კვირიკაშვილის ევროპული გუნდი

კვირიკაშვილის ევროპული გუნდი

დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე – პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭო ამ შემადგენლობით განაახლა. სავარაუდოდ, საბჭოს განახლებული წევრებით დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, რომელიც ახლა ფორმირების აქტიურ ფაზაშია და როგორც ვიცე–სპიკერი აცხადებს, მალე დასრულდება.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მანანა კობახიძის თქმით, მათი წარდგენა, ალბათ, უფრო ეტაპობრივად ოლქების მიხედვით მოხდება.

„ჩვენი მიზანია, რომ დროულად დავიწყოთ ეს კამპანია იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებთან მივიტანოთ ჩვენი პროგრამაც, ის მთავარი ამოცანები, რაც ხელისუფლებას აქვს მათი პრობლემების მოსაგვარებლად და ის გაკეთებული საქმეებიც, რომელიც ნამვილად ამ გუნდის წარმატებაა ბოლო 4 წლის განმავლობაში“, – აცხადებს მანანა კობახიძე.

ზუსტად როდის მოხდება განახლებული სიის პრეზენტაცია, ამას პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს და ამის შემდეგ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პასუხისმგებლობას აიღებენ მომავალი 4 წლის განმავლობაში.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ მისთვის გადამწყვეტი არის გეოპოლიტიკური ორიენტაცია.

„აშკარად ევროპულ მიმართულებაზე არის აქცენტი გაკეთებული. ვგულისხმობ ახალ წევრებს, სწორედ მათ ევროპასთან სიახლოვეს ესმოდა ხაზი. ევროპულად შედგენილი პოლიტსაბჭო წარმოადგენა პრემიერმა. ალბათ, ეს ადამიანები შევლენ საარჩევნო სიაში. ამ ფონზე ალბათ, ყველა ეცდება, რომ ევროპულობა არ დაკარგოს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ლეგიტიმური ხაზი გასმულია, კვირიკაშვილი ოფიციალურად იღებს პასუხისმგებლობას, რაც ნიშნავს, რომ შეუდგება სიის ფორმირებას.

„დიდი ალბათობით პოლიტსაბჭოს ახალი წევრები შეყვანილი იქნებიან საარჩევნო სიაში, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით თანმიმდევრობა. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ფონდებში დასაქმებული ადამიანები იქნებიან საარჩევნო სიაში, მაგალითად - დავით საგანელიძე. „ქართული ოცნება“ რომელსაც აქვს ამბიცია, რომ კვლავ დარჩეს მმართველ ძალად, მისმა შემადგენლობამ ხაზი უნდა გაუსვას პარტიის უპირატესობას, რადგან გამადიდებელი ლუპით დაიწყება ყველა გვარის შეფასება. ამდენად, ოცნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია, რომ გუნდი კვალიფიციური და პროფესიული წარსულის მქონე პიროვნებებით იყოს დაკომპლექტებული“, – აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

რამდენად შეძლებს განახლებული პოლიტსაბჭო კონკურენცია გაუწიოს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და განსაკუთრებით, პოლიტიკურ ველზე ახლად შემოსულ პაატა ბურჭურალძის პარტიას, გორგილაძე ამბობს, რომ განახლებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობა კვალიფიციური ნიშნების მანიშნებელია.

„ყველა აქვს ამბიცია, მაგრამ სხვა საქმეა როგორ ესმით ეს ამბიცია და რამდენად შეესაბამება შესაძლებლობებს. მაგალითად „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰყავთ არაჩვეულებრივი ინტელექტუალი ზაზა ფირალიშვილი, მათ ადგილას ზაზა ფირალიშვილის სამეულში ჩავსვამდი, რათა დაინახოს ამომრჩეველმა, რომ ეს პოლიტიკურ პარტია არა მხოლოდ პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული, არამედ სარგებლობს ინტელექტუალებში. ამით ისინი შეძლებენ დამატებითი ხმების მოზიდვას.

„ოცნების“ შემთხვევაში პირველი იქნება გიორგი კვირიკაშვილი, მეორე დავით სერგეენკო და მესამე ნომერი უნდა იყოს სიმბოლური, რომელიც მანამდე არ იყო პოლიტიკაში, მაგრამ გაიგივებულია ცოდნასთან, ოვაციასთან და პროფესიონალიზმთან. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მან თავის განცხადებაში მკაფიოდ თქვა, რომ უნდობლობას უცხადებს პოლიტიკურ ელიტას. აქცენტირებას ახდენს კვალიფიციურ და კომპეტენტურ კადრებზე, რესურსზე. მისი სწრაფვა პროფესიონალიზმისკენ, გამოხატული უნდა იყოს სიაში“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

როგორც გორგილაძე აცხადებს, თავიანთი ამოცანა აქვთ რესპუბლიკელებს. მათ კონკურენცია ძალიან გადატვირთულ პროდასავლურ ფლანგზე უწევთ და ხიდაშელის პირდაპირ ალასანიაზე თავდასხმა შემთხვევითი არ არის. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ათეულს, გორგილაძე თვლის, რომ სიაში აგრესიული და ამბიციური ლიდერები არ იქნებიან.

„პირველი ათეული ნაკლებად გამაღიზიანებელი იქნება მოსახლეობისთვის. დიდი ალბათობით, პირველ ათეულში იქნება დავით ბაქრაძე, მაგრამ ნაციონალური ელიტის პარტიულ ელიტას – მიხეილ მაჭავარიანს, გოკა გაბაშვილს, გიგა ბოკერიას, პირველ ათეულში ვერ ვიხილავთ. ნაციონალების პირველი ათეული გამოყენებული იქნება ფასადისთვის, ხოლო პარტიული ბირთვი მეორე ათეულში იქნება კონცეტრირებული“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება საარჩევნო სია ისე დააკომპლექტოს, რომ მისაღები იყოს, როგორც ქართველი ამომრჩევლისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის და ბრიუსელისთვის. მისივე თქმით, დასავლეთში ყურადღებით უყურებენ იმას, ვინ და რა ბეგრაუნდის მქონე ადამაინები წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ ბირთვს.

„შემადგენლობა რაც დასახელდა, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ოპტიმალური ნაზავია. დარჩა ძველი წევრების გარკვეული ჯგუფი და შეივსო ახალი სისხლით, რომელთაც პროდსავლური და პროევროპული ბიოგრაფია აქვთ. ამით ერთგვარად მოიხსნება კითხვები „ქართული ოცნების“ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რადგან თავიანთ რიგებში მოიწვიეს პროდასვლურად მოაზროვნე ადამიანები“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის განახლება ხდება და პოლიტიკაში შემოდიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულის ტვირთით არ არიან დამძიმებული.

„იმ ადამიანების მიმართ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, არა მგონია, რომ შეკითხვები და პრეტენზიები ჰქონდეთ. მათ არ აქვთ მძიმე ბიოგრაფია, როგორიც აქვთ ჩვენ პოლიტიკოსებს. ეს ადამიანები პოლიტიკაში სუფთა ხელებით მოდიან, რაც მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. პოლიტიკაში მოდიან ადამიანები, რომლებმაც იციან თავისი საქმე, აქვთ სერიოზული განათლება.

როგორ გაუძღვებიან საქმეს, როდესაც პოლიტიკაში ჩაერთვებიან, ამას დრო გვიჩვენებს. არ ვიცი ვის წარადგენს ბურჭულაძე და „თავისუფალი დემოკრატები“, მაგრამ ვინც წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მათგანს ზურგს უკან აქვთ სერიოზული პროფესიული გამოცდილება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე