პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასვლას არ აპირებს, თუმცა, ხელისუფლების საგარეო კურსის წინააღმდეგ გამოდის და კონსულტაციების გამართვას ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებთან - ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან გეგმავს.
კონსულტაციების შედეგად, დეპუტატი თუ რა გადაწყვე1ტილებას მიიღებს და იქნება თუ არა ის „ოცნების“ საარჩევნო სიაში, ამის თქმა წინასწარ რთულია, თუმცა, for.ge ქართულ პოლიტიკაში თამაზ მეჭიაურის ფენომენით დაინტერესდა და დეპუტატებს კითხვით მიმართა - „მეჭიაური საკუთარ იდეებს ახმოვანებს, თუ სხვისი პოზიციებს წარმომჩენად იქცა?“.
უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეჭიაური საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს და პიარს იკეთებს, მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ის „სხვისი“ დავალებით მოქმედებს.
დეპუტატები „სხვაში“ თუ ვის გულისხმობენ, ამას არ აკონკრეტებენ, მაგრამ მეჭიაურის პოლიტიკური ქმედებების შესაძლო მოტივებს განმარტავენ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე „მეჭიაურის ფენომენზე“ საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას კომიტეტის მუშაობაზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომიტეტს ბევრი ახალი ინიციატივის წარდგენის საშუალება ჰქონდა, რაც არა მხოლოდ მეჭიაურმა არ გამოიყენა, მაგრამ წელიწადნახევარია, ის თავმჯდომარეა.
კანონმდებელის მოსაზრებით, ზოგ შემთხვევაში, მეჭიაური სხვის იდეებს ახმოვანებს, ზოგჯერ - თავისას.
„მისი მსგავსი უცნაური იდეები ვის უნდა წარმოეშვას, არ ვიცი. ალბათ, რაღაც ტაქნიკა აქვს შერჩეული, მაგრამ არ ვიცი, ეს რას მოიტანს. ვიღაცას ეძებს? საგარეო კურსთან მიმართებაში საკუთარ პოზიციებს აბუქებს, რაც ალბათ, არჩევნების მოახლოებას მოჰყვა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მისი კარტები მას შემდეგ გაიხსნება, რაც გადაწყვეტილებას მიიღებს. მერჩია, რომ ის კომიტეტის საქმეებით იყოს დაკავებული, რადგან ბევრი საქმე გვაქვს. უცხო თვალს შეიძლება შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ამ დარგში საქმე იმდენად კარგად არის, რომ გლობალურ საკითხებს გამოუყო დრო“, - ამბობს ებანოიძე.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი თამაზ მეჭიაურს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას - „გამსვლელი პაიკის“ პერსონაჟს ადარებს და ამბობს, რომ ის ხელოვნური ფუყე ფიგურაა, რომელმაც თავისი თავი შექმნა და ის ზედაპირზე მოვლენებმა ამოზიდა. როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, როგორც ჩანს, მეჭიაურის სიაში ჩაწერა არ უნდათ და ამისთვის იბრძვის, რადგან მუდმივად იმუქრება.
