„კალაძეს რთულ პირობებში მოუწევს გუნდის კაპიტნობა“

„კალაძეს რთულ პირობებში მოუწევს გუნდის კაპიტნობა“

არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებისთანავე, პარტიები წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდნენ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი კახა კალაძეს ჩაბარდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მიაღწიოს, რაც თავისთავად საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.

„ქართული ოცნების“ კაპიტანი ცნობილია, მაგრამ უცნობია გუნდი, რომლის კაპიტნობაც კახა კალაძეს ჩაბარდა. მმართველი გუნდი არ ჩქარობს საარჩევნო სიის წარდგენას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რომლის განცხადებით, ქვეყანამ წინასაარჩევნო პერიოდი ღირსეულად უნდა გაიაროს და განამტკიცოს დემოკრატიის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ნაჩვენები.

მმართველი გუნდის კაპიტანი აცხადებს, რომ პარტია აქტიურ მზადებას იწყებს არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. კახა კალაძე პირობას დებს, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში და ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახებენ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია.

„მთავრობა აპირებს ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ, მიაწოდოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობა არჩევნების გზით გადაწყვიტავს, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ შტაბის უფროსი სიის პირველი ნომერი არ არის, შესაბამისად, შტაბის უფროსის კრისტალური რეპუტაცია არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ კალაძის მიმართ არის პრეტენზიები, რომ მისი ჩუმი თანხმობით იქნა გამოყენებული წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათბელი სპეციფიური მეთოდები, ეს ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს.

„რისკები ამ მხრივ იზრდება და არ მცირდება. ვფიქრობ, რომ კალაძისთვის ეს არ იქნება ადვილი გადსაწყვეტი, იმიტომ, რომ მისი გარემოცვა უფრო კონფრონტაციაზეა ორიენტირებული. თუ „ქართულ ოცნებას“ დავყოფთ სხვადასხვა ფრთებად, კახი კალაძის ფრთა არ გამოიორჩევა ლოიალობით პოლიტიკური პროცესის მიმართ და პრინციპში, ყველაზე მეტად იქნება მზად იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესში არასტანდარტული ტექნოლოგიები გამოიყენოს.

აქედან გამომდინარე, შტაბის უფროსობა ეს არის მაღალი რისკის ზონა და ამიტომ, თუ ვინმე ჩაუღრმავდა ამ საკითხს, შესაძლებელია ეს არჩევანი სწორედ იმისთვის გააკეთა, რომ კახი კალაძეს შეუქმნას რისკები, რომლის გადალახვა გაუჭირდება და ამ სახით მოხდეს მისი პროცესიდან ჩამოშორება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბს. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, გია ცაგარეიშვილს აქვს დიდი გამოცდილება საარჩევნო პროცესებში.

„იგი არის ჩვენი დეპუტატი პარლამენტში არაერთგზის მოწვევის. მას აქვს დიდი გამოცდილება საარჩევნო პროცესებში, როდესაც საქართველოში არაერთი არჩევნები დიდი ზეწოლის ქვეშ ტარდებოდა. ჩვენ დაგვიგროვდა მის მიმართ ნდობა და პროფესიული გამოცდილება, მას აძლევს სრულ კვალიფიკაციას, რომ იყოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მასთან ერთად ყველაზე დიდი წვლილი ჩვენი გამარჯვების უნდა გადავიდეს მაჟორიტარ დეპუტატებზე და ჩემზე, როგორც ლიდერზე. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საარჩევნო კამპანია მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის პროცესით დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. პარტიამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ელენე ხოშტარია წარადგინა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ეტაპობრივად წარადგენს. მაჟორიტარი კანდიდატები არ წარუდგენია, თუმცა ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი წარადგენა „პატრიოტთა ალიანსმა“. საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია“. ალიანსის წევრები აცხადებენ, რომ მზად არიან სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ასოცირებული პარტიებისა.

საარჩევნო სიისა და შტაბის ხელმძღვანელის წარდგენას არ ჩქარობს ოპოზიცია. სავარაუდოდ, პარტიები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და 30 დღეზე ადრე სიას არ გამოაქვეყნებენ. ანალიტიკოსები ამის მიზეზად პარტიების დაბალ რეიტინგს ასახელებენ.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ რეიტინგების თვალსაზრისით „რესპუბლიკური პარტია“ მძიმე მდგომარეობაშია. გორგილაძის თქმით, ასეთივე მდგომარეობა აქვს ყველა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტები იყვნენ.

„თუ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, გამოდის, სერიოზული პრობლემები აქვს იმ პოლიტიკურ ბირთვს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას. ან არ ფლობენ საარჩევნო ტექნოლოგიებს, რაშიც ისინი სისუსტეს ავლენენ ხოლმე. ივანიშვილის განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავს საპარლამენტო არჩევნებში და ის 95 დეპუტატით შევა პარლამენტში, უშუალოდ არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელებული დარტყმაა, არამედ ყველა იმ დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციაზეც, რომელიც „მესამე სივრცეში“ არიან.

იქედან უნდა წამოიღოს ეს ხმები, ვინაიდან ეს ხმები, რაც გადანაწილდა „პატრიოტთა ალიანსზე“, ბურჯანაძის პარტიაზე, „ეროვნულ ფორუმზე“, „თავისუფალ დემოკრატებზე“, და ა.შ. არის „ოცნებიდან“ წამოსული ხმები, ამდენად, ამ ხმების დაბრუნებას ცდილობს და ამ თვალსაზრისით, ეს სავსებით შესაძლებელია.

ამ სტრატეგიამ იმუშავა 2012 წლის არჩევნებში, 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებზე. ამდენად, „ქართული ოცნება“ კვლავ შეეცდება, ამ სცენარის გამეორებას, მით უფრო, რომ პაატა ბურჭულაძის რეიტინგი გარკვეულ პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთი თავისებურება, მცირე ცუდმა შედეგმა შეიძლება გუნდს შეცდომა მოუტანოს, მაგრამ მერე მთლიანობაში გუნდი ცდილობს, რომ შეცდომა გამოასწოროს.

„ამ გუნდში იგულისხმება ბიძინა ივანიშვილიც. როდესაც გუნდს ასეთი დამცავი მექანიზმები აქვს, იქ შეცდომების დრამატიზირება არ ხდება ხოლმე მომავალში. ფაქტია, რომ კალაძეს უფრო რთულ პირობებში მოუწევს გუნდის კაპიტნობა, ვიდრე 2012 წელს იყო. 2012 წელს პარტიის მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებული იყო ხალხის მხრიდან. დღეს უკვე ეს მხარე არის პრობლემა და ამდენად, შტაბის ხელმძღვანელის წინაშე უფრო რთული ამოცანები დგას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.