„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერის სანაცვლოდ, „რესპუბლიკურ პარტიას“ წინაპირობის შესრულებას სთხოვს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, იმ შემთხვევაში თუკი, რესპუბლიკელი მინისტრები - თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი კორცხელის ინციდენტს არ დაგმობენ და ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის დასჯას არ მოითხოვენ, უმცირესობა ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ რესპუბლიკელების წინაშე აღნიშნულ მოთხოვნას იმ შემთხვევაში დააყენებს, თუკი მხარეებს შორის შეხვედრა და „გარკვეული საკითხების“ გავლა მოხდება.
რესპუბლიკელები შეხვედრისთვის მზადყოფნას არ გამოთქვამენ, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ საჯაროდ პარლამენტში მისვლას, პირობის შესრულებას და ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერას სთხოვენ.
საკანონმდებლო ორგანო საკითხზე მსჯელობას 22-24 ივნისს გეგმავს და ვინაიდან, პარლამენტი ოთხწლიან მუშაობას ასრულებს, საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეებს ე.წ. გერმანული მოდელიც ითვლის.
უმცირესობა პარლამენტში გამოცხადდება თუ არა, ამის თაობაზე ნაციონალები არც კის და არც არას ამბობენ, თუმცა, მათი განცხადებების შინაარსი აშკარად შეცვლილია. თუკი ნაციონალები ე.წ. გერმანული მოდელის ინიცირებისას პროექტის მხარდაჭერას აანონსებდნენ და ხმების მობილიზაციაზე აპელირებდნენ, ამჟამად, საკუთარი პოზიციის ცვლილების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, პარლამენტში ინიცირებულია არა ე.წ. გერმანული მოდელი, არამედ ხმალაძე-რესპუბლიკელების მოდელი და იმისათვის, რომ საკითხზე შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მოხდეს, რესპუბლიკელებთან შეხვედრა და საკითხების გავლა უნდა მოხდეს.
თუ რას გულისხმობს მიხეილ მაჭავარიანი საკითხების გავლაში, ამას არ აკონკრეტებს, თუმცა, ყურადღებას კორცხელის ინციდენტზე ამახვილებს.
„რამდენიმე დღეა განცხადებას ვაკეთებ და იქნებ, ეს თქვენი საშუალებით რესპუბლიკელებს გავაგებინო. ჩვენ ხმებს ვითვლით და ამ მოცემულობით, საკმარისი ხმები არ არის. მათ შეხვედრას და დალაპარაკებას ვთავაზობდით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხმები არ არის. უმცირესობაში დარჩენილი დეპუტატებიდან ორი ხმის მიცემას ვერ ახერხებს. ერთი სამკურნალოდ საზღვარგარეთ არის წასული, ხოლო სამველ პეტროსიანი ნაციონალი აღარ არის. მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში 45 დეპუტატი ვერ ვიქნებით“, - ამბობს მაჭავარიანი.
კანონმდებელის ცნობით, მათი სკეპტიციზმის მიზეზი ისიცაა, რომ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში „საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ოლქების გადანაწილების პრინციპი გასაჩივრებული აქვს, რაც რესპუბლიკელების მოდელით არ იცვლება.
„გერმანული მოდელი“ არასწორი სახელია, რადგან ეს მოდელი გერმანიაშიც აღარ არის. თუ კორცხელის ინციდენტის დავალების მიმცემი არ დაისაჯა, ეს მომავალში რესპუბლიკელებსაც შეეხებათ და სხვებსაც, მართალია, ივანიშვილის სამიზნე „ნაციონალური მოძრაობაა“, მაგრამ ეს ყველა ოპოზიციურ პარტიას შეეხება, რადგან ამ დავალების გამცემია კახი კალაძე, რომელიც შტაბის უფროსად დაინიშნა. ეს ხელისუფლების გზავნილია, ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ“, - აცხადებს დეპუტატი.
მაჭავარიანი ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის განცხადებასაც ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ ნაციონალებმა პოზიციები ოდესის გუბერნატორის ბრძანების შესაბამისად შეცვალეს, რომელმაც საქმიანობა კარავში დაიწყო.
„ყველამ თავის კარავს და სოლოლაკის რეზიდენციას მიხედოს. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ და არ ვამბობ, რომ ესენი როგორი ოპოზიციონერები არიან, მთავრობაში ხალხი ჰყავთ-თქო. ეს მახინჯი სისტემა ვინ მიიღო? – „ქართულმა ოცნებამ“ და მას ხმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ არ მისცა? მაშინ, ხმა არ მიეცათ და ეთქვათ, მხოლოდ ე.წ. გერმანულ მოდელს დაუჭერდნენ მხარს. ამის თქმისგან დეკემბერში ხელს რა უშლიდათ, როცა ივანიშვილისგან გამზადებული პაკეტით მოვიდნენ? - საკითხი მათი ხმების გარეშე ვერ გადიოდა. ერთ აზრამდე მისვლისთვის შეხვედრა გვჭირდება, რომ რაღაც საკითხები გავიაროთ“, - დასძენს მაჭავარიანი.
