ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონი განლაგდება. ბატალიონების გადასროლა 2017 წლის დასაწყისში იგეგმება. 800-1000 სამხედროსგან შემდგარი ბატალიონები როტაციული პრინციპით იმოქმედებენ.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ნატო დამატებით ზომებსაც მიიღებს. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღიშნული გადაწყვეტილება არის მკაფიო სიგნალი, რადგან თუ ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა განხორციელდება, რეაგირებას მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთობლივად მოახდენს.
როგორც სტოლტენებრგმა აღნიშნა, ნატო-ს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს, თუმცა სახეზეა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მუქარა, რომელიც შეიძლება სამხედრო გამოწვევაში გადაიზარდოს.
შესაბამისად, ალიანსი და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალებს ზრდიან, რამაც შესაძლოა, ვითარება რეალურ კონფრონტაციამდე მიიყვანოს. გარდა ამისა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის დასახმარებლად „დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი“ მიიღეს. სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მიზანია დაეხმაროს უკრაინას უფრო ეფექტური თავდაცვითი სტრუქტურების შექმნაში. უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს ვარშავის სამიტზე დაამტკიცებენ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება ამერიკელების მიერ წამოწეული ინიციატივაა, რომლის მიზანია კიდევ უფრო აამაღლოს ნატოს წევრი სახელმწიფოების ბრძოლისუნარიანობა და გააუმჯობესოს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმები.
„სახეზეა სამხედრო მუქარა აღმოსავლეთ ევროპის წინააღმდეგ, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრისა და აგრესიის საფრთხის წინა დადგეს აღმოსავლეთ ევროპა. არა მგონია, რომ რუსეთმა გაბედოს და განახორციელოს პირდაპირი აგრესია, თუმცა რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არ იქნება მოულოდნელი. ფაქტია ისიც, რომ რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს. საფრთხე რეალურია, მით უმეტეს, რომ პუტინის რეჟიმი ისეთ ვითრებაშია, ასეთი სცენარის განხორცილება სავსებოთ შესაძლებელია, თუნდაც ლოკალურ დონეზე“, -ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება ძალების თანაფარდობას, ექსპეტრი უსაფრთხოების საკითხებში, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ადეკვატური არ არის და ამაზე ძალიან დიდი დისკუსია მიმდინარეობს თვითონ ნატოს წვერ სახელმწიფოებს შორის, რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. მისივე თქმით, მთავარი არგუმნეტი, რომელიც გადაწყვეტილების ავტორებს მოჰყავთ, მდგომარეობს იმაში, იმ რაოდენობის სამხედრობის, რომელიც განლაგებული იქნება ამ ქვეყნებში, ძირითადი მოვალეობა იქნება პრევენცია.
„ნატოელი ჯარისკაცის იქ ყოფნა უკვე არის პრევენციული ღონისძიება იმ თავალსაზრისით, რომ რუსეთმა ბოლომდე გაიაზროს რას ნიშნავს ნატოს წევრი სახელმწიფოს დამუქრება. ამ პრევენციული კუთხით არის მისაღები და არა იმ თვალსაზრისით, რომ ამ რაოდენობის ჯარისკაცებს რეალურად შეუძლიათ შეაჩერონ ნებისმიერი რუსული სამხედრო მანევრები.
5 წლის წინ ეს საფრთხე არ იდგა, მაგრამ გამომდინარე იმ რეალობებიდან, რაც გამოიწვია ე.წ. ჰიბრიდულმა ომმა, მათ შორის უკრაინაში, ასევე სხვა კონფლიქტების დინამიკამ, გამორიცხული არ არის რუსეთის მიერ ავანტიურისტული გეგმების განხორცილება. ასე რომ, ამ სცენარის მკაცრად გამორიცხვა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე არის გაწერილი ყვეალა ის ღონისძიება, რომლის მიზანია რუსეთის შეკავება ნატოს საზღვრებთან, რომ არ ჰქონდეს არავითარი ცდუნება დაემუქროს ნატოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოს მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კორნელი კაკაჩიამ.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ რუსეთის მიმართ შეიცვალა მიდგომა, ცნობილი იქნა როგორც მოწინააღმდე და შესაბამისად, სტრატეგიიდან გამომდინარე, თანმიმდევრული მიდგომების განხორციელება ხდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ 6 ქვეყანაში განთავსდა საკომანდო პუნქტები და შესაბამისად, ახლა ივსება ქვედანაყოფებით, ანუ სამხედრო მოსამსახურეებით. ეს არ გახლავთ ის ძალა, რომელიც აგრესიის შემთვევაში იქნება გადასროლილი. საკომანდო პუნქტების მომზადება ხდება იმისათვის, რომ აგრესიის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ძლები სწრაფად იქნას გადასროლილი და შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწიონ აგრესორებს. ყველაფერი მიდის წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით და არის მხოლოდ ნაწილი იმ საერთო გეგმისა, რომელსაც თანმიმდევრულად განახორციელებენ ნატოელი მოკავშირეები“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.