მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველო - მერაბიშვილის წინააღმდეგ

მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველო - მერაბიშვილის წინააღმდეგ

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად ცნობს, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენზე აპელირებს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მის შეწყალებას ურჩევს, ხელისუფლება კი, საპირისპიროს ამტკიცებს და სამი თვის ვადაში, დიდ პალატაში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, დადგენილება დღეს გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში, ყველამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად წაიკითხა და თარგმნა.

ნაციონალები ამტკიცებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ იულია ტიმოშენკოს შემდეგ, პოლიტპატიმრად ვანო მერაბიშვილი დაასახელა და ის, რაც წლების განმავლობაში, ევროპის პოლიტიკური ხედვა იყო, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. ოპონენტების საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროსასამართლოს განაჩენში ყოფილი ძალოვანი მინისტრი პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის და ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ სპეკულაციებს.

ქართულ სახელმწიფოსა და სტრასბურგის სასამართლოს შორის დავა თუ რა შედეგით დასრულდება, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, ხელისუფლებას ქვეყნის ბიუჯეტიდან პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილისთვის კომპენსაციის სახით 4000 ევროს გადახდა და იმ ნებისმიერი გადასახადის ანაზღაურება მოუწევს, რომელიც მოსარჩელე მხარის საქმეს უკავშირდება.

არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.

ნაციონალი გივი თარგამაძე for.ge-ს არწმუნებს, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტპატიმარია და მისი საქმე ტიმოშენკოს საქმის ზუსტი ანალოგია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იმ „იავნანას“ აგრძელებს, რომელსაც თავის „ღვთაებას“ - ბიძინა ივანიშვილს გაუთავებლად უმღერის.

„თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს საქმე ტიმოშენკოს ანალოგია და მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაშინ იანუკოვიჩის საბოლოო განაჩენს უნდა შეხედოს და მიხვდება, რომ ეს ასეა. სხვა ყველაფერი ინსინუაციებია და მცდელობაა იმის, რომ საკუთარი თავი დაარწმუნონ, თითქოს, არაფერი არ მომხდარა“, - აცხადებს თარგამაძე.

კანონმდებელის განმარტებით, ქართულ მხარეს სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შესული უკვე არ არის.

„სამთვიანი ვადის გაწელვა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ხელისუფლებას შეუძლია, უმაღლეს პალატაში იჩივლოს, მაგრამ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ, შეუძლიათ, ფული ტყუილად არ დახარჯონ. ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე მსგავსი პოზიცია ყველა ევროპული ტრიბუნიდან იქნა გამოხატული და ეს მუდმივად ისმოდა. რაც ევროპის პოლიტიკური ხედვა იყო, ის სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა“, - აცხადებს დეპუტატი.

თარგამაძე მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებს ეხმაურება და მას „უმწიფარს“ და „უცოდინარს“ უწოდებს.

„სამწუხაროა, რომ მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰქვია. ივანიშვილმა რაც არ უნდა იძახოს, რომ ვიზალიბერალიზაციას პრობლემები ევროპისგან უჩნდება, ამას არცერთი ჭკუათმყოფელი არ დაიჯერებს. ხელისუფლება ისე იქცევა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დააზიანოს“, - დასძენს თარგამაძე.

კანონმდებელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც აძლევს რჩევებს და აცხადებს, რომ თუკი ის ქვეყნის ევროპული მომავლის ერთგულია, მან გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

„პრეზიდენტისთვის არანაირი მიმართვა არ უნდა იყოს საჭირო. ვინმეს ვინმესთან ხვეწნა რატომ უნდა სჭირდებოდეს, რომ ის განახორციელოს, რაც ქვეყნის ინტერესებში შევა და არა მერაბიშვილის, ან „ნაციონალურ მოძრაობის“? პარლამენტის თავმჯდომარეს არც ღვთაებისთვის და არც თავისთვის რომ არ ეწყენინებინა, ამ საქმეზე ჩახვეულად ისაუბრა, თუმცა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც აღიარა, რომ ის საქართველოზე ვრცელდება და ამ გადაწყვეტილების არშესრულების შედეგი საქართველოსთვის დადგება. ვინაიდან, ეს აპრიორი ასეა, ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს იმ ნაბიჯის გადადგმა რატომ უნდა ვეწვეხოთ, რომელიც ქვეყნისთვისაა აუცილებელი?“, - აღნიშნავს თარგამაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპირისპიროს მმართველ გუნდში ამტკიცებენ და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს და ბევრი ტყუილი თქვას, გადაწყვეტილებაში არსად არ წერია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია.

როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, გადაწყვეტილებაში ციტირებულია, რომ მერაბიშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა კანონიერად ჰქონდა მისჯილი, რომელიც წინასწარი პატიმრობის კანონიერებაზე დაობდა და ამ კონტექსტში თავის პოლიტპატიმრად წარმოჩენას ცდილობდა.

