ქართული დიპლომატიის ყურადღება გერმანიისკენ არის მიმართული. ხელისუფლება გერმანულ მხარეს არწმუნებს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს, ვინაიდან ქვეყანამ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და წინ არჩევნებია. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული სექტემბრამდე იქნება, ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი კი, წლის ბოლომდე ამოქმედდება.
თუ რა ხდება გერმანიაში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდით. გერმანიაში რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით?
- საქართველოსადმი დამოკიდებულება ყველა ოფიციალურ დონეზე ერთმნიშვნელოვნად კეთილგანწყობილი და დადებითი იყო. ბუნდესტაგის თავმჯდომარიდან დაწყებული, მეგობრობის ჯგუფის წევრებით დამთავრებული, ყველგან პოზიტიური განწყობა იყო. ე.წ. ქართველ კრიმინალებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი პედალირებულია შავი პიარის აგორების თვალსაზრისით, რომელიც ჩემი ეჭვით, ამ პროცესის მოწინააღმდეგე ძალების მიერ არის წამოწყებული. ამის მიუხედავად, ეს საკითხი კავშირში საქართველოსთან იმდენად არ არის, რამდენადაც ე.წ. შეჩერებით მექანიზმთან.
ე.წ. შეჩერებითი მექანიზმი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ შიგნით, გარკვეული პროცესებია გასავლელი, რომ ის კიდევ უფრო გამარტივდეს. ამ პროცესთან საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს და ამ მექანიზმის გამარტივების თვალსაზრისით, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ.
თქვენ ბრძანეთ, რომ გერმანიაში საქართველოს მიმართ დადებითი განწყობებია. რაში გამოიხატება პოზიტიური განწყობები? ვნახეთ, რომ გერმანიის შს მინისტრი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების წინააღმდეგ გამოდის...
- ჩვენ გერმანის შს მინისტრს არ შევხვედრივართ. ჩვენ სადაც საუბარი გვქონდა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში, ყველგან აღიარებული იყო, რომ ქართულმა მხარემ საკუთარი ვალდებულებები შეასრულა, ახლა კი ჯერი - პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა, რომელსაც გარკვეული თვალსაზრისით, ეჭვის თვალით გერმანიის შს მინისტრი თომას დე მეზიე უყურებს, მაგრამ გერმანელ პოლიტიკოსებს ე.წ. კრიმინალები გადაულახავ წინააღმდეგობად და არგუმენტად არ მიაჩნიათ. კრიმინალს არანაირი გამართლება არ აქვს და ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, კრიმინალი ეროვნებით არ უნდა იყოფოდეს. კრიმინალი - კრიმინალია. გერმანიაში უცხოელების მიერ ჩადენილი კრიმინალის სტატისტიკაში ქართველები 24-ე ადგილს იკავებენ და საქართველოს მოქალაქეების მიერ 455 ბინის ძარცვაა დაფიქსირებული.
როდესაც, საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე დაიწყო საუბარი, გერმანიაში ე.წ. ქართველი კრიმინალები მაშინ ხომ იყვნენ. შესაბამისად, თუკი ეს საკითხი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა, საქართველოს ვალდებულებების ნაწილში, ეს საკითხი გათვალისწინებული თავიდანვე რატომ არ იქნა?
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენს გერმანელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება, ეს საკითხი წინააღმდეგობის შესაქმნელად რაიმე არგუმენტი დღეს გახდეს, თუმცა, თემები და ეჭვები არსებობს, რომლის თაობაზეც ვერც პრემიერ-მინისტრი და ვერც საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ისაუბრებენ. ეჭვები არსებობს, რომელიც მე პირადად მიჩნდება. პირდაპირ გეტყვით, რომ გერმანიაში, ქართულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის და მეგობრობის ჯუფის წევრმა, ძალიან გავლენიანმა დეპუტატმა, მარი ლუიზა ბეკმა პირდაპირ გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, ჩვენს საკითხს უკან უკრაინის პოზიცია წევს, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან ერთად მასაც მიენიჭოს და უკრაინის ხელისუფლებას გარკვეული შიში აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი უვიზო მიმოსვლას საქართველო მიიღებს, ხოლო უკრაინა არა, მას შიდა პოლიტიკური პრობლემები შეექმნება. ეს ბერკმა პირდაპირ და მკვეთრად გვითხრა, რომელსაც ეს ინფორმაცია მაღალი პოლიტიკური წრეებიდან მიაწოდეს. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ და არ შეიძლება, რომ ეს ინფორმაცია ერთი ყურიდან მეორეში გავატაროთ, მით უმეტეს, ასეთი ინფორმაციები სხვა გზებიდანაც გვქონდა მიღებული.
ამავე დროს, დიდი ეჭვი ჩნდება და ამის თაობაზეც პოლიტიკურ კულუარებშიც გვეუბნებიან, რომ გერმანიის ხელისუფლების მისამართით რუსეთს კატეგორიული თხოვნა აქვს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ნუ იჩქარებენ. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მაინც ჭორად დარჩება და გერმანიის მთავრობა რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს ინტერესებს რუსეთის ინტერესების საპირწონედ არ დაახურდავებს. ჩვენთვის გასაგებია, რომ რუსეთი ამ პროცესს ეწინააღმდეგება იქედან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ქართული პასპორტების ინტერესი გაუჩნდება. როგორც მოლდოვაში მოხდა, როცა დნესტისპირეთის ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოლდოვის პასპორტი მიიღო. რუსეთი ამის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში არ გამოვიდოდა, თუკი ის თავად ვიზალიბერალიზაციას მიიღებდა.
