„საქართველოს საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი“

„საქართველოს საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი“

„ქართველთა თითქმის 70% მხარს უჭერს ნატოში გაწევრებას. აშშ-მ ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო, რომელიც შემჩნეული არ იყო საქართველოსთან მიმართებაში ასეთი სახის მიდგომებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესმენი საქართველოს მხადამჭერ განცხადებას აკეთებს.

ამერიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთის მისიებში ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს. ავღანეთში, სადაც ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ იბრძოდა და დაიღუპა 33 ქართველი, დღესაც მსახურობს 900 ქართველი სამხედრო პირი.

„ამერიკამ და მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მის საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში. დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვის სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა“, - აცხადებს ტედ პომ.

კონგრესმენის განცხადების პარალელურად, ქვეყანა ამერიკის კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციის მიღების მოლოდინშია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არა მარტო აშშ-ის ადმინისტრაციის, არამედ აშშ-ის კონგრესის მხრიდანაც იყოს მხარდაჭერილი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტედ პომ გასული წლის ოქტომბერში, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს ვაშინგტონში დააფუძნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, დემოკრატ კონგრესმენთან ერთად.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და შერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ცალსახად აღნიშნავს კონგრესმენი ტედ პო, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით, ასევე, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას ეხება.

ეს არის: კანონის უზენაესობა, მედია თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება თუ ა.შ. ის არამარტო ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არამედ ასევე მოუწოდებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი შეფასებები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ტედ პოს განცხადება გამორჩეულად ძლიერი მხარდამჭერი განცხადებაა და რაც მთავარია, ის ეფუძნება ობიექტურ მოცემულობას.

„ყველაზე მნიშვნელოვანია მოწოდება კონგრესის მიმართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ღიად და გამოკვეთილად დაუჭიროს მხარი აშშ-მ. მან თქვა, რომ საქართველო, რეგიონში არის ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული. ეს ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება მომავალში დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარების კუთხით. ფაქტობრივად, კონგრესმენმა დააყენა საკითხი, რომ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას მნიშვნელოვანს და დროულს უწოდებს პარლამენტის წევრი ვიქტორ დოლიძე, რომლის განცხადებით, კონგრესმენის განცადებები საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლევს, რომელიც, შემდგომ უკვე რეალური გაწევრიანების პროცესში უნდა გამოგვადგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებას აკეთებენ ამერიკელები და სხვა ევროპული სახელმწიფოს განსაკუთრებით სერიოზული გადაწვეტილების მიმღები ქვეყნის ლიდერები. მოგეხსენებათ, რომ 2 დღის წინ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოტა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც დააფიქსირებენ იგივე განცხადებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ნებისმიერი კონგრესმენისგან და მაღალი თანამდებობის პირისგან მისასალმებელია მსგავსი განცხადება, მაგრამ თვლის, რომ ერთი კონგრესმენის განცახდება ვერ შეცვლის რეალობებს.

„ეს კონგრესმენი შემჩნეული არ იყო საქართველოსთან მიმართებაში ასეთი სახის მიდგომებით, ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ამ კონგრესმენმა საქართველოზე დადებითი განცხადება გააკეთა. ეს ჩემი აზრით დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ აქტიურობასთან. ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ქართულმა მხარემ საკუთარი აქტიურობით მოახერხა, რომ ასეთი ტიპის ადამიანები გახდნენ საქართველოს მეგობრები.

კარგი იქნება, რომ ყველა პარტია რომელიც ოპოზიციური იქნება, თუ სამთავრობო, სწორედ ასეთი ტიპით გააგრძელებს მუშაობას, რომ ჩვენ გვქონდეს ორივე პარტიის მხარდაჭერა კონგრესში, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ მნიშვნელოვანი სტრატეტგიული პარტნიორია. განსაკურებით, ამ კუთხით სამუშაოა გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მიმართ საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის. აუცილებელია, რომ აქცენტი გაკეთებული იყოს ამ ქვეყნებზე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას განცხდებით, ვარშავის სამიტის წინ მნიშვნელოვანია გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენის გზავნილები, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი და აუცილებელია სკეპტიკოსი სახელმწიფოების მხრიდან დაფიქსირდეს მსგავსი პოზიცია.

„ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია და დამოკიდებულება დიდი ხანია ცნობილია, ისევე, როგორც ნატოს ახალი წევრების დამოკიდებულება, მაგრამ ახლა მთავარია, რომ იგივე განცხადება გააკეთოს იმ სკეპტიკოსმა ქვეყნებმა და ნატოს წევრი სახელმწიფოების შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩვენ გაწევრიანებას მხარს დიდად არ უჭერენ, ეს არის მთავარი. ამერეკელების პოზიცია ისედაც ცნობილია, რომ ჩვენ უპირობო მხარდაჭერები არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.