ალასანიასა და ხიდაშელს შორის დაწყებული სიტყვიერი ფარიკაობა, კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

ალასანიასა და ხიდაშელს შორის დაწყებული სიტყვიერი ფარიკაობა, კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

გოგი თოფაძესა და თამაზ მეჭიაურის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის კრიტიკის ობიექტი ირაკლი ალასანია გახდა, რომლის განცხადებით საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს ჩარჩოები დაუწესეს. თინა ხიდაშელმა საჯაროდ მოითხოვა ყოფილი მინისტრისგან, რომ კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთ დაცვა და ვერ გააკეთა. ხიდაშელი ამბობს, ალასანია იმ რუსული პროპაგანდის ციკლში ჩაეწერა, რომელსაც მის წინააღმდეგ ცეცხლი აქვს გახსნილი.

თავდაცვის მინისტრისთვის პასუხის გაცემა არ ისურვა ალასანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელები რთულ ვითარებაში არიან და გაიმეორა, რომ საჰაერო თავდაცვის პროექტთან დაკავშირებით, ამჟამინდელ მინისტრთან კვლავ აქვს პრეტენზიები.

მოქმედ და ყოფილ მინისტრებს შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ამჯერად ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არა სამხედრო საიდუმლოება ყველა ნახავდა მისი და ალასანიას მინისტრობის დროინდელ სხვაობას - რომ შეეძლოს დოკუმენტის წარმოდგენა, ალასანია ხმას ვერ ამოიღებდა.

„ამით ამბობს, რომ მე რაღაც შემეძლო და არ გავაკეთე, რაც ნიშნავს, რომ მე საქართველოს ვუღალატე. ის ვალდებულია, განმარტოს. ან განმარტავს, ან ის უბრალოდ მატყუარაა, რომელიც თემით სპეკულირებს. შეიძლება, პოლიტიკაში სპეკულაციები, მაგრამ, როდესაც იცი, რომ ვერ გამოგიტანენ დოკუმენტს და შედარებით ანალიზს ვერ დაგიდებენ იმისას, რასაც შენ აწერდი ხელს და რასაც შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მოაწერა ხელი, ეს უბრალოდ უსინდისობაა.

მე რომ შემეძლოს, მოგიტანოთ და წაგაკითხოთ, რამხელა სხვაობაა ჩემსა და მის მინისტრობას შორის - გაჩვენოთ დოკუმენტები, ის ხმას ვერ ამოიღებდა ვერასდროს, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არც დღეს და არც მაშინ, როცა აღარ ვიქნები თავდაცვის მინისტრი იმიტომ, რომ ეს არის სამხედრო საიდუმლოება და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

როგორც პარტნიორები, კინკლაობაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომლის განცხადებით, ხიდაშელს არაფერს უპასუხებს, რადგან მას მნიშვნელოვანი საქმეები აქვს სამინისტროში გასაკეთებელი.

„მე თინა ხიდაშელს არაფერს ვუპასუხებ. მას მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი თავდაცვის სამინისტროში. მის პარტიას, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ვითარება აქვს დღეს და ჩვენ, როგორც პარტნიორები ამ კინკლაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მოქმედ და ყოფილ თავდაცვის მინისტრებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას, საარჩევნო კონტექსტში განიხილავენ ანალიტიკოსები.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ დაპირსპირება, რომლის მთავარი ფიგურანტები რესპუბლიკელები არიან, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, ხიდაშელმა იცოდა, რომ მეჭიაურს, ისევე როგორც თოფაძეს ჰქონდათ განსხვევბული გეოპოლიტიკური ხედვა, ისევე, როგორც იცოდა ალასანიას არაერთგზის განცხადება, რომ ხიდაშელის მიერ საფრანგეთში დადებული ხელშეკრულება არასრულყოფილი იყო.

რესპუბლიკელები ცდილობენ, რომ საკუთარი თავი „გაყიდონ“ როგორც ყველაზე პროდასავლური ძალა იმ ელექტორატში, რომელიც მხარს უჭერს პროდასავლურ ძალებს. ამიტომაც ისარგებლა ხიდაშელმა ამ ვითარებით - თოფაძისა და მეჭიაურის კირიტიკით იცავს დასავლურობას, ხოლო თვით პროდასავლურ ფლანგში - ალასანიას კრიტიკით. შემთხვევითი არ არის, რომ ალასანია დაადანაშაულა პრორუსლი პოლიტიკის გატარებაში. ამ ფლანგზეც მკაფიოდ იმკვიდრებს პოზიციას, როგორც ყველაზე პროდასავულური ძალა“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

მისივე თქმით, ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, რაც ამომრჩეველთან მესიჯების მიტანის თვალსაზრისით მომგებიანია.

„ძალიან შემჭიდროებულია საქართველოში პროდასვული ფლანგი და ამიტომაც ამბობენ რესპუბლიკელები, რომ ბოლომდე გამოვიყენებთ თავდაცვის მინისტრის და სხვა მინისტრების პორტფელების შენარჩუნების შანსებს, რომ ჩვენი პროდასავლურობა დავაფიქსიროთო. ამიტომაც ამბობს ხიდაშელი, რომ მე ჩავიბარებ აღლუმს, მე დავესწრები ვარშავის სამიტს, იმიტომ, რომ ის რაც მე გავაკეთე, აქამდე არ გაკეთებულაო. ანუ, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, რაც მომგებიანია მესიჯების მიტანის თვალსაზრისითაც. რესპუბლიკელებს აქვთ შანსი, რომ რაღაცა გარკვეული წარმომადგენლობა მოიპოვონ პარლამენტში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

როგორ დასრულდება ბრძოლის ეს ეტაპი, რთული სათქმელია, რადგან, როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ამ ტიპის დაპირისპირების დროს ყველა მხარე წაგებულია.

„მეეჭვება, რომ ევროპა დიდად დაინტერესებული იყოს იმით, რომელი არის მისიანი, რადგან ევროპა ყველა შანს ერთნაირად იყენებს. შეგახსნებთ, რომ პირველი დარტყმა ალასანიამ განახორციელა. ამ შემთხვევაში ალასანიასი გამიკვირდა და არა ხიდაშელის. მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში ალასანია უფრო არის საარჩევნო პროცესებით მოტივირებული და ნახა, რომ რესპუბლიკელებს დაეძებათ ვითარება მმართველ გუნდში, და გააკეთა ასეთი სახის განცხადება. ხიდაშელმა თუ არ გაახმაურა ეს საიდუმლო მასალები, რომელზეც საუბრობს, ისე მისი განცხადება არაფერს ნიშნავს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ გარკვეული დაშვებით შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ხიდაშელი მისივე განცხადებით გათვლას პროდასავლური ორიენტაციის ამომრჩეველზე აკეთებს.

„მათ ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და შეეცდებიან, რომ თავის მხარეს გადაიბირონ ამომრჩეველთა ეს ნაწილი, რომელიც საქართველოში არც თუ ისე დიდია. ამიტომაც, ყველა ეს განცხადება და გამოსვლა ემსახურება იმას, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ უკეთესად და ოპონენტს ტალახი ესროლონ.

სამწუხაროდ, ამ სიტყვიერ ფარიკაობაში ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებაც ხდება, რაც ალბათ, კარგი არ არის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ჯობდა, რომ ერთსაც და მეორე მხარესაც ასეთ თემებზე საუბრისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ რას ვიზამთ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ასეთია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.