„ველოდებით, პრეზიდენტი ნაციონალების პირდაპირ დავალებას როგორ მიიღებს, რომელიც მის მიმართ უტიფრად გასცეს“

„ველოდებით, პრეზიდენტი ნაციონალების პირდაპირ დავალებას როგორ მიიღებს, რომელიც მის მიმართ უტიფრად გასცეს“

პარლამენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცებულია, თუმცა, პოლიტიკური პროცესი წინ არის - ცვლილებებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ვენეციის კომისიის მოწონება უნდა დაიმსახუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში ისევ „ქუდზე კაცის“ გამოყვანა და ვეტოს დაძლევა მოუწევს.

საკანონმდებლო ორგანომ ცხარე კამათის, დაპირისპირებისა და „პროცედურული ომის“ შემდეგ, ინიციატივა დღევანელ რიგგარეშე სხდომაზე 81 მომხრე ხმით ერთხმად დაამტკიცა, თუმცა, ვინაიდან, პროექტს მხარი რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს, „ოცნებას“ საკუთარი ხმების მობილიზაცია და სხდომაზე დავით ბეჟუაშვილის მოყვანაც კი დასჭირდა, რომელიც სხდომებს დიდად არ სწყალობს. მართალია, ცვლილებების განხილვას ორი უქმე დღე და ორი პლენარული სხდომა დასჭირდა, მაგრამ დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაკონტროლება და მისი განადგურება სურს, უმრავლესობა კი, საპირისპიროს ამტკიცებს და ცვლილებების მიღების მიზეზებს განმარტავს.

როგორც for.ge-ს ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, პარლამენტის მიერ ბევრად უკეთესი კანონპროექტი იქნა მიღებული, ვიდრე დღეს არსებულია.

მისი განმარტებით, ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა თავად შეუძლია და ამ პროცესში აღარც პრეზიდენტი და აღარც პარლამენტი არ ჩაერევიან.

„თავად მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას თავმჯდომარეები ვინ იქნებიან. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ათწლიანი ვადა ექნებათ და ამ ვადის ხელოვნურად გაგრძელების მექანიზმი აღარ იქნება. ამას გარდა, მნიშნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადობა შეიცვალა და ისეთი საკითხები როგორიცაა - საარჩევნო და კონსტიტუციური დავები პლენუმის გადასაწყვეტი იქნება. ასევე კარგი ნორმაა ის, რომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ის სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდება“, - ამბობს ბესელია.

კანონმდებელი როგორც ნაციონალების, ასევე რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელთაც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

„ერთ საკითხზე იყო შეუთანხმებლობა, სხვა ცვლილებები ვახტანგ ხმალაძის მიერ დაწერილია. კანონში ყველა მისი ფორმულირება შესულია და ის ამბობს, რომ პროექტი ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო. თუმცა, კვორუმის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმება ვერ მოხდა, რაც არ არის გადამწყვეტი“, - განაცხადა ბესელიამ, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - რესპუბლიკელების გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა იმას, რომ მათ პროექტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღეს.

დეპუტატი ამბობს, რომ კითხვა სწორი ფორმულირებით არის დასმული და ეს სავარაუდოდ, ასე იყო.

ბესელია ცვლილებებზე პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოსაც ეხმაურება და ინტერესდება, ვეტო რაღას უნდა დაედოს.

„ამის სამართლებრივ საფუძველს ვერ ვხედავ“, - დასძენს დეპუტატი, რომელიც ვენეცის კომისიის მხრიდან ცვლილებებზე შენიშვნებს არ ელოდება.

ბესელიასგან განსხვავებით, ნაციონალი ჩიორა თაქთაქიშვილი ფიქრობს, რომ პროექტს როგორც ევროსაბჭოს, ასევე ვენეციის კომისიის უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. for.ge-სთან საუბარში თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ჰგონია, რომ პროექტის მიღება მათი გამარჯვებაა, თუმცა, სინამდვილეში ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ივანიშვილი მწარედ ინანებს.

