საარჩევნო მარათონი გაისხნა, თუმცა ოპოზიცია კვლავ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვს და მის მიერ შეთავაზებული გერმანული მოდელი ცოტა ხნით, პარლამენტიდან გაწვეულიც კი რომ გვეგონა, ხვალიდან კვლავ ცხელი და აქტუალური თემა ხდება. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.
ორი დღის წინ ჯერ ითქვა, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უკან გაიწვია პროექტი, შემდეგ გაკეთდა განმარტება, რომ უბრალოდ, გადაიდო განხილვა. ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თემაზე ვაჭრობა მიდის ხელისუფლებასთან?
- შთაბეჭდილება კი არა, ფაქტია - თვითონ რესპუბლიკელებმა და სხვა პარლამენტარებმაც დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები მიდის მინიმუმ, იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი...
რას გულისხმობს გერმანული მოდელი, ამის შესახებ განმარტებები კი გაკეთდა, მაგრამ საინტერესოა, ოპოზიცია რა უპირატესობას მოიპოვებს თუ ამ წესით დაითვლება ხმები?
- კარგი იქნება, რომ პოლიტიკოსები უფრო ფართო ჭრილში ხედავდნენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში, გერმანული მოდელი არის უფრო უკეთესი იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ხმა, რომელიც მიიღო ამა თუ იმ პარტიამ, ნაკლებად იკარგება ისეთ პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორიცაა პარლამენტი.
წინა წლებში, ან თუნდაც დღეს მოქმედი წესით, ბარიერს მიღმა დარჩენილი ხმები პრაქტიკულად, რჩება გადანაწილების გარეშე. რეალურად კი, ის ადამიანები, რომლებმაც რომელიმე პარტიის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, ფორმალურად, სამართლებრივად რომ შევხედოთ, რჩებიან პოლიტიკურ პროცესს მიღმა.
გერმანული მოდელი მაქსიმალურად გამორიცხავს ხმის დაკარგვის შესაძლებლობას. დღეს არსებული წესით, გამარჯვებულს მიაქვს ყველა ხმა, მათ შორის ისიც, რომელიც ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა დააგროვეს. ანუ გერმანული მოდელით, თუ რამდენიმე ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიამ ჯამურად დააგროვა დავუშვათ 8-9%, ესეც შეიძლება მანდატების რაოდენობაში აისახოს.
ინსტიტუციური თვალსაზრისით, ხმის დათვლის ეს სისტემა უფრო მეტად დემოკრატიულია და ხელს უწყობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.
ერთი მხრივ, პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მეორე მხრივ აქტიურ ამომრჩეველს, შანსს აძლევს, რომ მათი ხმა და მათი წარმომადგენელი იყოს არა ქუჩაში და იქიდან მოუწიოს პროცესების განვითარებაზე ზრუნვა, არამედ პარლამენტში.
ხელისუფლება ამით რას აგებს? ერთია, რომ მაქსიმალურად მცირდება არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, მაგრამ ისედაც დეკლარირებულია, რომ არჩევნების გასაყალბებლად არავინ ემზადება...
- არ მგონია, რომ არჩევნების გაყალბებაზე დღეს ვინმე ფიქრობდეს - ხმის დათვლის პროცესი, პროცედურული გაყალბება მაქვს მხედველობაში. გავლენის გამოყენება, ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობა, ძალოვნების ჩარევა, სამწუხაროდ, უკვე სენად მოგვდევს და უნდა ითქვას, რომ როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებაც ვერ ასცდა ამას.
ბუნებრივია, ხარისხზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ რამდენიმე პარტიამ, მათ შორის რესპუბლიკელებმა ღიად განაცხადეს, რომ თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევა ხდება იმ თვალსაზრისით, რომ გამოყენებული იყოს გავლენა მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ალბათ, გასაგებია, რატომ არ ცვლის ხელისუფლება ამ მოდელს, სავარაუდოდ, რთულია იმაზე ნაკლებ შედეგთან შეგუება, ვიდრე დღეს აქვს. სხვა შემთხვევაში უფრო გაჯანსაღება და გადემოკრატიულება პროცესისა ინსტიტუციურ დონეზე, ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალის ინტერესში უნდა შედიოდეს.
