„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიას მიხეილ საააკაშვილი და გიგა ბოკერია ცალ-ცალკე ადგენენ, პარტიაში ორი სიის სინთეზი კი, ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
for.ge-ს ინფორმაციით, მედიის საშუალებით გიგა ბოკერიას მიერ დაკომპლექტებული სია ვრცელდება, თუმცა, პარტიის სიის ოფიციალური წარდგენა მანამდე არ მოხდება, სანამ პარტიას საკუთარ სიას მიხეილ სააკაშვილი არ წარუდგენს.
წყაროს ცნობით, ბოკერიას გუნდი სააკაშვილის სიის წარდგენას ელოდება და ოდესის გუბერნატორთან პოლიტიკური ვაჭრობისთვისაც ემზადება. როგორც for.ge-ს კულუარულ საუბარში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, წინასწარი შეთანხმებით, ბოკერიას სიაში გივი თარგამაძე არ უნდა ყოფილიყო, რომელიც ამჟამად არის და როგორც ჩანს, ბოკერია სააკაშვილთან ვაჭრობას სწორედ თარგამაძით აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ბოკერიას მიერ მომზადებულ სიაში მისი მოკავშირე გოკა გაბაშვილი არ არის და წინასწარი შეთანხმებით, სიაში არც ბოკერია უნდა ყოფილიყო, თუმცა, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი სიაში მე-13 ადგილს იკავებს.
ბოკერიას სიაში ასევე არ არის მიხეილ მაჭავარიანი, თუმცა, სიაში ხათუნა გოგორიშვილი მოხვდა, რომლის თაობაზეც უკმაყოფილებას როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე, ზაზა ბიბილაშვილი გამოთქვამენ.
წყაროს ცნობით, სააკაშვილი და ბიბილაშვილი აცხადებენ, რომ თუ სიის განახლებაზეა საუბარი, სიაში გოგორიშვილი არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, სააკაშვილის ფაქტორის გამო, სიაში ყოფნაზე უარს ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომლის გადაწყვეტილებასაც ყოფილი პრეზიდენტი დადებითად აფასებს.
„სააკაშვილმა გვითხრა, თქვენს შორის მყოფ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთარებულ პატივისცემას ნუგზარ წიკლაური იმსახურებს, რომელმაც სიაში ყოფნაზე უარი განაცხადაო“, - ამბობს ერთ-ერთი ლიდერი.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების გარდა, ბოკერიას სიაში ლევან ბეჟაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და კობა სუბელიანი ვერ მოხვდნენ, რომლებიც სააკაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებიან. თუმცა, მათგან განსხვავებით სიაშია - აკაკი მინაშვილი, ხოლო აკაკი ბობოხიძე მე-11 ადგილს იკავებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიის გასაჯაროვებას მიმდინარე კვირას გეგმავს, თუმცა, მანამდე, მათთვის ცნობილი სააკაშვილის სიაც გახდება, სადაც შესაძლოა, წყაროს ცნობით, სანდრა რულოვსი და ეკა ზღულაძე იყვნენ.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში საარჩევნო სიის დაკომპლექტება თუ რა შედეგით დასულდება, ამის პროგნოზი რთულია, რადგან სააკაშვილისა და ბოკერიას ჯგუფები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. სააკაშვილის ჯგუფი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს ეკუთვნის და არა ბოკერიას, რის გამოც ბოკერია და მისი გუნდი მოკრძალებული უნდა იყოს. ბოკერიას გუნდი საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ხელს იმ შეცდომებზე იშვერს, რომელიც მათი ხელისუფლების დამარცხება გამოიწვია.
იმ შემთხვევაში თუკი, სააკაშვილის გუნდის წევრები საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, ისინი პარტიის დატოვებას არ გეგმავენ, თუმცა, შემოდგომაზე, არჩევნების შედეგების პროპორციულად, პარტიის რღვევას არ გამორიცხავენ.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას მიერ მომზადებულ სიის ათეულს, ესენი არიან: დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, ოთო კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი.
თუ განახლებაზეა საუბარი, მაშინ ბოკერიას მიერ წარდგენილი სია ამ ლოზუნგს ვერ პასუხობს, რადგან საკუთარი პერსონით საზოგადოების ნაწილს ოთო კახიძეზე მეტად ნუგზარ წიკლაური ან მიხეილ მაჭავარიანი არ აღიზიანებენ.