თქვენ თქვით, რომ უკრაინის ხელისუფლება ითხოვს, რომ მათ გარეშე საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ მისცენ. ვინაიდან, საქართველო უკრაინის გამო „იჩაგრება“, ქართული მხარე საერთო პაკეტიდან საქართველოს გამოყოფის საკითხს ხომ არ დააყენებს?
- ყოველთვის იმას ვამბობთ, რომ არსებობს საკითხები, სადაც ჩვენ ჩვენი ინტერესებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ოპოზიციის ზოგიერთი წევრი გამოდის, ხალხს აბითურებს და ამბობს, რომ თითქოს, ჩვენ ვიღაცეებთან ურთიერთობაში რაღაც შეცდომებს ვუშებთ. სჯობს, ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ და ჩვენი ინტერესების გატარებისთვის ვიბრძოლოთ. თუკი ამ პროცესში ხელი სხვა ქვეყნებსაც მოემართებათ, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება და პირიქით, გაგვიხარდება. თუკი ის დადასტურდება, რომ ჩვენი ინტერესები სხვათა ინტერესების ხარჯზე ზიანდება, ამ პროცესს ვერ მივესალმებით. იმედია, რომ ამ საკითხზე ხმამაღლა და მკაფიო საუბარი საჭირო არ იქნება, თუ არადა, ამას არ მოვერიდები.
პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, საქართველო უვიზო მიმოსვლას როდის მიიღებს? ეს იქნება მიმდინარე წლის ზაფხული, თუ არჩევნების შემდეგ პერიოდი?
- ყველაფრის მიუხედავად, პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ კვირიკაშვილისა და მერკელის კომენტარებიდან გამომდინარე, რომელიც სიტყვას ბანზე არ ისვრის, მოლოდინები იმედიანია. საფრანგეთი და იტალია გერმანიას უყურებენ, რომელიც ევროკავშირში ლოკომოტივია. პრეზიდენტმა ოლანდმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ვიწრო უწყებრივი ინტერესები, რომელსაც გერმანიის შს მინისტრი ახმოვანებს მეორე პლანზე აუცილებლად გადავა. ჩემი მოლოდინი ისეთია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მივიღებთ, რასაც გვპირდებიან. რაც შეეხება მექანიზმს, ალბათ, ის წლის ბოლომდე ამოქმედდება.
ანუ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადა დაკავშირებული შეიძლება იყოს ე.წ. შეჩერებითი მექანიზმის გადახედვასთან?
- დიახ. ეს დაკავშირებულია იმაზე, ე.წ. შეჩერებითი მექანიზმის გამარტივებაზე მუშაობა როდის დასრულდება. ყველა აღიარებს იმას, რომ დასავლური აზროვნების გამარჯვების მხარდასაჭერად ევროპამ პოლიტიკური გადაწყვეტილება სექტემბრამდე, საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე უნდა მიიღოს. სხვა მხრივ, შესაძლებელია, ამას უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. ისინი აღიარებენ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და გვპირდებიან, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არჩევნებამდე იქნება მიღებული.
თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თქვენს ამომრჩეველს როგორ დაარწმუნებთ იმაში, რომ ამ პროცესის შეფერხების მიზეზი თქვენ არ ხართ? საარჩევნოდ ის, რაც ხელისუფლების პლუსი უნდა ყოფილიყო, მინუსად ხომ არ დაგიბრუნდებათ?
- ყველა ყველაფერს კარგად ხედავს და ეს ცუდად არ დაგვიბრუნდება. ის დრო აუცილებლად დადგება, როცა საზოგადოებას იმ ხალხის ნამოქმედარს დავუმტკიცებთ, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ახლა თავი აპოლოგოტებად მოაქვთ. როცა ხვდებიან, რომ სხვა გზა აღარ აქვთ, ახლა გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ უვიზო მიმოსვლას მხარს უჭერენ. სარიუშ ვოლსკიც კი გამოვიდა და თქვა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს. ამის უკან რა იდგა, ამის თვითმხილველები ვიყავით და საკუთარი თვალით ვუყურებდით. ჩვენთან ერთად გერმანიაში ერთ-ერთი ვაჟბატონი იყო წამობრძანებული.
გიორგი ბარამიძეს გულისხმობთ?
- დიახ. ის საუბარს იმით იწყებდა, რომ ვიზალიბერალიზაცია აუცილებელია, მაგრამ შემდეგ, მთავრობის ლანძღვა-გინებაზე გადადიოდა, რომელიც აბსოლიტურად დაუსაბუთებელი იყო. მის შეფასებას ყველა ღიმილით ხვდებოდა და კომენტარის გარეშე ტოვებდა. ეს ჩემთვის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღება იმ ადამიანებს სურთ, რომლებიც ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ. უბრალოდ, ამის არ მჯერა.