„ევროპის სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მუხლები დარღვეული არ იყო, ანუ, მერაბიშვილი კანონიერ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ევროსასამართლო თვლის, ალბათობა იმისა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტები სწორი იყო, რომელიც იმ საკითხს ეხებოდა, როცა ის ამტკიცებდა, რომ კამერიდან მისი გაყვანა ზეწოლის მოხდენის მიზნით განხორციელდა. სასამართლომ აღნიშნა, ალბათობა იმისა, რომ შეიძლება ეს ასე ყოფილიყო, შეიძლება უფრო მაღალი იყო, ვიდრე სახელმწიფოს გააჩნდა შესაბამისი არგუმენტები. სასამართლო ამბობს, რომ მე-18 მუხლი დაირღვა, რის გამოც მერაბიშვილს 4000 ევროს რაოდენობის კომპენსაცია გამოეყო და არა მისი გათავისუფლების მოთხოვნა, ან სხვა რაიმე მიდგომა. სადაო არაფერი არ არის, სასამართლოს პოზიცია მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული“, - მიიჩნევს სესიაშვილი.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მერაბიშვილის საქმიანობასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, მას როგორი მძიმე ბრალდებები ჰქონდა წაყენებული.

„ნაციონალები წამებისა და ქონების წართმევის ფაქტებს გმობენ და ამ ყველაფერის უკან შს მინისტრი უნდა ყოფილიყო. ეს ამ ხალხს დაავიწყდა? თუკი პრეზიდენტი მერაბიშვილს შეიწყალებს და ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ეს მისი მორალური პასუხისმგებლობა იქნება. მას პატიმრის შეწყალების კანონიერი უფლება აქვს, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა გასათვალისწინებელია. არ მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. თავად აღიარებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მერაბიშვილი არც პოლიტპატიმრად უღიარებია, არც გამოშვების გადაწყვეტილება მიუღია და ახლა პრეზიდენტს მიადგნენ, რომ იქნებ, მან შეიწყალოს“, - დასძენს სესიაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს ეხმაურება დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ფაქტია, სასამართლოს მიერ მერაბიშვილის ქმედება შერაცხულია დანაშაულად და ქართული სახელმწიფო მერაბიშვილს რამდენიმე ეპიზოდში ედავება.

„ნაციონალები რითი ხელმძღვანელობენ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს მიერ მისი ქმედება შერაცხულია დანაშაულად. მათ შორის, 26 მაისი და 7 ნოემბერი ჩადენილია და ხალხის ქონებაც მისაკუთრებულია. როგორც იტყვიან, „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“, - ამბობს ქუცნაშვილი, რომლის მსგავსად, მერაბიშვილს პოლიპატიმრად არ მიიჩნევს ნუკრი ქანთარია.

for.ge-სთან საუბარში ქანთარია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში არავითარ პოლიტპატიმრობაზე არ არის საუბარი, დოკუმენტში საუბარია წინასწარი აღკვეთის ღონისძიებაზე.

„ვანო მერაბიშვილი ვინ არის და მას რა საქმეები გაუკეთებია, ეს ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უკეთ იციან, ვიდრე სხვაგან. განაჩენი წამებასა და ადამიანების დევნას საერთოდ არ ეხება, რომელიც შესაძლოა, მთავრობამ გაასაჩივროს. ტყუილად ნუ ბაქი-ბუქობენ, რადგან ამ გადაწყვეტილებას ბეჭედი და წერტილი არ არტყია. რაც შეეხება პრეზიდენტს, დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი მას ვერ შეიწყალებს და საზოგადოების წინააღმდეგ ვერ წავა“, - დასძენს ქანთარია.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმის სამართლებრივ მხარეს, სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფ 1, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს.

ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას, თუმცა, თვლის, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის. კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად“, - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადგენილა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონი იყო, ანუ, ადამიანის უფლებათა კონვენციის 5.1-მუხლის დარღვევა დადგენილი არ არის და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი პატიმრობა ნამდვილად კანონიერი იყო.

„ასევე 2013 წლის მაისის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები არის დასაბუთებული, რაც ძალიან მნიშველოვანია, რადგან სასამართლოს მის კანონიერ პატიმრობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დაუსვამს და ამ მხრივ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის. არსად განაჩენში ნათქვამი არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და მით უმეტეს, საუბარი არ შეიძლება იყოს მის გათავისუფლებაზე, რადგან გადაწყვეტილება მხოლოდ კონკრეტულ პერიოდს ეხება, რომელიც 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, არ შეიძლება, ამ განაჩენს რაიმე შედეგი და გავლენა ჰქონდეს, რომელიც მხოლოდ წინასწარი პატიმრობას ეხება“, - განმარტავს კობახიძე.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ნაციონალების მხრიდან საკითხის სპეკულირება ხდება, თითქოს, სასამართლო განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს რაიმეს ავალებს.

„ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება და მას მთავრობა გაასაჩივრებს. რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, ასანიძის საქმე ვიცით, სადაც 150 ათასი ევრო იქნა გადახდილი. 4 ათასი ევროს დაკისრების შემთხვევაში, სახელმწიფო ამას აანაზღაურებს. გარკვეულწილად, ტექსტის შინაარსი წინააღმდეგობრივად უნდა განვიხილოთ, რადგან თუკი სასამართლოს პატიმრობის უკანონობა არ დაუდგენია და არსად არ არის ნათქვამი, რომ 5.1 მუხლია დარღვეული, მაშინ, შეიძლება, პოლიტიკურ კონტექსტთან წინააღდეგობაც იყო. ეს მუხლი ძალიან იშვიათად დგება და მთავრობა გაასაჩივრებს, რადგან თუკი პატიმრობა კანონიერი იყო, მაშინ გაუგებარია, პოლიტიკური კონტექსტზე იყოს საუბარი“, - აღნიშნავს კობახიძე.