„სახელმწიფო ხალხისათვის“ - ასე ჰქვია პაატა ბურჭულაძის პარტიას, რომლისგან დამოუკიდებლადაც, ასევე ბურჭულაძის ,,საქართველოს განვითარების ფონდი'' არსებობას გააგრძელებს. მართალია, მსოფლიო ბანი ირწმუნებოდა, გაპოლიტიკოსებას არ ვაპირებო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ,,ხალხის დაკვეთის გამო'', გადაწყვეტილება შეცვალა და მაისის ბოლოს, პარტყრილობაც დააანონსა. ამ ე.წ. ტექნიკური საკითხების მიღმა ერთი მთავარი თემაა: როგორ ან საერთოდ გადაალაგებს თუ არა ბურჭულაძე პოლიტიკურ სპექტრს არჩევნების წინ?
განცხადებაში, რომელიც ბურჭულაძემ გაავრცელა, მისი ძალის გარშემო არსებულ რამდენიმე კითხვას უპასუხა. კერძოდ, იმის საპასუხოდ, თუ სად იყო ნაციონალების 9-წლიანი მმართველობისას, განაცხადა, გამსახურდიასთანაც ვიდექი, შევარდნაძესთანაც, სააკაშვილთანაც და ივანიშვილთანაც. ახლა კი ისეთს ვერავის ვხედავ, ვის გვერდით დგომაც შეიძლება, ამიტომ ტკბილ ცხოვრებაზე უარს ვამბობ და პოლიტიკაში მოვდივარო. საგარეო კურსზე საუბრისას კი პროდასავლურობას ხაზი რამდენჯერმე გაუსვა. ჯერჯერობით, ბურჭულაძეს დაფინანსების წყაროებსა და პარტნიორებზე არ უსაუბრია. მისი გუნდიდანაც სულ 2-3 ადამიანი ვიცით, ვისაც ალბათ არჩევნებზე ვიხილავთ; ასევე ვიცით მისი საკმაოდ მაღალი პიროვნული რეიტინგისა და კიდევ იმის შესახებ, რომ ბურჭულაძის ჯერარშემდგარმა პარტიამ, IRI-ს კვლევებით, 12% აიღო. გარდა ამისა, ბურჭულაძის სახელის ხსენება პატრიარქისა და საპატრიარქოს განსაკუთრებული მხარდაჭერის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, რეიტინგის წყაროც იყოს, მაგრამ არ ვიცით ყველაზე მთავარი - პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ორიენტაცია. ამ თემაზე კითხვები იმაზე ბევრად ადრე არსებობდა, ვიდრე მსოფლიო ბანი ფონდს შექმნიდა და სოფლებს ჩამოივლიდა. სხვადასხვა დროს კეთდებოდა მინიშნება, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში ჯერ სააკაშვილის დროს მიშასთან ერთად მოდიოდა, შემდეგ - მის წინააღმდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ,,ოცნების'' პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ეს მოარული ინფორმაცია გამართლდა. ერთი ვერსიით, ბურჭულაძემ ამაზე თავიდანვე უარი განაცხადა, დღეს კი ,,ოცნების'' ლიდერები ღიად ამბობენ, რომ ის რაღაცით ვერ დააკმაყოფილეს და მათი პოლიტიკური კავშირიც ამიტომ არ შედგა.
,,ვერსია'' შეეცადა, პოლიტიკური ველის ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშის აზრი გაერკვია, რას ფიქრობს პაატა ბურჭულაძის რეიტინგზე, გუნდსა და სურვილზე, გახდეს ე.წ. მესამე ცენტრი ანუ როგორ გადაალაგებს მისი შემოსვლა არჩევნების წინ პოლიტიკურ სპექტრს და გახდება თუ არა ბურჭულაძე ქართულ პოლიტიკაში ახალი ფაქტორი?
