გაუხმა თუ არა ხელები და რა აკავშირებს გიგა ბოკერიასა და ბორის ბერეზოვსკისთან „ექსოცნებელ“ ვიცე-სპიკერს
,,იმას, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს გააკეთა, არასოდეს დავივიწყებ - სააკაშვილს მოუგო და დაამარცხა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ღმერთად ვაღიარო!'' - ეს სიტყვები არა- ჩვეულებრივი ინტერვიუს დასასრულს ვიცე-სპიკერმა მითხრა და ისიც აღნიშნა, მეჩვენება, დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი არ უყვართო. ამ თემაზე პირადი აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ ან რა დროს ჩემი აზრია, როცა წინ არაერთხელ ნაცემ, არაერთ მილიონერ-მილიარდერთან ,,გაბუტული'' და რამდენიმე პარტიიდან გარიცხული მურმან დუმბაძის ინტერვიუს წაკითხვის ,,სიამოვნება'' გელით.
- ...ჩემთვის უხერხული კითხვები არ არსებობს, რადგან, როცა კაცი საჯარო საქმიანობაში შედიხარ და ეს უამრავი წელი გრძელდება, ჯერ ერთი, რუბიკონი გადალახულია და აშკარად გრძნობ, რომ ეს შენთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა; მეორეც, ხვდები, რომ მაქსიმალურად ღია უნდა იყო. მაგალითად, დასაწყისში ყოფილა შემთხვევები, როცა ინტერვიუ ,,ჩამვარდნია'', რადგან ვერ გავხსნილვარ, თუ გაიხსნები, ჟურნალისტიც ,,მოგყვება'', თუმცა ,,გახსნა'' ჟურნალისტის კლასზეცაა დამოკიდებული...
- გახსოვთ, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას უხერხულ სიტუაციაში პირველად როდის აღმოჩნდით?
- პირველად ტელევიზორში 1995 წელს გამოვჩნდი და ინტერვიუ გიგა ბოკერიას მივეცი - მაშინ ის ,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტი იყო და იცით, რა უხერხულობა შეიქმნა? - ბათუმში, საარჩევნო უბანზე, სადაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ვიყავი, ჩემზე თავდასხმა მოხდა - ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჰოდა, უბანი მივატოვე...
- შეგეშინდათ?
- პრაქტიკულად, უბანზე მხარდამჭერი აღარ მყავდა და ოფისში წავედი. ეს ამბავი გახმაურდა. ბოკერია მოვიდა და ინტერვიუს იწერდა, მე კი მიკროფონს ვართმევდი, მეუბნებოდა, ჟურნალისტი ვარ და მიკროფონი მე უნდა მეჭიროსო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ მიკროფონი სხვას უნდა სჭეროდა და მე ისე მელაპარაკა... 2004 წლის მარტში, როცა აბაშიძის წინააღმდეგ ყოველდღიური მიტინგები იმართებოდა, სააკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო, რამდენიმე ადამიანს შეხვედრა გვთხოვა, სადაც ბოკერიაც იყო და თვითონ გამახსენა, შენ ის არ ხარ, 10 წლის წინ ინტერვიუ რომ ჩამოგართვიო?..
- ბატონო მურმან, რაც პოლიტიკაში ხართ, ხმაური და ცემა არ მოგკლებიათ, მაგრამ ცნობადობა რამ მოგიტანათ - ,,ხელების გახმობამ'' თუ 26 მაისის მიტინგმა? ისე, ორივე ხელი მწყობრში გაქვთ და არ გაგხმობიათ?
- დიახ, ორივე ხელი კარგადაა, რადგან მაშინ მხოლოდ მე კი არა, ქვეყანამაც, ვფიქრობ, სწორად შემოხაზა.
- თუ სწორად შემოხაზეთ, აბა, ,,ოცნებას'' პირველი რატომღა გაემიჯნეთ?
- (იცინის) სხვათა შორის, იცით, პოლიტიკაში როგორ მოვხვდი? - უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე და 80-იანი წლების ბოლოს, ასპირანტურას მოსკოვში გავდიოდი. 9 აპრილი უკვე მომხდარია, სახაროვი და სობჩაკი ქართველობას ძალიან გვულგშემატკივრობენ, არბატზე ქართველები სათვისტომოს ვაარსებთ... ახალგაზრდები სიტყვით გამოდიან და ვატყობ, რომ ამა თუ იმ საკითხს ზოგიერთზე უკეთესად მე ავხსნი... საქართველოში რომ დავბრუნდი, მუშაობა უნივერსიტეტში დავიწყე - მათემატიკაში ლექციებს ვკითხულობ და წარმატებული ლექტორი ვარ, მაგრამ ქუჩა უნივერსიტეტზე მეტია. დათო ბერძენიშვილს ვიცნობდი და 1990 წელს რესპუბლიკურ პარტიაში შევედი.
