რას დაპირდნენ პროკურატურაში ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს და რატომ შეწყვიტა შიმშილობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან

რას დაპირდნენ პროკურატურაში ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს და რატომ შეწყვიტა შიმშილობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან

ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობა შეწყვიტა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს თაღლითური სქემით, 5 მილიონამდე ღირებულების ქონება დაუყადაღეს. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ,,ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ, ვალერი შოშიაშვილმა სარჩელით მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა როგორც ირკვევა, უშედეგოდ, რადგან პროკურატურას ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება არ დაუწყია. ერთი კვირის წინ ბიზნესმენმა შიმშილობა სწორედ სამართლიანობის აღდგენის მოტივით დაიწყო.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, პროკურატურის თანამშრომლებმა – ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ, 8 000 ლარად შეფასებული გრემის კულტურის სახლის შენობა, შოშიაშვილს მუქარით, იძულებით, 700 000 ლარად აყიდინეს. 2013 წლის 14 მარტს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციით, ზაზა მალუძე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო ბექა ბასიალია ადვოკატია და ძირითადად, ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნებს იცავს. ხელისუფლებაში ,, ოცნების'' მოსვლის შემდეგ, სხვა დაზარალებული ბიზნესმენების მსგავსად, მთავარ პროკურატურას შოშიაშვილმაც მიმართა. 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს, გადასახადების დამალვის გამო, პროკურატურამ ვალერი შოშიაშვილისა და მისი მამის, ნუგზარ შოშიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მამა-შვილ შოშიაშვილებს ჩინეთიდან და დუბაიდან ჭურჭელი ჩამოჰქონდათ, მათ საკუთრებაში იყო საწყობი ლილოში, მაღაზიები ლილოსთან, „დინამოსთან“, „კიდობანის“ მიმდებარედ, ასევე კომპანიები ,,კახელები'' და ,,პორსელაინი''. გავრცელებული ინფორმაციით, „კახელებიდან“ და „პორსელაინიდან“ გამოძიებამ საბუღალტრო დოკუმენტაცია ამოიღო, ინვენტარიზაცია ჩაატარა და კონტრაბანდული ტვირთი, ანუ დოკუმენტების გარეშე შემოტანილი, დიდი ოდენობით საქონელი აღმოაჩინა. შოშიაშვილი აღიარებით ჩვენებაში დეტალურად ყვება, როგორ შემოჰქონდა კონტრაბანდული ტვირთი და როგორ უმალავდა ბიუჯეტს მილიონებს. გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ბრალის სრულად აღიარების გამო, მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. 
აღძრეს თუ არა ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2011 წელს? რატომ მისცა პროკურატურას აღიარებითი ჩვენება? შემოჰქონდა თუ არა კონტრაბანდული ტვირთი და რატომ შეწყვიტა შიმშილობა? ,,ვერსიას'' ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ესაუბრება. 
– მე და ჩემი ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში, ივანიშვილის სახლთან ვშიმშილობდით. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი დამიკავშირდა და დამპირდა, რომ ჩემი საქმის გამოძიება დროულად დასრულდება. შიმშილობა შევწყვიტეთ, მაგრამ ინტენსიურად მაქვს ურთიერთობა პროკურატურის წარმომადგენლებთან და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებადაც ვემზადებით. ვაფრთხილებ ხელისუფლებასა და პროკურატურას, თუ მათი დაპირება ტყუილი აღმოჩნდება, ოჯახის ყველა წევრი ვიშიმშილებთ ივანიშვილის სახლთან და იქიდან ფეხს აღარ მოვიცვლით! გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაახლოებით ერთ კვირაში პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. 
– 2012 წლის არჩევნების შემდეგ, წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულმა ბიზნესმენმა სამართლიანობის აღდგენა მოითხოვეთ. ამ მიზნით პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც კი შეიქმნა. შიმშილობა რატომ დაიწყეთ? 
