პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩანიშნულია, სტუმრების სია შედგენილია, თუმცა, მოსაწვევის გარეშე დარჩენილი დეპუტატები განაწყენებული არიან.
ქუთაისში მდებარე პარლამენტში, პარტიული ყრილობის მოსაწვევი ფრაქცია „ქართული ოცნების“ ნაწილს მიუვიდა, ნაწილს მოგვიანებით მიაწოდეს, ნაწილთან კი შეცდომა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გამოასწორეს. ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე თავად კანონმდებლები საუბრობენ.
თუ მოსაწვევის არმისვლის გამო უკმაყოფილება პირველმა ომარ ნიშნიანიძემ გამოთქვა, ფაქტი ნანა ყეინიშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, გელა სამხარაულმა და თამაზ მეჭიაურმა დაადასტურეს.
დეპუტატების გარდა, მოსაწვევი მიუვიდა თუ არა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ამის თაობაზე ინფორმაციას დეპუტატები არ ფლობენ, თუმცა, „ქართული ოცნების“ ნაწილი ფიქრობს, რომ პარტიულ ყრილობას, კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ქვეყნის პირველი პირი არ უნდა დაესწროს.
როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა, ისინი წინასაარჩევნოდ ყრილობას ჩაატარებენ და თუ პრეზიდენტი „ოცნების“ ყრილობაზე მივა, ხოლო სხვისაზე არ წავა, ეს უხერხულ ვითარებას შექმნის. დეპუტატის თქმით, ხშირად, პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ არაპარტიულია, ყველას პრეზიდენტია და რაღაც სტანდარტები ყველამ უნდა დაიცვას.
„მოსაწვევის თემა აჟიტირებული რატომ არის, არ ვიცი. ამ ტექნიკური საკითხის გამო, ყველა დეპუტატს არ უნდა მიმართოთ. ყველა დეპუტატია დაპატიჟებული, ვინც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს“, - დასძინა სესიაშვილმა.
სესიაშვილისგან განსხვავებით, ზაქარია ქუცნაშვილს მოსაწვევი არ მისვლია, მაგრამ for.ge-სთან საუბარში კანონდებელი ამბობს, რომ ყრილობას დაესწრება და იქვე დასძენს, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არანაირი საქმიანობის წარმართვის უფლება არ აქვს, მათ შორის - არც პარტიის თავმჯდომარეობის, ან პარტიული საქმიანობის წარმართვის.
„იმის აღქმა არ მაქვს, რომ ის თავს „ოცნების“ წევრად მოიაზრებს. შესაბამისად, ყრილობაზე მისი დასწრება მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პარტიიდან საკმაოდ დისტანცირებულია და თუ მას ყრილობაზე დასწრების სურვილი ექნებოდა, მისი ადმინისტრაცია პარტიის ოფისს დაუკავშირდებოდა.
„მოსაწვევები აქეთ-იქეთ რომ ვარიგოთ, სწორი არ არის და სურვილი იქედანაც უნდა მოდიოდეს. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ რომელიმე პარტიასთან ასოცირება არ სურს და ყრილობაზე მოვა, სხვანაირ ურთიერთობას დააფიქსირებს“, - განუცხადა for.ge-ს ფოფხაძემ, რომლის პოზიციას იზიარებს ვიქტორ ჯაფარიძე.
როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, ყრილობას პრეზიდენტი არ უნდა დაესწროს, რადგან ეს პარტიული ყრილობაა, პრეზიდენტი კი, პარტიის წევრი არ არის.
„ის ყველას პრეზიდენტია. პარტიის გადასაწყვეტი იქნება, მას ყრილობაზე მოიწვევენ თუ არა. რომც იყოს, რაა? - პარტიულ ყრილობაზე პრეზიდენტის მიწვევა მართებულად არ მიმაჩნია“, - ამბობს ჯაფარიძე.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, გიორგი კახიანი და შოთა ხაბარელი ყრილობაზე პრეზიდენტის დასწრების წინააღმდეგი არ არიან. for.ge-სთან საუბარში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტს ყრილობაზე დასწრების სურვილი აქვს, მას ამის შესაძლებლობა ექნება. დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, რამდენად არის დაგეგმილი, რომ პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნონ.
„იმაზე საუბარი გამიჭირდება, „ოცნების“ გარდა, ვინ დაესწრება, რადგან საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ ვარ. თუ პრეზიდენტი ჩერთვება, ცუდი არ იქნება. მოსაწვევი მაქვს. მოსაწვევი რომც არ მიმეღო, ეს არაფერს არ ცვლიდა და სხდომას დავესწრებოდი“, - ამბობს კახიანი.
სპორტის კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ყრილობას დაესწრება თუ არა.
„არაფერი არ დაშავდება თუ იქნება, თუ არ იქნება, არც მაგით არ დაშავდება. პრეზიდენტი ყრილობაზე უნდა იყოს, რადგან მათთან ერთად ვიბრძოლეთ და ბრძოლას გავაგრძელებთ“, - განუცხადა for.ge-ს ხაბარელმა.
აღსანიშნავია, რომ სანამ, „ქართული ოცნების“ წევრები საკუთარ მოსაწვევებს ეძებდნენ, მანამდე მოსაწვევი ნაციონალების რიგებიდან უმრავლესობაში გადასულმა გოდერძი ბუკიამ მიიღო.
for.ge-სთან საუბარში ბუკია ინტერესდება, მას მოსაწვევი რატომ არ უნდა მიეღო.
„მოსაწვევი მივიღე, რატომ არ უნდა მიმეღო? უმრავლესობის წევრი ვარ. პარტიის ყრილობა საინტერესოა, დავესწრები და მონაწილეობასაც მივიღებ. უმრავლესობის წევრი ვარ და თავს გუნდის წევრად ვთვლი“, - დასძინა ბუკიამ.
for.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, მოსაწვევი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიიღო. როგორც ჩანს, პარტიულ ყრილობას ყოფილი პრემიერები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან, რომლებსაც არსებული ინფორმაციით, მოსაწვევები გაეგზავნათ.
თუ რას აპირებს „ოცნება“ და რა გეგმები აქვს, ეს ხვალ 16:00 საათზე გახდება ცნობილი, როცა ყრილობა სპორტის სასახლეში გაიხსნება.