- მოკლედ, იმთავითვე კარგი მენეჯერული გათვლა გაგიკეთებიათ...
- ადამიანმა, რომელიც 10-20-წლიან პერსპექტივაზე ფიქრობს, ცოტა შორს უნდა გაიხედოს. მგონია, რომ სწორი მოქალაქეობრივი გათვლა გავაკეთე - მაშინდელი ამოცანა ამ ქვეყნის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა იყო. სხვათა შორის, ლექციებს 2005 წლამდე ვკითხულობდი, კარგი სტუდენტები მყავდა და ხანდახან, როცა მარტო ვრჩები, კათედრა მენატრება ხოლმე... 2003-2004 წლები ჩემთვის გადამწყვეტი იყო - ეს აბაშიძის 13-წლიანი მმართველობის დასრულების პერიოდია და შეიძლება, ტრაბახად ჩამითვალოთ, მაგრამ აბაშიძის წინააღმდეგ იმდენი, რამდენიც ჩემს ოჯახს აქვს გაკეთებული, ერთ აჭარულ ოჯახსაც არ გაუკეთებია!
- ასლანს რას ერჩოდით?
- რა არის, იცით? - ჩემი ფსიქოტიპი, ეტყობა, ისეთია, რომ ყოველთვის დამარცხებულს თანავუგრძნობ, გამარჯვებულს კი ვებრძვი.
- უი, უი, უი...
- დააკვირდით: აბაშიძე წავიდა, სააკაშვილი მოვიდა - გამარჯვებულია. დამიბარა და მეუბნება, ხელვაჩაურის რაიონს გამგებლად უნდა წახვიდეო. თუ თაღლითი და მაიმუნი ხარ, ხელვაჩაური უზარმაზარი საგავლენო რაიონია - საბაჟოც იქაა, რკინიგზაც, მაგრამ გამგებელი ზუსტად 18 დღე ვიყავი, მე-18 დღეს პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, გამგებლობიდან გადავდექი და ოპოზიციაში წავედი. იგივე გავაკეთე ბიძინა ივანიშვილთანაც, ,,ქართული ოცნებიდან'' ძალიან მაღალი თანამდებობა მოვიპოვე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გავხდი, მაგრამ სამ თვეში მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. მოკლედ, გამარჯვებულთან ყოფნა არ მიყვარს და არ მსიამოვნებს.
- აბა, რისთვის იბრძვით?
- ალბათ, ასეთი კაცი ვარ... ლევან ბერძენიშვილს აქვს ნათქვამი, მაგის პარტიაში შესვლას აზრი არ აქვს, მაინც გარიცხავენო. რესპუბლიკური პარტიიდან ცნობილი მეჩეთის გამო გამრიცხეს, ,,ქართული ოცნების'' დამფუძნებელი ვიყავი, მაგრამ იქიდანაც გამრიცხეს - სამ თვეში პირველი ახირებები მქონდა...
- ანარქისტი ხართ?
- არა, არა... მგონია, რომ მორალისტი ვარ.
- პოლიტიკა და მორალი?
- მგონია, რომ სუფთა საქმეს ვაკეთებ - პოლიტიკოსმაც ჩვეულებრივი ადამიანივით უნდა იცხოვროს და არ მინდა, ვინმესგან განსხვავებული ვიყო. ამ ამპლუაში ამიტომაც ვარ, თორემ ხელისუფლებაში ყოფნა, პირდაპირ გეტყვით, საკმაოდ კომფორტია, ოპოზიციაში ყოფნა კი რთულია - ყველანაირი ხიფათია.
- სხვები სხვანაირად ფიქრობენ და ამბობენ, ოპოზიციაში ყოფნა უფრო კომფორტულია, რასაც გინდა, იტყვი და პასუხი არაფერზე მოგეთხოვებაო...
- არა... ჩემი სამუშაო გრაფიკი 18-სათიანია.
- ვერ გამაკვირვებთ, ბატონო მურმან, რადგან 24 საათი ვმუშაობ!
- პროფესიონალები ასე იქცევიან. მაგალითად, გუშინწინ ერთი კარგი საქმე გაკეთდა.
- რა საქმე?
