„ის ჩემი თანასკოლელია - კიბეებზე მხიარულად მორბენალი პაატა...“

„ის ჩემი თანასკოლელია - კიბეებზე მხიარულად მორბენალი პაატა...“

ქართულ პოლიტიკურ ფლანგზე საქმიანობას სპორტსმენების, მსახიობებისა და ექიმების შემდეგ, მსოფლიო ბანი - პაატა ბურჭულაძე იწყებს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ბურჭულაძის გამოჩენას სკეპტიკურად უყურებს და მისი განცხადებების უკან პოპულისტურ ხედვებს ამჩნევს, ოპოზიცია კი, მომღერალს კარგად ადამიანად აფასებს და მისი საქმიანობის ლუპით დაკვირვებას აპირებს.

ბურჭულაძე დიდი სცენიდან დიდ პოლიტიკაში ჩართვის მიზეზებს განმარტავს და ირწმუნება, რომ იძულებული იყო კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება მიეტოვებინა და სათავეში პოლიტიკურ ძალას ჩასდგომოდა.

მსოფლიო ბანს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი რატომ გაუჩნდა 2016 წელს და არა თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, ამის მიზეზად ბურჭულაძე ქვეყნის „ცუდ მდგომარეობას“ ასახელებს.

„25 წელია, ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიყავი, ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი“, - დასძინა ბურჭულაძემ, რომლის გადაწყვეტილებასაც შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში მოჰყვა.

როგორც for.ge-ს უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, არსებული ვითარებიდან ჩანს, რომ ბურჭულაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირი კავშირები აქვს, რადგან ნაციონალების ყოფილი და ჯერ კიდევ ფორმალური წევრები მის ირგვლივ იკრიბებიან. მისი თქმით, ყველამ იცოდა, რომ ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის განზრახვა ჰქონდა, თუმცა, ის დროს რატომ წელავდა, გაუგებარია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის ხათუნა გოგორიშვილისგან განსხვავებით, წარმატებულ პოლიტიკოსად ვერ შედგება. პაატას ძალიან კარგად ვიცნობ და ის პოლიტიკურ ლანდშაფტში მსოფლმხედველობით არასასურველია. ზუსტად ვიცი, რომ წარსულში აღიარებული რუსი ბარიტონის ბორის გოდუნოვის საუკეთესო შემსრულებლის, პაატა ბურჭულაძის მსოფლმხედველობა აბსოლუტურად განსხვავდება. პაატა ბურჭულაძეს დასავლეთის სცენაზე რაც არ უნდა ნამღერი ჰქონდეს, ის დასავლური ღირებულებების მატარებელი ვერ იქნება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კვაჭანტირაძის მსგავსად, ბურჭულაძის პოლიტიკურ გეგმებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ეჭვის თვალით უყურებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველა თავისი ნიშის დაკავებას ცდილობს. დეპუტატის განცხადებით, ბურჭულაძეს სერიოზული განცხადებები არ გაუკეთებია. შესაბამისად, ის მის სერიოზულ ნიშას ვერ ხედავს.

„მისი აზრი განსაკუთრებული და წონადია, როცა ის ხელოვნებაზე საუბრობს. პოლიტიკასთან მიმართებაში მისი განცხადებები რაც მოვისმინე, პოპულისტური უფროა, ვიდრე წონიანი პოლიტიკოსის განცხადება. ის ჩემი თანასკოლელია და ბავშობიდან მახსოვს, კიბეებზე მხიარულად მორბენალი პაატა. როგორც ჩანს, მას დიდი სცენიდან დიდ პოლიტიკაში გამოჩენა უნდა. პაატას როგორც კარგ პოლიტიკოსს ვერ ვხედავ, შესაძლოა, მან რეიტინგი აკრიბოს, რადგან როგორც მომღერალი ყველას უყვარს“, - ამბობს ვოლსკი.

„ოცნებისგან“ განსხვავებით, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი არ ამბობს, რომ ბურჭულაძე ნაციონალების „სატელიტია“, თუმცა, მის პოლიტიკურ, წარმატებულ მომავალს ვერ ხედავს. ბერძენიშვილის თქმით, მას ბურჭულაძის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან შთაბეჭდილება რჩება, რომ დამწყები პოლიტიკოსია.

