ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხშირად ტრიალებდა ნაციონალების ირგვლივ და ხშირად გვესმოდა, რომ ყოფილი პრემიერი მთავარ ოპოზიციურ ძალად სწორედ ნაცმოძრაობას ასახელებდა. ცხადია, ეს საზოგადოებაში მღელვარებას აჩენდა, რადგან ნაციონალების მმართველობისგან ძლივძლიობით თავდაღწეული ხალხი ფიქრობდა, რატომ რჩებოდა მთავარ მეტოქედ ისევ ნაცმოძრაობა? ხომ არ იყო ეს „ქართული ოცნების“ სისუსტე, რომელმაც შეინახა და გადაარჩინა გაქრობისგან ეს პარტია?
მეორე მხრივ, ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ნაციონალების ხშირი ხსენება „მგლის შიშის“ ეფექტს დღემდე ინარჩუნებს და ოღონდ არ მოვიდეს ნაცი, ამომრჩეველი ნებისმიერს მისცემს ხმას. ამიტომ ამ კონტექსტით ნაციონალების ხშირი მოხსენიება მომგებიანია.
მედიასთან ამასწინანდელი შეხვედრისას ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ახსენებდა ასე ხშირად ნაციონალებს, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ ეს ბუნებრივი პროცესი იყო და ნებისმიერი ხელისუფლება ედრებოდა წინამორბედს. მაგალითად, ასე იქცეოდნენ ნაციონალები, რომლებიც, ყველა შემთხვევაში, გადასწვდებოდნენ ხოლმე შევარდნაძის რეჟიმს. ის კი არა, მიშა სააკაშვილი დავით აღმაშენებელთანაც ცდილობდა შედარებას.
ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადაწყვიტა, რომ ნაციონალების მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენა არ არის სასურველი და სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი ბოლო შეხვედრისას.
ხომ არ არის ეს თავის მოტყუება და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს რა შემთხვევაში დაკარგავენ ნაციონალები? წაიღებს თუ არა ბურჭულაძე და ინაშვილის კოალიცია ნაციონალთა ხმებს და არის თუ არა ივანიშვილის ინტერესში ორპოლუსიანი საკანონმდებლო ორგანოს არსებობა?
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაციონალების მეორე „საპრიზო“ ადგილას ყოფნამ ბევრი სირთულე გაუჩინა არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ მთლიანობაში - ჩვენს ქვეყანას. კერძოდ, იმ მოტივით, ძირითადი ოპონენტები ჩვენ ვართო, ნაციონალებმა ამას დაამატეს, სწორედ ამიტომ გვდევნიანო და, ფაქტობრივად, ეს მეორე ადგილი იყო იმის არგუმენტი, თითქოს სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ნაციონალებისთვის მეორე ადგილი იყო ჯავშანი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დასაცავად, რასაც საერთაშორისო ასპარზზე კარგად იყენებდნენ.
„უცხოეთში ამან კითხვები გააჩინა, საით მიდის საქართველო? დემოკრატიული არის თუ არა ქვეყანა? მაშინ, როცა დემოკრატიულობის შესახებ კითხვა არ დასმულა თვითონ ნაცმოძრაობის მმართველობისას. ცხადია, საერთაშორისო მასშტაბით არ იყო ინტერესი იმის მიმართ, რომ ავტორიტარიზმი დაენახათ სააკაშვილის მმართველობაში, რადგან იმდენი იძახეს, დემოკრატიის შუქურა არისო, რომ მერე უკვე მის ავტორიტარიზმს თავს არიდებდნენ.
