სიყვარულმა არ იცის, რა არის ტერიტორია, პლატფორმა და დონე; იგი გულის უსასრულოდ მზარდი ძალისხმევის შვილია“
ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ ინტერვიუს ეპატაჟურ ქართველ ხელოვან გია ეძგვერაძესთან, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ინტელექტის მაღალ დონეზე დაპირისპირება არ ხდება; საქართველოში არსებულ დღევანდელ სიტუაციას რომ გადავხედოთ, უამრავი დაპირისპირებული ადამიანით, ჯგუფით და ასე შემდეგ, რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ქვეყანაში არსებულ ინტელექტუალურ დონეზე?
- ქართველებს ალბათ ყველა თვისებას აღმოუჩენს კაცი განყენებულობის გარდა. განყენებულობა კი ყველაზე ზოგადი ფორმებით და მოცულობებით აზროვნების საფუძველია. სწორედ ამ ტერიტორიაზე ოპერირებისას გონებისთვის ყველაფერი ნათელი და გამჟღავნებულია, ხოლო რაც არ არის ცნობილი, ის ,,აბსოლუტური უცნობია'' - მასში შეღწევა და მისი კვლევა ყოველთვის სამომავლო საქმეა. ქართულ ინტელექტს სკეპტიციზმის უქონლობაც ძალიან აზიანებს და ასევე მტკიცებულებითი ფორმით კომუნიკაციის საშინელი ჩვევა, ანუ ,,მცირე'' ეგოს დიდი ბოროტება!
- „ქართული დაპირისპირებების“ თემა რომ განვავრცოთ, ალბათ შეიტყვეთ, ცოტა ხნის წინ ულტრანაციონალისტებმა ვეგანური კაფე დაარბიეს. თქვენი აზრით, როგორია ამ აზროვნების მქონე ხალხისთვის (თავდამსხმელებს ვგულისხმობ) იდეალური საქართველოს ხატი?
- ასეთი ცნობიერების მატარებელი იდეალური ქართველის ხატს გეტყვით: მაცივარი სავსე; ზურნა, დუდუკი, ქალები და ჯვარი მკერდზე - ანუ: ფული ჯიბეში, ფალოსი საშოში და სული სამოთხეში. სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ესაა ორთოდოქს-კომფორმისტ-ტრადიციონალისტთა ცნობიერება, რომელსაც რუსეთში დუგინი წარმოადგენს, ჩვენში კი ვასაძე.
საუკეთესო შემთხვევაში, ისინი არიან კეთილშობილი ადამიანები, მაგრამ სრულიად მოკლებული მომავლის შეგრძნების ნიჭს, მოთხოვნილებას და ამიტომ მომავლის შემოტანა/განხორციელების სურვილს (ამას აბრალებდა ჰიტლერი მთელ ებრაულ ერს). ასეთი ხალხისთვის ძალიან ძნელი გადასატანი გამოდგა ,,გრანდიოზული გარდატეხის პერიოდში'' ცხოვრება - როდესაც მსოფლიო მასშტაბით ძირეულად ინგრევა საუკუნეების განმავლობაში არსებული ტრადიციულ-კლასიკური ღირებულებების და წარმოდგენების სივრცე.
ამიტომ ასეთი ხალხი არსებულ კულტურულ ფორმაზე და ტრადიციაზე არიან ჩაჭიდებულნი. მათ ღობე შემორაგულ ეზოში, ჩოხაში გამოწყობილებს ურჩევნიათ ქათმებს, ინდაურებს, ქვევრებს, ჩეჩმას უყურონ, ვიდრე ცოცხალი და სწრაფი მდინარის დინებაში მოხვედრილებმა უსასრულოდ ცვალებად და ზღაპრულად უცნაურ პეიზაჟებს უცქირონ.
სტატიკურიდან დინებად რეჟიმზე ცნობიერების უკომპრომისო გადაყვანა ეს ეპოქალურზე დიდი მასშტაბის მოვლენაა. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა და ჯერ ყველაფერი წინ არის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება - კონფლიქტი ფუტურისტებსა და ტრადიციონალისტებს შორის დღეს უმწვავესად დგას და კიდევ უფრო გაღრმავდება და არა მარტო საქართველოში.
- ვიცი, რომ მომზადებული გაქვთ კურსი კულტურასა და ხელოვნებას შორის არსებულ კავშირებზე. როგორ ხედავთ და აფასებთ კულტურისა და ხელოვნების ურთიერთმიმართებას საქართველოში?
