იქ პოლიცია არ იყო. მე არ ვიცი ეს შემთხვევით მოხდა თუ არა. ასეც შეგვიძლია ვიფიქროთ და ისეც. ამიტომ ასეთი ეჭვები, რომ არ იყოს, არ მოუნდეს არავის და არ ჰქონდეს სურვილი, რომ მუშტებზე იყუროს, ხაზს ვუსვამ, უბნის გარე პერიმეტრზე შეიძლება იყოს პოლიცია“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.

ცვლილებას მხარს არ უჭერს „ეროვნული ფორუმი“ და თვლიან, რომ საარჩევნო უბანზე სამართალდამცავები არ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან ეს ზეგავლენას მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. როგორც ფორუმელები აცხადებენ, საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ადამიანებს პოლიციელის გამოჩენის საკმაოდ ეშინიათ.

„თუ მანამდე პოლიცია დაფარულად ატარებდა არჩევნებს, ახლა ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმის, რომ პოლიციის მონაწილეობით ვატარებთ არჩევნებს“, - აცხადებს ანი მიროტაძე.

იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეს მიეცემა საშუალება, რომ ინციდენტის შემთხვევაში პოლიციელები გამოიძახოს, ამაში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე და თვლის, რომ სწორედ კორცხელის ინციდენტიდან გამომდინარე და მოლოდინებისა, საარჩევნო უბნებზე საკამოდ მძიმე და რთული ვითარება იქნება. მისივე თქმით, საარჩევნო პერიმეტრზე პოლიციის ყოფნას წინა სახელიუსფლების დროს ფსიქოლოგიური დატვირთვა ექნებოდა, მაგრამ დღეს ამას უბრალოდ ვერ ექნება ფსიქოლოგიური დატვირთვა, გარდა იმისა, რომ პოლიცია წესრიგს ნამდვილად უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე - კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ სტაბილურობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შიდა თუ გარე ძალა დაინტერესებულია არჩევნებმა არსტაბილურ ვითარებაში ჩაიაროს და შესაბამისად, ამას ქვეყნის გარეთაც ადეკვატური აღქმები მოჰყვეს. მოგეხსენებათ, რომ ბევრს აწყობს არასტაბილური გარემოს შექმნა. მეორე მხრივ კი, საკითხი დგას ასე - პოლიციელების უბნის პერიმეტრზე ყოფნა, იქნება თუ არა მიუკერძოებელი ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ზეწოლის ფაქტორი უბრალოდ გამორიცხული იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია შეინარჩუნონ სტაბილურობა საარჩევნო უბნებზე მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში. შესაძლოა, კარგი გადაწყვეტილება არ იყოს, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ აუცილებელია ეს ცვლილება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ასე არ ფიქრობს ცეესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, რომლის განცხადებით, ფორმიანი პოლიციელი უბანზე და უბნის პერიმეტრზე, ზეწოლის პირდაპირი ფორმაა.

„2010-2012 წლებში თქვენ ვერ მეტყვით ვერც ერთ შემთხვევას, როცა ფორმიანი პოლიციელები ან იყვნენ უბანზე, ან ახლო-მახლო ტრიალებდნენ. ასეთი ფაქტი უბრალოდ არ არსებობს. ეს არის პირდაპირი ზეწოლა და პირდაპირი ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. არანაირი ფორმიანი ადამიანი უბნის ახლო-მახლოსაც არ უნდა იყოს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეუთოს ყველანაირ სტანდარტს.

პირიქით, 2010-2012 წლებში ჩვენ ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ. ეს ცვლილება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა. თუმცა, არ მიკვირს, დაბალი რეიტინგის ფონზე, როდესაც ხელისუფლებას წარმატების არანაირი იმედი არ აქვს, ყველანაირი ფორმით ეცდება ზეწოლა მოახდიონს ამომრჩეველზე. პოლიტიკაში ორი მომენტია - ამომრჩეველს თავს თუ ვერ შეაყვარებ, მაშინ უნდა დააშინო. ხელიუფლებამ იცის, რომ ამომრჩეველს თავს ვერ მოაწონებს, ამიტომ გადავიდა დაშინებაზე“, - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.