"ნატო-ში მიღების ალტერნატივა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცების ინიციატივას და ამის ფარგლებში წვრთნების ჩატარებას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ენერგოუსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწყებული თანამშრომლობა მომავალში სამხედრო ალიანსში გადაიზარდოს, რომლის მიზანიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა იქნება. ეს ყველაფერი კი, მათი აზრით, ოფიციალური ბრიუსელისგან და ნატოს ხელმძღვანელობისაგანაა ნაკარნახევი. "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ალიანსი პარტნიორ ქვეყნებზე ზრუნვას ცდილობს და ეს ყველაფერიც ამის მაგალითია - საქართველოს თავის რიგებში ვერ აწევრიანებენ, მაგრამ თავის წევრ ქვეყნებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევენ, რითიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ამაღლდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ნატო-ს ალტერნატივა.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შესაძლოა, ერთობლივი წვრთნები ჩაატარონ, ბოლო ორი დღეა აქტიურად ვრცელდება არა მარტო ამ ქვეყნების მედიაში, არამედ რუსეთსა და სომხეთშიც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო. მინისტერიალის დასკვნით ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს განზრახული აქვთ, განამტკიცონ სამხედრო თანამშრომლობა და ამ მიზნით პირველი ერთობლივი სწავლებები ჩაატარონ. მინისტრებმა აუცილებლობად მიიჩნიეს სამხედრო-საგანმანათებლო სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, ურთიერთობის განვითარება კიბერუსაფრთხოების საკითხებში, აგრეთთვე ერთობლივი წვრთნების ჩატარება ნავთობ-გაზსადენების დაცვის თვალსაზრისით. ამ გეგმის რეალიზების უზრუნველსაყოფად მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისათვის შესაბამის მემორანდუმს ხელს მოაწერენ, რაც, როგორც ჰასანოვის განცხადებაშია ნათქვამი, ქმნის იმის საფუძველს, რომ სამმხრივი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების მიზნით, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება. ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე გაზისა და ნავთობის მილსადენების დაცვაში. ვფიქრობ სწორედ ამისთვისაა საჭირო ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარება," - ამბობს ზაქირ ჰასანოვი. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია პირველ რიგში იმას განმარტავს, რომ აქ საუბარი სამხედრო ალიანსზე არაა, რადგან ალიანსი კოლექტიური თავდაცვის ეგიდით განხორციელებული გაერთიანებაა, რომლის მთავარი იდეაც საერთო მოწინააღმდეგის სამხედრო აგრესიის აღკვეთაა. ამ გაერთიანებას კი, მაისაიას თქმით, ასეთი იდეები არ აქვს. იგი ორი კონკრეტული რამის - კიბერუსფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოებისკენაა მიმართული. უბრალოდ, ასეთი ასიმეტრიული საფრთხეები, სპეციალისტის თქმით, სამხედრო კომპონენტების გამოყენებასაც მოითხოვს. "აქ რომ დაფიქსირებულიყო, რომ რუსეთისაგან ტერიტორიების დაცვაა მიზანი, ან რამე მსგავსი, მაშინ ეჭვები საფუძვლიანი იქნებოდა, მაგრამ ასეთ რამ არსად დაფიქსირებულა. მათ შორის არც საბოლოო დეკუმენტში", - ამბობს მაისაია. თუმცა, ამის მიუხედავად, მას არ აკვირვებს რუსეთისა და სომხეთის ეჭვები და შიშები იმის თაობაზე, რომ ეს გაერთიანება სხვა მიზნებითაც იქნება გამოყენებული და ამბობს, რომ ამ ეჭვის საფუძველი რეგიონში შექმნილი ფონია", - განაგრძობს გამოცემა.