- შინაურები გაფრთხილებული მყავს, რომ შეხვედრა ოფიციალურად, სამუშაო კაბინეტში უნდა მოხდეს. ერთი თვე სოციალურ ქსელში ჩემს მეუღლეს ერთი ქალბატონი წერდა და ჩემთან შეხვედრას ითხოვდა. ბოლოს, მოწერა, ეს კაცი უფრო ძარღვიანი და კომუნიკაბელური მეგონა, მაგრამ ჩემთან კავშირზე არ გამოვიდაო. ავდექი და დავურეკე. ქალბატონმა მითხრა, თუ არ ჩაერევით, რამდენიმე დღეში, სარფში ფეშენებელურ სახლს დავკარგავო. კვარიათის მიდამოები დედამიწის ზურგზე, მგონი, ულამაზესია, თაღლითების ჯგუფი მიდის და იქ მცხოვრებლებს ეუბნება, თქვენს სახლს რაღაც აკლია და არ გინდათ, უპროცენტო სესხი მოგცეო?.. გაჭირვებული ადამიანები ამაზე ეგებიან და თაღლითებს სახლს უფორმებენ... მე და ქალბატონმა მედეა ვასაძემ აჭარის პროკურატურაში დავრეკეთ და ვუთხარით, ეს თაღლითების ჯგუფი სასწრაფოდ დააპატიმრეთო. გამოძიება მანამდეც დაწყებული იყო, მაგრამ ჩვენი ზარის მერე ცოტა ,,აფაცხუნდნენ'' და გვითხრეს, თაღლითების ჯგუფი პასუხისგებაში მიეცემაო ანუ ეს ქალბატონი სახლის დაკარგვას გადავარჩინეთ. თუ შენი ოთხწლიანი საპარლამენტო მუშაობისას, ერთი წაქცეული მაინც წამოაყენე, თავი ბედნიერად უნდა ჩათვალო... ისე, ძველი ხელისუფლება ამ თაღლითებს დაიჭერდა, ესენი კი ცოტა ლოიალურები არიან. ადამიანი თავისუფალი მანამაა, სანამ სხვის თავისუფლებას არ დაარღვევს.
- ანუ, როგორც მიშა იტყოდა, სხვისი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ჩიორას ცხვირი იწყებაო...
- ჩიორას ცხვირზე რომ დაარტყეს და სისხლი წამოუვიდა, იმ დღეს მე ჩიორა ვიყავი, თაქთაქიშვილი!
- ახლა, არ მითხრათ, გიგიც ვარ და ვანოცო!
- არა! მხოლოდ გიგი და ვანო კი არა, ციხეში შეიძლება, ჩიორაც უნდა იჯდეს, მაგრამ არა ცხვირგატეხილი. პატიმარიც ადამიანია, მაგრამ ვანო მერაბიშვილი ციხიდან 2018 წელს გამოდის და მე ვამბობ, რომ 2038 წლამდე უნდა იყოს რადგან 2011 წლის 26 მაისს, მისი მინისტრობისას ხუთი ადამიანი გარდაიცვალა...
- ერთ სიტყვით, მურმან ბატონო, აჭარაში გავლენა გაქვთ?
- ვფიქრობ, საზოგადოება შრომას აფასებს.
- შრომას თუ ხმაურს?
- შრომას... ხმაურს მაშინ იწყებ, როცა ხმადაბალი ლაპარაკით არაფერი გამოდის.
- მაინც, მგონია, რომ ბიზნესის ნიჭი გაქვთ...
- (იღიმება) ხმაური ჩემი ერთგვარი მარკეტინგია. ბავშვობიდან მოძრაობა მიყვარს - ტელევიზიაში ჟურნალისტები ხშირად მეუბნებიან, ბატონო მურმან...
- ნუ ცქმუტავთო, არა?
- დიახ, აი, ასე შინაურულად მეუბნებიან, როგორც თქვენ მითხარით, მაგრამ ეს ჩემი სტილია. რომ გავჩერდე, ეს ჩემთვის სიკვდილი იქნება, ამიტომ უნდა ,,ვიცქმუტუნო''!
- მოკლედ, არ მეუბნებით, მურმან დუმბაძე ,,ხელის გახმობამ'' შექმნა თუ 26-მა მაისმა?
- მურმან დუმბაძე ნოშრევან დუმბაძისა და კაკალა შერვაშიძის დიდმა სიყვარულმა შექმნა! ერთხელ, ერთი ტელევიზიიდან მოვედი და, როგორც თქვენ მითხარით, ნუ ცქმუტავთო...
- გეწყინათ?
- არა, პირიქით, კარგი სიტყვაა და დამამახსოვრდა... ჰოდა, პოლიტიკოსებს უყვართ - ხანდახან წაითამაშებენ და იმ დღეს, როგორც ჩანს, ზედმეტად ვითამაშე: ძალიან წყნარი და თავაზიანი ვიყავი. დედამ მითხრა, არ გიხდებოდა, ისეთი იყავი, როგორიც ხარ ანუ ,,იცქმუტეო''. ასეთი შემქმნეს დედამ და მამამ...