მიხეილ მაჭავარიანის საპასუხოდ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ინტერესდება, ნაციონალები შეხვედრას რისთვის ითხოვენ.
for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათ ე.წ. გერმანული მოდელის მიღება აღარ მოუნდათ, თუმცა, ადრე თქვეს, რომ ცვლილებას მხარს დაუჭერდნენ.
„მათ ადრე რომ ეთქვათ, მხარს არ დაუჭერდნენ, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ თქვეს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი მოსწონდათ და მხარს დაუჭერდნენ. საქმე საქმეზე რომ მიდგა, გაირკვა, რომ არც მოსწონთ, არც მხარს უჭერენ და თურმე, ხმები არ ჰყოფნით. რა კონსულტაციაზეა საუბარი? ეს საკითხი განხილულია და იციან, რაც არის და კონსულტაცია რას ნიშნავს? რაიმე საჩუქრები უნდა მიგვეტანა? - ეს სერიოზული საუბარი არ არის“, - ამბობს დეპუტატი.
ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მან ძალიან კარგად იცის, ნაციონალები ქუთაისში რატომ არ ჩადიან და კენჭისყრაში მონაწილეობას რატომ არ იღებენ.
„ჩემი აზრით, მათ ოდესიდან აუკრძალეს, რომ ასეთ საქმეებში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ასეთი სისტემის შემოღების შემდეგ შეუძლებელია „მაიდანი 2“-ის და რევოლუციის მოწყობა. მაგათ რა და როგორ დაითვალეს, არ ვიცი, რადგან უნდა ჩამობრძანებულიყვნენ და ენახათ, რას მივაღწევდით. „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ ცვლილებებისთვის ხმა მიეცათ. ერთი სესია კიდევ არის და ნაციონალებს ველოდებით“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რესპუბლიკელები კი არა, ქართველი ხალხი გადააგდო.
მისი თქმით, ნაციონალები და „ქართული ოცნება“ ერთად შესანიშნავად მოქმედებენ, როცა საარჩევნო სისტემაზეა საუბარი.
„ხომ თქვეს, რომ გვინდაო? საუბარი ამაზეა. თუ არ უნდათ, ჩვენთან კონსულტაციის გავლა რას უშველის? ჩვენთან კონსულტაცია გაიარეს „გირჩი“-ს კანონებს რომ მხარი დავუჭირეთ? ვინმემ საჩუქარი მოგვცა? საუბარი ქართველი ხალხისთვის უკეთესი სისტემის შეთავაზებაზეა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მოსყიდვაზე, ან მოთაფვლაზე. რაც შეეხება იმას ვინ რა მიიღო, მართლა და მართლა, ცხრა წელი ხელისუფლებაში იყვნენ და თუ რაიმე კარგის გაკეთება უნდოდათ, ეს ვინმემ დაუშალათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდათ თუ თარგამაძის სახით სერიოზული ოპოზიცია ჰყავდათ? თავს იმართლებენ, რომ ვინმემ რაღაცაზე საყვედური არ უთხრათ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ბერძენიშვილი იმასაც განმარტავს, ნაციონალებსა და „ოცნებას“ ე.წ. გერმანული მოდელის მიღება რატომ არ უნდათ.
„ერთს - „ოცნებას“ იმიტომ აწყობს, რომ სურს, მაჟორიტარული ოლქები მოიგოს, ხოლო მეორეს - ნაციონალებს იმიტომ აწყობთ, რომ რევოლუცია მოაწყონ, ჩვენ კი, მრავალპარტიული, პატიოსანი და ევროპული არჩევნები გვინდა. ნაციონალებმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება ცვლილებების არსს, for.ge-ს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია განუმარტავს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი იმას გულისხმობს, რომ პარტია რამდენ პროცენტსაც აიღებს, პარლამენტში იმდენი წარმომადგენელი ეყოლება, რაც სამართლიანი სისტემაა.
მისი მოსაზრებით, ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერა პარტიებისთვის ტესტია იმის თაობაზე, რამდენად არიან მზად, რომ რეალურად მხარი პლურალისტურ გარემოს დაუჭირონ და დაადასტურონ, რომ მათთვის მრავალპარტიული პარლამენტი მისაღებია.
„გაცილებით დემოკრატიული სისტემაა, რადგან პარლამენტში წარმომადგენლობას ამომრჩეველი განსაზღვრავს. აღმოჩნდა, რომ ეს მიუღებელია „ოცნებისთვის“ და ნაციონალებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი კიდევ ერთხელ მივეცით და ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი უნდა იყოს. მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ“, - დასძენს კორძაია.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა ორჯერ გადადო და ნაციონალებს საკითხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მათი ხმების მობილიზაციის შემთხვევაში, ცვლილებებს გასვლის და 76 ხმის მოგროვების შანსი აქვს, რადგან მას მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ და „გირჩი“ უჭერენ. ამასთანავე, ცვლილებების მხარდაჭერას დამოუკიდებელი დეპუტატებიც გეგმავენ.