ჯართის ბიზნესი ზენიტში კიდევ დიდხანს იქნება

ჯართის ბიზნესი ზენიტში კიდევ დიდხანს იქნება

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოში მეჯართეობა კვლავინდებურად პოპულარულია.  მართალია ყოველწლიურად ქვეყნიდან უზომო რაოდენობის შავი და ფერადი ლითონების ჯართი გადის, მაგრამ როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ჯერ კიდევ იმდენია, რომ რამდენიმე წელს ეყოფათ ინტენსიურად გასატანად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, ჯართის ბიზნესი შესამჩნევად გამოცოცხლდა.

1 ტონა ჯართის ფასი ამ ეტაპზე 350-360 ლარია. მოქმედი ნორმით, შავი და ფერადი ლითონების ჯართის საექსპორტო ტარიფი ტონაზე 160 ლარს შეადგენს. ინდმეწარმეები აცხადებენ, რომ  ადრე ჯართი 120 ლარით იბეგრებოდა. გადახდის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქცია ჯართი იყო, მაგრამ 2010 წელს ის მესამე ადგილზე გადავიდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 34 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 88 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ საქართველოში დღეს ჯართი გაცილებით ძვირია იმის გამო, რომ იმპორტიორები მას უცხოეთში ეზიდებიან და ჯართის მომპოვებლებს გაცილებით მაღალ ფასს სთავაზობენ, ვიდრე მეტალურგიული საწარმოები.

„რამდენი წელია, ექსპორტიორები საქართველოდან ჯართს ეზიდებიან, მაგრამ იმდენია, კიდევ რამდენიმე წელი ეყოფათ საექსპორტოდ. ქუთაისსა და რუსთავში ძალიან ბევრი გაჩერებული ქარხანაა, რომელიც დღეს ჯართად იჭრება. არის ნარჩენიც, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება. ჯართის რესურსი კიდევ არსებობს და რაც უფრო მალე მოხვდება ის საქართველოს ადგილობრივ მრეწველობაში, მით უკეთესი.

სხვათა შორის, ჯართის ფასის გამო ხშირად მწარმოებლები გაჩერებული არიან და დასაქმებული ადამიანები უხელფასო შვებულებაში ჰყავთ გაშვებული. საქართველოდან გატანილი ჯართი, ძირითადად, თურქეთში იყრის თავს და იქიდან სხვა ქვეყნებში ნაწილდება. უფრო მეტად ჯართის გასაღების პუნქტები ბათუმშია, სადაც ჯართი ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქებში. თურქეთის გარდა, ჯართის რაღაც ნაწილი ინდოეთშიც გადის, ნაწილი - ჩინეთშიც“, - განმარტავს თამაზ დოლაბერიძე.

ჯართის მიმღები პუნქტების ნაწილში მუშაობა ამ ეტაპზეც გაააქტიურდა. ბოლო პერიოდში ჯართზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა.  ექსპორტიორების თქმით, კრიზისის დროს ჯართის ექსპორტი თითქმის განახევრებული იყო, თუმცა შარშანდელი შემოდგომა ამ ბიზნესისთვის აქტიური აღმოჩნდა და მოთხოვნასთან ერთად ფასებიც გაიზარდა.

ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში ფიქრობენ, რომ რამდენადაც მაღალი დაწესდება აქციზის ტარიფი, იმდენად შემცირდება ბაზარზე ჯართის ფასი.

„დღეს ადგილობრივ ბაზარზე ჯართის ფასი ექსპორტზეა დამოკიდებული. ფასი იმის მიხედვით დგინდება თუ რამდენი ჯართი გადის ქვეყნიდან და რა ფასად იყიდება უცხოეთში. აქ 1 ტონა ჯართი, დაახლოებით, 350-360 ლარი ღირს. თურქეთში კი 400-500 დოლარად იყიდება. იქიდან სხვა ქვეყნებში გაცილებით ძვირად გადის.

ადგილობრივი მეტალურგიული ქარხნების ინტერესშია, რომ ჯართი ქვეყნიდან არ გავიდეს და ყველამ მათ ჩააბაროს. სხვა გზა რომ არ გექნება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ფასად ჩაიბარებენ ნედლეულს.  ექსპორტიორის ინტერესი კი ის არის, რაც შეიძლება სარფიანად გაიტანოს ჯართი ქვეყნიდან.

მსოფლიო ბაზარზე საქართველოში მოპოვებული ჯართი ერთ-ერთი ყველაზე იაფია დუბაისა და ბულგარეთის შემდეგ.  ტარიფის გაზრდის შემთხვევაში კი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას დავკარგავთ“, - ამბობს ირაკლი ცხონდია, ჯართის ექსპორტიორი.