„ძალიან გამიკვირდება, რომ წელს, ბურჭულაძემ პარტიის ჩამოყალიბება ისე მოასწროს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს. ბურჭულაძის ფენომენი როგორც მომღერლის, უზარმაზარ ბუნებრივ ნიჭს ეყრდნობოდა, ხოლო პოლიტიკა უზარმაზარი შრომაა არაერთი ადამიანის, არამედ კოლექტივის. ბურჭულაძე კი არა, მისი პარტია შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ სერიოზული ძალა ჰქონდეთ“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა.

კანონმდებელის მოსაზრებით, ბურჭულაძის იდეოლოგიის თვალსაზრისით არანაირი მხარე არ აქვს - არც ლიბერალური, არც კონსერვატორული.

„მისი ხედვაა - პოლიტიკა ხალხისთვის, რაც მხოლოდ პოპულისტური განცხადებებია კარგი პიარით, რადგან იქ ხათუნა ლაგაზიძეა, რომელიც ნამდვილად გონიერი ქალია, მაგრამ პოლიტიკას ეს არ შველის. საფუძველი არ მაქვს, რომ ვინმე „სატელიტად“ წარმოვიდგინო. „ოცნება“ ამბობს, რომ ნაციონალების სატელიტია, მაგრამ ამას ვერ გეტყვით. მაშინ, სჯობდა, რომ ნაციონალებს ეს კაცი სიაში ყოლოდათ. მომღერალი პარტიას რომ ქმნის, პარადოქსია და არ გამოვა, მაგრამ შეიძლება შევცდე“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ნაციონალი გოკა გაბაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბურჭულაძეს კულტურის მინისტრობიდან იცნობს, როგორც ძალიან კარგ ადამიანს და კარგ ხელოვანს.

„რაც შეეხება პოლიტიკაში მის მოსვლას, თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა იმ ვითარებაში დგება, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაასრულოს და ამავე დროს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, მასთან ურთიერთობის პრობლემა არ გვექნება. გამოჩნდება, ბატონი პაატა ამ პოლიტიკას მიჰყვება თუ არა. ბატონი პაატას ხელოვნებას ვიცნობ, პოლიტიკურ შეხედულებებს - ნაკლებად“, - ამბობს გაბაშვილი.

„თავისუფალი დემოკარტების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ბურჭულაძის შეფასებისას მოკრძალებულია და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი განცხადებებიდან კეთილი სურვილების გარდა, რაიმე კონკრეტული პლატფორმა ვერ ნახა.

დოლიძის განცხადებით, ის ბურჭულაძეს როგორც მომღერალს და შემოქმედს პატივს სცემს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ბურჭულაძე არ იცის, როგორია.

„დიდი ხანია, პოლიტიკაში ვართ და ჩვენს შესაძლო ელექტორატთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ზრდის პოტენციალის გარდა, არაფერი გვაქვს. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ბურჭულაძე ხმებს წაგვართმევს. საინტერესო საარჩევნო პერიოდია, რადგან ასეთი არაპროგნოზირებადი გარემო არ ყოფილა და ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის კარგია“, - აცხადებს დოლიძე.

დოლიძისგან განსხვავებით, ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბურჭულაძის ხედვები პოპულისტურია. როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, მოულოდნელი არ იყო, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში მოვიდოდა და ეს მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა.

„არ ვიცი, მას იმის თამაში რაში დასჭირდა, რომ თითქოს, პოლიტიკური ძალა არ იყო. რამდენად კვალიფიციური იქნება არ ვიცი, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან წარმატებული ადამიანია. ალბათ, ის ეცდება, რომ იმ ადამიანების ხმები მოიპოვოს, რომელიც გადაუწყვეტელს ეხება და ასეთი ძალიან ბევრია, რომელსაც არსებული სპექტრი არ მოსწონს და სიახლეს ელოდება. მისი განცხადება არის კეთილი სურვილების და სადღეგრძელოს ტიპის, რომ ქვეყანა იყოს კარგად, რაც ყველას გვინდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.