საქართველოს კულტურის მინისტრი რუსმა პრანკერებმა გააშაყირეს

საქართველოს კულტურის მინისტრი რუსმა პრანკერებმა გააშაყირეს

"საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილი რუსი "პრანკერების" ბადეში გაება. ცნობისათვის, პრანკერი სატელეფონო ხულიგანია, რომელიც ამა თუ იმ ცნობილ ადამიანს ტელეფონით აშაყირებს და შემდეგ ამ ამბავს ასაჯაროებს. ამჯერად რუსმა პრანკერმა მიხეილ გიორგაძესთან საუბრისას თავი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად გაასაღა და მას წლევანდელ "ევროვიზიაზე" უკრაინის სახელით გამოსული მომღერლის - ჯამალას დახმარება სთხოვა. გიორგაძე მას დახმარებას დაჰპირდა და პირობა მისცა, რომ უკრაინელი კონკურსანტი "ევროვიზიაზე" საქართველოსგან ქულების მაქსიმალურ რაოდენობას მიიღებდა. ცნობას ამ სატელეფონო ხუმრობის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. საქართველოს კულტურის სამინისტროში კი ასეთი საუბრის ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორ გააშაყირეს რუსებმა საქართველოს კულტურის მინისტრი / მიხეილ გიორგაძე "ევროვიზიაზე" უკრაინელ მონაწილეს საქართველოსგან მაქსიმალურ ქულას დაჰპირდა?

"ცნობისათვის, "ევროვიზია 2016"-ის ფინალი, სადაც 10 ფინალისტს შორის საქართველოს მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი "იანგ ჯორჯიან ლოლიტას" მოხვდნენ, დღეს გაიმართება. რუსული მედიის ცნობით, ცნობილმა რუსმა პრანკერებმა ლექსუსმა და ვოვანმა მიხეილ გიორგაძესთან ერთად მოლდოვის კულტურის მინისტრიც გააშაყირეს და მისგანაც მიიღეს დაპირება, რომ უკრაინელი მონაწილე მოლდოვასაგან ქულათა მაქსიმუმს მიიღებს. ამას გარდა, რუსმა პრანკერებმა "ევროვიზიის" თავად უკრაინელი მონაწილე ჯამალაც გააშაყირეს. მას ასევე პოროშენკოს სახელით დაურეკეს, უთხრეს, რომ მისი საკონკურსო სიმღერის ტექსტი მეტად ბუნდოვანი იყო და სთხოვეს სიმღერის შინაარსი დეტალურად აეხსნა. ჯამალამ ეს თხოვნა შეასრულა... საქართველოს კულტურის სამინისტროში მინისტრ გიორგაძისა და "უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს" შორის სატელეფონო საუბრის ფაქტს ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ - მათი თქმით, მინისტრი შეხვედრებზეა, რის გამოც ამ ფაქტის გადამოწმებას ვერ ახერხებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვერ ვიტყოდი, რომ წინასწარ კონკრეტული რაიმე შეთანხმება ხდება-მეთქი, მაგრამ სომხეთი ჩვენ რომ გვაძლევს უმაღლეს 12 ქულას და ჩვენც მაღალი შეფასებით ვპასუხობთ, ეს ხომ ყველამ იცის და ამას რა შეთანხმება სჭირდება?! სამეზობლო ინაწილებს მაღალ ქულებს და ამას არც პოლიტიკა სჭირდება, არც რეკვა. ეს ასე დამკვიდრდა და ამ ფესტივალის რაღაცნაირი ტრადიციაა. ეს კონკურსი მე მაინც ძალიან მომწონს იმიტომ, რომ ძალიან მასშტაბური კონკურსია და ყველას უნდა მონაწილეობის მიღება", - განმარტავს "ევროვიზიის" ყოფილი მონაწილე, მომღერალი ანრი ჯოხაძე. საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი აცხადებს, რომ "ევროვიზიის" მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვს და შესაბამისად, არც ის გაუკვირდება, თუ ქულების მინიჭების საკითხი სატელეფონო ზარებით გვარდება", - განაგრძობს გამოცემა.

"ამ კონკურსის მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არ ვაღიარებ, როგორც კონკურსს. იმიტომ, რომ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ამ კონკურსზე რამდენიც უნდა ვისაუბროთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის მიხედვით იწერება ქულები. არც ის არის გამორიცხული, რომ სატელეფონო ზარებით ხდებოდეს ქვეყნებს შორის ქულების შეთანხმება. ნამდვილად ვიცი ის, რომ რამდენიმე ქვეყანამ მილიონები ჩადო, რათა შემდეგ "ევროვიზია" მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო. ამ ქვეყნებს ვერ დავასახელებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს. შოუბიზნესში არის რაღაც, რაც ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკო", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას დათო ოქიტაშვილი.

"მიხარია, რომ ჩვენები ფინალში არიან და იმედი მაქვს ის ქვეყნები, რომელთანაც ჩვენ მეგობრული ურთოერთობა გვაქვს, მაღალ ქულებს დაგვიწერენ. შარშანდელ კონკურსზე ისეთმა ქვეყნებმა დაგვიწერეს დაბალი შეფასება, გაოცებული დავრჩი. აღარ მინდა მეტად დაწვრილმანება. გამოსავალი ერთია - კონკურსს უნდა დაუბრუნდეს ძველი ფორმატი. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ "ეს-ემ-ეს" კონკურსის გზით ჩატარებული ფესტივალების. ეს იწვევს ათას კითხვას და ეჭვს. რამდენიმე წლის წინ ამ კონკურსს ჰქონდა ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი. ჟიურის წევრები მსოფლიოს წინაშე პირდაპირ ისხდნენ და ისე იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მთელი მსოფლიოს დასანახად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი და არა ჩუმად განხორციელებული ზარებით და ქულების შეთანხმებით. ეს არის უსამართლობა. სახალხოდ უნდა აწიონ ქულები და ისე გამოვლინდეს გამარჯვებული", - დასძენს დათო ოქიტაშვილი.

interpressnews.ge