რა მსგავსებას ხედავს მარკ ვან ემბდენ ანდრესი საქართველოსა და ჰოლანდიას შორის
30 წლის ჰოლანდიელ მარკ ვან ემბდენ ანდრესს, როგორც იტყვიან, სიახლეების არ ეშინია, ამიტომაც საქმიანობას ხშირად იცვლის ხოლმე. მარკი ,,ვერსიას'' თავის ქართულ თავგადასავალზე უამბობს.
- თბილისში ოთხი წლის წინ ჩამოვედი. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ორი წელი ჰოლანდიის საელჩოში ვიმუშავე. შემდეგ კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ელვაში'' მივედი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა შეგროვებაზე, მათ წარდგენასა და გაზიარებაზე მუშაობს ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებს ამუშავებს. პირადად მე, პარტნიორული ურთიერთობები მეხება. ჩვენ ორი მთავარი მიმართულება გვაქვს. აქედან ერთი საერთაშორისო პროექტების განვითარებაა - მსოფლიოში არსებულ კონფლიქტების შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ვეხმარებით, რათა მოსახლეობისგან ფაქტები და მონაცემები უფრო ეფექტურად შეაგროვონ. ამასთან, ხალხს ადგილობრივი სიტუაციის გამოსწორების გზებს ვასწავლით... ჩვენი ორგანიზაცია ლიბიაში, სირიასა და უკრაინაშიც მუშაობს.
- ამ კუთხით საქართველოში თქვენი ორგანიზაციის მთავარი მიღწევა რა არის?
- ბოლო დროს შიდა ქართლში ვმუშაობდით - ,,სამხრეთ ოსეთის'' საზღვართან მოსახლეობისგან პერსონალური მონაცემები შევაგროვეთ და თბილისში, შესაბამის სფეროში მომუშავე პოლიტიკოსებს გადმოვუგზავნეთ, ასევე ვითარების ლოკალური გაუმჯობესებაც ვცადეთ. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მთავარი აქტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
ამ მიმართულებით ჩვენი მიღწევა ისიცაა, რომ, თუ ოსები ან რუსები საზღვართან ქართველს დააკავებენ და ადგილობრივები გვაცნობებენ, საქმის კურსში ქართულ პოლიციას ვაყენებთ და ისეთი შემთხვევებიც გვქონია, როცა ვითარება განგვიმუხტავს. მოკლედ, საზღვრისპირა სოფლებზე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ადგილებში შევდივართ.
- მარკ, დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება ადვილია?
- ამ მხრივ საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს... საქართველოში ძალიან ადვილია, ბიზნესი ან ორგანიზაცია დაარეგისტრიტო. საგადასახადო სისტემაც მარტივია. ყოველ შემთხვევაში, დასაჩივლელად საბაბი არ მაქვს, თან ბევრი რამ ბევრად იაფია, მაგალითად გადასახადი ნაკლებია; ამასთან, არც იურიდიული მოსაკრებლის გადახდა გვწევს, რაც ძალიან კომფორტულია.
- დიპლომატიიდან ბიზნესში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- იმიტომ, რომ პროექტების უშუალო განხორციელებაში ჩართულობა უფრო მხიბლავს.
- რით განსხვავდება მუშაობის ქართული სტილი ევროპულისგან?
- ალბათ, იმით, რომ ქართველებს საქმე ბოლო მომენტამდე მიჰყავთ, უცხოელები კი ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ თქვენ ნაკლებს მუშაობთ. საერთოდ, სტერეოტიპების არ მჯერა - ყველაფერი ინდივიდუალურია.
- ქართულ რეალობასთან შეგუება გაგიჭირდათ?
- საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. სკოლის დამთავრების მერე ერთი წელი ცენტრალურ ამერიკაშიც ვცხოვრობდი. როცა პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობებს ვირჩევდი, იმთავითვე ვაცნობიერებდი, რომ ცხოვრება მუდმივად სხვადასხვა ქვეყანაში მომიწევდა. საკმაოდ მოქნილი ვარ და ამა თუ იმ ადგილის მიმართ არცთუ ძლიერი მიჯაჭვულობა მიჩნდება. ახალ გარემოს უპრობლემოდ ვეგუები.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- სხვადასხვანაირად... ძალიან მომწონს თბილისი - ბევრი არაჩვეულებრივი რესტორანი და ბარია. სხვათა შორის, კულინარია მიყვარს და კერძებს თავადაც კარგად ვამზადებ. თხილამურებით სრიალისა და ლაშქრობის მოყვარულიც ვარ. ამიტომ საქართველოს მთებშიც ხშირად დავდივარ.
- ჰოლანდია ულტრალიბერალურ ქვეყნად მიიჩნევა. ეს მითია თუ რეალობა?
- ეს მიდგომები იცვლება... მაგალითად, ბოლო წლებში მემარჯვენე და ანტიიმიგრანტული პარტიები ძალიან პოპულარულნი გახდნენ. ლიბერალიზმი მრავალგვარია, თუმცა მულტიკულტურულ მიმღებლობასთან მიმართებაში, ხალხის დამოკიდებულება საკმაოდ შეიცვალა. ამას ისიც ადასტურებს, რომ რეფერენდუმში, რომელიც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციას ეხებოდა, ჰოლანდიელებმა უარყოფითი პოზიცია გამოხატეს. სავარაუდოდ, ისინი იგივენაირად მოიქცეოდნენ, რეფერენდუმი საქართველოზე რომ ჩატარებულიყო, რაც იმით აიხსნება, რომ ჰოლანდიელები მიგრანტებით შეწუხებულები არიან.
- ქართულ ლიბერალიზმზე რას იტყვით?
- ამ მხრივ საქართველო ჰოლანდიას ჰგავს. ერთის მხრივ, ჩამოსულების მიმართ ძალიან ღია ხართ, თუმცა მეორეს მხრივ, არსებობს კონსერვატიული მიდგომებიც. მაგალითად, მახსოვს, წლების წინ ინდოელი ფერმერების საკითხი რომ იდგა, ამის გამო ბევრი თქვენგანი მოხარული ნამდვილად არ იყო. ასეთი ამბები ყველგან ხდება და ეს ორი ქვეყანა გამონაკლისი ნამდვილად არაა.
- საქართველოში ბევრი ჰოლანდიელი ცხოვრობს?
- დაახლოებით, 50-100 ადამიანი იქნება, თუმცა მხოლოდ ათიოდეს ვიცნობ. ნაციონალურ დღეზე საელჩო მეპატიჟება ხოლმე. სხვათა შორის, შობას საქართველოში ვხვდები, რადგან აქ უფრო სიმშვიდეა, ვიდრე - ჩემს სამშობლოში. შობა ჩემთვის ბავშვების ზეიმია.
- მარკ, კიდევ ხომ არაფერს მეტყვით?
- ზემოხსენებული საქმიანობის გარდა, ფერმერების ახალ ინიციატივაშიც ვარ ჩართული, რომელიც მობილურ აპლიკაციებს გულისხმობს.
- ეს რას ნიშნავს?
- ფერმერებს ამინდის პროგნოზს, ასევე ვიდეოებს ვუგზავნით, როგორ გააუმჯობესონ მოსავალი, სხვადასხვა ბაზარზე საკვები პროდუქტის ფასების შესახებ ინფორმაციასაც ვაწვდით. ახლახან, სან-ფრანცისკოდან შესაბამისი სფეროს ექსპერტები გვყავდნენ.
- დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ!
- მადლობა, თქვენც ასევე!