პრემიერ–მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგელბში გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა.
მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და ანგელა მერკელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე. ანგელა მერკელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი „შეჩერების მექანიზმის“ კონტექსტში განიხილება.
„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. წინა კვირასაც, სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ - ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც შარშან სირიის შემთხვევა იყო - ამის განმეორება არ გვინდა და ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის მიღების ვადებს, კანცლერის განცხადებით, საქმე ეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე, ძალიან გრძელ ვადაზე საუბარი არ არის.
„პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას. ასე რომ, შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თვლის თუ არა, რომ გერმანია საქართველოს იმედებს უცრუებს ნატო-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ახლა უკვე ვიზალიბერალიზაციასაც, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ გერმანიამ არათუ იმედები გაუცრუა საქართველოს, არამედ პროცესი, რომელშიც ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან.
„ჩვენ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განვიხილავთ გაცილებით უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში. ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც, ასევე, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის, როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე - გლობალური პოლიტიკის.
ამიტომ, ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ჩვენ ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიას. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც, პრინციპში, ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და ასევე, გახდება ნატო-ს წევრი. ამისთვის კი, საჭიროა საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში და გააფართოოს პარტნირობა ალიანსთან.
„ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც საერთაშორისო კონტექსტი მზად იქნება ამისთვის. გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მადლობლები ვართ გერმანიის იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში უწევს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო და გერმანია ერთად იღწვიან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მისივე თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. პრემიერმა გერმანიას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მტკიცედ ვახორციელებთ ნატო-ში ინტეგრაციის ნაბიჯებს და ამ მიმართულებით ვისაუბრეთ ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე. ჩვენთვის, ყველასთვის ევროპაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს ერთიანი, მთლიანი და იყოს მშვიდობა, ამისათვის აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ ევროპისთვის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.
ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციიის და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაშიც მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მთავრობისგან“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ კონფლიქტებზე, რომელიც რეგიონშია, ასევე, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში გერმანია დიდ როლს თამაშობს, მათ შორის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით, ამაზე უკვე ვარშავაში ილაპარაკებენ.
„ნატო-ს რაც შეეხება, ჩვენ ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მისიებში. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით, პრინციპში, ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში მოიწვია. როგორც პრემიერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ემზადება 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად და ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებები იგეგმება ქვეყანაში.
„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო გერმანიის ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათ ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი“, -მიმართა კანცლერს გიორგი კვირიკაშვილმა.
„ვეცდები, გამოვნახო დრო საქართველოში ჩამოსასვლელად“, - ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილის დაპატიჟებას გერმანიის კანცლერმა, რომლის თქმით, იცის, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა.
„გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში დამპატიჟა. ვეცდები, გამოვნახო დრო საქართველოში ჩამოსასვლელად, გადმოცემით ვიცი, უფრო სწორად, დიდი ხნის გამოცდილების შედეგად ვიცი, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.