წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი მოაწერა. განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ა-რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ორივე განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა.

არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება, რაც ნიშნავს, რომ დღიდან მოქმედება დაიწყო საარჩევნო კოდექსით დაწესებულმა ყველა იმ აკრძალვამ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა კი, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების თაობაზე კონტრასიგნაცია გაკეთდა მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით და 8 ივნისიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ძალაში შედის მთელი რიგი რეგულაციები.

„ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ძალაში შედის მთელი რიგი რეგულაციები, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად მზად არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოში ამ ეტაპზე მხოლოდ 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი. რაც შეეხება მოქმედი თანამდებობის პირებს, მინისტრები, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან თანამდებობა უნდა დატოვონ. არაოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება მოუწევს ჯანდაცის, ეკონომიკისა და ლტოლვილთა მინისტრებს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას გეგმავს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს განცხადებით, დადგენილი წესის მიხედვით, როცა ჩართული იქნები საარჩევნო კამპანიაში, აუცილებლად აიღებს შვებულებას. რაც შეეხება, წინასაარჩევნო რესურსის გამოყენების ბრალდებებს, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მთავრობის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ აპირებენ.

„ისე მოხდა, რომ შუალედურ არჩევნებში რამდენჯერმე მომიწია რეგიონებში გასვლა, მე არ გამომიყენებია სახელმწიფო რესურსი, არც მსგავსი არაფერი დამინახავს, რომ ამ რესურსის გამოყენება ხდებოდა“, - ასე უპასუხა ოპონენტებს დავით სერგეენკომ.

წინასაარჩევნო კამპანიაში კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩაერთვება ეკონომიკის მინისტრიც.

„არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურს. საქართველოში არის შექმნილი ბევრი მექანიზმი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ აღნიშნული ფაქტები იყოს გადამოწმებული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ თანამდებობა უნდა დატოვონ  რესპუბლიკელმა მინისტრებმაც. არაოფიციალური ინფორმაციით, რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობის 15 ივლისს დატოვებენ. გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ საქმიანობას ჩვეულ ფორმატში აგრძელებს.

„ამჟამად დაკავებული ვარ კონფერენციით, სხვა რამეზე არ ვფიქრობ. კონფერენციის მერე, კიდევ ჩამოვყალიბდები ამასთან დაკავშირებით. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ვაგრძელებ იმ ფორმატში, რაშიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. თუ გადაწყვეტილებას შევცვლი, ამის თაობაზე, ბუნებრივია, ყველა ინფორმირებული იქნება“, - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.