„ამერიკის კონგრესში განცხადებები გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპონენტებზე ზეწოლას და ოპოზიციისა და მედიის დევნას თავი დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკრეტულ მუქარაზეც იყო საუბარი, მათ შორის, პერსონალურ სანქციებსა და ქონების დაყადაღებაზე. ნაცვლად იმისა, რომ მათ პროექტის მიღება იზეიმონ, მათ ხელისუფლების გადაბარებისთვის მზადების დაწყებას ვურჩევ. თუკი პარლამენტი ამბობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებისა და ვენეციის კომისიის აზრი არ აინტერესებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მათთან არ თანამშრომლობს. ივნისში მონიტორინგის კომიტეტის სესიაა და მძიმე დისკუსიას ველით, სადაც ევროსაბჭოს თავის პოზიციას დააფიქსირებს“, - აღნიშნავს თაქთაქიშვილი.

კანონმდებელი პროექტის არსსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ცვლილებებით, ერთი მხრივ, იმის გაფორმება ხდება, რომ საქართველოს პარლამენტმა ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურების და მოსპობის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მეორე სამწუხარო დასკვნა ისაა, რომ პარლამენტის გარდაცვალება გაფორმდა, სადაც ხელისუფლებამ ყველა პროცედურის დარღვევითა და ყოველგვარი საღი აზრის მიღმა ყველა იმ ადამიანის მობილიზაცია მოახდინა, ვისზეც ბერკეტი აქვს.

„საუბარია იმ დეპუტატებზე, რომელთაც ბიზნესინტერესები გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მობილიზაციის უკან ძალიან მძლავრი სახელისუფლებო ბერკეტი იდგა. არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების მობილიზაციის პროცესში სუსი იყო ჩართული. ცვლილებებს მხარი სამველ პეტროსიანმაც დაუჭირა, ვისთან დაკავშირებითაც პარტია იმსჯელებს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ არის, თუმცა, უმცირესობის წევრია და მსჯელობა იმაზე უნდა გაგრძელდეს, მან გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ რატომ მიიღო?! არ გამოვრიცხავ, რომ ადგილი ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტებს ჰქონოდა, თუმცა, მის გარეშე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - აცხადებს დეპუტატი.

თაქთაქიშვილი კანონპროექტის მომზადებას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, საქართველოში ყველაზე წარმატებული ინსტიტუტის - საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა დაასრულოს და ის მოსპოს.

„ივანიშვილმა შეძლო და საქართველოს პარლამენტი არარსებულ ინსტიტუციად გამოაცხადა, რომელსაც უნარი არ აქვს, გადაწყვეტილებები თვითონ მიიღოს და ეს გახდა არა დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი. რატომ ჩქარობენ? - ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა, რადგან „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება უნდათ. კარგად იცით, რომ სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს განხილვები გააქტიურდა, რომელიც მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობს და მოსამართლეების მიკერძოებულობა აშკარაა. საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი აქვს „რუსთავი 2“-ის საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს როგორც ამ ტელევიზიის, ასევე სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება უნდა. აქამდე მას ხელს საკონსტიტუციო სასამართლო უშლიდა“, - ამბობს თაქთაქიშვილი.

უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე არ ფიქრობს, რომ პროექტს საერთაშორისო კუთხით, პრობლემები შეექმნება. როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, ხელისუფლებისთვის ამ კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დროში იმ ხარვეზის გამოსწორებას ვერ ესწრებოდა, რომელიც არსებულ კანონშია და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.კერძოდ, დეპუტატის ცნობით, საუბარია იმ ნორმაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების რაოდენობას - 9 წევრს ეხება.

„არსებული კანონი აბსოლუტურ თავისუფლებას იძლეოდა, რომ კონსტიტუცია დარღვეულიყო. ჩვენი შეცდომაა, რომ ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე არ გავაკეთეთ. ამ შეცდომას ვაღიარებთ და მას სასწრაფო წესით ვასწორებთ. საერთაშორისო კუთხით არავითარ პრობლემას არ ველოდებით. ვენეციის კომისიას ეს პროექტი გადაეგზავნება და თუ მათ რეკომენდაციებში რაიმე განსაკუთრებულს აღმოვაჩენთ, შეიძლება გავითვალისწინოთ“, - დასძენს დეპუტატი.

კვაჭანტირაძე პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოსაც ეხმაურება.

„ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირ იმ დავალებას როგორ მიიღებს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან, პრეზიდენტის მისამართით უტიფრად გასცეს, რომ პროექტს ვეტო დაადოს“, - ამბობს კვაჭანტირაძე.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს უკავშირდება.

პროექტის კორექტირებული ვარიანტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

ამასთანავე, სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.

ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.