"ხელშეკრულება საქართველოსა და სარაკეტო სისტემების წამყვან მწარმოებელ ფრანგულ კომპანია MBDA-ს შორის გასულ წელს გაფორმდა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მონტაჟი 2017 წლის იანვრიდან დაიწყება. საუბარია VL MICA (Vertical Launch MICA) სისტემის ფრანგულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე. ფართო საზოგადოებას ის პირველად 2000 წელს წარედგინა და მისმა პოტენციალმა სამხედროების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებას სამიზნის, იქნება ეს პილოტირებადი თუ უპილოტო საფრენი აპარატი, ან ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტა, განადგურება (რაკეტის მოდიფიკაციის მიხედვით) 20 კმ-მდე რადიუსში, 9 კმ-ს სიმაღლეზე შეუძლია. აღსანიშნავია, რომ VL MICA-ს გარდა ქართული არმიის არსენალში ამ კლასის სხვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომში აქტიური მონაწილეობა მიიღეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართულ ცას ფრანგული "ქოლგა" იანვრიდან დაიცავს / ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას სამიზნის განადგურება 20 კმ-მდე რადიუსში, 9 კმ-ს სიმაღლეზე შეუძლია.
"ამ ეტაპზე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან ყველაზე ახალი ებრაული წარმოების დანადგარი "სპაიდერია". მისი საბრძოლო დებიუტი აგვისტოს ომში შედგა. რუსი ექსპერტებისვე შეფასებით, ის რუსი პილოტების თავის ტკივილად იქცა. მიზეზი მარტივია, ამ თანამედროვე კომპლექსის რაკეტები "გაისროლე-დაივიწყეს" პრინციპით მოქმედებენ, ანუ სამიზნეს თავად ეძებენ და ანადგურებენ. მისი მოქმედების რადიუსი 20 კმ-ს არ აღემატება. რაც შეეხება ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ სხვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ესენია საბჭოთა წარმოების "ოსა-აკმ" და "ბუკ-1 მ". მათი საბრძოლო პოტენციალი, განსაკუთრებით კი უკანასკნელისა, მაღალია. ის სამიზნეს 35 კმ-ს რადიუსში, 22 კმ. სიმაღლეზე ანადგურებს. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ისინიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. რუსული ავიაციის სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-22" სწორედ "ბუკ"-ის მიერ იქნა ჩამოგდებული. სულ, 2008 წელს მოწინააღმდეგემ 6 თვითმფრინავი, 1 სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-22", სამი მოიერიშე "სუ-25", 1 საფრონტო ბომბდამშენი "სუ-24" და მისი სადაზვერო მოდიფიკაცია, "სუ-24 მრ" დაკარგა. სამი მოიერიშე კი მძიმედ იქნა დაზიანებული", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქართველ ჯარისკაცებს მოწინააღმდეგის ავიაციისაგან თავის დაცვა ავტომატური საზენიტო ქვემეხებით, საბჭოური და პოლონური წარმოების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებითაც შეუძლიათ. თუმცა ის ეფექტური მხოლოდ გამაგრებული ობიექტების, საარტილერიო პოზიციების, ან მარშირებაზე მყოფი ჯავშანტექნიკის კოლონის დაცვისას არის. თანამედროვე ომებში, როგორც ეს აგვისტოს ომმაც ნათლად გვაჩვენა, საჰაერო სივრცის კონტროლი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და წარმატების მთავარი საწინდარია. მოწინააღმდეგე, რომელიც საგულისხმოა, რომ ბევრ კომპონენტში ჩამორჩებოდა ქართულ მხარეს, ყოველივე ამას თავისი ავიაციის მოქმედებით ანაზღაურებდა", - განაგრძობს გამოცემა.
"კიდევ ერთი პრობლემა, რაც 2008 წელს გამოიკვეთა, ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სიმცირეა. ომისას ქართული არმიის კუთვნილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების უდიდესი ნაწილი გორის რაიონში იყო მობილიზებული, რამაც ქვეყნის დანარჩენი ტერიტორია რუსი აგრესორების ავიაიერიშებისაგან დაუცველი დატოვა. სამწუხაროდ, რეალობა არც დღესაა განსხვავებული. ომის შემდეგ რუსეთის წყალობით საქართველოზე დაწესებულმა არაოფიციალურმა ემბარგომ ჩვენს ქვეყანას საბრძოლო მოქმედებებისას გახარჯული რაკეტებისა და დაკარგული საზენიტო კომპლექსების სანაცვლოდ ახლების შეძენის საშუალება არ მისცა. როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, თბილისისათვის იარაღის მიწოდების პოლიტიკაც შეიცვალა. ამაზე საფრანგეთში შეძენილი VL MICA მეტყველებს. თუმცა თავს იჩენს კიდევ ერთი, მთავარი პრობლემა - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის სიმცირე", - დასძენს გამოცემა.
"მსგავსი ტიპის შეიარაღება საკმაოდ ძვირადღირებული, თუმცა აუცილებელია. მათი მასობრივად შეძენისა და, შესაბამისად, მთელი ქვეყნის ეფექტური საზენიტო "ქოლგის" ქვეშ დაყენების ფუფუნება ეკონომიკურად არც თუ ისე ძლიერ თბილისს, სამწუხაროდ, არ შეუძლია. თუმცა ამ საკითხში გათვითცნობიერებული პირების თქმით, პრობლემის მოგვარება შეიძლება. საჭიროა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მქონე ქალაქების თავზე მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნა. ეს შეიძლება იყოს ქალაქი ფოთი, რომელიც ქვეყნის "საზღვაო კარიბჭეს" წარმოადგენს, დედაქალაქი თბილისი, გორი, რომელიც ახლოსაა ოკუპირებულ ცხინვალთან და რომლის ახლოსაც სამხედრო ბაზაა, სენაკი, სადაც მე-2 ქვეითთა ბრიგადა არის განთავსებული. ყველა ზემოხსენებული ქალაქი 2008 წელს რუსულმა ავიაციამ დაბომბა, რისი მიზეზიც, დიდი ალბათობით, მათი სტრატეგიული მნიშვნელობა იყო. შესაბამისად, ეს გარემოება გასათვალისწინებელია", - წერს სტატიის ავტორი.
interpressnews.ge