2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ნაკლები დრო რჩება, თუმცა, პოლიტიკურ ასპარეზზე მეტი პარტია ჩნდება. პარტიები პრეტენზიას გამარჯვებაზე აცხადებენ, თუმცა, ქვეყანას განვითარების კონკრეტულ გეგმას არ სთავაზობენ.
თუკი გასულ კვირას, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, „ახალი საქართველო“ გიორგი ვაშაძემ დააფუძნა, მიმდინარე კვირას, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ შეიქმნა.
პოლიტიკოსებს საკუთარი პარტიის სახელწოდებაში - „საქართველოს“ არსებობა იზიდავთ, თუმცა, საქართველოსთვის რის გაკეთებას აპირებენ, ამაზე მხოლოდ ბუტაფორიულად საუბრობენ.
ასე მაგალითად, for.ge-სთან საუბარში „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მისი პარტია პროქართული იქნება.
ბრეგაძისეული გაგებით „პროქართულობაში“ რა იგულისხმება, ამას ბუნდოვნად და ზედაპირულად ხსნის.
„ჩვენ ეროვნული იდეოლოგია გვექნება, რადგან ჩვენი პარტიის იდეოლოგია დამყარებულია ეროვნულ ფასეულობებზე. ჩვენი ინტერესები ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებიდან. ჩევნი ქვეყანა ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს. სხვა ქვეყნებთან კონსულტაციები უნდა გავიაროთ, მაგრამ ბრძანებები არ უნდა მივიღოთ. ჩვენი პარტია ეროვნულ იდეაზე დამყარებულია და თავს იმ ხალხს მოვუყრით, ვინც ქართულად აზროვნებს“, - განაცხადა ბრეგაძემ, რომელსაც კითხვით მივმართეთ, ეროვნულ ინტერესში იგულისხმება თუ არა დასავლეთისკენ სვლა?!
ბრეგაძე ირწმუნება, რომ დასავლეთის წინააღმდეგ არავინ გამოდის და ქვეყანას შესაძლოა, დასავლური დემოკრატიისკენ მისწრაფება აქვს, მაგრამ ქართველებმა ეროვნულობა არ უნდა დაივიწყონ.
„ე.წ. ლიბერალური მისწრაფება მიუღებელია, რადგან ისინი ქვეყანას წარსულში ექაჩებიან. ქართველი ხალხისთვის ლიბერალური ღირებულებით უცხო ტენდენციების შემოტანა ხდება. ეს ჩვენი რელიგიისადმი გაჩენილი უპატივცემულობა და აგრესიაა, რაც უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფებიდან მოდის. ეკლესიის წინააღდეგ ღია ბრძოლა მიმდინარეობს“, - აცხადებს ბრეგაძე.
ბრეგაძე პარტიის თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გამორიცხავს, თუმცა, მომავალ პარლამენტში დასაშვებად მიიჩნევს - „ქართულ ოცნებასთან“.
„ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორი იყოს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, - დასძენს ბრეგაძე.
„ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულია პარტიის წევრი ლალი მოროშკინა for.ge-სთან საუბარში ვარაუდობს, რომ მისი ამომრჩეველი „ოცნებაზე“ განაწყენებული ხალხი იქნება.
მოროშკინა ირწმუნება, რომ პარტიაში გაწევრიანება მისთვის რთული იყო, რადგან მის მსგავს ადამიანს პოლიტიკურ ჩარჩოში მოქცევა უჭირს.
„რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ არცერთ პარლამენტში არ ვიქნებოდი წარმოდგენილი. ვთვლიდი, რომ პარტიის წევრობა უფლებების შეკვეცა იყო. თამაზ მეჭიაური არის ადამიანი, რომელიც იმას ახმოვანებს, რასაც მე ვფიქრობ. ეს პარტია იმის საშუალებას მომცემს, რომ უაზრო კოაბიტაცია და რეჟიმის ავტორებთან ტრფობა დავასრულოთ. დიპლომატია არ მაკლია, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ არადიპლომატიური ადამიანები გვესაუბრებიან, მათთან საუბარი სხვა ტონშია საჭირო“, - აცხადებს მოროშკინა.
მოროშკინა ამბობს, რომ მისი პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ე.წ. სამართლიანობის აღდგენა იქნება, რადგან ამ თვალსაზრისით, „ოცნებამ“ ამომრჩეველს იმედები გაუცრუა.
