„ეჭვი ჩნდება, ნაციონალებსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ თუ არა იდეოლოგიური და „სულიერი“ ერთობა“

„ეჭვი ჩნდება, ნაციონალებსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ თუ არა იდეოლოგიური და „სულიერი“ ერთობა“

„ქართული ოცნება“ „თავისუფალ დემოკრატებს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ კავშირში ადანაშაულებს და მათ „სატელიტად“ მოიაზრებს, ირაკლი ალასანიას გუნდი კი, მიზანმიმართულ კამპანიაზე აპელირებს და მმართველ გუნდს მათ რიგებში „პორტირებული ნაციონალების“ არსებობის ფაქტს ახსენებს.

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და ნაციონალების შესაძლო თანამშრომლობაზე პოლიტიკური ეჭვები პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა, რომელმაც ამ კონტექსტში პაატა ბურჭულაძეც ახსენა.

კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოში პროდასავლური კურსის გარანტიას „ოცნება“ ქმნის, ამ რეალობის საწინააღმდეგო მითებს კი, ნაციონალები და მათი „სატელიტები“ ამკვიდრებდნენ.

„შეგვიძლია, სატელევიზიო ეთერს შევხედოთ, ვინ რამდენჯერ და რა ტიპის გადაცემებსა და შოუებში ზის და რა ტიპის გამოსვლები აქვს. შალვა ნათელაშვილი ნაციონალების მეორე სატელიტია. რაც შეეხება ბურჭულაძეს, 2012 წელს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და ქვეყანაში პოლიტიკური ომი იყო, მას საკუთარი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია. ერთ-ერთ ადგილობრივ ოლქში, პაატა ბურჭულაძემ და ნაციონალებმა 22 მაისისთვის ჩანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნების კანდიდატი ერთობლივად წარადგინეს. ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ბურჭულაძის ფონდი მისი საარჩევნო მიზნების შესაფუთად იყო საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და for.ge-ს საშუალებით, მას პარტიაში პიართან ურთიერთობის სამსახურში პრესის მონიტორინგში დასაქმებას სთავაზობს.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ კობახიძეს ურჩევნია იმ პირებზე ისაუბროს, რომლებიც ნაციონალების „მემკვიდრეობის“ შედეგად დღესაც მათ რიგებში არიან.

„ეს არის ადამიანი, რომელიც თავის თვალში დირეს ვერ ხედავს, ხოლო სხვის თვალში ბეწვს ეძებს. კობახიძეს სინდისის ქეჯნა იმაზე არ ჰქონია, რომ საკუთარ რიგებში 12 გავარვარებული ნაციონალი ჰყავს. მას სინდისის ქეჯნა არც იმაზე არ ჰქონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გირგვლიანების საქმის მოსამართლე მურუსიძე საკუთარ სახედ აქცია. არც იმაზე დარდობენ, რომ მიშასდორინდელი „ქორები“ - ბადაშვილი და შოთაძე საფინანსო პოლიციასა და პროკურატურას განაგებენ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

კანონმდებელი კობახიძეს ურჩევს, „თავისუფალ დემოკრატებს“ თავი დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან საკადრის პასუხს მიიღებს.

„ეს ადამიანი ახალგაზრდა კაცია და მწვავე კომენტარისთვის მენანება, მაგრამ თავს თუ არ დაგვანებებს, შესაბამისი პასუხებიც იქნება. საკუთარ პარტიას მიხედონ და ის გაარკვიონ, ვინ სად მირბის - მოსკოვისკენ თუ ბრიუსელისკენ. ქვეყანაში არსებულ სრულ ბარდაგს მიხედონ. ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რადგან შიშს დიდი თვალები აქვს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტის აღმასრულებელი მდივანი ასეთ არასერიოზულ კომენტარებს აკეთებს. როგორც ჩანს, კობახიძე ირაკლი ასალანიასა და სხვა „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივობს თვალს გაფაციცებით ადევნებს და ქრონომეტრაჟითაა დაკავებული. პარტიაში პიართან ურთიერთობის სამსახურში პრესის მონიტორინგის ვაკანსია გვაქვს და კობახიძეს შეუძლია, ჩვენთან გადმოვიდეს. მცირე ხელფასებია, მაგრამ ჩვენთან უფრო წელგამართული იქნება, ვიდრე „ოცნებაში“, სადაც გაუგებარი განცხადებების გაკეთება უწევს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

თანაგუნდელისგან განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ზურაბ აბაშიძე ვერ იხსენებს, კობახიძე ვინ არის. როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ სჯობს, საკუთარ პარტიას მიხედოს.