- ცხადია, ვერ ,,გადაკეთდებით'', მაგრამ პოლიტიკურ პარტნიორებზე არასანდოს შთაბეჭდილებას არ ტოვებთ?
- ადამიანები, განსაკუთრებით, პოლიტიკოსები ეჭვის თვალით მიყურებენ, მაგრამ მგონია, რომ გულის სიღრმეში მაინც მაფასებენ იმიტომ, რომ ,,ხელისუფლობა'' ნაკლებად მაინტერესებს.
- მაგრამ ხელისუფლებაში ხართ!
- ხელისუფლებაში ვარ, მაგრამ ხელისუფლების ოპოზიციაში ვარ! ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
- ბატონო მურმან, საპარლამენტო თანამდებობაზე, ალბათ, იმიტომ დარჩით, რომ კარგი ანაზღაურება გაქვთ და ავტო გემსახურებათ, არა?
- არა.
- კაცო, თუ ეს ,,ოცნება'' ცუდია, მისი ვიცე-სპიკერობა რათ გინდათ?
- დავამტკიცე, რომ ყველგან და ყველაფერში საკუთარი წონა და ძალა მაქვს. ის, რაც ჩემში დევს, მგონია, რომ მასწავლებლის ერთი მეათედია, დანარჩენი 9 მეათედი კი ჩემია.
- მასწავლებლად ივანიშვილს თვლით თუ რესპებს?
- მასწავლებელი ჩემი თავი, გამოცდილება, რწმენა და გამოუსწორებელი ოპტიმიზმია - მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მაგრა დამარცხდება იმიტომ, რომ სიტყვა გატეხა.
- რომელი სიტყვა?
- ძალიან ბევრი სიტყვა. პირველ ოქტომბერს განსაკუთრებული ოფლი საკუთრების უფლებების აღდგენისთვის დავღვარე...
- აგერ, ქიბარ ხალვაშს ,,რუსთავი 2'' დაუბრუნეს და ამაზე მეტი საკუთრების უფლების აღდგენა რაღა გინდათ?
- ქიბარ ხალვაშს, ,,რუსთავი 2''-ის გარდა, სხვა უამრავი ქონება ჩამოართვეს, მაგრამ იმაზე არ დავობს და ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალი შერჩევითა. ხალვაშს მილიონიანი ბიზნესი წაართვეს, ჩემს ნათესავს, მეზობელს თუ მეგობარს კი ასლარიანი ,,ბუტკა'' ჩამოართვეს და ამას რატომ არ აბრუნებენ? ესე იგი, ჩანს, რომ ,,რუსთავი 2''-ში რაღაც ინტერესია და ივანიშვილი ამიტომ დამარცხდება.
...შიგა წრეში, 10-15 კაცში, პოლიტსაბჭოზე საკუთრების დაბრუნების საკითხი ოფიციალურად დავსვი, მაგრამ მითხრეს, საკანონმდებლო ორგანოში უნდა იმუშაო და მთავრობა რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, შენი საქმე არააო.
- ეს ვინ გითხრათ?
- პირადად ივანიშვილმა.
- ეს რომ გითხრათ, გეწყინათ?
- ძალიან... ვიჩხუბეთ და, დაახლოებით, ნახევარი წელი ივანიშვილი არ მელაპარაკებოდა.
- დაკონტაქტების მცდელობა გქონდათ?
- გულში ჩადება არ ვიცი და შემიძლია, ძალიან დიდ მტერსაც დაველაპარაკო.
- ანუ ამ პოლიტსაბჭოს შემდეგ ივანიშვილი მტრად გთვლიდათ?
- კი - ჩემს ერთ მეგობარს უთხრა, მურმანი მტრად მომეკიდაო. თავიდან ივანიშვილთან რესპუბლიკელებმა და სხვა პარტიებმა არ მიმიშვეს.
- არ გენდობოდნენ...
- გასაგებია და არც მიკვირს - გრძნობდნენ, მივიდოდი და ჩემი გავლენები ყველგან იქნებოდა. პირდაპირ გეტყვით: არ გეგონოთ, რომ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა დამასახელა.
- აბა?
