ბიძინა ივანიშვილი კორცხელის ინციდენტს სამარცხვინოს უწოდებს და ძირითად პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ყოფილი პრემიერის განცხადებით, მომხდარმა ძალიან დააზარალა სახელმწიფო. თუმცა, ეჭვი არ ეპარება, რომ მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„კადრებიც ვნახე, ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით. ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ.
დაწვრილებით არ ჩავუღრმავდები ფორმებს - ვინ ვინ მიიყვანა, ვინ რა გამოიწვია, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6 სპორტსმენს გირაოს სახით 7 და 10 ათასი ლარი აქვთ შეფარდებული. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 28 ივლისს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ადვოკატმა მტკიცებულების სახით სკანდალური ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც კარგად ჩანს, როგორ სცემენ ხელკეტებით უცნობი პირები სპორტსმენებს. ადვოკატი აპირებს ჩანაწერი როგორც მტკიცებულება წარადგინოს.
ზურაბ ბელთაძე მიმართავს გამოძებას, რომ ვიდეოს მტკიცებულების სახით წარდგენის შემდეგ მოხდეს მასზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება და მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებს მიეცეთ სამართლებრივი შეფასება.
„ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ ხელკეტების გამოყენებით „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, კერძოდ სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით. გამოძიების დაწყების დღიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მათ მიმართ ხელკეტებით ცემას და წინააღმდეგობის გაწევას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სპორტსმენების წინააღმდეგ არაერთი პირი მოქმედებს. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და ამ კადრებიდანაც ჩანს, რომ სპორტსმენების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოქმედებდნენ“, - აღნიშნა ზურაბ ბელთაძემ.
გახდება თუ არა ადვოკატის მიერ გასაჯაროებული კადრი ოპოზიციის ლიდერების - გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, ამაზე საუბარი უჭირს ადოკატს და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წვერს მამუკა მდინარაძეს, რომლის განცხადებით, ამ შემთხვევაში მარტო პროვოცირებისთვის შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს, მაგრამ რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, უნდა მოხდეს იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ჩხუბობს და სცემს ადამიანებს.
„კადრებში კარგად გამოჩნდა, რომ მეორე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელჯოხის გამოყენებით ჩადიოდნენ იგივე ქმედებას, რაც ამ პროვოკაციის შემდეგ ჩვენმა მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. ოპონენტებისგან განსხვავებით სახელებზე და გვარებზე არ ვილაპარაკებ, რადგან გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ძალიან გთხოვთ გაიხსენოთ პირველ დღეს გაკეთებული კომენტარი, რომ ეს არ იყო მხოლოდ ცალმხრივი ჩხუბი, ეს იყო პროვოკაცია.
გენერალურმა მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ ხელკეტი გეგეშიძემ წაართვა უცხო ადამიანს და უკვე ახალ კადრში ნათლად დადასტურდა, რომ გეგეშიძეს ცემს მეორე მხრიდან პიროვნება და სწორედ ამ ცემის საპასუხოდ დაიწყო ჩხუბი, თუმცა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიდეოკადრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კორცხელის ინციდენტი მელიამ და ბოკერიამ მოაწყო. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტზე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, იქნება ეს სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური.
„კორცხელის პროვოკაცია დაიწყო მელიამ და გიგა ბოკერიამ. პროვოკაცია დაიწყო იმით, რომ ზონდერ ჯგუფების მობილიზაცია დაიწყო და შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს. შემდეგ უშუალოდ ჩვენს მხარდამჭერებს დაუწყეს „ძველბიჭურად“ შეურაცხყოფების მიყენება.
მოვუწოდებ გამოძიებას, ცალმხრივ მიდგომას ადგილი არ ჰქონდეს და რეალურად დადგინდეს, რა მიზნით მივიდა მელია ამ ახალგაზრდებთან და რატომ იყვნენ ხელკეტებით შეიარაღებულები. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური. ეს ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ ადვოკატის მიერ გასაჯაროვებული კადრების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მელიასა და ბოკერიას წინააღმდეგ.
„ნამდვილად, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მელია და ბოკერია დააკავონ იმ კუნთმაგარი ბიჭების ცემისათვის, მაგრამ ვარწმუნებ ყველას, რომ 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილიც და ეს კუნთმაგარი ბიჭებიც წარსულს ჩაბარდებიან. უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ შემთხვევაში სამართალდამცავებს დაედოთ თავისი კომპენტური დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიეღოთ. არა ისე, რომ 7 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს ადამიანები, რომლებმაც პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემეს ოპოზიციური პარტიის 2 ლიდერი, მაშინ, როდესაც პიჯაკის გახევისთვის 3 თვე ისხდნენ საპატიმროში ქუთაისელი ბიჭები. რაც შეეხება ამ კადრებს, სკანდალური ვერაფერი ვნახე, ჩანს ხელჯოხიანი კაცი, რომელიც არავინ იცის ვინ არის. მისი პიროვნებაც არ არის იდენტიფიცირებული.
ჩხუბში ვიღაცას ჯოხი ეჭირება ხელში და ვიღაცა მოიქნევს, მაგრამ აქ მთავარია ერთი დეტალი, იმათ ვინც სასტიკად სცემეს ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას და თენგიზ გუნავას, დღეს თავისუფლად და ამაყად დადიან თბილსის ქუჩებში. ამით ხელისუფლება ახალისებს ძალმომრეობას და წინასაარჩევნო ქაოსს ქვეყანაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი თევდორაძემ.