მაჟორიტარული სისტემა, საბიუჯეტო მანიპულაციები, ძალოვნების ჩარევა, თვითმმართველობები, ადმინისტრაციული რესურსები, საჯარო მოხელეთა უზარმაზარი არმია, დაახლოებით, 300 000-მდე, ეს ხომ უზარმაზარი, გარანტირებული რესურსია იმისათვის, რომ ხელისუფლებას მინიმუმ 10%-იანი ფორა უკვე ჰქონდეს?! ამ ყველაფერს შეგვიძლია, მაჟორიტარების საკმაოდ სენსიტიური თემაც მივამატოთ - ეს კი ნიშნავს, რომ რაც აქვს, დაახლოებით იმ პოზიციას შეინაარჩუნებს ხელისუფლება.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, ამ ხელისუფლებას ნათქვამი აქვს, რომ უფრო მეტად დემოკრატიულ პროცესებს უნდა ველოდოთ 2020 წელს. თუმცა ერთი მხრივ, აღიარებდე, რომ გაუმჯობესებას საჭიროებს, მეორე მხრივ, 4 წელი გქონდეს ამისთვის და არაფერს აკეთებდე - დღეს არ იღებდე გადაწყვეტილებას, არც ლოგიკური და არც პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით არ არის სწორი.
უმჯობესი იქნებოდა, საარჩევნო გარემოს მაქსიმალურად გაუმჯობესების გადაწყვეტილება ხელისუფლებას უკვე ამ არჩევნებისთვის მიეღო. როდესაც აღიარებს, გასაუმჯობესებელია და არ აუმჯობესებს, ეს მაფიქრებინებს, რომ ის მაქსიმალურად ეცდება პარლამენტში არსებული მანდატების რაოდენობა შეინარჩუნოს.
საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, ისიც გასათვალისწინებელია, რა ხდება ოპოზიციურ ფრონტზე - არ არის იმდენად მძლავრი ოპოზიცია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას მართვის სადავეები უყოყმანოდ ანდო...
- ეს რიტორიკა გვესმის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში, მაგრამ არ არის სწორი - არც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 2012 წელს მმართველობის გამოცდილება, მაგრამ ამომრჩეველმა გააკეთა, ის არჩევანი, რომ 4 წლით ქვეყნის მართვის სადავეები სწორედ „ქართულ ოცნებას“ ჩააბარა. ასე რომ, ეს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა, რომლის მიზანიც საკმაოდ მარტივად ჩანს - გაამართლო მიღებული გადაწყვწეტილება ან გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიგეღო და არ მიიღე.
ამომრჩეველი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ იღებს, გამოცდილება აქვს ვინმეს თუ - არა. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების პოლიტიკური კულტურის, სამოქალაქო თვითშეგნების გაუმჯობესება სხვა მსჯელობის საგანია, მაგრამ დღეს ამომრჩეველი ასე არ აკეთებს არჩევანს.
რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ერთი საკმაოდ საინტერესო მოვლენა მოხდა - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადა. ესენი არიან კახა კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველო“, კონსტანტინე გამსახურდიას - „თავისუფლება“, აკაკი ასათიანის -„ტრადიციონალისტთა კავშირი“, გოჩა ჯოჯუას - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ და გია ბერძენაძის „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“. წინასაარჩევნოდ ბლოკის შექმნა გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პარტიების უმეტესობა ბოლო წლებში პოლიტიკურ ველზე არ გამოჩენილა, პოლიტიკური ორიენტაციებიც რომ არ ვახსენოთ, რას უნდა აძლევდეს ახლაშექმნილ პარტიას მათი რეანიმაცია?
- მართლაც, დავიწყებას არიან მიცემული ეს პარტიები, გარდა „პარტიოტთა ალიანსისა“, რომელმაც საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში ახლადშექმნილი პარტიისთვის ხელშესახები შედეგი დადო. შესაბამისად, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რას აძლევს ეს გაერთიანება იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე და რას აძლევს მათ - ვინც მას მიუერთდნენ.
ყველა შემთხვევაში, ძირითადი და ყველაზე მეტი პლუსი ექნება „პატრიოტთა ალიანსს“, რადგან მის გარშემო ერთიანდებიან - ძლიერს უერთდებიან. კონსოლიდაციისთვის თუნდაც მცირე ამომრჩეველი, რომელიც შეერთებულ პარტიებს ჰყავს, კი არ გაიბნევა, არამედ კონკრეტული მისამართით წავა.
გარდა ამისა მიერთებული პარტიებისთვის და მათი ლიდერებისთვის შანსია, პერსონალურად, თვითონ მაინც დარჩნენ პოლიტიკურ სცენაზე და მიიღონ თუნდაც ერთი მანდატი. საბოლოო ჯამში, ორმხრივ მისაღები რომ არ ყოფილიყო, ეს გაერთიანება ვერ შედგებოდა.
რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და რა შედეგი დადგება თითოეული მათგანისთვის, ამას ალბათ, 9 ოქტომბერს გავიგებთ ჩვენც და ისინიც.
ერთი, რაც მინდა აღვნიშნო - იმედს ვიტოვებ, უახლოესი მომავლისთვის დადგება დრო, როდესაც პოლიტიკური კულტურა და საარჩევნო პროცესები განაპირობებს იმას, რომ არ არსებობდეს პარტიების ასეთი სიმრავლე, შესაბამისად, პარტიები არსებობდნენ და ერთიანდებოდნენ კონკრეტული ფასეულობების, მიმართულებების, ღირებულებების ირგვლივ და ეს იყოს რეალურ ადამიანთა ერთობლიობა რეალური მიზნის მისაღწევად.
სხვათა შორის, დღეს საზოგადოებისთვის პოლიტიკური პარტიები ორ ნაწილად იყოფა - პროდასავლურად და პრორუსულად...
- თვითონ პოლიტიკურ წრეებში ხდება ასეთი თვითგამიჯვნა და ეს სწორია. საზოგადოება კი აფასებს არა პარტიებს, არამედ - ლიდერებს. რეგისტრირებულ პარტიებს რომ გადახედოთ, ყველა მემარჯვენეა ან ცენტრისტი, მაგრამ საქმით რას აკეთებენ, ეს კიდევ ცაკლე საკითხია. სწორედ ამას ვგულისხმობ პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებაში და მომავლისთვის როდესაც ეს პრობლემა მოიხსნება, არჩევნებიც სულ სხვაგვარად ჩატარდება.
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ რუსული ფულის შემოსვლაზე ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში. რამდენად სერიოზულ საფრთხეზეა ლაპარაკი?
- საკმაოდ სერიოზული საფრთხეა და თვით რუსული ძალები, რუსეთში მოღვაწე სხვადასხვა ადამაინები არც მალავენ, რომ აფინანსებენ და დააფინანსებენ. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ფაქტები. სამწუხაროდ, წილად გვხვდა ის მოცემულობა, რომელსაც ვერ შევცვლით - ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი გვყავს რომელსაც თავისი, ძალზე კონკრეტული ინტერესები აქვს და რომელიც, განხორციელებულიც კი აქვს - დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიის, მის მიერაა საქართველოს იურისდიქციას ჩამოშორებული.
და რაც მნიშვნელოვანია, არაერთმა კვლევამ დაადასტურა ე.წ. ცარიელი ველის არსებობა - ამომრჩეველი, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. მისი მოცულობა შემცირდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაგრამ მაინც ძალიან დიდია - ზოგიერთი კვლევით 45-60%-მდე. სამწუხაროდ, ეს ცარიელი ველი იმდენად ვერ შემცირდება, რომ გავლენის მოხდენა ვერ შეძლოს პოლიტიკურ პროცესზე.
რა მაქვს მხედველობაში - წარმოიდგინეთ, რა აქტივი არსებობს ამ თავისუფალ ველზე მოთამაშე თუნდაც ახლაშექმნილი პოლიტიკური პარტიისთვის - ის თავისუფლად შეძლებს მოიპოვოს ხმების ის რაოდენობა, რომლითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღებს მონაწილეობას. არ ვგულისხმობ გადამწყვეტი ხმის უფლებას - დაგროვილი მანდატების რაოდენობიდან გამომდინარე, მის გარეშე ვერ შეძლებენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას. ეს ე.წ. თავისუფალი ველი ამის გაკეთების საშუალებას იძლევა და არ მგონია, რომ რუსეთში ამ ყველაფერს არ ითვლიდნენ.
სხვა საკითხია, ჩვენი საზოგადოება როგორ შეხვდება ამ ყველაფერს და რამდენად იქნება ეს სპეცსამსახურების თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჯეროვანი რეაგირების თემა, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში წარიმართოს და პოლიტიკური პროცესი 9 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური რყევების გარეშე განვითარდეს.
ანუ პრევენცია მაინც შესაძლებელია?
- კი, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ სუბიექტურად იქნას მიღებული ვიღაცის მიმართ გადაწყვეტილება. თუ ვინმე ხარჯავს ფულს კანონს მიღმა ან რეგისტრაციის გარეშე, კონკრეტულ მაგალითებზე რეაგირებას ვგულისხმობ. თუ ვიღაც თავს არიდებს ფინანსურ რეგულაციებს და შეზღუდვებს და ა.შ. - ამ ტიპის, მხოლოდ კანონიერ ჩარევებზე ვსაუბრობ.