„სამართლიანობა არ აღდგა. მათ არც წართმეული ქონება და არც წართმეული ღირსება არ დაუბრუნდათ. ბესო ხარძიანისა და იური ვაზაგაშვილის მეგობარი ვარ. ორი მეგობარი „ოცნების“ დროს მომიკლეს და როცა ასეთი მკვლელობები ხდება, დამნაშავე სახელმწიფოა. პრეტენზია სამთავრობო სტრუქტურასთან მაქვს. დაზვერვა და კონტრდაზვერვა რას აკეთებდა?“, - აღნიშნავს მოროშკინა.
მოროშკინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის და 2008 წლის სტატუს-კვოს აღდგენის მომხრეა.
„რუსეთთან საუბარი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავიწყოთ. ტერიტორიების დაბრუნებისთვის ადამიანებს უნდა ესაუბრო. საელჩოების გახსნა უნდა მოხდეს. რუსეთში ქართველების მიმართ დიდი პატივისცემაა და არარეგალებსაც კი არ დევნიან. რუსეთი მოლაპარაკებაზე წამოვა და „რუსეთუმობას“ ვერ დამწამებენ“, - დასძინა მოროშკინამ.
„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი გახდა ია მეტრეველი, რომელიც მართალია, პოლიტიკოსის მანტიას ოფიციალურად ახლა მოისხამს, მაგრამ ის საკუთარი შვილის ტრაგედიიდან გამომდინარე, პოლიტიკაში დაახლოებით 12 წელია ჩართულია.
მეტრეველი პოლიტიკაში მოსვლას სამართლიანობის აღდგენას და ქვეყნის განვითარების სურვილს უკავშირებს.
როგორც for.ge-ს მეტრეველმა განუცხადა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობა არ აღადგინა.
„პროქართულები უნდა ვიყოთ და ხელისუფლებამ საქართველოს საქმე უნდა აკეთოს და არა შეკვეთები ასრულოს. ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მოვახმარ იმას, რომ საქართველოს შენებაში ჩემი წვლილ შევიტანო და ამისთვის ვიარსებო“, - აცხადებს მეტრეველი.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მოქმედ წევრს და თამაზ მეჭიაურის პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით მაქაცარიას, ის ამბობს, რომ „ოცნებას“ დატოვებს.
როგორც ჩანს, მაქაცარია „ოცნებას“ ფორმალურად ტოვებს, რადგან ის იდეოლოგიურად ისევ „ოცნებას“ ეტრფის.
„მე ვარ „ქართული ოცნება“ და ის პიროვნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად იბრძოდა. ყველაზე მთავარი ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იყო და ჩვენ სააკაშვილის გაგდება მოვახერხეთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პოლიტიკურად დამნაშავე ძალის შეფასება და პოლიტიკური ველიდან განდევნა ვერ მოვახერხეთ. ჰიტლერი დამნაშავედ ცნეს, ხოლო ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა და სააკაშვილის შემთხვევაშიც, მსგავსი რაღაც უნდა მომხდარიყო“, - განუცხადა for.ge-ს მაქაცარიამ.
თანაპარტიელების მსგავსად, მაქაცარია ამბობს, რომ პოლიტიკურ ფლანგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა, ყველასთან ითანამშრომლებს. მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“, როცა ეს ქვეყანას დასჭირდება.
„ჩემი ამოსავალი იმ ღირსებულებების ბოლომდე გატანაა, რომელიც 2012 წლამდე იყო. გამოდის, რომ იმ იდეების ერთგული „ქართული ოცნება“ არ დარჩა“, - დასძინა მაქაცარიამ.
თამაზ მეჭიაურის პარტიას რა პერსპექტივა აქვს და ეს ძალა წარმოდგენილი იქნება თუ არა პარლამენტში, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, მის გუნდში სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც „ქართული ოცნების“ მომხრეები იყვნენ. მათ შორის, ჯემალ სეფაშვილი, ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი და დავით მაქაცარია. პოლიტიკურ კულუარებში იმასაც აცხადებენ, რომ ამ ადამიანებმა პარტიის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აღმოაჩინეს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვერ იქნებოდნენ.