გასული წლის ოქტომბერში საქართველოს იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სწორედ მაშინ, 2015 წლის 30 ოქტომბერს, კვირიკაშვილის ინიციატივით, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი დაფუძნდა, რომლის თანათავმჯდომარეებიც კონგრესმენი ტედ პო და ჯერალდ კონოლი გახდნენ. საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინაუგურაციაზე, რომელიც კონგრესში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის რანგში სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. აშშ-ში კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2015 წლის 10 დეკემბერს მიმართა.
მაშინ მან გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება.
27 აპრილს კი, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი კვირიკაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში შეხვდა აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს - ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის და მათთან საქმიანი საუბარი ჰქონდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამოვიდა აშშ-ს კონგრესში სიტყვით ტედ პო და შეიძლება ითქვას, საქართველოს მხარდამჭერი უპრეცედენტო განცხადება გააკეთა:,,ქართველთა თითქმის 70% მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. აშშ-მა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველო ყოველთვის იყო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირე, ხოლო საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების და გამარტივებული საგადასახადო სისტემის წყალობით, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. აშშ უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და გაჟღერდეს გზავნილი, რომ საქართველო არის აშშ-ს განსაკუთრებული მეგობარი''.
ამასთან, პომ ღიად განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში: ,,ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთის მისიებში ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს. ავღანეთში, სადაც ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ იბრძოდა და დაიღუპა 33 ქართველი, დღესაც მსახურობს 900 ქართველი სამხედრო პირი“.
სხვათა შორის, მისტერ პო არც რუსეთის თემას მოერიდა და მომავალი არჩევნების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი: ,,რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ განაგრძობს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში. დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვის სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა. თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის...''
მან საქართველოში, ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ქართველებმა მიიწვიეს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მათ ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი განახორციელონ.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ტედ პომ ხაზი გაუსვა საქართველოს წამყვან პოზიციებს მედიათავისუფლების თვალსაზრისით. კონგრესმენმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში ამაღლდა მედიის თავისუფლების დონე: ,,ორგანიზაცია ღეპორტერს withiut Border -ის თანახმად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამაღლდა მედიის თავისუფლების დონე, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, პრესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველო ლიდერობს რეგიონის მასშტაბით და უსწრებს კიდეც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასა და აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოებს. საქართველო ასევე ლიდერობს ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრის კატეგორიებშიც. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო შედის იმ 25 ქვეყნის სიაში, სადაც ბიზნესის წარმართვა ყველაზე მარტივია“.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო არის ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. ამასთან, პო საქართველოს მეგობართა ჯგუფის საქმიანობასაც დიდ ყურადღებას უთმობს. ჯგუფის წევრებთან მუდმივად მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენელთა შეხვედრები. მიმდინარე წელსაც პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გაიმართა კონგრესმენებთან შეხვედრები. შესაბამისად ისინი ყოველთვის ინფორმირებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და აქტიურად ადევნებენ თვალს ქვეყანაში არსებულ განვითარებას. ზაფხულში იგეგმება მათი ვიზიტი საქართველოში.
კონგრესმენის გამოსვლა ქართველმა პოლიტიკოსებმა შეაფასეს.
ლევან ბერძენიშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტია): ,,აშშ-ს კონგრესში გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია და რა თქმა უნდა, როცა საქართველოზე ლაპარაკობს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოსაწონია ეს ჩვენთვის თუ არა. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი გაეცა კონგრესმენ რასელის არც ისე კარგად მომზადებულ გამოსვლას. კონგრესმენი საკითხში ღრმად და საფუძვლიანადაა გარკვეული და მოუწოდებს აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისკენ. ეს არის ახალი, კარგი ტენდენცია''.
მიხეილ ჯანელიძე (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი): ,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არამარტო აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ კონგრესის მხრიდანაც იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების ცნობადობა, ასევე იმ ნაბიჯების დანახვა, რომელსაც ვდგამთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. კონგრესმენი პოს მხრიდან მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, რომელიც ასევე განიხილება კონგრესში''.
ირაკლი სესიაშვილი (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე): ,,გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მისი ვიცე-პრემიერობის დროს, დაფუძნდა აშშ-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი. ტედ პომ გამორჩეულად ძლიერი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. რაც მთავარია, ის ეფუძნება ობიექტურ მოცემულობას. ეს არის საქართველოს პროგრესის, იმ მიღწევების აღიარება, რაც ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლებში დემოკრატიის გაუმჯობესების თვალსაზრისით ფიქსირდება. ამ განცხადებაში ასევე უმნიშვნელოვანესია მოწოდება კონგრესის მიმართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ღიად და გამოკვეთილად დაუჭიროს მხარი აშშ-მ. ეს ნიშნავს, რომ კითხვისნიშნები აღარ ჩნდება მომავალში დემოკრატიის უფრო განვითარების კუთხით. ტედ პომ ეკონომიკურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს ინვესტიციები კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს საერთო ინტერესებს. ეს არ არის რიგითი განცხადება. ასეთი მოწოდება და მიმართვა აქამდე არ მახსოვს. ეს იყო ძალიან მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. ფაქტობრივად, კონგრესმენმა დააყენა საკითხი, რომ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს''.
თედო ჯაფარიძე (პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე):,,დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ს მთავრობა უნდა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც ადგას დემოკრატიის რეფორმების გზას. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის. არ გამოვყოფ არც ოპოზიციას, არც უმრავლესობას, ეს არის იმ რეფორმების, იმ გატარებული ცვლილებების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში''.
დიმიტრი ცქიტიშვილი (,,ქართული ოცნების'' საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი): ,,აქ საუბარია არამარტო საქართველოს ინტეგრაციაზე ნატო-ში, არამედ საქართველოში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიზაციის საკითხებში ქვეყნის მხარდაჭერასა და მის აღიარებაზე. ტედ პოს განცხადებაში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, როგორიცაა დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თავისუფალი ბაზრის ფორმირება, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერის ფუნქციის მინიჭება, რომელიც საქართველომ უკვე დაიმკვიდრა; ასევე მნიშვნელოვანი მოწოდება იყო აშშ-ს ხელისუფლებისთვის, რომ უნდა დაიწყოს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. თანაც იყო მინიშნება, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკისთვის. როგორც წესი, ამერიკა ძალიან იშვიათად აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობ, განცხადებაში უმნიშვნელოვანესი აქცენტები იყო. სასიამოვნო ფაქტია, როცა ასეთი სტრატეგიული პარტნიორი მკვეთრად გამოხატავს ქვეყნის მხარდაჭერას''.
შეიძლება ითქვას, ამერიკელი კონგრესმენის მიერ კონგრესის ტრიბუნიდან საქართველოს ასეთი ღია მხარდაჭერა და მოწოდება ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვის, უპრეცედენტო და მრავლისმეტყველია.
კონგრესმენ პოს განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო, დასავლელი პარტნიორების თვალში, სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-სთვის აღიქმება როგორც ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.
აღნიშნული შეფასებები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ურთიერთობების უფრო გაღრმავებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.