- მე შევთავაზე. ამბიცია ალასანიას გუნდს ჰქონდა, აჭარაში თავიანთი გავლენა რესპუბლიკელებს დღესაც აქვთ. ვუთხარი, ამ სიტუაციიდან გამოგიყვანთ და პრაიმერიზი კი არა, სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეთ-მეთქი. ესეც ტრაბახი გამომდის, მაგრამ იმაზე ორჯერ მეტი ხმა მივიღე, ვიდრე ჯამში, ყველა დანარჩენმა. დარწმუნებული ვარ, გელა ხვედელიძეს ეს მონაცემები დღესაც სეიფში აქვს შენახული... გელამ დამირეკა, მურმან, კვლევები ჩატარდა, ალამი თქვენ გიჭირავთ და თქვენი საქმე გადაწყვეტილიაო. პოლიტსაბჭოზე ყველამ ხელი ასწია, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალიანსის წევრებმა ბათუმში ხმა არ მომცეს.
- ბატონო მურმან, ივანიშვილთან ურთიერთობით რა იხეირეთ?
- ვერაფერი.
- არ დამიმალოთ: მილიონის შოვნა თქვენც გინდოდათ?
- მილიონერებთან კავშირი პირველად არ მქონია.
- ივანიშვილი მილიარდერია...
- ჩემი მასწავლებელი ბორის ბერეზოვსკი იყო...
- ვაი, დედა...
- ჩემი ასპირანტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბორის აბრამოვიჩ ბერეზოვსკი იყო, თუმცა მაშინ ფული არ ჰქონდა...
- ახლა გასაგებია, პოლიტიკური ინტრიგები ვისგან გისწავლიათ... როცა მოსკოვის უშიშროების შეფი გახდა, ბერეზოვსკისთან ურთიერთობა მაშინაც გქონდათ?
- არა. 90-იან წლებში მოსკოვიდან წამოვედი... ხელი მაქვს ჩამორთმეული მეორე მილიარდერისთვის, ბადრი პატარკაციშვილისთვის...
- პატარკაციშვილი მილიონერი იყო...
- ლეონიდ ჩერნოვეცკის ბიძინა ივანიშვილზე ნაკლები ფული არ აქვს. საქართველოში პირველი ადამიანი ვარ, ვისაც შემომთავაზა, პოლიტიკაში მასთან ერთად შევსულიყავი. ლეონიდ მიხაილოვიჩს ვკითხე, თქვენს მილიარდერ მეზობელ ბიძინა ივანიშვილს ხვდებით თუ არა-მეთქი. მიპასუხა, არასოდეს მინახავსო. ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ხვდება და... ეს ,,კარტები'' გავხსნათ.
- რომელი ,,კარტები''?
- ჩემი შეხვედრიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში ჩერნოვეცკის ივანიშვილი ხვდება. ამის შემდეგ დამირეკა, ავადმყოფობის გამო ქვეყნიდან გავდივარო და ორი თვით წავიდა.
- ანუ ჩერნოვეცკის ივანიშვილმა უთხრა, საქართველოდან წადიო?
- რა თქმა უნდა... ამ დროს ოფისები და პირველი ,,ტიპები'', ვინც ამ საპოლიტიკო ურთიერთობაში შემოდიოდნენ, მოძებნილები არიან. ისინი ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან, მაგრამ გვარებს არ დავასახელებ... რამდენიმე დღეში ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა.
- ეს რაღა შუაშია?
- ვფიქრობ, ღარიბაშვილის გადაყენება ჩემს ჩერნოვეცკისთან შეხვედრას უკავშირდება. ჩემი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი ჩერნოვეცკის ხვდება და მათი შეხვედრის დღეს გადაწყდა ღარიბაშვილის გადაყენება.
- მეტი კონკრეტიკა, ბატონო მურმან...
- ვერ ვიტყვი... ჩემი ძალიან მაღალი ვარაუდით ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მილიარდერ ლეონიდ ჩერნოვეცკის შეხვედრის შედეგია. 29 დეკემბერს, პარლამენტში კვირიკაშვილის მთავრობის დამტკიცებისას, განცხადება გავაკეთე, ბატონო გიორგი, თქვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გადაეცით, მურმან დუმბაძე-ირაკლი ღარიბაშვილი ,,ადინ-ნოლ''-მეთქი. როცა პარტიიდან გამრიცხა, ღარიბაშვილმა მითხრა, ვიცე-სპიკერობიდანაც გაგაგდებო, მივუგე, ვერ გამაგდებ, რადგან ძალიან ბევრი მთავრობა გამიგდია და მე ისევ აქ ვარ-მეთქი.
- ესე იგი, ჩერნოვეცკის რომ არ შეხვედროდით...
- დიახ, მას არც ივანიშვილი შეხვდებოდა და არც ღარიბაშვილს გაუშვებდნენ...
- ძალიან ჩახლართული ამბავია - ვერაფერი გავიგე...