- თუ სიტყვა ხელოვნებას განმსაზღვრელს დავუმატებთ და ,,თანამედროვე ხელოვნებაზე'' ვილაპარაკებთ, თავისი გამრღვევი მიზნებით ადამიანური ცნობიერების ჩარჩოებს მიღმა, ამ მხრივ საქართველოში ცუდად გვაქვს საქმე
მცირერიცხოვანი ინდივიდუალური მცდელობის გამოკლებით, ქართული ხელოვნება წმინდა სალონურ ღირებულებებზე დგას და ჯერ ორიენტაციასაც კი ვერ იხელთებს ამ ტენდენციის მიღმა. შემოქმედება, ჩვენთან სულიერი სიამოვნება/ ინტიმურობა/კომფორტის განცდასთანაა დაკავშირებული უმთავრესად და ამიტომ დასავლური ესთეტიკის ნიშან/მეტყველების ფორმების მიღება/გათავისებაზეა უმთავრესად მობილიზებული. აქედან მომდინარეობს რაღაც მომთბარი სალონური ურთიერთობები შემოქმედთა შორის (სალონი) და კომფორმისტული ცხოვრების წესი — ლაქუცზე, ,,სიყვარულებზე'' და ,,გაგებებზე'' დამყარებული.
სიმწარე, განწირულობა, ტკივილი, მარტოობა, როგორც შემოქმედების ხარისხის მაორგანიზებელი ფენომენი არც კია ცნობილი ჩვენში - იმდენად რომ, ამ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი უფრო ჩანს, ვიდრე მათკენ მოძრაობის (მაგალითისთვის, კურტ კობეინი ქართველებისთვის კერპია, რომლის ცხოვრების სულიერი ხარისხის წარმომავლობა არავინ იცის და არავის ესმის - ისევე როგორც ანტონინ არტოსი - ასე ფორმდებიან გაუცნობიერებელი კერპები).
ქრისტემ უთხრა მოციქულებს - არასდროს იხმაროთ სიტყვა ,,რაკა'' ადამიანის მიმართ - ყველაზე დიდი ცოდვააო! ,,რაკა'' ცარიელს ნიშნავს და ადამიანი ღვთის შვილი, შეუძლებელია, ცარიელი იყოს. ასე ფიქრობს მაცხოვარი - იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებაზეც! ამიტომ ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე ცოდვას და ნუ ვიტყვით ქართულ საზოგადოებაზე ,,რაკას''. იგი ფუთფუთებს, ხვანცალებს, იგრიხება, იმანჭება, ცდილობს, ამ ყველაფერში ცეკვის ელემენტები იპოვოს, თან აბსურდული იდეაც უელვებს თავში - ეგებ ამ ხვანცალში ნაციონალური ცეკვაც გააფორმოს.… პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავლის გამტარი პიროვნებების დიდი ნაკლებობაა და ამიტომ სრულ დისორიენტაციას და უგნურებას აქვს ადგილი ცივილიზაციის ბუნებრივ დინამიკასთან მიმართებით. აუცილებელია მუშაობა მომავლისკენ მიმართული ინტუიციის შემოტანაზე საკუთარ თავსა და კომუნალურ ცნობიერებაში.
- როგორც ვიცი, ქართულ ეკლესიას სასამართლოში სარჩელის აღძვრით დაემუქრეთ, რადგან „ოჯახური სიწმინდის დღის“ დაწესება ადამიანებზე განხორციელებულ ძალადობად აღიქვით. მოიყვანეთ თუ არა სისრულეში თქვენი მუქარა?
- Facebook-ში გამოქვეყნებული ჩემი ეს სტატუსი სასამართლოში ჩივილის შესახებ თავიდან არტისტული აქცია იყო, მაგრამ, როდესაც ხალხის ასეთი საინტერესო რეაქცია მივიღე, მერე ჩემს ახლო მეგობარს და შესანიშნავ ადვოკატს ლაშა ჩალაძეს ვკითხე, თუ იქნებოდა შესაძლებელი, რომ სარჩელი მართლაც შეგვეტანა. ამის მიზანი იყო, რომ ზოგადად დისკურსი აგორებულიყო და ლეგიტიმურ მსჯელობას და ანალიზს ეკლესიის ,,აქციებზე'' ფეხი მოეკიდა! სამწუხაროდ ლაშამ მითხრა, არა, ასეთ სარჩელს არ მიიღებენ, იურიდიულად ვერ დასაბუთდებაო.
- თქვენი აზრით, რა როლი უნდა ეკისრებოდეს ქვეყანაში ეკლესიას?
- ქრისტიანულ ეკლესიას პირველ რიგში უნდა ეკისრებოდეს მრევლის უდიდესი პატივისცემა და დაფასება, ანუ რწმენა, რომ ყოველ ადამიანს ს ა ს რ უ ლ ი ჭეშმარიტების აღქმის და დატევის პოტენცია გააჩნია! ამან ყველა სასულიერო პირს უდიდესი ვალდებულების გრძნობა უნდა შესძინოს თვითრეალიზაციის წინაშე (და არა მოკალათებულად და კომფორტულად ისხდნენ ეკლესიებში), რადგან მხოლოდ თვითრეალიზებულ ადამიანს ძალუძს, სხვას სინათლე დაანახოს.
ქრისტიანული ეკლესიის უწყვეტი ძალისხმევა უნდა იყოს იესოს მიერ შემოტანილი ცოდნის დროში გაცოცხლება და თანამედროვეობის ფორმებში (შემოქმედება, მეცნიერება, ფილოსოფია) მისი ძირების მოძიება და მრევლისთვის მათი გაცხადება, რომ მრევლმა იგრძნოს: მაცხოვრის ცოდნა ყველგან და ყველა დროშია განფენილი და ყველა ფორმაში დასადგურებული და ჩვენ და ჩვენი გარემო ამ ცოდნაში და ამ ნეტარებაში ვართ მთლიანად და ყოველთვის ჩაძირული. ეკლესიამ უნდა შეძლოს მაცხოვრის სიბრძნის უღრმესი ასპექტების გამოტანა და მრევლის ასეთი ხარისხის ცოდნით უ ს ა ს რ უ ლ ო დ ამაღლება დაისახოს მიზნად და არა კერპთაყვანისმცემლობის დონეზე ყავდეს გაჭედილი.
ეკლესიის საბოლოო მიზანი (თუნდაც უტოპიური!) უნდა იყოს იესოს საბოლოო ცოდნის სრული შემოტანა და გაცხადება მრევლისთვის — რომელიც ,,უპირობო სიყვარულია''! ასეთი ღრმა საქმეების გასრულებისთვის ეკლესიაში უნდა იდგეს უზადო, სიცოცხლისუნარიანი, უძლიერესი და უბასრესი ხარისხის სიყვარული, რომლის ცეცხლს ყოველწამიერად უნდა მოვლა/შენთება და ზრდა, რადგან სიყვარულმა არ იცის რა არის ტერიტორია, პლატფორმა და დონე; იგი გულის უსასრულოდ მზარდი ძალისხმევის შვილია.
- ამჟამად გერმანიაში ცხოვრობთ. რა არის თქვენთვის ყველაზე მკვეთრი, თვალშისაცემი განმასხვავებელი ნიშანი ქართულ და ევროპულ რეალობას შორის?
- დღეს გლობალიზმია, ამიტომ გარეგნული ნიშნებით და ტექნოლოგიური მოწყობილობების ბანალურ დონეზე დიდი განსხვავება ჩვენსა და დასავლეთს შორის არ არის. გარკვეული საზოგადოებრივ/საყოფაცხოვრებო კომფორტებით თბილისი უსწრებს კიდევაც დიუსელდორფს, ქალაქს, სადაც მე ვცხოვრობ.
ძირეული განსხვავება ცნობიერებაშია. ქართული ცნობიერების ევროპული ცნობირებისგან ფუნდამენტური განსხვავება თავს იჩენს დისტანციის არქონაში, ანუ გარემოსთან, საგანთან, ფაქტთან ცნობიერების სრულ ატყეპებაში. რაც პერსონალური ცნობიერების დამოუკიდებლობის უქონლობაში ვლინდება. ქართული ცნობიერება პროვინციელი ყმაწვილის მომხმარებლურ-დაწაფებულ ბუნებას ჰგავს გაოცებულ-მონუსხულს გარემო ფენომენებით, რომლებთანაც ის საკუთარი თავის სრულ იდენტიფიკაციას ახდენს, ანუ საკუთარ არსებობას გარემოში არსებულთან გაიგივებიდან აღიქვამს, რაც ყოფიერების სრულ დავიწყებაზე მიუთითებს. დასავლელი ადამიანის ცნობიერებაში არსებული სკეფსისი (ისტორიის მიერ მოტანილი დიდი გამოცდილების შედეგი) საგანსა და ცნობიერებას შორის არსებულ სივრცეს აჩენს, რომელიც კოსმიური სევდის, წარმავალობის და აბსურდის განცდის ტერიტორიაა. ქართველი ასეთ კოსმიურობას პრაქტიკულად გზამოჭრილია.
- 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ. თქვენი შეფასებით, რამდენად ახლავს თან ქვეყნის დამოუკიდებლობას ერის თავისუფლება?