ამ კუთხით ყველაზე საინტერესო განცხადება ,,ოცნების'' აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ,,ოცნება'' მსოფლიო ბანს ნაციონალურ მოძრაობასთან წყვილში განიხილავს: ,,ბურჭულაძემ ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რათა ამ არჩევნებზე ბარიერი გადალახოს, ,,მესამე ცენტრობა'' კი აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ მას კონკურენტად არ განვიხილავთ, რადგან არჩევნებზე პრობლემას ვერ შეგვიქმნის. ყველამ ვიცით, რატომ ჰქონდა ამდენი ხნის განმავლობაში ფონდი და არ აკეთებდა პარტიას. მისი მიზანი აშკარად იყო, რომ ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ის პასუხისმგებლობა, რასაც პარტიას ორგანული კანონი აკისრებს, არ აეღო. ეს მარტივი სქემაა და მისი დაფინანსების წყაროზე კითხვებს თავისთავად აჩენს. მისი ძალის ადგილებზე მუშაობის სპეციფიკა ვიცით - თავისკენ, რეალურად, ნაცმოძრაობის აქტივისტებს ქაჩავს, ამიტომ ვფიქრობ, ხმებს ,,ოცნებას'' ვერ წაართმევენ. ისიც ფაქტია, რომ 22 მაისისთვის ჩანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნების კანდიდატი, ერთ-ერთ ადგილობრივ ოლქში, პაატა ბურჭულაძემ და ნაციონალებმა ერთობლივად წარადგინეს. 22 მაისს ,,ოცნება'' მათ 2%-ში რომ ჩატოვებს, ბევრ რამეს ამის მერე დავაკონკრეტებ ''.
სამაგიეროდ მედიასაშუალებებთან უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ დააკონკრეტა, რატომ არ შედგა ბურჭულაძისა და ,,ოცნების'' ტანდემი საპრეზიდენტო არჩევნების დროს: ,,ბურჭულაძეს ჰქონდა მცდელობა, მხარში დაგვდგომოდა. ამ თანადგომას დიდი სიამოვნებით მივიღებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ის პირობები, რაც ,,ოცნებისგან'' სჭირდებოდა, ვერ დავაკმაყოფილეთ. მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან კი აზრი ვერ გამოვიტანე, რადგან ეს იყო ლამაზი სიტყვების რახარუხი და მისი საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება''.
,,ბურჭულაძე ნაციონალების სატელიტს ჰგავს'', - ირწმუნება ჯერ კიდევ ,,ოცნებაში'' მყოფი თამაზ მეჭიაური, რომელსაც ბევრი სხვა პოლიტიკოსის მსგავსად, ვერ გაურკვევია, პაატა ბურჭულაძე ვის თამაშს თამაშობს და ასკვნის: ,,მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს''.
დაახლოებით, ასეთივე პოზიცია აქვს ირმა ინაშვილის პარტიას. პატრიოტთა ალიანსის პოლიტსაბჭოს წევრი გოჩა თევდორაშვილი საინტერესოდ მსჯელობს და სრულიად სამართლიან კითხვას სვამს: შეძლებს თუ არა ბურჭულაძე დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენას და თუ ვერა, მაშინ ვის სჭირდება მისი დამატება რეიტინგის მოსამატებლად?,,ვფიქრობ, ბურჭულაძის ძალა ახალი პოლიტიკური ცენტრის დატვირთვას ვერ მიიღებს და ბევრს ვერაფერს იტვირთებს მოახლოებული არჩევნებისთვის. საგულისხმოა, რას ნიშნავდა IRI-ს კვლევებში მისი იმ დროისთვის არარსებულ პარტიისთვის დაწერილი 12 %? გამოდის, ვიღაცას მისი რეიტინგულ ძალად წარმოჩენა სურდა. ესაა მთავარი პრობლემა და არა ახალი მოთამაშის დამატება. გვინდა თუ არა, ფაქტია: ეს ორგანიზაცია ნაციონალებს იცავს და ამავდროულად, მაღალ პროცენტებს უწერს ბურჭულაძესაც. თავისთავად ჩნდება კითხვა - ეს პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ხომ არ ასოცირდება? ამიტომ არ მგონია, ბურჭულაძის პარტია პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვდეს, მეორე მხრივ კი, ვერცერთ პარტიას ვერ ვხედავ, ვისაც ბურჭულაძესთან ალიანსი ბარიერის გადასალახად ან რეიტინგის ასაწევად სჭირდება. მეტიც, ვერ ვხედავ ბურჭულაძეს რომელიმე ორბიტაზე, ვერც ე.წ. პრორუსთა და ვერც პროევროპელთა შორის'', - აცხადებს თევდორაძე.
