გურამ გირგვლიანი -

გურამ გირგვლიანი - "დარწმუნებული ვარ, რომ ბურჭულაძე სამართლიანობის აღდგენას შეძლებს"

"სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ საქმიანობაში მხარს უჭერს. მისი აზრით, ის ქვეყანასა და ხალხს იმედს დაუბრუნებს, რომელიც მათ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში დაკარგეს. გირგვლიანი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მას და მის გარდაცვლილ მეუღლეს, ირინა ენუქიძეს, სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა ამის მაგივრად, მოსამართლე ლევან მურუსიძეს პრივილეგიები შეუქმნა და სისტემისა და რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადა. მისი აზრით, ბურჭულაძე ის ადამიანია, რომელიც ამჟამად ქვეყანას ძალიან სჭირდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გურამ გირგვლიანი: დარწმუნებული ვარ, რომ ბურჭულაძე სამართლიანობის აღდგენას შეძლებს.

"არც პოლიტიკაში მოსვლას და არც რომელიმე პარტიაში გაერთიანებას არ ვაპირებ. პაატა ბურჭულაძეს, მხოლოდ როგორც რიგითმა მოქალაქემ და მისმა მეგობარმა, პოლიტიკურ საქმიანობაში მხარდაჭერა გამოვუცხადე. მეც და ჩემი გარდაცვლილი მეუღლეც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოდით, რაც, როგორც აღმოჩნდა, ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. ბურჭულაძის გუნდის მხარდაჭერაში პირველ რიგში იმას ვგულისხმობ, რომ მათი იმედი მაქვს და მგონია, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, იმ სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოლებენ, რომელიც ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო. პაატა ჩემთვის ვიღაც არ არის და სანდროს გარდაცვალებიდან დღემდე ის ყოველთვის გვერდში მიდგას. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და ბურჭულაძეების ოჯახი ჩემი ოჯახია. ჩემთან არაერთი პარტიის წარმომადგენელი მოდიოდა და თანაგრძნობას გამოხატავდა. ბევრმა ეს სათავისოდაც გამოიყენა. ალბათ მკითხველი მიხვდება, რასაც ვგულიხმობ. ბურჭულაძემ ჩემი და ჩემი მეუღლის ტრაგედია პირადი ინტერესებისთვის კი არ გამოიყენა, არამედ პირიქით, მართლა გვერდით დამიდგა. იმ მძიმე წუთებში, როდესაც მთელი იმდროინდელი რეჟიმი ჩემი ოჯახის გასანადგურებლად იყო მომართული, მას უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ გირგვლიანი. 

"შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი მხოლოდ მე არ შემეხო და საქართველოში ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია. რა თქმა უნდა, მეც და ჩემს მეუღლესაც დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიდოდა ძალა, რომელიც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოლებდა. მაშინ ყველას იმედი მოგვეცა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიად დარჩა. არ ვიცი, რატომ ვერ შეძლეს სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ყველას სხვა მოლოდინი გვქონდა. ჩვენ ვიბრძოდით, რომ ახალ ხელისუფლებას დაესამარებინა მურუსიძის ვირუსი, რომელიც კი არ დასამარდა, არამედ პირიქით, უფრო კარგი პირობები აქვს შექმნილი. ეს ერთი მაგალითიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ჩემნაირი შვილმკვდარი მამა თუ დედა, მოტყუებული აღმოჩნდა", განაგრძობს რესპონდენტი.

"საზოგადოებას ალბათ ახსოვს, როდესაც პრეზიდენტმა ჩემი გარდაცვლილი მეუღლე ირინა ენუქიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა, მაშინ მეგონა, რომ მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარედ არ აირჩევდნენ, რადგანაც "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი საბჭოს წევრები ხმას არ მისცემდნენ. ვიფიქრე, ამას როგორ იკადრებენ-მეთქი. ერთი ხელით რომ მოგეფერებიან და მეორე ხელით სილას გაგაწნავენ, ეს იმ შემთხვევას ჰგავდა. ეს კაცი იმდენად ღირებული აღმოჩნდა, რომ ბოლოს სააკაშვილის სისტემის მსხვერპლადაც კი გამოაცხადეს. თუ მურუსიძე ასეთი წამებულია, მაშინ სხვებმა რაღა დააშავეს? ყველა რეჟიმის მსხვერპლი გამოდის. ამიტომაც არის, რომ პაატა ბურჭულაძეს წმინდა მეგობრული მხარდაჭერა გამოვუცხადე და ზუსტად ვიცი, რომ ხალხს რასაც დაჰპირდება, შეასრულებს", - დასძენს გურამ გირგვლიანი და შეკითხვას - "გაკეთდა განცხადებები, ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტიაო..." - პასუხობს:

"ეს სასაცილოა. პაატა ბურჭულაძე არც სააკაშვილის და არც არავის სატელიტი არ არის. ის არის ადამიანი, რომელიც ამჟამად ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მოდით, ამის გადაწყვეტა ხალხს მივანდოთ, არჩევანს საზოგადოება გააკეთებს".

interpressnews.ge