- ქვეყნის დამოუკიდებლობა იურიდიული აქტია. მისი მოპოვება კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი მიზანია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლს და ძალისხმევას ითხოვს, მაღალი სიცხადის გამო კონკრეტული ძალისხმევით მაინც მიღწევადია.
ერის დამოუკიდებლობა კი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მისი თავისუფლებაში არსებობის მდგომარეობაა, თავისუფლება კი ადამიანისთვის ზოგადად უცხო ხილია და უცნობია. ჩვენ სუბსტანციის მონობაში ვიბადებით, შემდეგ სიმბოლური რიგების მონობაში ვინაცვლებთ, შემდეგ იდეოლოგიების ყმობაში ვდგამთ ფეხს, ასევე მოხმარებითი ღირებულებები და ჩვენივე ინსტინქტები გვაკაბალებს, საკუთარი ეგო გვჩაგრავს უმოწყალოდ და მოკლედ, ყველაზე მეტად,…ადამიანს მონობის მეტი არაფერი აქვს ნანახი. თავისუფლება კი ამ ყველაფრის გამოწმენდაა და ცარიელი სისავსის შექმნაა სულში.
ამის წმინდა სახით რეალიზება შეუძლებელია, მაგრამ ინდივიდიც და ერიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლებისკენ მოძრავად, თუ ამ მიზნისკენ ასეთი ჩამოფხეკა-გამოწმენდის გზებით ისწრაფვის. ანუ თუ თავისუფლება-მომავლის ანალიზის დისკურსი აგორებულია საზოგადოებაში და მისი განშლა დაწყებულია, თუ ასეთ დისკურსს საზოგადოება აფასებს და მასში ხედავს პერსპექტივას და მომავალს.
- რა უფრო საინტერესოა პირადად თქვენთვის, კითხვების დასმა თუ პასუხების ძიება და პოვნა?
- პასუხებმა არ გაამართლა - კვანტურმა მექანიკამ დაგვანახა, რომ საბოლოო პასუხი არ შეიძლება იქნას მოძიებული და ამიტომ, პასუხთა ფასეულობა ზოგადად გაუქმდა. საერთოდაც, პასუხში არ დევს მომავალი, გადახსნის პოტენცია და მოლოდინიც გაუქმებულია; პასუხში ტერიტორია ისაზღვრება და მისი მეშვეობით არსებობის ფორმა იმკვიდრებს ბოლომდე თავს; პასუხი ამქვეყნიურია, გამოსადეგი, მოსახმარი, კითხვა კი უცნობისკენ, ჯერ მოუხელთებელისკენ გულისფანცქალით ფრენაა, რახან საფუძველი არ გააჩნია და გადახსნილია…და ასეთ, მოწყვლად მდგომარეობაში ყოფნას და არსებობას გასწავლის. მე აქ ფსიქოლოგიური მოდუსები აღვწერე, რადგან ლინგვისტურ-ნარატიული ინფორმაცია არც ერთში მაინტერესესებს და არც მეორეში.
- ამჟამად რამე კონკრეტულზე თუ მუშაობთ?
- ალბათ იცით, ნახევარი წლის წინ საქართველოში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ჩემი სტატიებისა და ესეების წიგნი დაბეჭდა ,,პარტიზნობის სტრატეგიები ხრიოკ ლანდშაფტში''. ახლა აქ, გერმანიაში მზადდება გამოსაცემად ახალი, ასევე თეორიული ტექსტების ჩემი წიგნი, რომელსაც ერქმევა თჰე დირტყ თ-სჰირტ („ბინძური მაისური''), სადაც შევა ჩემი მიმოხილვები, ინტერვიუები, რეცენზიები, ლექციები, ესეები და სხვა.
- ახლო მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავთ?
- რამდენიმე ინსტიტუციას, მათ შორის საქართველოში ვინც პირველად დამპატიჟა ლექციით - ,,მწერალთა სახლს'', უნდა ჩემი ლექციების სერიის ჩატარება. იმედია, თავს გაართმევენ რუტინულ პრობლემებს და ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება ქართულ საზოგადოებასთან ისევ შეხვედრა. ბორის გროისმა ერთხელ გერმანელ მსმენელზე თქვა: ,,გერმანელი მსმენელი ძალიან სულელია, მაგრამ ძალიან მომთხოვნი!'' ქართველებზე ვიტყვი: ქართველი მსმენელი ძალიან მატრაკვეცა-ჭორიკანაა, მაგრამ ძალიან თბილი და მოსიყვარულე.