- ვანო პავლიაშვილი იმ კლასის ჟურნალისტია, რომ შეუძლია, მოკვლევა დაიწყოს...
- მაშასადამე, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ივანიშვილს თქვენი ეშინია?
- ელექტორალურად ეშინია...
- არ მიგულისხმია, რომ იარაღს ატარებთ და...
- იარაღიც შევიძინე და ეს პირველი შემთხვევაა: არც შევარდნაძის, არც აბაშიძის და არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იარაღი არ მჭერია...
- ვერ გავიგე, ამ უკრაინელ ჩერნოვეცკის საქართველოზე გული რატომ შესტკივა? ისე, ამბობენ, რომ პოლიტიკური აფერა წამოიწყო და ფულს ,,ათეთრებდაო''. ზოგი სააკაშვილის პროექტადაც მიიჩნევდა. არ იეჭვეთ, რომ ჩერნოვეცკი, რომელიც, თუ არ ვცდები, თაღლითობისთვისაა გასამართლებული, რაღაცაში გითრევდათ?
- ეს კითხვები, რა თქმა უნდა, დავუსვი, მაგრამ დასაწყისში ხომ გითხარით, ღია ვარ-მეთქი...
- არ გეწყინოთ და, ცოტა ავანტიურისტიც ხართ, ბატონო მურმან...
- ვანო პავლიაშვილისთვის, შეიძლება, ავანტიურისტი ვარ!
- ისე, მეც ცოტა ავანტიურისტი ვარ და ამაში ცუდი არაფერია...
- ჟურნალისტები მეუბნებოდნენ, მილიარდერებში გიმართლებთო. პირდაპირ ვაცხადებ: ჩერნოვეცკი ელექტორალურად არ მჭირდება, მე მისი ფული მჭირდება! მოდი, ასე გავაკეთოთ.
- როგორ?
- აი, ამ არა-ჩვეულებრივ ინტერვიუში დაწერეთ: ბიძინა ივანიშვილმა X ლარით დამაფინანსოს...
- მაინც, რამდენი გინდათ, ივანიშვილმა მოგცეთ?
- თქვენთან სანაძლეოს ჩამოვალ, ივანიშვილმა X ლარით დამაფინანსოს, ჩემს პარტიას შევქმნი და მერე ჩემს წინააღმდეგ ათჯერ X ლარი დახარჯოს, მაგრამ მაინც მოვუგებ...
- ძალიან ჩახლართულად ლაპარაკობთ ანუ ჩერნოვეცკისგან პოლიტიკურ ფიგურას ივანიშვილი ქმნიდა?
- არა, ჩერნოვეცკი ელექტორალურად კი არა, მისი ფული მჭირდებოდა.
- ფული რუსულმა გრუ-მ რომ მოგცეთ, აიღებთ?
- ძალიან რთული კითხვაა და საფიქრალია... ამ ფულს სახელმწიფოს წინააღმდეგ არ გამოვიყენებ!
- რუსეთი ოკუპანტია?
- დიახ, რუსეთი საქართველოს მტერი და ოკუპანტია! ისე, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ივანიშვილის ფულიც იქნა გამოყენებული, მაგრამ არ მიკითხავს, ეს გრუ-ს ფული იყო თუ პუტინის... ხომ დაწერთ, რომ, თუ ბიძინა ივანიშვილი X ლარს მომცეს და ჩემს წინააღმდეგ ათჯერ X ლარს დახარჯავს, გარანტიას ვაძლევ, არჩევნებს მოვუგებ?
- დიახ, სიტყვა-სიტყვით ასე დავწერ, მაგრამ მეჩვენება, რომ ივანიშვილს საჯაროდ ევაჭრებით!
- (იცინის) არა, არა...
- ბატონო მურმან, მოდი, ასე შევთანხმდეთ: თუკი ყოფილი პრემიერი X ლარს მოგცემთ, შუაზე გამყოფთ, ოკ?
- (ისევ იცინის) ფულთან შეხება მე არ მაქვს... ფული შესაქმნელ პარტიას უნდა მისცეს.
- რახან ასეა, მაშინ თქვენს არშექმნილ პარტიაში თავმჯდომარის მოადგილედ წამოვალ...
- კი ბატონო, ფინანსური მენეჯერი იყავით!.. ბატონო ვანო, ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სისუსტე დაუფინანსებლობითაც აიხსნება. აი, მაგალითად, კახა კუკავა პოლიტიკის ვარსკვლავი იქნებოდა, მაგრამ მისი პარტია უკიდურესად სუსტი იმიტომაა, რომ ფული არ აქვს...