– იმიტომ, რომ საქმე არ დაძრულა და დეპარტამენტიც პასიურობს – არც ერთი დაზარალებული ბიზნესმენის საქმე არ გამოუძიებია. მხოლოდ 5 ავტომობილი დააბრუნეს, არანაირი გამამართლებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ. თუ წინა ხელისუფლების დანაშაული მხოლოდ 5 ავტომობილის მითვისება იყო, სამართლიანობის აღდგენა კი ამ 5 ავტომობილის დაბრუნება, მაშინ, დიდი ბოდიში, თამამად ვიტყვი, რომ ეს დეპარტამენტი არაფრის მაქნისია! არც შოშიაშვილის საქმის მოგვარებით დაიწყება ან დასრულდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. დაე, ჩემი საქმე ბოლო იყოს, ოღონდ რომელიმე დაზარალებულ ბიზნესმენს ქონება დაუბრუნონ. ჩემი მთავარი მოთხოვნა ეს არის! 
როცა წინა ხელისუფლება საგადასახადო დავალიანების გამო გედავებოდათ, აღიარებითი ჩვენება რატომ მიეცით? 
– ეს ინფორმაცია ტყუილია! დეტალურად მოგიყვებით ყველაფერს: არავითარი საპროცესო გარიგება არ შემდგარა. ტყუილია, თითქოს ჩემს რომელიმე კომპანიას საგადასახადო ჯარიმა დაარიცხეს! როცა საგადასახადო დოკუმენტები მომთხოვეს, მიტანიდან 5 დღეში მაიძულეს, გრემის კულტურის სახლი შემეძინა. საგადასახადო დავალიანება არ მქონია, არაფერი მიღიარებია და არც საპროცესო გარიგება შემდგარა! ამას წინა ხელისუფლებაც აღიარებს. ასეთი დოკუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდე ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებდნენ? თუ საგადასახადო დავალიანება მართლაც მქონდა, რომელ სამართლებრივ ფორმაში ჯდება, რომ პროკურორმა სატელეფონო შეტყობინება გამომიგზავნა და მთხოვა, გრემის კულტურის სახლი შემეძინა? ერთადერთხელ დამკითხეს მოწმის სახით. სხვა შეხება ამ უწყებასთან არ მქონია. 
ანუ თქვენ და მამათქვენს დუბაიდან კონტრაბანდული ტვირთი არ შემოგიტანიათ? 
– რა თქმა უნდა, არა! ჩვენს შემოტანილ ტვირთებზე არაერთი მადლობის წერილი მაქვს მიღებული საბაჟო სამსახურიდან, რადგან მათი შემოწმების დროს, ყველა საჭირო დოკუმენტი ყოველთვის წესრიგში მქონდა. მადლობის წერილები მაქვს საგადასახადო სამსახურიდანაც, რადგან ჩემი მაღაზიების შემოწმებისას, ყველა სახის დოკუმენტი წესრიგში იყო. 
– 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაციონალურმა მოძრაობამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ში სარეკლამო დროს ყიდვა გაიძულათ? 
– დიახ, ოღონდ ეს ფაქტი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მოხდა. ნაციონალებმა პირდაპირ მომთხოვეს, რომ 50 000 აშშ დოლარი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ში გადამერიცხა, რათა სარეკლამო დრო მეყიდა იმდროინდელი ოპოზიციური პარტიისთვის. 
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისთვის? 
– დიახ. 
ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრად დღემდე რჩებით? 
– არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. ბურჯანაძის პარტიიდან კახეთის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორი ვიყავი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პოლიტიკური აქტივობისგან დროებით თავს ვიკავებ. ინსულტი დამემართა და თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს. ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა აუცილებლად უნდა შემეწყვიტა. პროტესტის ეს ფორმა სასტიკად არ შეიძლება ჩემთვის, რადგან ოპერაციიდან ექვსი თვეც არ გასულა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა. ყოველდღიურად იმის შიშით ვცხოვრობ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დაყადაღებული მთელი ჩემი ქონება რეალიზაციაში არ მოხვდეს და ვინმემ ღამით, მალულად არ გადაიფორმოს ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.