რაც შეეხება დღვანდელ სიტუაციას, პაატა ბურჭულაძე საკმაოდ ენერგიულად შემოვიდა პოლიტიკაში, თანაც ზუსტად იმ ნიშით, სადაც ნაციონალები არიან, ანუ იმ ფორმულებით, იმ განცხადებებით, რასაც ნაციონალები აკეთებენ. ცხადია, ბურჭულაძეს შეუძლია ნაციონალთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის აღება, მეორე მხრივ, არსებობს კიდევ ირმა ინაშვილისა და სხვა პარტიების გაერთიანება და, თუკი ისინი კიდევ გაერთიანდებიან ანალოგიურ პოლიტიკურ ძალებთან, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება დაგროვდეს ხმების ისეთი რაოდენობა, რომელიც გადასცილდება 20%-ს. ასე რომ, ნაციონალებს მეორე ადგილი გარანტირებული არ აქვთ. დანარჩენი უკვე საზოგადოების ცნობიერებაზეა დამოკიდებული. მარტივი არითმეტიკა გვიჩვენებს, თუ მათ 20% რეალური მხარდამჭერი ჰყავთ, საკმარისია ნახევარი არ მივიდეს არჩევნებზე, რომ ისინი ისევ საპარლამენტო ადგილების 40%-ს აიღებენ, ანუ იმავე სურათს შექმნიან, რაც დღეს აქვთ. ამიტომ ამომრჩევლების რაოდენობაზეა დამოკიდებული ნაციონალების ბედი“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ და განმარტა, რომ ივანიშვილის მიზანი ორპოლუსიანი საკანონმდებლო ორგანო არ არის. თუ მომავალ პარლამენტში მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ნაცმოძრაობა აღარ იქნება და ჩაიწევს უფრო დაბლა, მას უკვე ასეთი არგუმენტის მოშველიება, რომ დევნიან, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, აღარ შეეძლება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაციონალების წარმოჩენამ ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში. გარდა იმისა, რომ სხვა პარტიები განაწყენდნენ, ასევე, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს არის „დამსახურება“ „ქართული ოცნების“. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოსულმა ამ „მესიჯმა“ ვერ მოიტანა სასურველი შედეგი.
„ქართულ ოცნებას“ დღეს ნამდვილად აწყობს ლაპარაკი იმაზე, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმებს, დაბრუნდებიან ნაციონალები. ეს არის ერთადერთი არგუმენტი, რითაც „ქართული ოცნება“ შეეცდება ხმების მოპოვებას და ამომრჩევლის მხარდაჭერას. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი, რაც მოსახლეობის ფართო ნაწილს მიიყვანს არჩევნებზე, უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ ნაციონალების ხშირად ხსენების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, თანდათანობით მოიმატებს დუღილის ტემპერატურაც და ივანიშვილიც ამ თემას დაუბრუნდება, ოღონდ დაუბრუნდება სხვა კონტექსტში.
სამწუხაროდ, დღეს რეალობა ასეთია. თანაც, ყოფილი პრემიერი ცდილობს, არ განაწყოს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ის პარტიები, რომლებიც თანდათან გამოჩნდებიან. არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი და ეს ძალიან დიდი პერიოდია ქართული სინამდვილისთვის“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და განმარტა, რომ გამორიცხულია ბურჭულაძემ ან სხვებმა წაიღონ ნაციონალების ხმები.
უბრალოდ, პაატა ბურჭულაძე წაიღებს იმ ხმებს, რომლებიც წავიდა „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ის ხალხი, ვინც ნაცმოძრაობას უჭერდა და უჭერს მხარს, ეს ცალკე თემაა. საკითხი მარტივად არ არის. უფრო მეტიც, ნაცმოძრაობისგან გამოყოფილი ორი გუნდი, „გირჩი“ და ვაშაძეც კი, რომ გაერთიანდნენ, ისინი ყოფილი ნაციონალებიდან ბევრ ხმებს ვერ წაიღებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სანამ ნაციონალურ ელექტორატს აქვს ხელისუფლებაში ნაციონალების კვლავაც დაბრუნების იმედი, მანამ ის ელექტორატი მუდმივად ნაცმოძრაობის ერთგული დარჩება.
„ამდენად, ვერ ვხედავ, რომ ბურჭულაძემ გააუარესოს ნაცმოძრაობის სიტუაცია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასეა“.