ამის მერე თანამოსაუბრემ იმის ახსნა დამიწყო, თუ რა კარგ საქმეს აკეთებს ჩერნოვეცკი საქართველოსთვის, მაგრამ ვინაიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყებულია, ამ დეტალებს არ ვაქვეყნებ. მასთან კავშირი გაწყვეტილია - ურთიერთობა დავამთავრეთო, - ასე დაასრულა კიევის ყოფილ მერზე საუბარი მურმან დუმბაძემ.
- ანუ ახალ მილიონერ-მილიარდერს ეძებთ?
- არავის ვეძებ! ჩემით არც ბიძინა ივანიშვილთან მივსულვარ!
- ...ნატო თუ რუსეთი?
- ნატო.
- ჰოდა, თუ ნატო, 26 მაისს, ნინო ბურჯანაძის მიტინგზე რა გინდოდათ?
- ნინო ბურჯანაძესთან არ ვიყავი.
- აბა, 26 მაისის მიტინგზე ყოფნა ,,ჩაგიდეს''?
- მე რუსთაველის პროსპექტზე ვიყავი, სადაც თავისუფლებას ვეძებდი! 1991 წლიდან მოყოლებული, ერთ მიტინგსაც ვერ დამისახელებთ, რომელზეც არ ვყოფილვარ!
- დაგისახელებთ: აგერ, სულ ახლახან, ,,რუსთავი 2''-ის მხარდასაჭერ მიტინგებზე არ მინახიხართ!
- აქ არ ვიყავი, თუმცა პოლიტიკური განცხადება გავაკეთე...
- მოკლედ, ბურჯანაძესთან რა გინდოდათ?
- ბურჯანაძესთან არ ვიყავი, თავისუფლებას ვეძებდი.
- და ხელკეტები იპოვეთ...
- მერე, რა?! ხელკეტები ვიპოვე 7 ნოემბერსაც, 2003-შიც, 1999 და 1995-შიც...
- მგონი, ხელკეტები კარგად გაქვთ დაცდილი - ჯერ გცემენ და მერე მილიონერებს იცნობთ!
- (გულიანად იცინის) ეს მუდმივი ბრძოლაა. თუ არ ცქმუტავ, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ მკვდარი ხარ.
- ეს სიტყვა ძალიან მოგეწონათ...
- დიახ და მიკროფონთანაც გამოვიყენებ.
- გამოიყენეთ, ოღონდ საავტორო უფლებას დაიცავთ და იტყვით, რომ მე გასწავლეთ.
- დიახ... უნდა ,,იცქმუტუნო''... 25-26 მაისის გასაყარზე ღირსებას, თავისუფლებას და საკუთარ ,,მე''-ს ვეძებდი...
- ,,ბელა ჩაოს'' თანხლებით, არა?
- კი ბატონო... მე არც ბიძინა ივანიშვილთან მივსულვარ და არც ჩერნოვეცკისთან, შემიძლია, სატელეფონო ზარებითაც დაგიმტკიცოთ, რომ ივანიშვილმაც თვითონ დამპატიჟა და ჩერნოვეცკიმაც...
- ...ოქტომბერში რას აპირებთ, ბატონო მურმან?
- ვფიქრობ, არსებულ ხელისუფლებას მოსვენებას არ მივცემ.
- ბათუმის მაჟორიტარობას დამოუკიდებლად დააპირებთ?
- გამორიცხული არაფერია... რაღაც შემოთავაზებები არის, მაგრამ კარგად ვაკვირდები - მეჩვენება, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, როგორც თქვენ ამბობთ, ცქმუტავს.
- მეჭიაურთან მიხვალთ? ისე, ვასაძეც მილიონერია...
- თამაზ მეჭიაურმა უნდა დამიმტკიცოს, რომ ბიძინასი არაა!
- ვიდრე თამაზ მეჭიაური ამას დაგიმტკიცებთ, ძველ ბრალდებას გაგახსენებთ, რომლის თანახმადაც, მთელი აჭარა ხელში ჩაიგდეთ. მართლა ნეპოტისტი ხართ, ბატონო მურმან?
- ესეც ბიძინა ივანიშვილის აგორებულია.
- ანუ ჭორებს ყოფილი პრემიერი გივრცელებდათ?
- ჟურნალისტმა ჰკითხა, მურმან დუმბაძის ნეპოტიზმზე რას იტყვითო და პასუხი არ გაინტერესებთ? - აჭარას ერთი კაცი არ უნდა მართავდესო.
- გულზე ხელი დაიდეთ და ისე მიპასუხეთ, აჭარას მართავდით?
- (გულზე ხელს არ იდებს) ჩემი სტილი არაა!
- გულზე ხელი დაიდეთ!