„არ ვიცი, კობახიძე ვინ არის და მას რა ფუნქცია აქვს. თუ ოპოზიციაში ხარ, ნიშნავს, რომ ნაციონალების სატელიტი ხარ? - თავის საქმეს მიხედონ“, - დასძინა აბაშიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, ნაციონალი ხათუნა გოგორიშვილი „ოცნებას“ ურჩევს, თავის „სატელიტებს“ მიხედოს.

for.ge-სთან საუბარში გოგორიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალებსა და „თავისუფალ დემოკარტებს“ რიგ საკითხებთან მიმართებაში თანხვედრა აქვთ. მათ შორის, საყდრისის საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ, ერთიანობა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს შორის იყო.

„პირად საუბრებში ივანიშვილის მარწუხებში მოქცეული ადამიანები ამბობდნენ, რომ რა საშინელება ხდებოდა, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. პირდაპირ რომ გითხრათ, ყველამ თავის სატელიტს მიხედოსო? - თუკი კონკრეტულ საკითხზე აზრთა ერთიანობა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნისონში ვმოქმედებთ. „ქართული ოცნება“ პარტიებთან და სხვადასხვა ადამიანებთან კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და სხვების შემთხვევაშიც ასე ჰგონია. როცა ვიღაცასთან ვთანამშრომლობთ, ამას ვამბობთ და არ გვერიდება. „ოცნების“ განცხადებებში ლოგიკა არ უნდა ვეძებოთ. მათ ქმედებებში ლოგიკა რომ არ არის, ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ“,- დასძინა გოგორიშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრების დამოკიდებულებას ნაციონალებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ შესაძლო თანამშრომლობაზე, for.ge-სთან სუაბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ ბევრი კარგი ადამიანია და მათთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ აქვს, სამწუხაროდ, ირაკლი ალასანიას გამოსვლები იმ პასაჟებს იმეორებს, რაც ნაციონლების გამოსვლებიდან ისმის და შეიძლება ერთი-ერთში გამეორებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მათ შორის მეტი ბმა და კავშირი დაინახო.

„ქდმ ნაციონალებმა შექმნეს და მათ გამო კანონები შეცვალეს. „თავისუფალ დემოკრატებს“ მთლად ქდმ-ს არ შევადარებდი, მაგრამ მათ შორის კავშირი რომ არის, ეს ჩანს. მათი დამოკიდებულებები ერთი-ერთში ემთხვევა როგორც ხელისუფლებასთან მიმართებაში, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ეს ცხადს ხდის იმას, რომ ამ პარტიებს შორის იდელოგიური ერთობა, ან კავშირებია. წარსულს უნდა შევხედოთ, ნაციონალების წარსული - კრიმინალურია, რომელიც რეჟიმის გამოხატულებაა და „თავისუფალ დემოკრატებთან“ მიმართებაში სხვა რეალობაა, მაგრამ წარსულს რომ თავი დავანებოთ, მათი რიტორიკა და გამოსვლები ერთმანეთს ჰგავს. განსაკუთრებით ივანიშვილის მიმართ ალასანიას დამოკიდებულება, რომელიც სააკაშვილისგან არაფრით არ განსხვავდება. ეჭვი ჩნდება, მათ დღეს აქვთ თუ არა იდეოლოგიური და „სულიერი“ ერთობა“, - დასძენს კობახიძე.

კანონმდებელი ეჭვებს პაატა ბურჭულაძის მიმართაც გამოთქვამს და ამბობს, რომ არის თუ არა ბურჭულაძე სააკაშვილთან ბმაში, ეს ეჭვები იქედან გამომდინარე გამოითქმის, რომ 2012 წლამდე, ქვეყანაში ძალიან ბევრი უბედურება ხდებოდა და დარღვევები იყო, რასაც მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავდა.

„სამწუხაროდ, პაატასგან რაიმე ტიპის პროტესტი არ მომისმენია. ლოგიკურად კითხვა ისმის, როცა რეჟიმი იყო, ეს ჩვენი სასიქადულო მომღერალი სად იყო?“, - ინტერსდება კობახიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური რომელიმე პარტიის გაკრიტიკებისგან თავს იკავებს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკურ საჭიროებაზე მიდგება საქმე, მაშინ ყველას ავიწყდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ უბედურების მოთავე იყო, რაც წლების მანძილზე, საქართველოში ხდებოდა.

„რომელიმე პარტიის გამკითხავი არ ვარ, მაგრამ სააკაშვილი თავის პარტიას ვეღარ მართავს და პარტიაში სადავეები ბოკერიამ აიღო და ვაშაძის მოვლენაც ამის შედეგია. რა თქმა უნდა, ამის დაუნახაობა შეუძლებელია. ირაკლი კობახიძეს კონტექსტი არ უნდა წავართვათ. მან თქვა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთსა და იმავე თემებს ახმოვანებენ. ვნახავთ, რომ ოპოზიციური პარტიები ხშირად ერთიანდებიან და გერმანულ მოდელზეც შეთანხმდნენ. საარჩევნო საკითხებზე, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებია ინიცირებული, რომლესაც „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ნაციონალებთან ერთად უჭერენ“, - დასძინა ძიძიგურმა.