„მეჩვენება, რომ მეჭიაური საკუთარ აზრებს ამბობს, მაგრამ მიგვანიშნებს, თითქოს ვიღაცას ახმოვანებს. უმრავლესობას ახლა ერთი ხმის დაკარგვა არ უნდა, მაგრამ მათი გამკვირვებია, რადგან ერთი ხმის დაკავებას ათი ხმის დაკარგვა ურჩევნიათ? - ისინი ბრძნულ ანგარიშებში შემჩნეული არ არიან. რაც შეეხება მეჭიაურს, ის არის მოთხრობა - „გამსვლელი პაიკი“, რომელიც გურამ დოჩანაშვილმა დაწერა. ერთ კაცი, რომელიც ეზოში ცხოვრობდა, ჭადრაკს აგებდა და ცოლს დაჩაგრული ჰყავდა. ერთხელ, მეზობლებმა მოილაპარაკეს, რომ მასთან თამაშს წააგებდნენ და მას საჭადრაკო პარტიებს დაუთმობდნენ. ამან მოგებები დაიწყო, ცოლი რომ ეძახდა, აღარ პასუხობდა და თავში აუვარდა. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. შემდეგ, მისი ქმედებები არ მოეწონათ, ყველამ თამაში დაიწყო და გამსვლელი პაიკი მიხვდა, რაც ხდებოდა. ქართულ პოლიტიკაში მეჭიაურის როლი არის - პაიკი. ნათქვამია - „ერთხელ პაიკიც აყვავდებაო“ და მეჭიაური დაახლოებით ასეთი პერსონაა. მისი ვარსკვლავური ხანაა. ის ვარსკვლავია, ჟურნალისტები დასდევენ, დიდი ორატორი არ არის, მაგრამ დაწერილი კარგად ჟღერს“, - ამბობს დეპუტატი.
ბერძენიშვილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიმართ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მეჭიაური საუბრობს, რომ თურმე, ხიდაშელმა დანა-ჩანგლის გამოყენება არ იცის. კანონმდებელი ფიქრობს, რომ მეჭიაური სექსისტია და მას ჰგონია, რომ ქალი სამზარეულოში უნდა იყოს.
„მაგ ნაწილში ძალიან უსინდისოდ იქცევა, რადგან ეს ის კაცია, რომელსაც ეტიკეტი არ სჭირდება, რომ უცხოეთში ჯიბიდან კონიაკი დააძროს. მეჭიაური სხვა საკითხებზე რაც უფრო მეტს საუბრობს, მით უფრო საკუთარ პრობლემებს ავლენს. ჟებოტაში დაბადებულმა მეჭიაურმა თბილისში დაბადებულ ხიდაშელს დანა-ჩანგლის ვერგამოყენება რატომ დააბრალა, ვერ გავიგე, მაგრამ ალბათ, უნდოდა ეთქვა, იარაღთან ქალის მიშვება როგორ შეიძლება?! მეჭიაური სექსისტია და ჰგონია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში უნდა იყოს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელი ამბობს, რომ პარლამენტში რესპუბლიკელებს ვერ იტანენ, თუმცა, დავით უსუფაშვილი პარლამენტის ერთდერთი თავმჯდომარეა, რომელსაც ყველა დეპუტატი ელაპარაკება.
„ლევან ბერძენიშვილი შეიძლება ვერ აიტანო, დათოც ხანდახან ცუდად იყურება, მაგრამ როგორ შეიძლება, უსუფაშვილი ვერ აიტანო? - პარლამენტში კაცი არ არის, რომელიც მას არ ელაპარაკება. ჟვანია ნახევარს არ ელაპარაკებოდა, ბურჯანაძე მეოთხედს. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. დავით ბაქრაძესაც ჰყავდა ხალხი, რომელთაც არ ელაპარაკებოდა. უსუფაშვილს ვერ იტანენ, რადგან თავის ადგილზეა“, - დასძენს ბერძენიშვილი.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი თემურ ნერგაძე ფიქრობს, რომ მეჭიაური ნიჭიერი კაცია, რადგან რასაც აკეთებს, ნიჭიერად აკეთებს. for.ge-სთან საუბარში ნეგრაძე ამბობს, რომ მეჭიაური პოლიტიკაში დიდი ხანია არის, მაგრამ მას ხმა აქამდე არ ამოუღია.
„მგონია, რომ მეჭიაური სხვის იდეებს უფრო ახმოვანებს, ვიდრე საკუთარს. როგორც ჩანს, საკუთარი მომხრების იდეებს ახმოვანებს. ნიჭიერი კაცია, რადგან რასაც აკეთებს, ხარისხიანად აკეთებს. მათ შორის, ხმაურიან განცხადებებს. მისი განცხადებები მომწონს თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მედიას რომ მოსწონს, ფაქტია, რადგან ტელევიზიაში ხუთჯერ არის“, - ამბობს ნერგაძე.
რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, მეჭიაურის ფენომენის ახსნისას „ოცნების“ წევრები დიპლომატიურები არიან და ამბობენ, რომ ყველა დეპუტატს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება აქვს.
ლუკა კურტანიძე ფიქრობს, რომ მეჭიაურს არავინ არ კარნახობს, როგორ უნდა ილაპარაკოს. მისი თქმით, საქართველოში ჟურნალისტი იქნება, თუ დეპუტატი ყველას გამოხატვის უფლება აქვს და თითოეული ადამიანი საკუთარ ქმედებაზე პასუხს აგებს.
„ბატონ თამაზს ვერ ვუკარნახებ, როგორი განცხადებები აკეთოს და როგორ უნდა იცხოვროს. ჩვენი კურსი ურყევია და ეს საზოგადოების მიერ ნაკარნახევია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანებს აღარ დასდევენ და არ ჩაგრავენ“, - განუცხადა for.ge-ს კურტანიძემ, რომლის მსგავსად, მოკრძალებულია საპორცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. for.ge-სთან საუბარში კახიანი ამბობს, რომ მას ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
„მეჭიაური ვინმეს იდეებს ახმოვანებს, თუ თავისას, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ალბათ, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ? ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ?“, - აცხადებს კახიანი.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარე დიმიტრი ხუნდაძე მეჭიაურის როგორც ერთი დეპუტატის განცხადებებს მსოფლიო პოლიტიკის ფარგლებში წარმოაჩენს. ხუნდაძის თქმით, ყველა დეპუტატს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება აქვს.
„მაგალითს მოვიყვან, როცა სტივ რასელი გამოვიდა და ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეა და ჩვენთვის მოეხედათ. ორ დღეში, თეთრი სახლის პოზიცია გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ ეს ერთი დეპუტატის პოზიცია იყო. როგორც სტივ რასელს, ასევე ქართველ დეპუტატს აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოთქვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს აზრი ხელისუფლების პოზიციაა. ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტია და დემოკრატიის მაჩვენებელია, რომ არჩევნებზე ყველა პარტია დამოუკიდებლად გავიდეს და მათი ბედი ამომრჩეველმა გადაწყვიტოს“, - განუცხადა for.ge-ს ხუნდაძემ.
რაც შეეხება კონსერვატორების განწყობას, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეჭიაური დამოუკიდებელი პერსონაა, ის პოლიტიკაში თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს და მისი განცხადებები მისი განცხადებებია და არა ვინმე სხვასი.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მისი პარტია მეჭიაურის განცხადებს გმობს და მსგავს სულისკვეთებას არ გამოხატავს. ვეთანხმები, რომ საგარეო კურსთან მიმართებაში მეჭიაური საკუთარ პოზიციებს გამოხატავს“, - დასძენს ძიძიგური.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში იქნება თუ არა თამაზ მეჭიაური, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, ამ მოწვევის უწყებაში, ის ორი წლის მანძილზე, უჩინარი და უწყინარი დეპუტატი იყო. მეჭიაურის პოლიტიკური აქტივობის ხანა მას შემდეგ დაიწყო, რაც რესპუბლიკელებსა და „ოცნებას“ შორის პოლიტიკური გარიგება დაიდო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გახდა, ხოლო ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან ბერძენიშვილი.
აღსანიშნავია, რომ სკანდალური განცხადებების გარდა, მეჭიაური სკანდალური კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორიც იყო, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა. ამას გარდა, მეჭიაურის სახელს უკავშირდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები და შეიძლება ითქვას, რომ ის სკანდალური განცხადებების გაკეთების თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებს არ თმობს და გოგი თოფაძეს არ აწინაურებს.