ბურჭულაძის საგარეო და საშინაო ორიენტირებით დაბნეული ჩანს ნინო ბურჯანაძის პარტიაც. როგორც გაერთიანებულ დემოკრატებში ფიქრობენ, ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის გამო შეიძლება, თავბედიც იწყევლოს. ამის შესახებ ,,ვერსიას'' გიგლა ბარამიძემ განუცხადა: ,,იმ ხალხზე, ვინც მის გვერდით დგას, ვერც დადებითს ვიტყვი და ვერც- უარყოფითს. ასევეა, პარტიაზეც: კი ამბობენ, პროევროპელები ვართო, მაგრამ ბურჭულაძე იმასაც ამბობს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მოსკოვთან, თუმცა ახლახან აშშ-შიც იყო და რას გაიგებ?! ამ ეტაპზე, ის არც პროევროპულ და არც პრორუსულ პარტიად არ მესახება და ვფიქრობ, დიდ პოლიტიკურ ძვრებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ გამოიწვევს. გული მწყდება, რომ ბურჭულაძემ ის საქმე არ გააგრძელა, რაც მართლა ყველაზე კარგად გამოსდის, რადგან თუ პოლიტიკაში არ გაუმართლა, მისი პროფესიონალიზმი შეიძლება, ისე გაქარწყლდეს და გაიფანტოს, პოლიტიკაში მოსვლის გამო თავბედი იწყევლოს.
დღეს მას ზოგი ივანიშვილთან აკავშირებს, ზოგი სააკაშვილთან, უნდოდათ, მაგრამ არაფრით გამოუვიდათ მისი მიბმა პატრიარქსა და საპატრიარქოსთან. ჩვენ კი მას გამოკვეთილად ვერსად ვხედავთ და მასთან ვერც საერთოს ვპოულობთ. ასე რომ, არ მგონია, ერთად დავდგეთ. ერთი სიტყვით, არ მგონია, ბურჭულაძე ქართული პოლიტიკის ფაქტორი გახდეს''.
მკვეთრი შეფასებებისგან თავს იკავებს რესპუბლიკური პარტია, რომლის წევრის, თამარ კორძაიას აზრითაც, ამ ეტაპზე მსოფლიო ბანსა და რესპუბლიკელებს საერთო არაფერი აქვთ: ,,ხალხი, მართლაც, გამოხატავდა მოლოდინს პოლიტიკაში ბურჭულაძის შემოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი საარჩევნო დაპირებები ან პლატფორმა მოსახლეობისთვის მისაღები იქნება. ერთი რამ ფაქტია: ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, ხმას ვის მისცემს, ამიტომ თავად ბურჭულაძეზეა დამოკიდებული, თავის სასტარტო პროცენტებს გაზრდის თუ შეამცირებს. რესპუბლიკელებსა და პაატა ბურჭულაძეს ერთნაირი ხედვა აშკარად არ გვაქვს, მაგრამ შეფასებებში ამაზე შორს ნამდვილად ვერ წავალ, რადგან მას პოზიცია თითქმის არც ერთი მიმართულებით ჯერ არ დაუფიქსირებია. ამ თემაზე მსჯელობა ჩემთვის ჯერ ძალიან აბსტრაქტულია''.
გაპოლიტიკოსებული მომღერლისთვის ,,კეთილ სურვილებს'' თავისუფალი დემოკრატებიდან არ იშურებენ. სხვათა შორის, ,,საქართველოს განვითარების ფონდის'' დაარსებისთანავე, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ბურჭულაძე შეხვდა, სწორედ ირაკლი ალასანია იყო. ალასანიას თანაპარტიელი გიორგი ცაგარეიშვილი ბურჭულაძესთან არც სტრატეგიულ პარტნიორობას გამორიცხავს და მას პროდასავლური კურსის მკვეთრად დაფიქსირებასაც უსურვებს: ,,როცა მოქალაქე ბურჭულაძე პოლიტიკოს ბურჭულაძედ გადაიქცა, შერჩება თუ არა ის ხიბლი, რომელიც როგორც ადამიანსა და მომღერალს აქვს, სხვა საკითხია. რაც შეეხება არჩევნებს, აქამდე მარტო გასვლის შანსი არ მოგვცემია, ახლა კი მოგვეცა და გამოვიყენებთ. პარლამენტში სტრატეგიულ თანამშრომლობას კი არ გამოვრიცხავთ. ჩვენი პარტნიორები ის ძალები იქნებიან, ვისაც ჩვენთან იდეოლოგიური და სხვა სახის ერთობა აქვს. გამოვრიცხავ თანამშრომლობას ნაციონალებთან, ე.წ. პრორუსებთან, ხოლო ბურჭულაძესთან - დრო გვიჩვენებს. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, ვის რა საგარეო ვექტორი აქვს. ეს ჩვენთვის ზღვარი და წითელი ხაზია! დღეს კი შემიძლია, მხოლოდ სურვილებზე ვისაუბრო: ვისურვებდი, ბურჭულაძემ პროდასავლური კურსი დააფიქსიროს. რაც მეტი ამ ტიპის პარტია იქნება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ნაკლებად მაინტერესებს საუბრები მის კავშირებზე მოსკოვთან და ა.შ. მთავარია, საქმე და ის, რეალურად რა ვექტორს აირჩევს. ბურჭულაძეს ვურჩევ, მკვეთრად პროდასავლური ვექტორი დაიკავოს''.
