„ეს პრობლემები რომ არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რამაც სერიოზულად შეურყია პოზიციები მმართველ გუნდს, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა შეიძლება ძალიან მინიმალური ყოფილიყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე.
for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და თუ გავითვალისწინებთ კორცხელის ინციდენტს, როგორი მოლოდინი გაქვთ, რამდენად კონსტუქციულ რეჟიმში წარიმართება ქვეყანაში საარჩევნო კამპანია?
ზაალ ანჯაფარიძე: საარჩევნო მდგომარება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გეგმები და განზრახვები აქვთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს. უკვე გამოჩნდნენ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების სხვა შედეგს, გარდა იმ შედეგისა, რომელიც მათ გამარჯვებულად გამოაცხადებს,
რაც ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, ისინი დაიწყებენ საპროტესტო აქციებს და შეეცდებიან ამ აქციებში ჩაითრიონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აპრიორი, შეიძლება ითქვას, რომ მაინცდამაინც დიდი შანსი, არა თუ გამარჯვების, არამედ ბარიერის გადალახვისაც კი არ აქვთ, მაგრამ უკმაყოფილო იქნებიან არჩევნების შედეგებით.
რომელი პოლიტიკური პარტიები გყავთ მხედველობაში?
- ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებსაც არც მანამდე ესინჯებოდათ პულსი. ასევე, გარკვეულ ახლად დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც მართალია დიდი ამბიციებით მოვიდნენ პოლიტიკაში, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვერ გადალახონ ბარიერი.
ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიაში პაატა ბურჭულაძეს გულისხმობთ?
- არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ავიღოთ თუნდაც იგივე ბურჭულაძის პარტია, კი ბატონო, ხალხი იცნობს პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ რამდენად იცნობენ ამ პარტიის წევრებს რეგიონებში? იქ, მათი ცნობადობის ხარისხი შედარებით დაბალია და პაატა ბურჭულაძის მხრებზე შემომჯდარებმა რამდენი პროცენტი უნდა აიღონ, რომ ბარიერი გადალახონ, ან ხელისუფლებაში მოვიდნენ, როგორც ისინი ამბობენ?
რა თქმა უნდა, თუკი ვერ აიღებენ ხმების იმ რაოდენობას, რასაც ელიან, დიდი ალბათობით, ისინიც დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა.
თქვენ საუბრის დასაწყისში კორცხელის ინციდენტი ახსენეთ და შეიძლება ძალიან დიდი კორცხელი მივიღოთ, თუკი მოვლენები იმ სცენარით განვითარდება, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტოს არჩევნების შედეგების გაპროტესტება, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ პერმამენტული საპროტესო აქციები.
თუმცა, პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში წარიმართოს...
- სხვა რა უნდა ეთქვა პრემიერ-მინისტრს? საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს და ხელისუფლება ვალდებულია, რომ მუდმივად გააკეთოს ასეთი განცხადებები, რათა შიდა და გარე აუდიტორია დაარწმუნოს, რომ მაქსიმუმს აკეთებენ. რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები, ეს რთული სათქმელია.
როდესაც ოპონენტად გყავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის პოლიტიკური მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა, შეძლებს ხელისუფლება, რომ მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაატაროს ქვეყაში საპარლამენტო არჩევნები?
- დიახ, გაუჭირდება ხელისუფლებას. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა განზრახვები და გეგმები აქვთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. თუ ზოგიერთ პარტიას გადაწყვეტილი აქვს, რომ გაითამაშოს რევოლუციური სცენარი, ხელისუფლებამ მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში რომც ჩაატაროს არჩევნები, ყოველთვის გამოინახება რაღაცა მიზეზი იმისათვის, რომ ეჭვის ქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები.
მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პარტიებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება სახიფათო ზღვარს არის მიახლოებული...
- პოლარიზების ხარისხი მაღალია, არჩევნებში მონაწილეობის და ზოგადი პოლიტიკური კულტურა კი დაბალი. ასევე, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია ორიენტირებული არის მოკლევადიანი მიზნების მიღწევაზე, რომ პარლამენტში ერთი კაცი მაინც შეიყვანონ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომლებსაც არც დამოუკიდებლად და არც ბლოკში გაერთიანებით ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი პოლიტიკური პარტიებისგან არის მეტად მოსალოდნელი, რომ ისინი წამოაგონ ანკესზე და ჩართონ რევოლუციურ პროცესში, როგორც ეს მოხდა 2003 წელს. გახსოვთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ლიდერის როლი აიღო, და მის ირგვლივ გაერთიანდნენ აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაციის მქონე პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები. გვახსოვს ჩვენ ეს ყველაფრი.
თუმცა, დღეს განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა...
- მართალია, დღეს სხვა სიტუაცია არის, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ფერად რევოლუციებს გააჩნიათ სათანადო ტექნოლოგოები და საზოგადოებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლიათ შეცვალონ საზოგადოების ქცევის ლოგიკა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მძიმე სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია არის ქვეყანაში. სწორედ ამაზე მიანიშნებდა თავის გამოსვლაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომ ეკონომიკის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე დემოკრატიის დონე. შეიძლება ჩვენ ვერ შევქმენით ისეთი დემოკრატია, რომელითაც ევროპას გავაოცებდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს.
ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს შეუზღუდავი წვდომა მედიასთან, მედია სივრცეში არის მედიაპლურალიზმი, ანუ ის რაზედაც აქტიურად გვესაუბრებოდა რამდენიმე დასავლელი დიპლომატი. დღეს ოპოზიციურ რეჟიმში მყოფი სულ ცოტა 3 თუ 4 ტელევიზია მაუწყებლობს ქვეყანაში. მათ არავინ არ ხურავს და არავინ არ უქმნის პრობლემებს. ასე რომ, ამ მხრივ სიტუაცია შეცვლილია უკეთესობისკენ. ცალკე საკითხია სასამართლო დავა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარეობს. სხვათა, შორის, იგივე „რუსთვი 2“-ის საქმესთან დაკავშირევით სასამართლოს განაჩენი შეიძლება გამოყენებული იქნას სიტუაციის გასამწვავებლად.
ივანიშვილის წერილში და ყველა მის გამოსვლაში იგრძნობა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“. რატომ არის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ ოპონენტად უმძიმესი წარსულით დატვირთული „ნაციონალური მოძრაობა“ ყავდეს?
- ბატონი ივანიშვილის წერილშიც და მის შემდგომ განცხადებებშიც იკითხებოდა, აშკარად არგაცხადებული, მაგრამ საკმაოდ გამჭვირვალე სურვილი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა საპარლამენტო არჩევნებში დაიმარტოხელოს „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან ბევრი ფაქტორის გამო მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა გაცილებით უფრო ეადვილება, ვიდრე თანაბარი ძალის მქონე პოლიტიკურ პარტიასთან. რთულია არჩევნები მოუგო ძლიერ, პოპულარულ და თანაბარწონად პარტიას. ისეთ პარტიას, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა,“ რომელსაც მოჰყვება ასეთი მძიმე წარსული, არჩევნების მოგება გაცილებით მარტივია. თუმცა, მე მგონია, რომ არც სხვა პარტიები არ ჩანან იმდენად მოძლიერებულნი, რომ კონკურენცია გაუწიონ „ქართულ ოცნებას“.
ამ ფონზე საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ისევ ცოცხლები არიან ნათელაშვილები, კუკავები და ერთკაციანი პარტიები...
- არა მარტო მათზეა საუბარი. ჩემი აზრით, არც პაატა ბურჭულაძის პარტია, არც „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვებიც სადღეისოდ იმ კონდენციაში არ არიან, რომ მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიონ „ქართულ ოცნებას“. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაქვეითებულია. ყველა იმ გადაცდომებისა და ხარვეზების გამო, რაც დაშვებული იყო მათი მმართველობის დროს, მათ ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი რესურსები, რომ სოლიდურად იყვენ წარმოდგენილი პარლამენტში.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ რეიტინგის პრობლემა აქვთ რესპუბლიკელებს, მაგრამ იგივე პაატა ბურჭულაძემ შესაძლოა, გარკვეული პრობლემა შეუქმნას „ქართულ ოცნებას“. დღევანდელი ვითარებით, რომელ პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა?
- ამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ არენაზე გამოვიდა რამდენიმე ახალი პოლიტიკური მოთამაშე, რომელთაც სერიოზული ფინანსური და ადამიანური რესურსები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მოხდება როგორც მინიმუმ, ელექტორატის გადანაწილება. ავიღოთ იგივე პაატა ბურჭულაძის პარტია, დიდი ალბათობით, შეიძლება ითქვას, მან შეიძლება ამომრჩეველი წაართვას როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამომრჩეველთა გარკვეული სეგმენტი წამოიყვანოს „თავისუფალი დემოკრატებისგან“, რესპუბლიკელებისგან და სხვა პარტიებისგან.
ზუსტად, ასევე შეიძლება „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი წაართვან იგივე ნაცმოძრაობას. მაინცდამაინც არ ვარ დარწმუნებული გიორგი ვაშაძისა და „გირჩის“ დიდ შესაძლებლობებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათაც შეუძლიათ ამომრჩევლის მცირე ნაწილი ჩამოაჭრან ნაცმოძრაობას, „ქართულ ოცნებას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. აქ საუბარია შედარებით ლიბერალურად განწყობილ პროდასავლურ ამომრჩეველზე. გასაგებია, რომ ეს არ არის ის ელექტორატი, რომელიც ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“ და მსგავს პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომ პარტიებს. იქ სულ სხვა ტიპის ამომრჩეველია. ეს არის ტრადიციონალისტურ-კონსერვატიული ამომრჩეველი, რომლისთვისაც იბრძოლებს როგორც „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, ნინო ბურჯანაძის, გოგი თოფაძის, თამაზ მეჭიაურის პარტიები და რამდენიმე სხვა ნაციონალურ-პატრიოტულ პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური ძალები.
აი, ასეთი საინტერესო კონფიგურაცია იკვეთება. ერთი მხრივ დგანან გამოხატული პროდასავლური ძალები, მეორე მხრივ დგანან ეროვნულ-პატრიოტულ პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკური პარტიები. სადღაც მათ შუა არის „ქართული ოცნება,“ რომელსაც სურს მოიზიდოს ორივე ტიპის ამომრჩეველი.
ამ ვითარებაში „ქართული ოცნებისთვის“ რას ნიშნავს ივანიშვილის ჩართვა საარჩევნო პროცესებში. რას მატებს ექსპრემიერი მმართველ გუნდს?
- ყველაფერს! როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა ასე აქტიურად საარჩევნო პროცესებში ჩართვა? – „ქართულ ოცნებას“ რომ შეექმნა პრობლემები, სწორედ ამან აიძულა ივანიაშვილი, რომ აქტიურად ჩართულიყო საარჩევნო პროცესში. ეს პრობლემები რომ არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რამაც სერიოზულად შეურყია მას პოზიციები, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა შეიძლება ძალიან მინიმალური ყოფილიყო. სწორედ მისი აქტიურად ჩართულობა არის ირიბი ინდიკატორი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰაერივით სჭირდება დღეს ბიძინა ივანიშვილის დახმარება.