- (იდებს) ოთხი მინისტრიდან სამი ჩემი დანიშნულია.
- მეტი ნეპოტიზმი რაღა გინდათ?!
- დღეს ,,ქართულ ოცნებას'' ასეთი კვალიფიციური მინისტრები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაშიც არ ჰყავს!
- ისე, მინისტრების დანიშვნა თქვენი მოვალეობა არაა!
- ბიძინა ივანიშვილმა როგორც გამარჯვებულ კანდიდატს, დამავალა, მთავრობა დამეკომპლექტებინა - ეს მისი, როგორც პრემიერის უშუალო დავალება იყო. ამას წინათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ძალიან მაგარი პროექტებით შემოდისო. ძალიან გამიხარდა, იმ წუთას ,,მოვცქმუტე'' და ვუთხარი, იცი, ვისი შერჩეულია-მეთქი. მომიგო, კი, ვიციო...
ორი შვილი მყავს, ერთი აშშ-ს მოქალაქეა და საჯარო სამსახურში არაა, მეორე შორეული ნაოსნობის ოფიცერია - 9-10-ბალიან ტალღებს ეთამაშება. საჯარო სამსახურში არც ჩემს ცოლს უმუშავია, ერთი ძმა აჭარაში ერთ-ერთი ძლიერი სტომატოლოგია, მეორე - გურამ დუმბაძე აჭარაში ეროვნული მოძრაობის პატრიარქია, ბიზნესმენია და საჯარო სამსახურში ერთი დღე არც იმას უმუშავია. საჯარო სამსახურში არც ჩემს დას უმუშავია, დისშვილი კი, რომელიც აშშ-ში სწავლობდა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა - ბერიძემ თანაშემწედ იმიტომ წაიყვანა, რომ, ვიდრე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდებოდა, ჩემი დისშვილი მისი დირექტორი იყო. თუ ადამიანებს სამუშაოს დისშვილობისა და ძმისშვილობის გამო ავუკრძალავთ, ამას ფაშიზმი უნდა დავარქვათ! ასე რომ, ჩემი რეკომენდაციით ერთი ნათესავიც არ დანიშნულა. ნეპოტიზმზე ლაპარაკი მაშინ გაჩერდა, როცა ვთქვი, ერთი ჩემი ნათესავი დამისახელეთ და ივანიშვილის ხუთ ნათესავს დაგისახელებთ, რომელიც აჭარაში საჯარო სამსახურში მუშაობს-მეთქი... მაგალითად, არქივის დირექტორი მაკა ივანიშვილი, რომელიც აჭარაში მე ჩავიყვანე.
- ასე, ალბათ, იმიტომ მოიქეცით, რომ ივანიშვილისთვის გესიამოვნებინათ, არა?
- არა. სხვათა შორის, ივანიშვილს მე გავაცანი.
- თუ თქვენ გააცანით, ეს ნეპოტიზმი არ გამოდის!.. ბატონო მურმან, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ხართ, ივანიშვილი. რას გააკეთებთ?
- (იცინის) არ ვიცი... მაგალითად, საყდრისს არ დავანგრევდი, ხეს არ გადავრგავდი...
- და ,,ოცნებაში'' ალბათ, მურმან დუმბაძესაც არ მიიღებდით.
- პირიქით... 13 წელი ასლან აბაშიძეს ვეუბნებოდი, ბატონო ასლან, მოვა დრო და საქართველოში არ იცხოვრებთ-მეთქი. სააკაშვილსაც ასე ვეუბნებოდი და არც ცხოვრობს, მაგრამ არ მინდა, ივანიშვილს ვუთხრა, საქართველოში არ იცხოვრებთ-მეთქი, თუმცა ძალიან ღრმა შეცდომებს უშვებს და მეჩვენება, მლიქვნელები უყვარს.
- მთავარი მლიქვნელი ვინაა?
- ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მლიქვნელი, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებდა, დავით საგანელიძეა - საგანელიძე ,,ქართულ ოცნებაში'' არ უნდა იყოს! ეს კაცი, რომ გელაპარაკება, თვალებში ვერ გიყურებს. გეუბნება, რომ საქმე ,,ა'' უნდა გაკეთდეს და ,,ბ''-ს აკეთებს. მგონია, ბიძინა ივანიშვილს ის ადამიანები შეუყვარდა, რომლებიც ეფერებიან!..
- ბოლო კითხვა დამისვით, ბატონო მურმან და წავედი...
- კითხვების დასმას მიჩვეული არ ვარ... ეს ინტერვიუ როდის გამოქვეყნდება?
- ორშაბათს... აბა, კარგად მენახეთ!