"საქართველოსა და თურქეთს რუსეთთან ძალიან მძიმე ურთიერთობა აქვთ. ერთადერთი აზერბაიჯანია, რომელმაც რუსეთთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები შეინარჩუნა. მაგრამ აქვე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იკვეთება, სადაც რუსეთი სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა. "ეს ფონი უკვე ქმნის ეჭვის გაჩენის საფუძველს, რომ ეს ალიანსი ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული. ამ ფონს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოსთვის ალბათ უკეთესი იქნებოდა შეხვედრა ცოტა მოგვიანებით ჩატარებულიყო. ეს რუსეთისათვის ერთგვარად არაფორმალური მესიჯის გაგზავნაა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არანაირი სამხედრო ბლოკი არ იქმნება ისეთი, რაც რუსეთს ემუქრება", - ამბობს მაისაია. მისივე თქმით, არც ისაა გამორიცხული, ეჭვი მართლაც გაცხადდეს და მომავალში გაერთიანებამ სამხედრო ალიანსის სახეც მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ასეთი მიზნები არც ერთ მხარეს არ ამოძრავებს და ეს ალიანსი არა კონკრეტული აქტორის, არამედ მოვლენის წინააღმდეგაა მიმართული. "თუმცა, რამდენად აღიქვამენ ამას ჩვენი ოპონენტები, ეს ცალკე საუბრის თემაა. რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგი შესაძლებლობა უჩნდებათ საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი თავიანთი პროპაგანდისტული ამოცანებისათვის გამოიყენონ", - აცხადებს მაისაია და ამბობს, რომ ისინი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ", - წერს სტატიის ავტორი.
"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი თურქეთია, ბრიუსელის რჩევითა თუ კარნახით. იგი გვახსენებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ბრიუსელზე არაა დამოკიდებული. ვაშინგტონსა და ბრიუსელს კი უნდათ ეს, მაგრამ საფრანგეთი, გერმანია და იტალია ამას გარანტირებული ვეტოებით ეწინააღმდეგებიან. ამიტომ, ახლა, როცა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება პრაქტიკულად უკვე გამორიცხულია, ცინცაძის აზრით, ვაშინგტონი და ბრიუსელი თვითონ ეძებენ რაღაც ალტერნატივას, მაგალითად რეგიონული გაერთიანებები შექმნას, რომელიც რუსეთის სავარაუდო თუ რეალური აგრესიისაგან თავის დაცვას შეძლებს. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, ამ მიმართულებით პირველი გადადგმული ნაბიჯებია. "სომხეთმა ამაზე უკვე განგაში ატეხა. თავდაცვის სამინისტროში უკვე განცხადებები-განცხადებებზე კეთდება. ამბობენ, რომ ამით რეგიონში ახალი ომის კერა იქმნება. გასაოცარია, რომ სომხეთი, რომელიც "ოდეკებეს", სამხედრო ბლოკის წევრია, ამას ამბობს. თურმე რეგიონისათვის ერთობლივი სამხედრო წვრთნა უფრო საშიშია, ვიდრე "ოდეკებეს" წევრობა. "როგორც ჩანს, ეს ნატოში გაწევრიანების ალტერნატივაა. ნატო თურქეთის სახით ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მიტოვებული და დავიწყებული არ არიან და თუ საქართველოს პირდაპირი გაწევრიანება არ გამოდის, ერთგვარი ალიანსი ჩამოყალიბდება", - ამბობს "რეზონანსთან" ინტერვიუში ცინცაძე. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტოლოგის აზრით, გასათვალისწინებელია თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გასტანს თურქეთ-რუსეთის კონფლიქტი", - განაგრძობს ავტორი.
"პოლიტიკა პოლიტიკაა და ერთ მშვენიერ დღეს თურქეთი და რუსეთი რაღაცაზე რომ შეთანხმდნენ, მით უმეტეს რომ მათ თანამშრომლობის ძალზედ ფართო სპექტრი აქვთ, რა გამოვა? საქართველო ნატოს გარეშეც იქნება და თურქეთის გარეშეც. ამიტომ ეს საფიქრალია და უცებ, ხელაღებით გადაწყვეტა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ ეს განხილვის თემაც კი არ ყოფილა, მათ შორის არც აკადემიურ წრეებში. კულუარული გადაწყვეტილებებია მიღებული და სხვათა შორის, აზერბაიჯანში გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ამის თაობაზე, მათ შორის ჟურნალისტებსაც, ვიდრე საქართველოში. ეს ნონსენსია. ჩვენი ხელისუფლება თავის ყრილობას, წინასაარჩევნო კამპანიას და სიების შედგენასაა გადაყოლილი და ასეთი გადაწყვეტილებები უყურადღებოდ რჩება. ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ შორეულ პერსპექტივაზე არაა გათვლილი", - მიიჩნევს სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ანკარა და მოსკოვი რომ შერიგდნენ, მერე ჩვენ რა? ეს კითხვა ლეგიტიმურია", - დასძენს გამოცემა.
interpressnews.ge