საოპერო მომღერლის მინუსებსა და პლუსებს ,,ვერსიასთან'' ნაციონალი დავით დარჩიაშვილიც აჯამებს და მიიჩნევს, რომ ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს პიროვნული რეიტინგი, რომლის პარტიულად ქცევაც იმაზეა დამოკიდებული, ხალხი ქულებს პოლიტგამოცდილების მიხედვით დაწერს თუ არა. დარჩიაშვილის აზრით, პაატა ბურჭულაძე საინტერესო ამომრჩევლის იმ სეგმენტისთვისაა, ვინც ჯერ კიდევ მხსნელს, მესიას ელის და ის ხმებს, ნაციონალებზე მეტად, ,,ოცნებას'' წაართმევს.
,,ბურჭულაძის საგარეო კურსის გამხმოვანებელი გიორგი რუხაძეა და იმაში, რაც აქამდე მისგან მომისმენია, არ შემიძლია, მოვედავო. ისინი დასავლური კურსის პრიორიტეტულობაზე საუბრობენ და ამ მიმართულებით, როგორც მახსოვს, ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ ხოლმე. ჯამში, პოლიტიკურად, მაინც მაქვს კითხვები, საითაა პაატა ბურჭულაძე: მოსკოვთან მეტი აკავშირებს თუ ვაშინგტონთან? ისე, მოსკოვთან კავშირის გამო, ბურჭულაძეს ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ მივაბამ. რაც შეეხება ჩვენი და ბურჭულაძის კავშირს, ასეთი უბრალოდ, არ არსებობს. ის, რომ როგორც მომღერალი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ბურჭულაძე წინა ხელისუფლებასთან კავშირში იყო, ეს პოლიტიკურ ასოცირებას სულაც არ ნიშნავს. ერთადერთი, რაც პაატას განცხადებაში პოზიტიურად მენიშნა, ის იყო, რომ ნაციონალების კრიტიკასთან ერთად ჩვენს მიერ გაკეთებული პოზიტივიც დაინახა. ეს მაინცდამაინც ბმას არ ნიშნავს, თუმცა მისი მინუსი გამოცდილების ნაკლებობა. მეორე მინუსი კი გუნდია, მით უმეტეს, როცა წინ საპარლამენტო არჩევნებია'', - აცხადებს დარჩიაშვილი.
მოკლედ, სახეზეა ერთი მხრივ დაბნეული პოლიტიკური სპექტრი, მეორე მხრივ კი პაატა ბურჭულაძე, რომელიც კატეგორიულად არ ამბობს, რომ რომელიმე კონკრეტულ ძალასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. სხვადასხვა დროს მასთან თანამშრომლობის მცდელობაზე საუბრობენ ,,ოცნებაშიც'', მკვეთრად უარყოფითი განწყობა არც ნაციონალებს, რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს აქვთ. ბურჭულაძე კატეგორიულად მიუღებელი არც ე.წ. რადიკალი ბურჯანაძე-ინაშვილის პარტიებისთვისაა. ბურჭულაძე მისაღებია საპატრიარქოსა და მის მიერ მართული სამოქალაქო თუ სასულიერო ჯგუფებისთვის. შესაბამისად, ვინ იცის, იქნებ, პაატა ბურჭულაძე მართლაც ე.წ. ახალი პროექტია, არც ისე რადიკალი, როგორც ვასაძე, არც გაჭრილი კარტი, როგორც ბურჯანაძე, არც ივანიშვილია, არც სააკაშვილი და ამავდროულად, მეტ-ნაკლებად, ყველასთვის მისაღებია. საკითხავი ახლა ისაა, ვინ დგას პაატა ბურჭულაძის უკან, თუმცა ამ მთავარ კითხვაზე პოლიტიკური სპექტრის მთავარ მოთამაშეებს ჯერ პასუხი არ აქვთ.