„ძლიერდება მეორე ფრთა, რომელსაც მესამესაც ეძახიან“

„ძლიერდება მეორე ფრთა, რომელსაც მესამესაც ეძახიან“

„ნაციონალებისთვის ეშმაკის გზა იყო რუსეთი, „ქართული ოცნებისთვის“ კი, ეშმაკები პოლიტიკაში ნაციონალების ხელდასმით შემოდიან“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ქართული დემოკრატიის ყველაზე მკაფიო შემფასებელი იქნება მომავალი არჩევნები.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა პარტიები არ ჩქარობენ საარჩევნო სიის წარდგენას. როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული და ურთიერთბრალდებებით სავსე იქნება წინასაარჩევნო კამპანია?

სოსო ცისკარიშვილი: ცხადია, რომ ქართული დემოკრატიის ყველაზე მკაფიო შემფასებელი იქნება მომავალი არჩევნები. რასაც ჩვენ სატელევიზიო ეკრანზე ვხედავდით, თუ რა სახის არჩევნებს ჰქონდა ადგილი და როგორი მდუმარებით იყო შენიღბული ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ, მუდმივად მტრულად განწყობილი, ასეთი უდიერი მოპყრობის გამო, შედეგსაც ვიმკით და პრაქტიკულად, ევროკავშირისგან ვისჯებით ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში.

გარდა ამისა, სერიოზული ჩაფიქრების მიმანიშნებელია პოლიტიკური ძალების ცალ-ცალკე გაერთიანების მცდელობაც. ამის პირველი მაგალითი მოგვცა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც პირველმა მოახერხა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ერთი ნაწილის გაერთიანება.

საინტერესოა რა პოლიტიკური ღირებულებების მატარებელია ახალი ალიანსი?

- ეს საკმაოდ უცხო ხილია ქართული საარჩევნო პროცესისთვის, როცა ასეთი გაერთიანებული ოპოზიციური ძალები ცდილობენ, რომ უპირობოდ გახდნენ პარლამენტის წევრები.

საინტერესოა მიბაძავს სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია ამ ნაბიჯს?

– მისასალმებელია ის, რომ თითოეული პოლიტიკური ძალის ლიდერს დამოუკიდებლად გამარჯვების ამბიცია არ აქვს. თუმცა, სუბიექტების ასეთი სირთულეებით შექმნა თვალსაჩინოა და ამას სათუთი დამოკიდებულება სჭირდება არა მხოლოდ ასეთ კოალიციაში შემავალი პარტიების მხრიდან, არამედ მათი ამომრჩევლის მხრიდანაც.

რა იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ამ არჩევნებში?

- მთავარი ინტრიგა გახლავთ პაექრობა მოქმედ და ყოფილ ხელისფლებებს შორის. ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ მხოლოდ სადიზმის თემები არ არის გაზიარებული ახალი ხელისუფლების მიერ. ჯერჯერობით, არც ერთ წამყვან პოლიტიკურ ძალას შორის არ ჩანს საარჩევნო პირობებში ნებისმიერი შეუწყნარებელი ნაბიჯის გადადგმის რაიმე მიუღებლობა. ამასობაში ძლიერდება მეორე ფრთა, რომელსაც მესამესაც ეძახიან.

როგორ ფიქრობთნაციონალური მოძრაობაშეინარჩუნებს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს? ბიძინა ივანიშვილის წერილს თუ გავითვალისწინებთ, პაექრობა, ძირითადად,ნაციონალურ მოძრაობასადაქართულ ოცნებასშორის გაიმართება...

-არ უნდა დავივიწოთ ჯერ კიდევ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას როგორი სათუთი მოპყრობით იყო დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ „ქართული ოცნება“. ფაქტია, რომ უერთმანეთოდ მალე დაჭკნება ორივე სუბიექტი, რომელთაც უკვე დაგემოვნებული აქვთ უმაღლესი ხელისუფლების სიკეთე. ამიტომ, რასაკვირველია, ნაცმოძრაობის გარეშე აღმოცენებული „ოცნება“ ძალიან მალე დაჭკნება და არანაირ „ოცნებაზე“ საუბარი აღარ იქნება.

რატომ უნდა იყოს ხელისფლება დაინტერესებული იმით, რომ საარჩევნო დაპირისპირება ჰქონდეს ნაცმოძრაობასთან, რომელიც ქვეყნის წარსულია?

- ამის აუცილებლობა ზედაპირზე დევს. იმდენი მასალა გააჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს არის მისი საყრდენი. 2012 წლის სიმღერა გადამღერებული იქნება 2016 წელსაც. სხვა პოლიტიკურ პარტიებს ვერ მოუძებნიან ისეთ ნეგატიურ მხარეს, რომელიც დააფრთხობდა ამომრჩეველს. თუმცა, ასეთი მცდელობა უკვე გააჩნია „ოცნებას“. ამ შემთხვევაში მოვიხსენიებდი იმ ცილისწამებას, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ არის გაჟღერებული.

პოლიტიკურ სცენაზე შემოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ჰქონდა შეხება, არ ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ მას მოიხსენიებენ, როგორც ნაციონალების სატელიტს. ამ ბრალდების ფონზე, ბურჭულაძეს ბარიერის გადალახვის შანსი აქვს?

- ბატონი პაატა სრულიად მშვიდად ხვდება იმ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებიც მისი მისამართით ისმის. კიდევ ერთი მსგავსება ნაციონალებსა და მეოცნებეებს შორის გახლავთ ის, რომ ყველაზე საშინელი ბრალდება უნდა წაუყენონ საკუთარ მოწინააღმდეგეებს. ასე იყო ნაცმოძრაობა, როცა პრორუსულობის მანტიაში ახვევდა მათ კონკურენტებს.

ახლა მეოცნებეების პერიოდში ყველაზე საშინელი ბრალდება გახლავთ ის, რომ ესა თუ ისე პოლიტიკური სუბიექტი გაიგივებული იქნას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ანუ ნაციონალებისთვის ეშმაკის გზა იყო რუსეთი, „ქართული ოცნებისთვის“ კი, ეშმაკები პოლიტიკაში ნაციონალების ხელდასმით შემოდიან. ესეც მახასიათებელია იმისა, თუ როგორი ლტოლვა აქვთ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებისა. ჩვენ მთავარ მეოცნებეს ურთიერთობების გამოცდილება არ გააჩნია.

როგორც კი გასაჯაროვდება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სია, მერე ვნახოთ ვინ ვისზე რას ფიქრობს, რას იგონებს. ასეა თუ ისე, უკვე ვიხილით ვინ არიან და რისი შემძლებლები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. რასაკვირველია, არ ვსაუბრობ ყველა წევრზე. ორივე პარტიაში საკმარისია ღირსეული ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ჩრდილში ამჯობინებენ ყოფნას და იშვიათად იძლევიან რაიმე სახის კომენტარს ამა თუ იმ თემაზე. ამიტომ ორივე პოლიტიკური ძალის უნარიანი ადამიანები, თავად უნდა ცდილობდნენ თვითგაწმენდას იმ მიუღებელი ნაწილისგან, რომლებიც სახელს უტეხს ერთსაც და მეორესაც.

როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია შეიძლება აღმოჩნდეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც მეორე პოლიტიკური სუბიექტის ადგილს დაიკავებს?

- თქვენ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შემეძლება მაშინ, როდესაც გავეცნობით არჩევნებზე დაშვებული პოლიტიკური ძალის პირველ ათეულებს. მხოლოდ სათაურით და მისი ბელადის ავ-კარგიანობით რაიმე სერიოზული ანალიზის გაკეთება ნაადრევია.