ე.წ. „პანამური დოკუმენტების“ შემდეგ, დავით კეზერაშვილის სახელი კიდევ ერთ გახმაურებულ საქეში ფიგურირებს. კერძოდ, საქმე ეხება იარაღის უკანონი ვაჭრობის საქმეს. როგორც ირკვევა, დავით კეზერაშვილთან კორუფციული გარიგების საქმეზე ისრაელში ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერი გალ ჰირში დაკითხეს.
გამოცემა „Haaretz“-ი ინფორმაციით, გალ ჰირში ეჭვმიტანილია კორუფციასა და ფულის გათეთრებაში საქართველოში მისი კომპანიის გარიგებებთან დაკავშირებით. გალ ჰირში ისარელის არმიის ბრიგადის გენერალი იყო. მოგვიანებით მან უსფართხოების სფეროშო მომუშავე კერძო კომპანია Defensive Shield დაარსა და სწორედ ამ კომპანიის 4 თანამშრომელი და ჰირში რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდნენ ჩვენებას მათი საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ისრაელის პროკურატურის ვარაუდით, კორუფციის, ფულის გათეთრებისა და საგადასახადო დარღვევების დანაშაულის ნიშნებს შეიცვს.
გალ ჰირში პოლიციის უფროსობის კანდიდატი იყო, თუმცა კომპანია Defensive Shield-თან დაკავშირებული სკანდალისა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო, 2015 წლის სექტემბერში იძულებული გახდა, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანია Defensive Shield თაღლითობისა და კორუფციის გზით იღებდა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს.
გამოძიების ვერსიით, კომპანიის წარმომადგენლები კოტრაქტების მოსაპოვებლად ქრთამს საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს აძლევდნენ. კორუფციული გარიგება დავით კეზერაშვილის მეგობრის შუამავლობით ხდებოდა, რომელიც ჰირშსაც იცნობს. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს კეზერაშვილის ადვოკატი. შოთა მინდელი აცხადებს, რომ იარაღის ვაჭრობის საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ ფიგურირებს და ამ საქმეზე კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
თუმცა, კეზერაშვილის უკანონო სქემაზე საუბრობს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, კეზერაშვილის მინისტრობის დროს შეიარაღებული ძალებიდან ასეულობით მილიონის იარაღი დაიკარგა.
„ვერ იძებნება მილიარდ ნახევრამდე ლარი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სხვადსხვა მიმართულებით სამხედრო ტექნიკის შესაძენად გადაიხადა და ეს ხდებოდა კეზერაშვილის მინისტრობის დროს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
იარაღის ბიზნესში დავით კეზერაშვილის სახელი 2008 წლიდან ჩნდება. კეზერაშვილმა სტარტი იმ წუთიდან აიღო, როგორც კი, თავდაცვის მინისტრი გახდა. არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილის საქმიანობა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს. შეგახსენებთ აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის გაგზავნილ წერილს, რომელიც „ვიკილიქსში“ გამოქვეყნდა, სადაც ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარე და მათ შორის, დავით კეზერაშვილი ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაში.
„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ისრაელის ხელისუფლება კეზერაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან რუსებს საშუალება მისცა, ხელში ჩაეგდოთ ის ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც ისრაელმა საქართველოს გადასცა. კეზერაშვილმა ბევრ ადგილას მოახერხა ცუდი კვალის დატოვება და ბევრი ხალხია მასზე განაწყენებული – ებრაელები, ფრანგები, ამერიკელები.
მისივე თქმით, იარაღით ვაჭრობის გარდა, კეზერაშვილი მონაწილეობდა ალბანეთის ტერიტორიაზე შექმნილ სათამაშო ბიზნესის ქსელში და ამ ბიზნესის ერთ-ერთი სერიოზული მეწილე იყო. ალბანური სათამაშო ბიზნესი ევროპაში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ბიზნესი. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოპარული ფული, კეზერაშვილის მეშვეობით, ევროპაში ყველაზე კრიმინალურად ცნობილ ალბანურ სათამაშო ბიზნესში ტრიალებდა.
„ასეთი სურათი იხატება – საქართველო ამერიკელების დახმარებით ყიდულობდა იარაღს, ხოლო კეზერაშვილის მეშვეობით, ეს იარაღი მიდიოდა ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო მიხიელ სააკაშვილი და სხვადასხვა წყაროდან შემოსული ინფორმაციებით ჩანს, რომ კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის ქსელში სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას მეშვეობით მოხვდა.
კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის თემა ძალიან მაღალ ეშელონებშია გასვრილი. ამ საქმეში ჩართული აღმოჩნდა ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ბულგარეთი, ასევე იარაღით ვაჭრობაში ჩართული აღმოჩნდა ფინანსურად ისეთი შეძლებული ცნობილი ადამიანი, როგორიც არის გაიდამაკი, ებრაელი მილიარდერი. ეს ადამიანები ცნობილნი არიან მყარი კავშირებით მსოფლიოში. კეზერაშვილიც ამ კრიმინალური უზამაზარი ბორბლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, კეზერაშვილზეა დამოკიდებული, ამ საქმეში ამოტივტივდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სახელი. სააკაშვილი რომც ასცდეს გამოძიებას, მისი ბიძაშვილი და ბიძა თემურ ალასანია გამოძიებას ვერ აცდებიან.
„გამოძიებას აქვს გარკვეული დოკუმენტაცია იარაღით ვაჭრობის საქმეში სააკაშვილის ჩართულობის შესახებ. იარაღით ვაჭრობა არის ერთი უბედურება, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომელიც კონკრეტული ფირმების შესაძლებლობებს სცილდება. არის იარაღის ზოგიერთი სახეობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიძლება ყოფილიყო შეძენილი, მაგალითად, უკრაინაში, ბულგარეთში ან რუმინეთში ან ჩეხეთში. აქედან გამომდინარე, სულ მცირე, საჭირო იყო პრეზიდენტის განკარგულება, თუნდაც იმისთვის, რომ ამ საქმისთვის ფული გამოყოფილიყო.
უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი წყდებოდა, მაგრამ საბოლოოდ წერტილს უსვამდა პრეზიდენტი. რაც უნდა იმართლოს სააკაშვილმა თავი, მე მაინც მგონია, გარკვეული დოკუმენტაცია ამ საკითხში მისი ჩართულობის შესახებ, გამოძიებას აქვს. ამიტომ ცდილობდა სააკაშვილი, რომ კეზერაშვილი ძლიერი ადვოკატების მეშვეობით ყოფილიყო დაცული საფრანგეთის ციხეში“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას თქმით, კეზერაშვილი რომ იარაღის უკანონო ბიზნესში მონაწილეობდა, ეს ფაქტებით დასტურება. მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ექს-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
„ის, რომ კეზერაშვილი სკანდალური კორუფციული ფაქტის თანამონაწილეა, ეს ფაქტია. ისრაელის გამოძიება ადასტურებს, რომ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე კეზერაშვილმა ფული აიღო ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნისგან. ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული მხარის გამოძიების პრეროგატივა, ვიდრე ისრაელის სპეცსამსახურების. დიახ, ეს არის ელიტარული კორუფცია. თუკი დაიწყება გამოძიება და სწორად წავა, აუცილებალდ აღმოჩნდება, რომ კეზერაშვილთან ერთად ამ საქმეში ფიგურირებენ სააკაშვილი და მამა-შვილი ალასანიები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში არსებულ ელიტარულ კორუფციაზე საუბრობდა, აცხადებს, რომ საქმე ეხება კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდს, როდესაც უწყება იარაღის შესყიდვებს აწარმოებდა და მათ შორის ისრაელისგან უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვას. ხუხაშვილი დარწუმენულია, რომ ისრაელის შესაბამისი სამსახურები ამ კორუფციულ სქემას კვალიფიციურად გამოიძიებენ და ჭეშმარიტებას დაადგენენ. მისი თქმით, ამ სისხლის სამართლის საქმეს ინტრიგას ისიც მატებს, რომ დღეს კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა.
„ქრთამს ჰყავს გადამხდელი და მიმღები მხარე, ორივე დამნაშავეა. ბუნებრივია, რომ კეზერაშვილის მიმართ იქნება კითხვები. ამ ტიპის ოპერაციების შესახებ მსმენია, იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით ბევრი გახმაურებული თემები ვიცით ყველამ და ეს ის თემებია, რისი გამოძიება საქართველოშიც უნდა წარმოებულიყო. მაშინ იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით ბევრი უცნაური რაღაცა ხდებოდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის საქმის კურსში იყო მაშინდელი პრეზიდენტი. სხვანაიარად არ ხდება ასეთი შესყიდვები. როგორც მახსოვს, ამ უკანონო ბიზნესში ჩართული იყვნენ სხვა ადამიანები, მათ შორის პრეზიდენტის ბიძა და ბიძაშვილი. თუკი ისრაელში მიმდინარე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ საქართველოში დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ აქ საქმე ეხება საბიუჯეტო სახსრებს. კეზერაშვილიდან ვისზე გავლენ, ეს კიდევ ცალკე თემაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.