პარტია „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა, საკადრო წმენდა დაიწყოს. როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, პარტიული ყრილობის შემდეგ, პარტიის დღის წესრიგში იმ ადამიანების საკითხი დადგება, რომლებიც გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
„ოცნების“ საგარეო კურსის წინააღმდეგ საჯაროდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გამოდის, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, პარტიის დატოვებას აპირებს. როგორც ჩანს, მეჭიაურს პარტიიდან გაშვებას საკუთარი ნებით წასვლა ურჩევნია, თუმცა, წყაროს ცნობით, მმართველი გუნდი მეჭიაურის „დასჯას“თავს მხოლოდ იმიტომ არიდებდა, რომ მას უმრავლესობა არ დაეტოვებია.
„მეჭიაურს რამდენიმე ადამიანი აჰყვება და უმრავლესობას დაშლის საფრთხე დაემუქრება, რის გამოც, აქამდე, მეჭიაურთან მიმართებაში თავს ვიკავებდით“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ რიგებში კურსს აცდენილი ადამიანები აღარ იქნებიან, ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში გააკეთა და აღნიშნა, რომ „ოცნების“ ახალ გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.
„ოცნების“ პარტიული ყრილობა ხვალ არის ჩანიშნული და სწორედ ამ ღონისძების შედეგებზეა დამოკიდებული ის პოლიტიკური პროცესები, რაც შესაძლოა, პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაიწყოს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში გადაწყვეტილებას პარტია თავისი წესდების და რეგლამენტის შესაბამისად მიიღებს. მისი თქმით, პარტიამ თავისი გადაწყვეტილებები იმ ადამიანებთან მიმართებაში უნდა მიიღოს, ვისაც პარტიის მთავარ კურსთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ.
„არ მგონია, რომ „ოცნებაში“ მსოფლმხედველობის პრობლემა იყოს. ჩვენმა მომავალმა ლიდერმა სერიოზული განცხადება გააკეთა. არ შეიძლება, ერთ პარტიაში საგარეო კურსზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს. „ოცნების“ ყრილობის წარმატებით დასრულების შემდეგ, პარტია შიდა სამზარეულოს დაუბრუნდება“, - დასძინა კვაჭანტირაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარტიაში მყოფ ადამიანებთან მიმართებაში სიტყვების - „წმენდა“ და „გაშვების“ გამოყენების წინააღმდეგია. for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ მისი გუნდი მუდმივია და არასოდეს არ დაიშლება მიუხედავად იმისა, ვინ სად იქნება პარლამენტში, მთარობაში თუ კერძო ბიზნესში.
„სიტყვა წმენდა და გაშვება არათუ მიუღებელი, არამედ უსაფუძვლოა. ვინ სად იქნება, ვინ რა კარიერას აირჩევს, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. შეიძლება, მეჭიაურს საგარეო კურსის მიმართულებაზე არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ის წესიერი ადამიანია და რას გააკეთებს, არ ვიცი“, - დასძინა ვოლსკიმ.
რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე დავით ლორთქიფანიძის განწყობას, for.ge-სთან საუბარში დეპუტატი ამბობს, რომ არ იცის, პრემიერი საკუთარ განცხადებასი ვის გულისხმობდა. კანონმდებელის თქმით, მისი კურსი აცდენილი არ ყოფილა და ვერც იქნება, რადგან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია და კითხვის ნიშნებს არ სვამს.
„სურვილი მაქვს, რომ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო. ამის ყველა წინაპირობა მაქვს, ჩემი განვლილი ცხოვრების გზიდან გამომდინარე. 2012 წელს, მაჟორიტარობის კანდიდატი რომ ვყოფილიყავი, მანდატი „ოცნებას
ექნებოდა და არა ნაციონალებს“, - დასძენს ლორთქიფანიძე.